Home ახალი ამბები საქართველო აღშფოთებული დასავლეთი და ადგილობრივი  ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება კბილებით იცავენ იმას, რისი გახმაურებაც...

აღშფოთებული დასავლეთი და ადგილობრივი  ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება კბილებით იცავენ იმას, რისი გახმაურებაც არ სურთ

ეს, სამოქალაქო საზოგადოება კი არა, ჯგუფია ადამიანებისა, რომლებიც ფულის გამო ყველაფერზე წავლენ და ერის გადაგვარებაზეც კი მოაწერეს ხელი

266

 ქართულ პოლიტიკაში საჯილდაო ქვად  იქცა  კანონი, რომელმაც უცხოური დაფინანსებით მოსულდგმულე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პარტიები უნდა გამოავლინოს. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი მოხდება.  ამ კანონის მიღების შემდეგ ყველა ვალდებული იქნება, შეავსოს დეკლარაცია და დაწეროს, ვისგან და რისთვის მიიღო თანხა, საუბარია არა ერთ და ორ, არამედ ათობით მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოში შემოედინება და მას არასამთავრობოები თუ ოპოზიციური პარტიები სურვილისამებრ განკარგავენ. ჰო, ასე ამბობენ, გრანტებს ჩვენი სურვილისამებრ ვხარჯავთო, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, ვიღაც იხდიდეს მილიონებს და არ უკვეთდეს, ფული კონკრეტულად რისთვის უნდა დაიხაჯროს.

 არასამთავრობოებისა და ოპოზიციის განცხადება, იცით, რას ჰგავს? ქორწილში მუსიკოსებს შაბაში რომ მისცეთ და უთხრათ, – რაც გნებავთ, ის დაუკარითო. რა თქმა უნდა, ამას არავინ აკეთებს და სწორედ ეს არის  ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) მიზეზი იმისა, რის გამოც დასავლეთი და ადგილობრივი „სამოქალაქო საზოგადოება“ აღშფოთდნენ და კბილებით იცავენ იმას, რისი გახმაურებაც არ სურთ. სამოქალაქო საზოგადოება ბრჭყალებში ტყუილად არ არის ჩასმული. ჩვენთვის და  ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სამოქალაქო საზოგადოება კი არ არის, არამედ ჯგუფია ადამიანებისა, რომლებიც  ფულის გამო ყველაფერზე  წავლენ და ერის გადაგვარებაზეც კი  მოაწერეს ხელი.  ამას დეტალურად ავხსნით, მანამდე კი ის ვთქვათ, რომ მიღების შემდეგ კანონი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, ანუ წელს არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ პარტიებს ვერ დაავალდებულებს დეკლარაციის შევსებას.  ხელისუფლებამ, ერთი შეხედვით, აუტკივარი თავი აიტკივა, შეეძლო მშვიდად მისულიყო არჩევნებამდე და ეს კანონი მომავალ პარლამენტში შეეტანა განსახილველად, მაგრამ არა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ჰგავს  „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“-ს და მართლაც, გაბზარულს ყოველთვის გატეხილი სჯობს. რაც შეეხება ღალატს. 2-3 დღეში ერთხელ „ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებენ, რომელსაც შემდეგ პარტიის ათასობით მხარდამჭერი აზიარებს. თუ აქამდე „ღირსებით ევროპისკენ“ იყო მთავარი მოწოდება, გასული კვირის ბოლოს „მამული, ენა, სარწმუნოება“ გამოიტანეს  და აჭრელდა სოციალური ქსელი. ჰოდა, აქციის მონაწილეებმა საზეიმოდ ფიცი დადეს 9 აპრილის მემორიალთან, „რუსულ კანონს“ არ მივაღებინებთო და გაიმეორეს – „მამული, ენა… თავისუფლება“, ანუ სარწმუნოება ამოაგდეს, აქაოდა, ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართო. ამით მათდა უნებურად ის გაახმოვანეს, რასაც დასავლეთი ებრძვის. სწორედ 2003 წლის შემდეგ დაიწყო ეკლესიის დევნა-შევიწროება, ტაძრებში შევარდნა, პატრიარქის შეცვლის  გეგმაც კი შემუშავეს. დასავლეთს მოსვენებას არ აძლევს ის, რომ ეკლესია დღემდე  ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია საქართველოში და აქ მოსახლეობის უმრავლესობას რწმენა ვერ შეურყიეს. ეს ისეთი  ამაზრზენი და თავზარდამცემი განცხადება იყო, რომ აქციის ორგანიზატორებმა მალევე „ახსნეს“: ჩვენ გვერდით ბევრი ერის წარმომადგენელი იდგა და მათ რელიგიურ გრძნობებს გავუფრთხილდითო. და ეს იმის მიუხედავად, რომ სარწმუნოებაა და დაკონკრეტებული არ არის, რომელი. თუ ასეა, თუ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს გაუფრთხილდნენ, მხოლოდ მამული ეთქვათ, ენა რატომღა ახსენეს, ისინი ხომ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და შესაბამისად, არც ეს უნდა მოსწონებოდათ?! სინამდვილეში კი მათ თქვეს ის, რაც დაავალეს, რაც გულში ჰქონდათ და მერე მიხვდნენ, დიდი სისულელე რომ გამოვიდა; მერე მიხვდნენ, მოსახლეობამ რომ არ მოიწონა და გამოსწორება სცადეს, მაგრამ ეს მთავარი წამოცდენა იყო, რომლის გამოსწორებაც აღარ გამოვიდა.

