საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება

ფრიდონ თოდუა _ 70

17 01 2014 10:16:28 ნანახია:664
ფრიდონ თოდუა _ 70

ბატონი ფრიდონ თოდუა რომ სუპერპროფესიონალი ექიმია მოწოდებით, ცხოვრების წესით, საყოველთაოდ ცნობილია. ბატონი ფრიდონ თოდუა რომ სანიმუშო ადამიანია, კეთილი, გულმოწყალე, მხარში ამომდგომი, საქართველოში ყველამ იცის. ბატონი ფრიდონ თოდუა, როგორც მედიცინის უბადლო ორგანიზატორიაღიარებული რომაა საქართველოშიც, რუსეთშიც და ექიმთა საერთაშორისო საზოგადოებაშიც, ესეც ფაქტია.

 


პირველი სტაციონარული ტომოგრაფი ბატონ ფრიდონს 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოაქვს თბილისში, ისეთი, რომელიც მაშინ სამედიცინო ტექნიკის უმაღლეს მიღწევად ითვლებოდა. შარშან კი 640-შრიანი ულტრათანამედროვე ტომოგრაფი შეიძინა და დაამონტაჟა თავის ინსტიტუტში, რომელიც ბევრი ევროპული კლინიკისთვის მხოლოდ ხვალინდელი დღეა.


არნახული ამპლიტუდაა, გნებავთ, ნახტომი წარსულის შედარებითი სიმარტივიდან დღევანდელ სუპერთანამედროვეობამდე.


მანამდეც არაერთი სიახლე დაინერგა თოდუას კლინიკაში, და განსხვავებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროსგან, რომელშიც «სექონდ ჰენდის» პროვინციული მეორადობა მძლავრობს, პროგრესის ტონის მიმცემი, მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა არამარტო რეგიონის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მედიკოსთა თანამეგობრობისთვისაც.


იშვიათი შემთხვევაა! საამაყო თავისი გამონაკლისობით და უმეტესად სასურველი.


უამრავ გაჭირვებულს ეხმარება ბატონი ფრიდონი.


_ ჩვენს ფულს როგორც გვინდა, ისე დავხარჯავთადამიანებს მოვახმართ, უწინარეს ყოვლისა, და არავითარ შემთხვევაში არ გავმდიდრდებით მოსახლეობის ხარჯზე.


ასეთი მორალის პატრონია. სოვდაგრის პრინციპები შორსაა ამ მაღალი ზნეობის კაცისგან.


ამ ყველაფრის შესახებ ილაპარაკეს 9 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის საგანგებო სხდომაზე, სადაც ღირსეულად აღნიშნეს ბატონ ფრიდონ თოდუას საიუბილეო 70 წელი.


სხვა ბევრი სიკეთეც თქვეს და მაინც ვერ ამოწურეს მისი მამულიშვილური მოღვაწეობის მასშტაბურობა და მრავალფეროვნება აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ კვესიტაძემ, ვიცეპრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა ვლადიმერ პაპავამ, რომან შაქარაშვილმა, გუჩა კვარაცხელიამ, პროფესორმა რევაზ გაგუამ, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ბაკურ გულუამ.


სხდომის დამთავრებისთანავე ვკითხე ბატონ ოთარ კვესიტაძეს:


_ აკადემიის პრეზიდიუმის საგანგებო სხდომის მიძღვნა კოლეგის სიუბილეო თარიღისთვის იშვიათი მოვლენაა. რამ გადაგაწყვეტინათ?


_ დავიწყებ იმით, რომ ბატონი ფრიდონი წლების განმავლობაში იყო აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტი. ეს იყო ურთულესი წლები, როცა ყველა ემუქრებოდა აკადემიას დახურვით. სამწუხაროდ, ამის ნარჩენი განწყობილებები დღესაც არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი... იმ დროს ბატონი ფრიდონის თავდაუზოგავმა და პრინციპულმა პოზიციამ (მაშინ ბატონი ფრიდონი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც იყო), მისმა ჭეშმარიტმა თანადგომამ აკადემიას უდიდესი საქმე გაუკეთა. აკადემია დღეს რომ არსებობს, ამაში მისი წონადი წვლილი არის. საგანგებო სხდომა კი არა, მეტის ღირსია ამიტომ.


