Home ახალი ამბები საქართველო მუშტი _ უროსავით აღმართული!

მუშტი _ უროსავით აღმართული!

29 აპრილს გარეულმა და შინაურმა მტრებმა ერთი დიდი, მძიმე მუშტი უნდა იხილონ – სამშობლოს დასაცავად რისხვით შეკრული და მათ თავზე უროსავით აღმართული!

548

სიმრავლე ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს. ზოგჯერ ერთია მართალი, ათასები კი ცდებიან. დემოკრატიამ, ომელი (ისტორიულად) საკითხების უმრავლესობის მიერ გადაწყვეტას ნიშნავს, დღეს უმცირესობა ისე გააფეტიშა, რომ საქმე კვლავ უმცირესობათა მმართველობამდე, ანუ დიქტატურამდე მიიყვანა. დემოკრატიის არსის გაზვიადებამ და მისმა გადაჭარბებულმა გაგებამ იგი საკუთარი თავის საპირისპირო  მოვლენაში გადაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმცირესობა უმრავლესობის სახელით ლაპარაკობს და მის ჩანაცვლებას ცდილობს.

_ ხალხს ქუჩაში გამოვიყვანთ! – გაჰყვირიან ისინი და… გამოჰყავთ კიდეც ხან ხუთასი, ხან ათასი, ხან ხუთი ათასი, მაგრამ ამას ჰქვია ხალხის ქუჩაში გამოყვანა? საქართველოს მასშტაბისთვის ვერც ხუთასი და ვერც თუნდაც ხუთი ათასი ადამიანი, რომელთა შორის ზოგი მოსყიდული, ზოგი მოტყუებული და ზოგი გაბრიყვებული, ხალხის ქუჩაში გამოსვლად, ანუ სახალხო პროტესტად ვერ ჩაითვლება. კი, ბატონო, საზოგადოების მცირე ნაწილსაც მივცეთ (აქვთ კიდეც) პროტესტის უფლება, მაგრამ მათი მხრიდან გამოხატვის ჩარჩოებიდან გასვლა და დესტრუქციული ქმედებების დაწყება სახელმწიფომ კანონის შესაბამისად უნდა აღკვეთოს და დაარეგულიროს. თითქოს მარტივი ამბავია, მაგრამ საქმე იმ დროს რთულდება, როდესაც მათ მხარდაჭერას სხვა სახელმწიფოები იწყებენ. გარედან მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალებს უმცირესობებს ვერ დავარქმევთ. ეს უკვე კლასიკურიმეხუთე კოლონაა“, რომელიც საკუთარი ქვეყნის საზიანოდ  უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ კანონის გამოყენება ძნელდება, ვინაიდან გარეშე ძალების წნეხი ზოგჯერ ომის გამოცხადებასა და შეიარაღებულ ლაშქრობას ემსგავსება.

აი რას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: “ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მასზე”.

ქალბატონი სალომე სამშობლოს წინაშე არ არის მართალი, მაგრამ იმ ფაქტს სწორად აღნიშნავს, რომ მთელი დასავლეთი ამხედრდა ამ კანონის (ანუ საქართველოს) წინააღმდეგ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი: „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიმართ  შეშფოთება გამოხატეს. აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე  გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ: ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია!”

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: „ნებისმიერი კანონი, რომელიც წარმოადგენს უცხოეთის აგენტის იდეას, ვშიშობ, იმოქმედებს ძალიან ბევრ მედიასაშუალებაზე და ძირს გამოუთხრის საქართველოს ძლიერ დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევის იდეას”.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი: „შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო-მ  ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტის გამო.  მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე”.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი: „ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ”.

ასე ხმაშეწყობილად ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს გარედან კოლექტიური დასავლეთი, შიგნიდან კიმათიმეხუთე კოლონა“.

რატომ ებრძვიან ამ კანონს ასე გააფთრებით? რა არის მასში დასავლეთისთვის ასე საშიში და მიუღებელი? პასუხი მარტივია: გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან იმიტომ, რომ დასავლეთმა თავისუფლად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე იპარპაშოს საქართველოში, დააფინანსოს და მოამრავლოს საკუთარიმეხუთე კოლონა“, რომელსაც ყველანაირი საშუალება (ადამიანური რესურსი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები) ექნება საქართველოს ინტერესების დასამუხრუჭებლად და დასავლეთის ინტერესების გასატარებლად.

აქ არათუ საკამათო, განსახილველიც კი არაფერია. დასავლეთის პოზიცია ისე ღიაა, ისე ცხადი და გაშიფრულია, ამავე დროს, მისი მიდგომა ისე თავხედური და დანაშაულებრივია, რომ გაოცებას იწვევს.

* ნუთუ სულ  ეს არის მათი ნაქები დემოკრატია, ასე ფართოდ რეკლამირებული ღირებულებები და ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვა?

* ნუთუ იმისი ღირსიც არ არის ქართველი ხალხი, რომ იცოდეს, ვიღაცის ბინძური ფული რა რაოდენობით და  რა დანიშნულებით შემოდის ქვეყანაში?

* ნუთუ დამოუკიდებლობის იმ ხარისხსა აღარ უტოვებენ საქართველოს, რომ კანონები გარედან ჩარევისა და არნახული ზეწოლის გარეშე მიიღოს?

* ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ ორმაგი სტანდარტის ასე უტიფარი დემონსტრირების შემდეგ აშშისა და ევროკავშირის მიმართ ნდობის თუნდაც ნასახი შერჩება ვინმეს?

ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ დასავლეთის მიერ აქ ჩანერგილი მოძალადე უმცირესობა, რომელიც გამწარებული და გააფთრებულია უზარმაზარი თანხების დაკარგვის რეალური საფრთხის გამო, ყველა ღონეს გამოიყენებს აქამდე არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან დასავლეთის ის ჩინოსნებიც, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოზე გავლენის ბერკეტებს, არამედ საქართველოში გადმორიცხული თანხების იმ დიდ წილსაც კარგავენ, რომელსაც ე.წ. ატკატების სახით, ანუ დანაშაულებრივი გზით იტოვებენ.

ვითარება რთულია. მტერი (როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით) ვერგი და ძლიერია. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მათ არც ერთი არგუმენტი არ აქვთ, მაგრამ ამ ხარვეზის შევსებას იმით ცდილობენ, რომ კანონს რუსული უწოდეს, რაც სრული აბსურდია. მათი აზრით,  კანონის თუნდაც ასე ხელოვნური მიბმა რუსეთის ფენომენთან უკვე საკმარისია, რომ  საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ კანონის მიმართ შეურიგებლობა გამოავლინოს და მას ბრმად და გაუაზრებლად დაუპირისპირდეს.

ეს საშიში მოვლენაა. იგი პოლიტიკური ფანატიზმის გაღვივების წინაპირობაა. ნებისმიერი ფანატიზმი საფრთხის შემცველია, მაგრამ პოლიტიკური ფანატიზმი ორჯერ მეტი საფრთხის შემცველია, ვინაიდან, წესისამებრ, მის ყლორტზე ისეთი დამანგრეველი მოვლენა აღმოცენდება, როგორიცაა ფაშიზმი. მეოცე საუკუნეში ფაშიზმმა ჯერ მოიცვა ევროპა, შემდეგ კი გაანადგურა იგი. ოცდამეერთე საუკუნეში ამ საშინელმა ბაცილამ ყველაზე მძლავრად უკრაინაში მოიკიდა ფეხი. ახლა კი ჩვენ ვხედავთ,  როგორ სპობს და ანადგურებს უკრაინული ფაშიზმი, პირველ რიგში, უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, შემდეგ კი როგორ მიაქანებს მსოფლიოს გლობალური დაპირისპირების მიმართულებით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფაშისტურმა განწყობამ, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, საქართველოშიც იჩინა თავი. ქართულმა ფაშიზმმა მრავალი მოუშუშებელი ჭრილობა დაგვიტოვა, მათ შორის  უმთავრესი მაინც ისაა, რასაც მისი აღორძინების პერსპექტივა ჰქვია. დასავლეთის ხელშეწყობითა და მეცადინეობით, ომლი ერთი კონკრეტული გამოვლენა .. კოაბიტაცია იყო, ქართული ფაშისტური ბაცილა გადარჩა, მოღონიერდა და ხელახალი წალეკვით გვემუქრება. დღეს საქართველო მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის ჩაგდების საშიშროების წინაშე კი არ, ფაშიზმის აფეთქებისა და უკრაინიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დგას. აი, რას უნდა აღუდგეს წინ ქართველი ხალხიფაშიზმის რეინკარნაციისა და დამანგრეველი ომის გაჩაღების საფრთხეს.

29 აპრილი “ქართული ოცნების” მხარდაჭერის დღე კი არ არის, კარსმომდგარი უბედურებისგან საქართველოს გადასარჩენად ერთმანეთის გვერდით დგომის დღეა. დასავლეთის “მეხუთე კოლონას” (ამ დამანგრეველ უმცირესობას) პოლიცია და სხვა სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაკავებენ. მათი შემკავებელი სიმართლისა და სიმრავლის მუშტია, რომელიც ცხვირთან უნდა იგრძნონ. ეს დასავლეთის ცხვირთან მიტანილი მუშტიც იქნება. დასავლეთს მუშტით (ძალით) ჩვენ ვერ შევაშინებთ, მაგრამ მუშტი ამ შემთხვევაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვისა და უსიტყვო მორჩილებისგან თავის დაღწევის გამომხატველი იქნება. ამის გამო ატომურ ბომბს ვერ გვესვრიან, ერთადერთი, რასაც მოინდომებენ, სახელმწიფო გადატრიალება იქნება, ომელსაც ისედაც გეგმავენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახორციელებენ. მით უფრო ვერ განახორციელებენ,  თუკი ნახავენ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომლისთვისაც მიუღებელია უცხოელების შეუზღუდავი პარპაში ჩვენს სამშობლოში, ერთად დადგა ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.

29 აპრილს გარეულმა და შინაურმა მტრებმა ერთი დიდი, მძიმე მუშტი უნდა იხილონ _ სამშობლოს დასაცავად რისხვით შეკრული და მათ თავზე უროსავით აღმართული!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                    

1 COMMENT

  1. მეოცე საუკუნეში ფაშიზმმა ჯერ მოიცვა ევროპა, შემდეგ კი გაანადგურა იგი. ოცდამეერთე საუკუნეში ამ საშინელმა- ყველაზე მძლავრად უკრაინაში მოიკიდა ფეხი. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ სპობს და ანადგურებს უკრაინული ფაშიზმი, პირველ რიგში, უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, შემდეგ კი როგორ მიაქანებს მსოფლიოს გლობალური დაპირისპირების მიმართულებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here