გამოჩნდნენ, როგორც იქნა, გამოჩნდნენ…

    მიხეილ გალუზინი და გიორგი ზურაბაშვილი

    დაგვიანების თემა ბიბლიაშიც გვხვდება და მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც პრევალირებს, მხოლოდ ეს სიტყვები რად ღირს:  „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან” (აკაკი, „პატარა კახი”). ბიბლია კი გვეუბნება: „თუ დააგვიანოს, დაელოდე, რადგან უთუოდ მოვა, არ დაბრკოლდება” (აბაკუმ წინასწარმეტყველი, თავი 2, მუხლი 3.).

    ოცდაათ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის აუცილებლობაზე ხმამაღლა ავლაპარაკდი. არც ერთ ხელისუფალს (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) ამის გაგონება არ სურდა. ამ პოზიციის გამო ზოგი პირად მტრად აღმიქვამდა, ზოგი სამშობლოს მოღალატედ მრაცხდა. ამასობაში დიდი დროა ხელიდან გაშვებული. ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა სასიკეთოდ, ეს ნაბიჯი დროულად რომ გადაედგათ, მაგრამ არ გადადგეს. რუსეთთან, პარტნიორობა კი არა, დიალოგის გამართვაც არ სურთ. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს: „ოკუპაციის ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება”. ეს ფორმულირება პოლიტიკურად და იურიდიულად როგორი გამართულიც უნდა იყოს, არ უნდა ნიშნავდეს დიალოგის ჩაკეტვას, ვინაიდან ამის გარეშე ყველანაირი პერსპექტივა იკეტება. ერთია ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მეორეა დიალოგი. თუკი ტერიტორიები ოკუპირებულია, საქმეს გაბუტვით ვერ უშველი, ლაპარაკია საჭირო, თანაც არა შუამავლების მეშვეობით, არამედ – პირდაპირ, ვინაიდან შუამავლებს საკუთარი მიზნები ამოძრავებთ, რომლებიც სულაც არ მოდის ჰარმონიაში ქართულ ინტერესებთან. ამ დებულებას მტკიცებაც კი არ სჭირდება, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწორედ ეს საკითხი იქცა აუღებელ ციხესიმაგრედ.

    – არ დაველაპარაკებით! – ჯიუტობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

    – დაელაპარაკებით. მოვა დრო და დაელაპარაკებით! – ვიმეორებდი არანაკლები სიჯიუტით.

    პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის” ორი წლის წინათ ხელისმოწერების შეგროვება დაიწყო და, თუ არ ვცდები, ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ დაადასტურა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გამართვას მხარს უჭერდა.

    – დაელაპარაკებით, მოვა დრო და დაელაპარაკებით! – ჩემსავით ფიქრობდნენ ის პატიოსანი მოქალაქეებიც, რომელთა აზრის გათვალისწინება არც ხელისუფლებას სურდა და არც ე.წ. ოპოზიციას.

    როგორც ჩანს, ის დრო მაინც მოვიდა, ბიბლიაში ასე რომ არის გამოხატული: „თუ დააგვიანოს, დაელოდე, რადგან უთუოდ მოვა, არ დაბრკოლდება”.

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში რუსეთის მხარე შეხვედრას რუსეთ-საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ნაწილად მოიხსენიებს. საქართველოს მთავრობამ კი მოკლე განცხადებაში თქვა, რომ მხარეებმა რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს. გიორგი ზურაბაშვილის ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ეს პირველი ასეთი შეხვედრა იყო.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ შემდეგი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა: „შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მათ რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ”.

    ოფიციალური თბილისი ავრცელებს ინფორმაციას: „ზურაბაშვილმა და გალუზინმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“.

    ორივე ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციების ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელარუსული მხარის მიმართ რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ხელშეწყობისთვის.

    გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნისას პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანა არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, არამედ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც იქნება. იქამდე რუსეთთან პირდაპირი არაფორმალური დიალოგის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები იყო.

    მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი ფორმატი (აბაშიძე-კარასინი) არათუ განახლდა, გაფართოვდა კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყინული დაიძრა.

    დასავლეთის აგენტურა ახმაურდა. „მინსკში ჩასვლა მოსკოვში ჩასვლას ნიშნავს”; „ამ ფორმატით შეხვედრების გამართვა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ტოლფასია”; „მალე ჟენევის ფორმატსაც გააუქმებენ,” – გაჰკივიან ისინი, მაგრამ ეს „განწირულის სულისკვეთება” არათუ მომავალ თაობებს ვერ მისწვდება, აწმყოშიც არავის ეყურება, რადგან დასავლური აღტყინების ის საფუძველი, რომელზეც ეს პოლიტიკური ისტერიკა ფუძნდებოდა, ისე მოირყა, რომ მცირე დატვირთვასაც ვეღარ უძლებს.

