მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სასწრაფოდ განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შემდეგ სამორინეების მფლობელებს აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, მოქალაქეები პასუხს მოითხოვენ პრემიერმინისტრისა და საპატრიარქოსგან……
… პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: ,,საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და აქ საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, არ შემოდის განსაკუთრებული ცვლილება. ამ საკითხზე ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო. მე არ ვიყავი საქმის კურსში, ისე უმნიშვნელოა ეს ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს, ლობისტები კი არ ჰყავს. მეტი ფული თუ სადმე შეიძლება შევიდეს, საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა“, _ განაცხადა კობახიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი სამორინეების საკითხზე ასეთი იყო: ,,საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ–ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი შიო III, იმხანად – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების პაკეტი, რაც მისასალმებელი იყო.
რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა”.
არ იცოდა პრემიერმინისტრმა, არ იცოდა პატრიარქმა. მაშინ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? გვესაუბრება პოლიტიკოსი, სოციალისტური პლატფორმის ერთ–ერთი ხელმძღვანელი თემურ ფიფია:
_ ხელისუფლებისთვის ფულია მთავარი და ამისთვის არად ჩააგდეს ქართველი საზოგადოების აზრი და ინტერესები. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩავთვალე, რომ სიკვდილის ბუზი დააჯდათ, რადგან მათი რეიტინგი ისედაც ნულზეა დასული.
ამ ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის გაძვირებაც გადაწყვიტა, რაც საშინელი ინფორმაცია იყო ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ხალხისთვის. ამას მოაყოლეს აზარტული თამაშებით ფულის მოზიდვის კამპანია. არჩვნები ახლოვდება და არ ვიცი, ეს გადაწყვეტილებები დადებითად თუ იმოქმედებს ხელისუფლებაზე.
_ მსოფლიოში საქართველოს კულტურითა და ხელოვნებით იცნობენ, ქართულ ცეკვას მსოფლიოს მე-8 საოცრებაც კი უწოდეს და ასეთ ქვეყანაში, სათამაშო ბიზნესის გარდა, ნუთუ ვერაფერი ნახეს?
_ ამ ბინძური საქმის უკან ხელისუფლებაში მყოფი ბიზნესმენები დგანან. ამით შოულობენ ფულს ხელისუფლების წარმომადგენლები. სწორედ ისინი ლობირებენ აზარტული თამაშების წილებს საქართველოში. პარლამენტში ბევრი ბიზნესმენია და ამ უმსგავსობიდან დიდძალ ფულს შოულობენ, ფულს გამოიმუშავებენ იმ საქმიდან, რომელიც ნარკომანიას უტოლდება. ბევრმა ახალგაზრდამ და უფროსი ასაკის ადამიანმაც აზარტული თამშების გამო თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. ეს ეპიდემიაა, რომლის გავრცელებასაც ხელისუფლება უწყობს ხელს.
_ საერთაშორისო სამორინე და გასართობი ცენტრი ,,შანგრილა” საპატრიარქოსა და სიონის ტაძრის შუაში გაიხსნა 2012 წელს. ამას იმხანად აპროტესტებდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღესაც ხელისუფლებაში სხედან, მაგრამ ახლა ხმას არ იღებენ, პირიქით _ ახლა კანონით დაარეგულირეს საკითხი, სათავისოდ, რა თქმა უნდა……
_ ,,შანგრილა” საერთაშორისო ქსელია და ყველა მოქრთამა. ჩვენთან ფარული ბორდელებიც არის: დილით რესტორანი ან კაფეა, საღამოს _ ბორდელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესია მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება ხოლმე, ეკლესიამ მრევლი უნდა შემოიკრიბოს და წინ წარუძღვეს.
1952-1959 წლებში კუბის პრეზიდენტი და დიქტატორი იყო ბაპტისტა, რომელიც ბორდელებს, კაზინოებსა და ყველა სიბინძურეს მფარველობდა. ქვეყანაში ისეთი ცუდი ვითარება იყო, რომ, სულ რაღაც, 30-კაციანმა ჯგუფმა ფიდელ კასტროს მეთაურობით შეძლო ბატისტას რეჟიმის დამხობა…
,,ქართულმა ოცნებამ~ სიბინძურეზე ააწყო ქვეყანა. ვიღაც ბერეკაშვილი, რომელიც ვითომ ცდილობს, კაზინოების მნიშვნელობა აგვიხსნას, ხალხი რომ ვიყოთ, ფეხებით უნდა გამოვათრიოთ პარლამენტიდან… ჩვენს ახალგაზრდობას კიდევ ეს უნდა? აზარტული თამაშებით გატაცება, ანუ ლუდომანია ნარკომანიას უტოლდება და რატომ დავჩაჩანაკდით ქართველი საზოგადოება ისე, რომ ამ საშინელებაზე ხმას არ ვიღებთ?
_ ხელისფლების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია. ეს ფაქტია, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს ხალხი მის წინააღმდეგ წასვლას…
_ იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ ნამდვილი ოპოზიცია შეზღუდულია. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ამ სისტემის წინააღმდეგია, არ აქვს გასაქანი.
,,ქართულმა ოცნებამ” მოახერხა განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაანადგურა ოპოზიცია, რომელიც სისტემის წინააღმდეგია, და ფიქრობს, რომ ბიზნესმა კი არ უნდა მართოს სახელმწიფო, პირიქით _ სახელმწიფომ უნდა მართოს ქვეყანა.
სახელმწიფომ არ უნდა შეუწყოს ხელი ბინძურ ბიზნესს. სემეკს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად გააძვიროს კომუნალური გადასახადები ბიზნესმენების სასარგებლოდ.
2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ,,ქართული ოცნების~ კატასრტოფით დასრულდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ ლიბერალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ამ ხელისუფლების პირობებში
პერსპექტივას ვერ ვხედავ…
პრემიერ კობახიძეს სურდა ფასების დარეგულირება პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი მედიკამენტებზე, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, ამით მისი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა. კობახიძე დამარცხდა, წვრილმა თუ მსხვილმა ბიზნესმა კი გაიმარჯვა, ბიზნესმენებმა თითი დაუქნიეს და დაემუქრნენ პრემიერს……
ბიზნესმენებთან ბიძინა ივანიშვილიც დამარცხდა. მგონია, რომ კობახიძისა და ივანიშვილის პოზიციები ფასების რეგულირების საკითხზე ერთნაირი იყო, მაგრამ მსხვილმა ბიზნესმენებმა აჯობეს. ისინი ისეთი ძლიერები არიან, რომ ქვეყანაში ბიზნესის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. მათი ერთობლივი ფული ივანიშვილის ფულზე მეტია… ამიტომ ივანიშვილი და კობახიძე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ახლა ვამბობ, რადგან ვხედავ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე ვეღარ მიჰყავთ და ეს ფაქტია. ასეთ შემთხვევაში სხვა რა უნდა ვიფიქროთ?!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







