მექსიკაში გადაღების გამო მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა. ახლა კი გაკვირვებით ვკითხულობ ლირიკულ ნეკროლოგებსა და მემუარებს, დაწერილს ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების მიერ. ნუთუ მხოლოდ მკვლელსა და ნაძირალს შეუძლია ჩვენი თვალსაზრისების გაერთიანება? – წერს პოპულარული ჟურნალისტი, წამყვანი და ბლოგერი სტანისლავ (სტას) ნატანზონი ტელეგრამ–არხ „ნატანზონში“.
ჰენრი კისინჯერი იყო დიდ სისხლისმსმელთაგან ერთ-ერთი, რომელიც მე-20 საუკუნემ წარმოშვა, თანაც გათახსირებული და აბსოლუტურად უპრინციპო სისხლისმსმელი. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ვიეტნამის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, რათა ეს მოლაპარაკებები ჩაშლილიყო და არჩევნებში გაემარჯვა იმ კანდიდატს, რომელზეც ფსონს დებდა (ნიქსონი). მას ფეხებზე ეკიდა, რომ შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. პარადოქსულია, რომ ამ ნაძირალამ ვიეტნამისთვის ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. ამის გამო ნობელის კომიტეტის ზოგიერთი წევრიც კი გადადგა (იმხანად ნობელის კომიტეტში ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ ღირსების მქონე ადამიანები). წაიკითხეთ ამის შესახებ. სწორედ მან კონგრესთან კონსულტაციის გარეშე გასცა კამბოჯის დაბომბვის ბრძანება (ანუ კიდევ ერთ ქვეყანაში შეჭრის, რისთვისაც კონგრესის ნებართვა იყო საჭირო), მაგრამ ამ არამზადამ ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს ვიეტნამის ომის ნაწილი იყო. მან 200 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა კამბოჯაში, დატოვა იქ დანაღმული ველები, რომელთა განაღმვასაც დღემდე ვერ ახერხებენ (ასე რომ, კისინჯერი სიკვდილის შემდეგაც კლავს ადამიანებს ). სწორედ მისი ქმედებების შედეგად აღმოჩნდნენ კამბოჯის ხელისუფლების სათავეში წითელი კხმერები, ყველაზე საშინელი რეჟიმი მე-20 საუკუნეში. კისინჯერმა მიიყვანა პინოჩეტი ჩილეს ხელისუფლებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ მან აქცია ლათინური ამერიკის საკმაოდ სტაბილური და პერსპექტიული რეგიონი ბანდიტებისა და პარტიზანების სათარეშო ადგილად. წაიკითხეთ „კონდორის გეგმის“ შესახებ. ამ ნაძირალას ბრალია ის, რომ ლათინური ამერიკა, ფაქტობრივად, გავსებულია სხვადასხვა კარტელით, მილიონობით ადამიანი კი სიცოცხლის რისკის ფასად იძულებულია, თავისი ნახევრად დანგრეული ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდეს. კისინჯერი იყო ის, ვინც ძალისხმევას არ იშურებდა მათ დასანგრევად. აქ, ლათინურ ამერიკაში, კისინჯერი ყველაზე საძულველი პოლიტიკოსია.
და შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი გადაწონოს იმ ფაქტმა, რომ მან რამე ურთიერთობა დაამყარა აშშ-სა და სსრკ-ს შორის?
კისინჯერმა მართლაც ბევრი რამ განსაზღვრა მსოფლიოში, სადაც ვცხოვრობთ; მსოფლიოში, სადაც დაშვებულია მკვლელობა, ძარცვა, ღალატი.
მისი ამბავი, თუ რამეს ამტკიცებს, არის ის, რომ შეგიძლია იყო, როგორიც გინდა – ნაძირალა და სისხლისმსმელი. მთავარია, იმდენ ხანს გაძლო, რომ ამის შესახებ ყველამ დაივიწყოს. და არაფერზე პასუხისგება საჭირო არ არის, პასუხისგება მხოლოდ სუსტების ხვედრია.
P.S. მესმის, რომ ადამიანის გარდაცვალებისას მასზე რაღაც კარგი უნდა დაწერო, მაგრამ ჰიტლერის სიკვდილზეც დაწერდით ლირიკულ ნეკროლოგებს და გაიხსენებდით მის “დიად ციტატებს“?
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