Home ახალი ამბები საქართველო ამერიკა და ევროპა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ  ხელისუფლება „ნამუსზე ააგდონ“ და საქართველო ...

ამერიკა და ევროპა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ  ხელისუფლება „ნამუსზე ააგდონ“ და საქართველო  რუსულ ბაზარს ჩახსნან

რუსეთიდან წამოსული ყველა პროდუქტი გაცილებით იაფია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. ერთადერთი ხორბალი გაძვირდა და გაძვირდა იმიტომ, რომ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე მთავარი საკვები პროდუქტის დასამზადებლად საჭირო მასალა ისაა

315

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი 52,3%-ით გაზარდა. ეს საქართველოსთვის  ცუდი ამბავია,  რადგან ხორბლის ძირითადი მომწოდებელი სწორედ რუსეთია და  ფასის მომატება, უწინარესად,  ხორბლისგან ნაწარმოებ პროდუქტზე, ანუ პურზე აისახება. არადა, ზაფხულში, ახალი მოსავლის პირობებში, ფასმა დაიკლო და პურიც 10 თეთრით გაიაფდა, ახლა კი… სავარაუდოდ, მცხობელებს გაძვირება ისევ მოუწევთ, მაგრამ…

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ საქართველოში პურის მწარმოებლებმა თავის დროზე პური რეალურად  50 თეთრით გააძვირეს, ანუ დააკლეს წონა და მოუმატეს ფასი; შემდეგ კი მხოლოდ 10 თეთრით გააიაფეს.  ამ გაიაფებას მთავრობის წევრებმა ხომ ბრიფინგები უძღვნეს და იმდენჯერ შეგვახსენეს გაიაფება, რომ… ნორმალურად ვერც გავაცნობიერეთ.  ახლა კვლავ გვიძვირებენ, მაგრამ ამჯერადაც გაძვირება 10 თეთრზე მეტი იქნება. საქართველოში ხომ ასეთი ტენდენციაა – რაღაც თუ ძვირდება, ძვირდება საფუძვლიანად; თუ იაფდება, იაფდება უმნიშვნელოდ და მომკითხავი არავინაა. ანუ, არავის აინტერესებს, საიდან უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა  გაძვირებული პროდუქტის ფასი და… რაოდენ სასტიკადაც  უნდა ისმოდეს, მაინც უნდა ვთქვათ, რომ  „ვისოლის“ ერთ-ერთი შეფის ამასწინანდელი ნათქვამი სრული სიმართლეა. როცა საწვავი უსაშველოდ გაძვირდა, სწორედ მაშინ ითქვა: ვერ ვხვდებით, ეს ხალხი რას წუწუნებს?! გაყიდვა  არ შემცირებულა, ანუ მოსახლეობას აქვს ფული, გაძვირებული იყიდოსო.

ისე, ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ივნისიდან  ხორბალი ერთადერთი ქვეყნიდან შემოგვაქვს და ეს ქვეყანა რუსეთია. ჰო, ერთი კილოგრამიც კი არ შემოსულა ზაფხულის შემდეგ  საქართველოში სხვა ქვეყნიდან და ამის მთავარი მიზეზი, სხვა ქვეყნების სიშორის გარდა, სიძვირეც არის. აგერ, ამერიკა მზად არის, ხორბალი  მოგვაწოდოს (მთლიანად რომ ჩაანაცვლოს რუსეთი, ვერა, მაგრამ  დიდი  ოდენობით), მაგრამ ამერიკული ხორბალი გზისა და ფასის გამო დაახლოებით 4-ჯერ ძვირი დაჯდება.  თუ  500-გრამიანი  პური ახლა  1,50 ლარი ღირს, ამერიკული ხორბლის შემოტანის შემთხვევაში 6 ლარი ეღირება. ხორბლის თემას ისევ დავუბრუნდებით, მანამდე კი…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ცნობით, სექტემბერში საქართველომ 149 მილიონი დოლარის ნავთობი შეიძინა და ამ თანხიდან  94 მილიონი, ანუ საერთო მოცულობის 63% რუსულ ნავთობზე მოდის. შესადარებლად: მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსული ნავთობის წილი იმპორტში 16% იყო. რამ განაპირობა რუსული ნავთობით ქართველი იმპორტიორების დაინტერესება? მიზეზი მარტივია – რუსეთი, საერთაშორისო სანქციების ფონზე, ნავთობს ყველაზე იაფად ყიდის და საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მიხვდნენ (ჯერ ბოლომდე ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც), რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და ნავთობის ძირითად მომწოდებლად რუსეთი იქცა. საქართველოს მსგავსად  რუსულ ნავთობზე მოთხოვნა გაზარდა ჩინეთმა და ინდოეთმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა სწორედ რუსულ ნავთობს მოიხმარს. ისე, საინტერესოა, სექტემბერში თუ უკვე მსოფლიოში ყველაზე იაფ რუსულ ნავთობს მოვიხმარდით, რატომ ამბობენ შემომტანები, რომ  შესაძლოა, ფასმა ისევ მოიმატოს და რატომ არ გაიაფდა აქამდე?