დასავლეთი კი ნათლად მიანიშნებს აქციის მონაწილეებს, რომ მათ მხარეს არის და მიუტევებს ყველაფერს, ოღონდ კი ეს კანონი არ  მიიღონ. არც ერთი საელჩოს წარმომადგენელს, არც ერთ ევროპელ თუ ამერიკელ დიპლომატს სიტყვაც კი არ უთქვამს ალეკო ელისაშვილის საქციელზე, როცა მან მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად, მიპარვით დაარტყა. ასეთი რამ არასდროს გვინახავსო, კი ამბობდნენ პარლამენტარები, მაგრამ შეგახსენებთ: ნაციონალმა აკაკი ბობოხიძემ  არანაკლები იკადრა თავის დროზე, როცა პეტრე მამრაძეს დაარტყა ხელი. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, არც ერთმა დასავლელმა პარტნიორმა ელისაშვილის საქციელი არ დაგმო, მაგრამ მაშინვე აყვირდნენ, როგორც კი იმავე ელისაშვილმა პოლიციელებზე გაიწია, წინააღმდეგობის გაწევისას  დაეცა და ტუჩი დაიზიანა. მერე იხტიბარს არ იტეხდა, ტუჩები ისე მაქვს, ჩინურ ანჯელინა ჯოლის ვგავარო და… ჩემო (ან ჩვენო) ალეკო, ირაკლი ზარქუას ბრედ პიტს ამსგავსებენ და ფრთხილად იყავი, პარლამენტის შენობაში სადმე არ გადაეყარო, რა იცი, რა თვალზე შემოგხედავს?! ჰო, ლაჩრული საქციელისთვის ბოდიში არც ელისაშვილს მოუხდია, პირიქით –  ნამოქმედარით ამაყობს.

თუ აქამდე რუსეთის ოფიციოზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მშვიდად უყურებდა, გასულ კვირას დიმიტრი პესკოვმა და დიმიტრი მედვედევმა განაცხადეს: ვერ გეტყვით, კანონს რუსული რატომ დაარქვეს, მაგრამ საქართველოსთვის აშკარად კარგი კანონიაო. ჰოდა, ატეხეს ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა ერთი ამბავი, რადგან რუსებს მოსწონთ, გამოდის, ცუდია, რადგან მარტივი ლოგიკაა – როცა რუსებს რაღაც მოსწონთ, ის ჩვენთვის ცუდიაო. ბატონებო (ქალბატონებოც და გაურკვეველი სქესის წარმომადგენლებოც)!  რუსეთს ქართული ღვინო, ხილი, მინერალური წყლებიც მოსწონს და ჭარბი პროდუქციის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთის ფედერაციაში იყიდება. მოდით, ნუღარ გავიტანთ მაშინ რუსეთში იმას, რაც მათ მოსწონთ, და წავიღოთ ევროპაში, ამერიკაში... მაგრამ  ისინი იქაურ დახლებს არ გვაკარებენ, არ შედის მათ ინტერესში და მათი ბიზნესი ზარალდება. ჰოდა, დავტოვოთ აქ ყურძენიც, ვაშლიც, ვაშლატამაც და დავალპოთ, აბა, რუსებს მოსწონთ და რატომ უნდა გავახაროთ? ძალიან გასაგებად თქვა მამუკა მდინარაძემ, ეს კანონი მხოლოდ საქართველოსთვის არის კარგი და დანარჩენი ქვეყნებისთვის – ცუდი, ზუსტად ისე, როგორც ამ კანონის ამერიკული, ფრანგული თუ ახალზელანდიური ანალოგები, მხოლოდ ამერიკისთვის, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიისთვის არის კარგი, დანარჩენი ქვეყნებისთვის ცუდიაო. არანაკლებ საინტერესო იყო ოპოზიციის ის განცხადებაც, რომ ეს კანონი  ვერ შეეხება რუსეთს, რადგან თურმე რუსეთი საქართველოში არასამთავრობოებსა და რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ფონდებს არ აფინანსებს. მაშ, სად ჩანს რუსეთის ინტერესი და როგორღა ახორციელებს რუსეთი საქართველოში იმ „მზაკვრულ“ გეგმებს, რომელთა შესახებაც ასე ხმამაღლა საუბრობენ როგორც არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები? თუ რუსეთს ინტერესი აქვს, ვერ გამოინახა სახსრები და თუნდაც 2-3 არასამთავრობო ვერ შექმნა? ეს ხომ, ფაქტობრივად,  იმის დადასტურებაა, რომ რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ აინტერესბს, არ აინტერესებს საზოგადოების აზრის სათავისოდ შექმნა, რადგან… მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისედაც ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის წამგებიანი არ არის, რომ რუსული ბაზარი საქართველოს ეკონომიკის მთავარი საყრდენია, რომ საქართველოში გადმოსახლებულმა რუსეთის მოქალაქეებმა ჩვენი ოკუპაცია კი არ დაიწყეს, არამედ ბიზნესს აწარმოებენ და მათთან დასაქმებული მოქალაქეები კმაყოფილებას ვერ მალავენ ვერც მათი დამოკიდებულებით და ვერც ანაზღაურებით.

აი ასეთი მოთხოვნებით დგანან აქციაზე

კანონის მიღების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, რომელი ორგანიზაცია რა თანხას იღებს და, რაც მთავარია, რა მიზნით. ჰო, მიზნის გაცხადება აუცილებელი პირობაა და სწორედ ამის ეშინიათ  დასავლეთსა და ფულის მიმღებ ორგანიზაციებს. მერე ვეღარ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველო სტკივათ და  მოუწევთ  ახსნა, საიდან აქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის უფასო საადვოკატო მომსახურების თანხები, რატომ ეწევიან ლგბტ პროპაგანდას, რატომ სურთ დასავლური გავლენების გაძლიერება და ეს ყველაფერი ძალიან მარტივი გასაგები იქნება. მერე გაირკვევა, რომ არც ერთი ცენტი რუსეთიდან არ შემოდის და არ იხარჯება საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ან ვინმეს „გასაშავებლად“ თუ „გასაპიარებლად“; საპირისპირო ხდება, როცა საქმე ევროპასა და ამერიკას ეხება. ამ კანონის მიღებით დასავლეთს 35-წლიანი შრომა   წყალში ეყრება და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის „დაბოლება“-  არიქა, თქვენ მხარეს ვართ და მხოლოდ თქვენთვის ვზრუნავთო,  აღარ გამოვა. მერე ელენე ხოშტარიასაც მოუწევს იმის ახსნა, რატომ არის პირადად მისი ოჯახისთვის რუსეთიდან გადმორიცხული ფული სამართლიანი და რატომ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ ნათესავებისთვის გამოგზავნილი თანხა „სისხლიანი“.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here