შემდეგ: იგი ჭეშმარიტი აკადემიკოსია; არის ყველა ჩვენგანის მკურნალი. ყველა, ვინც აქ ზის, მისი პაციენტია.


_ თანაც უანგარო მკურნალი!


_ აბსოლუტურად! არავის არასოდეს შაური არ გადაუხდია.


_ არც გამოართმევდნენ.


_ რასაკვირველია! ავ-კარგიანი კაცია. მიმაჩნია, რომ იგი იმსხურებდა იმ პატივს, რომელიც დღეს მას მივაგეთ. ეს ხშირად არ ხდება, რა თქმა უნდა.


P.S. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბატონ ფრიდონს დაურეკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-, მიულოცა  დაბადების დღე და აცნობა, რომ იგი _ ფრიდონ თოდუა _ დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.


არმაზ სანებლიძე


კაცი!


დიდი ხნის წინათ ერთ ჩემს მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა  და მოსკოვს გაემგზავრა. იმ დროს მეც იქ აღმოვჩნდი და მისი თხოვნით კონსულტაცია გავიარე კომპეტენტურ ადამიანებთან, რჩევა ვიკითხე საუკეთესო მკურნალის შერჩევის თაობაზე. ლეგენდარულმა ქირურგმა-აკადემიკოსმათბილისში დაბადებულ-გაზრდილმა ვლადიმერ ბურაკოვსკიმ რომ მოისმინა უარყოფითი პასუხი მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა ფრიდონ თოდუას, მირჩია: გაიცანი და ანდე შენი მეგობრის ჯანმრთელობა, ჩინებული ექიმი, ერთობ საიმედო კაციაო!


ახლაც მახსოვს, რა ინტონაციით მითხრა: ჩინებული ექიმი!.. საიმედო კაცი!


მას შემდეგ გავიდა ნაცნობობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის 35 წელიწადი.


და ამ ხნის მანძილზე არ მახსოვს, ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომელიც სულ მცირე, პაწაწინა ეჭვს შეიტანდა დიდი ვლადიმერ ბურაკოვსკის რეკომენდაციაში.


ფრიდონ თოდუა დიდი დასტაქარია!


და ეს იცის არამარტო სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა საქართველომ, არამედ უამრავმა კოლეგამ, მეცნიერმა-მედიკოსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში!


ფრიდონ თოდუა ნაღდი კაცია, უღალატო მეგობარი!


და ბევრ ადამიანს რეალურად გამოუცდია მისი ექიმობის შედეგი, რაც პირდაპირ კავშირშია მის ვაჟკაცურ ბუნებასთან, რისკთან, გაბედულებასთან, უანგარობასთან. და ყველაფერი ეს იმაზე ღაღადებს, რომ იგი მართლაც დასაყრდენია, გაჭირვებულის დამხმარე, უშურველი! ასევე უღალატოა მეგობრების მიმართ. და მის ამ თვისებაზე არა და არ მოქმედებს არც პოლიტიკური კონიუნქტურა და არც ბიოგრაფიულ-კარიერული გარდატეხები.


ამ ხნის მანძილზე მასთან დაკავშირებით, ზემოჩამოთვლილის გარდა, კიდევ ბევრი სასიამოვნო და დასაფასებელი «აღმოჩენა» გაკეთდა. და მათგან უმთავრესად დასაფასებელია ის, რომ


ფრიდონ თოდუა საქმის(!) კაცია _ საქმისმკეთებელი, სხვისი საქმის მხარდამჭერი, წამხალისებელი, ხელისშემწყობი.


მის მიერ შექმნილი უნიკალური, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი და მისი კოლექტივის საქმიანობა იმაზე მეტყველებს, რომ აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლავთ ბრწყინვალე ორგანიზატორი, სტრატეგი, ტაქტიკოსი, შედეგზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, პროგრესული აზროვნების, სიახლეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მისი დამნერგავი, ახალგაზრდა სპეციალისტების უანგარო გამზრდელ-დამაოსტატებელი, ნამდვილი პედაგოგი!