ყველაფერ ამის ფონზე, ალბათ, ალოგიკური და აბსურდულია, ვინმემ  თქვას, რომ თუნდაც მხოლოდ ხორბლისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ფონზე, რუსული ბაზარი უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ… ცალკე ოპოზიცია და ცალკე დასავლეთი გვეუბნებიან, რომ ვალდებულები ვართ, რუსული ბაზარი დავივიწყოთ და სხვა ბაზრები ვეძებოთ. არა, დასავლეთი კი გვიწვდის „მეგობრობის“ ხელს, მაგრამ ეს მეგობრობა ხუთმაგი ფასი დაგვიჯდება და, რაც მთავარია, ისეთ სტაბილურობას, როგორიც ახლა რუსეთიდან გვაქვს, უფრო ზუსტად, საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთიდან, მშვიდობიანი ევროპა და ამერიკა ვერ გვპირდებიან. ერთ მშვენიერ დღეს მათ შესაძლოა გვითხრან, რომ აღარ შეუძლიათ ხორბლის მოწოდება (ნავთობს  კიდევ არა უშავს, ბევრი გზა არსებობს, ხორბალი კი უმკაცრესად გაწერილია) და ვერც ვერაფერს ვეტყვით. თანაც, ცივილიზებულ დასავლეთზე ხომ არ იტყვი, „გამიჩალიჩა“, სპეციალურად გააკეთა, ხორბლის სანაცვლოდ ხელისუფლების ცვლილებას ითხოვსო და ა.შ. ისინი ხომ ჩვენი პარტნიორები არიან და ამას როგორ იკადრებენ?!

„მუხტი გვინდა, სერიოზული მუხტი… ისეთ, როგორიც ადრე იყო, როცა რუსთაველი გუგუნებდა და წყლის ჭავლით დაგვსდევდნენ ქუჩაში“, – ეს ოპოზიციის ახალი ლოზუნგია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ხალხი ისევ გამოიყვანონ ქუჩაში და ხელისუფლების პოზიცია შეირყეს. სასაცილოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას, განცხადება, – საქართველოს ხელისუფლება რუბლებზე იყიდებაო. ეს ის ელენეა, წლების განმავლობაში სწორედ რუსეთიდან რომ ერიცხებოდა რუბლები და, სანამ არ გაუგეს, მისთვის ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისე, ჰელენ, თუ ურაპატრიოტიზმია, ბარემ ბოლომდე იყოს და რუსეთიდან შემოტანილი ხორბლისგან გამომცხვარი პური და, ზოგადად, პურპროდუქტები აღარ ჭამოს ოპოზიციამ და არც რუსული ბენზინი ჩაასხან ავტომობილებში, არც რუსული ბუნებრივი  აირი აანთონ და, საზოგადოდ, ვუთხრათ უარი ყველაფერ რუსულს და… მერე ქუჩაში ცეცხლის დასანთებად მაინც გამოვა ხალხი, სახლებში რომ შესცივდებათ…

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი ფული გასულ თვეში რუსეთიდან გადმოირიცხა. აი, ოფიციალური ციფრები:

1. რუსეთის ფედერაცია – 174 მლნ  დოლარი (მატება წინა წელთან შედარებით – 351%);

2. იტალია – 36 მლნ დოლარი  (მატება – 7%);

3. აშშ – 29 მლნ დოლარი (მატება – 17%);

4. საბერძნეთი – 18 მლნ დოლარი (კლება – 8%);

5. ყირგიზეთი – 18 მლნ (მატება – 417%).

ახლა ხომ ხვდებით, დაახლოებით რა განსხვავებაა რუსეთსა და ამერიკას შორის, რუსეთსა და იმ ევროპულ ქვეყანას შორის, რომლიდანაც ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა?

შემოსული ფული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად შეგვიძლია მოვნათლოთ. ინვესტიციის მთავარი პლუსი ხომ ის არის, რომ ამით ქვეყნის ბიუჯეტმაც უნდა იხეიროს და მოსახლეობამაც. ჰოდა, ეჭვი გვაქვს, ის ათეულობით მილიონი სწორედ მოსახლეობაში იხარჯება და  იმ გადმორიცხული უცხოური ვალუტის გამოა, ლარზე მოთხოვონა რომ  გაიზარდა და ეროვნული ვალუტა სიმყარეს ინარჩუნებს. სხვათა  შორის, ამ მიმართულებით ერთი კითხვა გვაქვს – ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მტკიცებით, უცხოური ვალუტის მარაგი საჭიროზე მეტი აქვთ და… ეს მარაგი, ანუ უცხოური ვალუტა რომ გაიტანოს ბანკმა ბაზარზე და გაყიდოს, ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ამას რატომ არ აკეთებენ? ახლა არ მითხრათ, ხელოვნური გამყარება იქნებაო… როგორ გგონიათ, სხვა დროს გასაქცევად გამზადებული ლარი ხელოვნურად არ დააკავეს და დააბეს 3,20-იან ნიშნულზე?

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, დასავლეთს ოპოზიცია ქუჩაში სჭირდება, ოპოზიციას კი ამისთვის იმავე ქუჩაში ხალხი უნდა, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. დასავლეთის პოლიტიკამ და ძახილმა, რომ ევროპულ ოჯახში მიგვიღებენ, რომ ნატოს კარი ღიაა და მალე შევალთ, არ გაამართლა. სწორედ ამიტომ, როგორც ოპოზიცია, ისე ამერიკა და ევროპა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება „ნამუსზე ააგდონ“ და ქვეყანა  რუსულ ბაზარს ჩახსნან. ასეთ  შემთხვევაში საქართველოში ყველაფრის ფასი,  სულ ცოტა,  გასამმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება. სოციალური აფეთქება ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად გასაცოცხლებლად, არამედ 2024 წლისთვის რამე შანსი მაინც ჰქონდეს არჩევნებზე. ამ გადმოსახედიდან ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას მარტივად მოიპოვებს, რაც ყველაზე მეტად სწორედ „სტრატეგიულ პარტნიორებს“ არ სურთ  და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე ასეთი  უპირატესობით არ მივიდეს.

ცნობისთვის: ნავთობისა და ხორბლის გარდა, რუსეთიდან   ზეთის დიდი პარტიაც შემოვიდა, რომელიც ასევე იაფად  შეიძინა ქართულმა მხარემ და მაღაზიებში ეს უკვე იგრძნობა. ანალოგიური რამ ხდება ტკბილეულისა  და  რძის პროდუქტების მიმართ  და საზოგადოდ, რუსეთიდან წამოსული ყველა პროდუქტი  გაცილებით იაფია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. ერთადერთი ხორბალი გაძვირდა და გაძვირდა იმიტომ, რომ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე მთავარი საკვები პროდუქტის დასამზადებლად საჭირო მასალა ისაა,  რუსეთიდან  ხორბლის ყიდვაზეც უარს ვერავინ ამბობს და სხვა მიმართულებებით არსებულ დანაკარგს რუსული მხარე ასე ინაზღაურებს.

დასასრულ, დასავლეთი  თავის  მოსახლეობას უმტკიცებს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს ეფექტი რამდენიმე წელიწადში ექნება –  ასე  3-4 წლის შემდეგ რუსული ეკონომიკა ჩამოიშლებაო. არადა, სანქციების დაწესების პერიოდში, რუსული ეკონომიკა სექტემბრისთვის უნდა ჩამოშლილიყო, მაგრამ  ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ახლა კი ხანგრძლივი პერიოდი აიღეს და…  3-4 წლის შემდეგ, რუსული ეკონომიკის ჩამოშლა კი არა, გვეეჭვება, ამ სანქციების არსებობა ახსოვდეს ვინმეს, რადგან იმხანად მსოფლიოში სხვანაირი დღის წესრიგი იქნება და ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here