    ეს –  რაც შეეხება საერო და სახელმწიფოებრივ ცხოვრებას.

    პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საეკლესიო და სასულიერო ცხოვრებაც.

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. „20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში. 21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს. იმავე დღეს მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ”, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცალკე უნდა გამოვყოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის – შიო მესამის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთვის გაგზავნილი მისალოცი ბარათის შინაარსი.

    „თქვენო უწმინდესობავ,

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ მოვლენას – თქვენი 80 წლის იუბილეს!

    თქვენი პატრიარქობის პერიოდში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური, განმანათლებლობითი და საგანმანათლებლო მსახურება მაღალ დონეზე ავიდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიების, სასულიერო პირთა, ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა.

    ამ საზეიმო დღეს განსაკუთრებით გვახსენდება თქვენი მრავალწლიანი კეთილი ურთიერთობა აწ განსვენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან. ჩვენი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვარი არაერთხელ აღნიშნავდა იმ უდიდეს ძალისხმევას, რომელიც თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ცხოვრების განვითარების საქმეში ჩადეთ. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა თქვენს უცვლელად მტკიცე პოზიციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კანონიკური სტატუსის საკითხზე, რაც ჩვენთვისაც არსებითია. უდავოა, რომ კვლავ არსებობს რიგი რთული საკითხებისა, რომლებიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

    ჩვენ ვცხოვრობთ რთულ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა ყველგან მრავალრიცხოვან განსაცდელსა და სერიოზულ გამოწვევას აწყდება. ამ რთულ დროს ჩვენს სასოებასა და იმედებს ყოვლადსახიერ უფალზე ვამყარებთ და გულმოდგინედ აღვავლენთ ლოცვებს მთელი კაცობრიობისთვის მშვიდობის მონიჭების, ყოველგვარი მტრობის შეწყვეტის, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ერთობისათვის.

    ყოვლადმოწყალე უფალმა განამტკიცოს ძმური სიყვარულის სული ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის.

    თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით!

    ლოცვით ვითხოვ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტესგან, განგიმტკიცოთ სულიერი და ხორციელი ძალები, მოგანიჭოთ დღეგრძელობა და ღვთის მადლმოსილი შეწევნა ქრისტეს ეკლესიის სასიკეთოდ თქვენი მაღალი პირველმღვდელმთავრული მსახურების შემდგომი აღსრულებისათვის!

    შიო III,

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
    მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

    ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”.

    შიო მესამის ეს პოზიცია, რომელიც  განაგრძობს  ილია მეორისდროინდელ დამოკიდებულებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, სახელმწიფოებრივ და დიპლომატიურ აზროვნებასთან ერთად ქრისტიანული დიდსულოვნების ბრწყინვალე ნიმუშიცაა. სახარება გვასწავლის, რომ მტრობას პერსპექტივა არ გააჩნია, მეგობრობას კი – ალტერნატივა: “თუ შესწირავ შენს შესაწირავს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენსწინააღმდეგ, დატოვე შენი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი შესაწირავი” (მათე 5:23-24).

    უადგილოც კი მეჩვენება იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი პატრიარქის ეს მიდგომა (პატრიარქ კირილესთვის საიუბილეო თარიღის მილოცვა და დელაგაციის გაგზავნა) პრაგმატული და პატრიოტული მისიის აღსრულებაცაა. შორს გახედვა ჰქვია ამას. სახარებაში არის შესაბამისი ადგილი: „ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; და ის დაეცა, და დიდი იყო მისი დაცემა“ (მათე 7:24–27).

    სამწუხაროდ, ჩვენ დავიგვიანეთ, რუსებმაც დაიგვიანეს. როგორც ვთქვი, დიდი დრო იქნა გაშვებული ხელიდან. ახლა, ალბათ, ორივე მხარე ხვდება დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს (ან შეეცდება) გამოსწორებას, მაგრამ იქნება ხელის შეშლა, იქნება ეშმაკის ჩურჩული, რომ ჩაშალოს ქრისტიანული (მართლმადიდებლური) კავშირის შეკვრის ყველა მცდელობა. „სერობის დროს ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი…“ (მათე 13.2). და ჩურჩულებს ეშმაკი პოლიტიკოსთა პირით, ჟურნალისტების პირით, ღვთისმსახურთა პირით, მრევლის პირით. ბევრნი არიან ეშმაკის პირით მოჩურჩულენი, ძალიან ბევრნი. მე კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მახსენდებოდა აკაკის სიტყვები და ამ სიტყვებზე შექმნილი დიდებული სიმღერა „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან…”

    გამოჩნდნენ, როგორც იქნა, გამოჩნდნენ…

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here