Home ახალი ამბები საქართველო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე  5 მლრდ ლარზე მეტი  დახარჯა და...

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე  5 მლრდ ლარზე მეტი  დახარჯა და წინსვლას ვინ ჩივის, ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ

სოფლის მეურნეობის სფეროში ჩადებული მილიარდების შედეგი ნულია, პრინციპში, ნულიც არ არის, მინუსებში წავედით, რადგან, სანამ მილიარდებს ჩავდებდით, ამ ოდენობის ხახვი, მწვანილი და სხვადასხვა კულტურა არ შემოგვქონდა, ახლა კი ამ ყველაფერს ყურძენიც დაემატა

153

ქართველებს პრეტენზია გვაქვს, რომ ღვინის სამშობლო ვართ და არცთუ უსაფუძვლოდ. არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად დამტკიცებულია, რომ საქართველოში ღვინოს უძველესი დროიდან აწარმოებდნენ და ქართული ღვინო თავის დროზე განთქმულიც იყო. ჰო, თავის დროზე, რადგან ახლა, საერთაშორისო გამოფენებში მოპოვებული პირველი ადგილებისა თუ სიგელების მიუხედავად, ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინო დიდი ოდენობით არ იყიდება და ამის მიზეზი არის ის, რომ იქაურ დახლებზე ბევრი ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური ღვინოებია, თანაც საკმაოდ ძვირად ღირებული, ხოლო იაფი ღვინის ბაზარი უნგრულ და რუმინულ ღვინოებს უკავიათ. ვაღიაროთ ისიც, რომ ფრანგული ღვინოები ქართულს სჯობს, რადგან იქ ტექნოლოგიები განავითარეს, ერთ ძირ ვაზზე ერთ მტევანს ტოვებენ, რათა მთელი სიკეთე მხოლოდ ამ ერთმა მტევანმა მიიღოს, აკონტროლებენ პესტიციდებსაც, ცდილობენ, ორგანული სასუქით დაამუშაონ და არა ისეთი სითხით, ბალახს, ვაზსა და ნაყოფს ერთნაირად რომ აზიანებს და მიწას ფიტავს.

მოგეხსენებათ, ღვინო ძირითადად ყურძნისგან მზადდება (ძირითადად იმიტომ, რომ ღვინოს მაყვლისა და მარწყვისგანაც  ამზადებენ) ანუ, ღვინო რომ აწარმოო,  აუცილებელია ყურძნის მოყვანა და ამაშიც თითქოს ბადალი არ გვყავდა, კახელი გლეხი შვილივით უვლიდა ვაზს, რომელიც ხშირად სამშობლოსთან ასოცირდებოდა.

„იქნებ ვაზია სამშობლო? თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს“,-  ასე  ახსნა ნოდარ დუმბაძემ ქართველი კაცის დამოკიდებულება  ვაზისადმი.  ჰოდა, რა საოცარიც  უნდა იყოს, ყურძნის მოსავალს წლიდან წლამდე ვამცირებთ და, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი  ყურძენი შემოგვაქვს  მეზობელი ქვეყნებიდან. ირანელები, რომელთა  შაჰებიც საქართველოში მოსახლეობის შემდეგ ყველაზე მეტად ვაზს ერჩოდნენ, ახლა ყურძენს საქართველოში ყიდიან. იმავეს აკეთებენ თურქები, სომხები... ჰო, 2023 წელს საქართველოში  2022 წელთან შედარებით  22, 2%-ით ნაკლები ყურძენი მოვიყვანეთ; თანაც ფერების მიხედვით თუ დავახარისხებთ, თეთრი ყურძნის წარმოება 29,7%-ით (!) შემცირდა, შავი ყურძნისა – 6.2%-ით. ყურძენი არც ხახვია და არც მწვანილი, ყურძენი  საქართველოს სიმბოლოა და მისი შემცირება განგაშის საფუძველს  იძლევა. ადგილობრივი წარმოების შემცირების პარალელურად, შემცირდა გატანის და გაიზარდა შემოტანის მაჩვენებელი, რაც ასევე  ძალიან ცუდია. მეტსაც გეტყვით, დღეს ბაზარზე 1 კგ სუფრის ყურძნის ფასი 15 ლარია, რაც ასევე ძალიან ბევრია, მაგრამ იყიდება. ჰო, იყიდება და ეს მაშინ, როცა სუფრის ყურძენი, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა, სეზონზე  2 ლარზე მეტი არ ღირს. სწორედ ამ ფასად ყიდულობენ ჩვენგან ყურძენს, მაგალითად სომხები და გაზაფხულზე ფასს  15 ლარამდე ზრდიან. რატომ ვერ ვიქცევით ჩვენ ანალოგიურად? – იმიტომ, რომ სამაცივრე მეურნეობა არ გვაქვს განვითარებული და,  ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, საქართველომ თავისი სამყოფი ხილი რომ შეინახოს და გაზაფხულზე გასაყიდად გამოიტანოს, დაახლოებით 15 მილიარდია საჭირო, ანუ დაახლოებით საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის თანხა, მაგრამ, თუ არ დავიწყებთ, სულ  ასეთ დღეში ვიქნებით.  სომხებს ერთ და ორ თვეში არ შეუქმნიათ სამაცივრე მეურნეობა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად უმატებდნენ და საბოლოდ მივიდნენ იქამდე, რომ არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსთვის საჭირო პროდუქტსაც კი ინახავენ და, მარტივად რომ ვთქვათ, ჭკუით  გვჯობნიან. აღარაფერს ვამბობთ მეზობელ თურქეთზე, რომელიც რეგონში კი არა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი  მოთამაშეა. მაგალითისთვის მარწყვის დასახელებაც კმარა, რომელმაც ქართული ბაზარი, განსაკუთრებით ბოლო კვირაში, მთლიანად წალეკა. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქართული ნიადაგი მარწყვის მოსაყვანად ევროპაში  საუკეთესოთა შორისაა (რეგიონში საუკეთესოა), მაგრამ მოყვანის  მსურველი არავინაა. რატომ?

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად უამრავ პროექტს განახორციელებს და ამ პროექტებში უკვე რამდენიმე მილიარდი დაიხარჯა. ჰო, 2012 წლის  დაპირება, რომ სოფლის მურნეობაში რამდენიმე მილიარდი ჩაიდებოდა, შეგვიძლია შესრულებულად ჩავთვალოთ, მაგრამ სხვა საკითხია,  სწორად არის თუ არა განსაზღვრული პრიორიტეტი და რა შედეგი მოიტანა ამ სფეროში ჩადებულმა მილიარდებმა. მარტივად რომ ვთქვათ, შედეგი ნულია და პრინციპში, ნულიც არ არის, მინუსებში წავედით, რადგან, სანამ მილიარდებს ჩავდებდით, ამ ოდენობის ხახვი, მწვანილი და სხვადასხვა კულტურა  არ შემოგვქონდა, ახლა კი ამ ყველაფერს ყურძენი დაემატა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი მიმართულება რატომღაც კენკროვანი კულტურების გაშენებაა.აქაოდა, ევროპაში მათზე მოთხოვნა დიდიაო. მოთხოვნა მართლაც არის, მაგრამ, როგორც კი ქართული პროდუქცია ჭარბი ოდენობით გავიდა ევროპულ ბაზარზე, მაშინვე „შემოგვაშველეს“ რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილებაც  ქართული სინამდვილისთვის წარმოუდგენელია და მარტივად ჩაგვხსნეს ბაზრიდან. მერე ეს ყველაფერი ან  რუსეთში იყიდება სრულად, ან… გაშენებული და მოსავლიანი კულტურები, უბრალოდ, იჩეხება, ან მეპატრონე მათ ყურადღებას აღარ აქცევს, მით უმეტეს, თუ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაწესებული 3-წლიანი პერიოდი გასულია. ჰო, სამინისტრო მხოლოდ 3 წლის განმავლობაში აქცევს ყურადღებას იმას, რისთვისაც თანხებს ხარჯავს, შემდეგ კი…  რჩებათ ადამიანებს წვეთოვანი სარწყავი სისტემა, კენკროვანი კულტურების ბაღი და მერე უმრავლესობა ან ნერგებად ჰყიდის სამწლიან კულტურებს, ან წვეთოვან სისტემას ყიდის და მოგებას ნახულობს, შემდეგ ისევ ახალ პროექტში მონაწილეობს და არცთუ იშვიათად ერთსა და იმავე ნაკვეთზე ხელახლა  იწყება ყველაფრის კეთება.