და კიდევ ერთი, რაც, ჩემი აზრით, ღირს, რომ ახლა, სწორედ დღეს ითქვას, თანაც იმათ გასაგონად, ვისაც საქმისა და სიკეთის კეთების მაგივრად შური და ქილიკი ხელეწიფებათ (და ვინაიდან ბატონი ფრიდონი ანგელოზი არ არის, არც მოშურნე და მოქილიკე აკლია მას): ასეთი რანგის, ავტორიტეტული სპეციალისტებისადმი, მეცნიერებისადმი, კულტურის მოღვაწეებისადმი, მით უმეტეს, გამოჩენილი ექიმებისადმი «ლტოლვა» ყველა დროის ხელისუფალს ახასიათებს. გამონაკლისი არც გასული ათწლეული იყო.


ობიექტურობა მოითხოვს იმის ხაზგასმით აღნიშვნას, რომ იმდროინდელი ხელისუფლების ინიციატივით არჩეულ მეცნიერებათა აკადემიის პირველ ვიცეპრეზიდენტ ფრიდონ თოდუას მოუხდა დიდი სიბრძნის, მოქნილობის, თმენის, ზოგჯერ კი თავგანწირვამდე მისული პრინციპულობის გამოჩენაც, რათა ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისთვის აერიდებია, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური ჩარევა, მავანის და მავანის უგუნურება, რომლის საბოლოო მიზანი რეფორმა კი არა, ამ დიდი აკადემიის საბოლოო განადგურება იყო.


ასევე, თავად ვარ მოწმე იმისა, რომ აკადემიის ვიცეპრეზიდენტს ძალისხმევა არ დაუკლია, რათა აკადემიის სისტემის ცალკეული სტრუქტურებისცალკეული მეცნიერებისთვის არ გამოეტანათ დედაუნივერსიტეტის პროფესურისადმი გამოჩენილი სამარცხვინო დამოკიდებულების მსგავსი სავარაუდო «გამანადგურებელი განაჩენი», რომელიც დღევანდელი გადასახედიდან არამცთუ სუბიექტური და უსამართლო იყო, არამედ  პრიმიტიული ანგარიშსწორების გამოვლინებაც იყო მაშინდელი ხელისუფლების  ზოგიერთი გათავხედებული მაღალჩინოსნის მხრიდან!


და ყოველივე ამას ფრიდონ თოდუა აკეთებდა უხმაუროდ, უანგაროდ! მეცნიერული სინდისის და პატრიოტული სულისკვეთების, თავმდაბლობის, ზნეობრივი პრინციპების მაქსიმალური დაცვით.


ასე კაცები იქცევიან!


ასე ცხოვრობენ საიმედო ადამიანები!


ამის დაუნახაობა და დაუფასებლობა უმადურობა იქნებოდა.


კეისარს კეისრისა!


გაიხარეთ, ბატონო ფრიდონ!


ნუგზარ ფოფხაძე


უკვე წლებია, ვსარგებლობთ თქვენი ექიმების მომსახურებით. ჩვენ უკვე ასაკში ვართ და სწორედ ამის გამო ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა «თოდუას კლინიკის» ექიმების ის თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის იგრძნობა კლინიკაში ვიზიტის დროს.


ძალიან გვიხარია თქვენი კლინიკის წარმატებები. გულწრფელად ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. თავის დროზე ჩვენმა ბებიამ, სოფია არღუთინსკაია-მხარგრძელმა, ქალაქს საჩუქრად გადასცა გიმნაზია.


პატივისცემით,


თქვენი კეთილისმსურველი პაციენტები


. და . არღუთინსკაია-მხარგრძელები


 


ჩემი მოლოცვა მხოლოდ თქვენს დაბადების დღეს არ ეხება, არამედ თქვენს მისწრაფებასა და მიღწევებს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში. იმ პერიოდში საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თქვენი თამამი და დაუღალავი  მცდელობისა და დიდი ძალისხმევის შედეგად შექმენით სრულიად ახლებური და მაღალპროფესიული სამედიცინო დაწესებულება არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით. გვეამაყება, რომ უკვე 20 წელზე მეტია, რაც იყენებთ ჩვენი უახლესი თაობის აპარატურას რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაში.


დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ასე ენდობით «სიმენსს».


გულწრფელად თქვენი


ჰერმან რეკუარდი,


პროფესორი, «სიმენსის» ჯანდაცვის სექტორის აღმასრულებელი საბჭოს წევრი


 


თქვენმა ღრმა ცოდნამ მედიცინასა და დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების საქმეში  საქართველოს საზოგადოების საკეთილდღეოდ.


თქვენ ხართ უაღრესად აღიარებული პიროვნება და ექსპერტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და უცხოეთის ქვეყნებშიც.


ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ, რომ «სიმენსმა» ჩვენი აპარატურის წყალობით შეძლო თქვენთან ერთად ამ წარმატებული გზის გავლა.


საუკეთესო სურვილებით,


ვოლფგანგ კიოპელი,


«სიმენსის» ჯანდაცვის სექტორის


აღმასრულებელი საბჭოს წევრი


აღიარებული მეცნიერი და მოღვაწე


დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში არსებობს ასეთი გამოთქმა «მხოლოდ წარმატებული თერაპია ამტკიცებს და ადგენს სწორ დიაგნოზს». საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა  თავისი 40-წლიანი მეცნიერული მოღვაწეობით ამ დებულებას ადასტურებს.


1982 წელს ფრიდონ თოდუამ  ჩემი ყურადღება, თავისი ინტელექტის წყალობით, ჩვენი ნაცნობობის პირველი დღიდანვე მიიპყრო. იგი გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც დანერგა ენდოვასკულარული ქირურგია ყოფილ სსრკ-ში, რომელიც დასავლეთში ინტერვენციული რადიოლოგიის სახელით არის ცნობილი. მაშინ იგი ბევრი ინოვაციური იდეით იყო განთქმული რუსეთსა თუ ევროპაში. ამ მოწინავე იდეებით დაბრუნდა თბილისში 1990 წელს. იგი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქართველთა შორის, რომლებიც ასე მოიქცნენ _ მიატოვეს ხანგრძლივი  წარმატებული კარიერა მოსკოვის აკად. ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და თავისი ხალხის დახმარების მიზნით მან დააფუძნა ახალი ტიპის სამედიცინო დაწესებულება _ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.


მისი პიროვნული თვისებები _ კომუნიკაბელურობა და გულისხმიერება კარგად  აისახა სამედიცინო საერთაშორისო საზოგადოებებში, კერძოდ, როგორიცაა ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, მიუნხენისა და გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტები და სხვ.


1997 წელს ფრიდონ თოდუას ინიციატივით საქართველოში დაარსდა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, რომელიც პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და რომლის უცვლელი პრეზიდენტიც თავადაა დღემდე.


ბატონი ფრიდონის მოწინავე ხედვის შედეგად მისი ინსტიტუტის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ მსოფლიოს უმთავრეს კონგრესებსა თუ კონფერენციებში, რომლებზეც წარმოადგენენ თავიანთი უახლესი სამედიცინო მიღწევების შედეგებს. პირადად მას ახლო მეგობრობა აკავშირებს მედიცინის სხვადასხვა დარგის მსოფლიოში აღიარებულ ბევრ თვალსაჩინო მეცნიერთან.


სულ მალე ინსტიტუტში ამუშავდება სხივური თერაპიის განყოფილება, რომელშიც დამონტაჟდება უახლესი თაობის ხაზოვანი ამაჩქარებლები, რაც დიდ დაეხმარებას გაუწევს ონკოლოგიურ ავადმყოფებს როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.


თქვენი მეგობრები და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს შემდგომ საქმიანობაში, მომავალი გეგმების განხორციელებაში.


თქვენი


რენე რინმიულერი


პროფესორი (ავსტრია)


 

გაზიარება
მსგავსი მასალები

დატოვე კომენტარი

ქართული კლავიატურა

თქვენი სახელი

უსაფრთხოების კოდი

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 46525
გუშინ 108548
სულ 4343755
ამჟამად საიტზეა: 153 მომხმარებელი
01 აგვისტო 2014

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge