საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ხელი მოაწერა ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილებას, რომელიც საერთაშორისო ტურნირების მოწყობის ნებართვის მქონე კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელის მოწერამ საზოგადოების იმ წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოწვია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკას, კაზინოებისთვის შეღავათების დაწესება კი არა, აგრარული სექტორის აღორძინება გადაარჩენს.
ამ მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრება სახალხო მოძრაობის ,,საქართველოს აგრარული აღორძინებისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მურმან ქურიძე:
_ მრავალი წელია, ვმუშაობ საქართველოს აგრარული აღორძინებისთვის და ბუნებრივია, ვერ მივიღებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად აზარტული თამაშების საერთაშორისო არეალად რომ იქცეს საქართველო, რადგან აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირების მოწყობა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი ღირსება გვაქვს და ვფიქრობ, საქართველოში საერთოდ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები.
ქართველები მიწათმოქმედი ერი ვართ, გვაქვს უნიკალური ბუნებრივი და კლიმატური პირობები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, საქართველო თვითკმარი ქვეყანა იყოს, ჩვენ გარედან არ უნდა შემოგვქონდეს ნაგავი პროდუქტები, რომლებითაც მოსახლეობას ვწამლავთ.
რა თქმა უნდა, მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვიტილება აზარტული თამაშების ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების თაობაზე. ვიღაც ,,ჩინოვნიკს~ ფულის შოვნა მოუნდა და ამის გამო ქვეყნის დაქცევას აპირებს…
საქართველო აგრარული ქვეყანაა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის აღორძინება.
არჩევნების წინ პრემიერმინისტრთან გვინდოდა შეხვედრა, გვსურდა, პროგრამაში შეეტანათ სოფლის მეურნეობის აღორძინების საკითხი, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ არ შეისმინეს ჩვენი, არც კი შეგვხვდნენ…
_ კაზინოების მეშვეობით ფულის ,,შოვნის“ იდეამ საზოგადოება გააღიზიანა. ამ საკითხს ჯერ პატრიარქი შეეხო, შემდეგ _ რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობი, რომელსაც ხელისუფლების მხარდამჭერები დაესხნენ თავს…
_ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი კი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდის _ ბევრის აზრით, ყაველაშვილს ხელი არ უნდა მოეწერა აღნიშნულ კანოპროექტზე და მართლებიც არიან, მაგრამ, თუ წნეხში მოაქცევდნენ, პოსტიდან უნდა გადამდგარიყო. ასეთი მომენტი ყველას ცხოვრებაშია და ადამიანმა მართებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს…
_ ხელისუფლება ხშირად იღებს მცდარ გადაწყვეტილებას, მაგალითად, ასეთი იყო პლასტმასის ბოთლების აკრძალვა, რაც შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან ამასაც მოჰყვა უკმაყოფილება. შეცდა მთავრობა, როდესაც დაგვპირდა, რომ პროდუქტებსა და წამლებზე ფასებს დაარეგულირებდა. ამ შემთხვევაში დაზარალდა რეპუტაცია თვითონ პრემიერისა, რომელმაც დაპირება ვერ შეასრულა… ხელისუფლებას შიგნით ხომ არ ჰყავს მტრები, რომლებიც შეცდომას შეგნებულად აშვებინებენ?
_ ხელისუფლებას ან შიგნით ჰყავს მტრები, ან გარედან არის მასზე ძალიან დიდი წნეხი… პრემიერი კარგი იურისტია, მაგრამ კარგი ეკონომისტი არ არის, ის ცდება ან შეცდომას აშვებინებენ……
მინდა, თქვენი გამოცემის საშუალებით მივმართო ხელისუფლებას: ჩავატაროთ რეფერენდუმი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და ე.წ. არაბიზაციის საკითხებზე და შევიტყოთ ხალხის აზრი. ძალიან ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აუცილებელია, ვთქვა _ ამ ხელისუფლებას მცდარი გადაწყვეტილებები დაასამარებს! თუ ეს გადაწყვეტილებები გარედან არის თავსმოხვეული, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება, საზოგადოების აზრის მოსმენა აუცილებელია. რეფერენდუმის შედეგებით ყველაფერი გამოჩნდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ხალხის ნება აღასრულონ და თავს გადაირჩენენ. მე ამჟამინდელ ხელისუფლებას ომს ვერ დავუწყებ, რადგან დიდი საფრთხეები აგვარიდა, მისი მხარდამჭერი ვარ, უბრალოდ, გული მტკივა, როდესაც შეცდომებს უშვებს და ამიტომ ვამბობ სათქმელს ხმამაღლა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