დავანებოთ თავი სამაცივრე მეურნეობებს. ერთი ათასტონიანი მაცივრის აშენება დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი ჯდება და ეს თანხა ყველას არ აქვს. ნახევარ ჰექტარზე შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მარწყვის სასათბურე მეურნეობის მოწყობა, იცით, რას ნიშნავს? – აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოს მარწყვით სრულად დაკმაყოფილებას. ჰო, ამ ფართობზე თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებითა და გამოყენებით მარწყვის სართულებად მოყვანის პირობებში უზარმაზარი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი და რატომ არ ვაკეთებთ? – იმიტომ, რომ თანხა ცოტას აქვს, სურვილი – ბევრს, ხოლო მას, ვისაც თანხა აქვს, არ აინტერესებს  ან არ სჯერა, რომ  მცირე ფართობზე უზარმაზარი თანხის შოვნაა შესაძლებელი.

შარშანდელმა სეზონმა გვიჩვენა, რომ ბაზრიდან ნელ-ნელა, მაგრამ მყარად იდევნება ქართული საზამთრო და ნესვი. შარშან ირანულმა პროდუქციამ იმიტომ არ გადაგვყლაპა, რომ თავად ირანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აუტანელი სიცხის გამო ქვეყნიდან საზამთრო არ გაეტანათ. ახლა იმის იმედად ყოფნა, ირანში როგორი ამინდი იქნება, არ გამოგვადგება, მაგრამ პარადოქსი, იცით, რა არის? – ირანული საზამთრო,  ბითუმად აღების შემთხვევაში, კილოგრამი 20-25 თეთრი ღირდა, თავისი ტრანსპორტირების, განბაჟების გათალისწინებით; ადგილობრივი საზამთროს საბითუმო ფასი კი 40-50 თეთრიდან იწყებოდა. დავანებოთ თავი საზამთროს, რომლის შემოტანის რეკორდსაც წელს აუცილებლად მოვხსნით, ვაშლზე ვთქვათ, ანუ იმ ხილზე, რომელიც შიდა ქართლის სავიზიტო ბარათია. გადით ბაზარში და ქართული ვაშლი იყიდეთ. ვერ მოახერხებთ, რადგან აღარ არის, გათავდა და ბაზარზე მხოლოდ თურქული პროდუქციაა, ნაირ-ნაირი, დარჩეული და… ყველა ძალიან გემრიელი არ არის, მაგრამ არის ისეთიც, გემოთი ქართულს რომ არ ჩამოუვარდება და „მერე რა“, რომ ქართულისგან განსხვავებით ოთხჯერ და ხუთჯერ ძვირი ღირს, როცა ბავშვი გთხოვს ხილს, იძულებული ხარ, გაიჭირვო და იყიდო.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2012 წლიდან დღემდე  5 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა და წინსვლას ვინ ჩივის, ერთ ადგილზეც კი ვერ ვჩერდებით და ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ. გადახედეთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ შემოტანილი პროდუქტების ოდენობა ყოველწლიურად მატულობს და ყოველწლიურად ახალ-ახალ რეკორდს ვხსნით. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განაჩენი შემოტანილი მწვანილის რეკორდული მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე წინ უარესი გველოდა და ახლა ქვეყნის, სახელმწიფოს სიმბოლო გაგვიხდა თავში საცემი. ყურძნის შემოტანა დავიწყეთ დიდი ოდენობით და წარმოებას თურმე ყოველწლიურად ვამცირებთ.  22.2%-ით შემცირებული წარმოება,  იცით, რას ნიშნავს? ერთი მეხუთედით ნაკლები ყურძენი მოვიწიეთ და ეჭვი გვაქვს, უკეთესი პერსპექტივა არც წელს გველოდება.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here