გავეშებული სამყაროს ქშენა

    მძიმე სიტყვაა  „გავეშებული”. სინონიმებში უფრო მეტად ჩანს მისი სიმძიმე – გაცოფებული, განრისხებული, გამძვინვარებული. რაც შეეხება სამყაროს, იგი ყოვლისმომცველია თვით უსასრულობამდე. ჩვენს შემთხვევაში ამ სიტყვას კოსმოსური დატვირთვა არ აქვს, იგი დედამიწის ერთ ნაწილს მოიცავს, ოღონდ სისტემით, იდეოლოგიითა და კლასობრივი ნიშნით დატვირთულს. ცნება ,,სამყარო’’ ამ გაგებითაც იხმარება, რადგან ამ მიკრომოცემულობასაც, როგორც სამყაროს (ფართო გაგებით), ინფრასტუქტურული სისავსე ახასიათებს (მაგ., კაპიტალისტური სამყარო, სოციალისტური სამყარო, მუსიკის სამყარო, სპორტის სამყარო და ა.შ.).

    ამჯერად კაპიტალიტურ სამყაროზე მოგახსენებთ, რომელიც ერთადერთ ღმერთს აღიარებს – მოგებას. ეს სამყარო ცნობილია უსულობითა და უგულობით ანუ ეს არის ულმობლობის სამყარო, რომელშიც ადგილი არ რჩება არც სიყვარულისთვის, არც თანაგრძნობისთვის, არც დახმარებისთვის… ამ სამყაროს მთავარი მამოძრავებელია  თვითგადარჩენის ინსტინქტი. აქ საზოგადოება ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა – დამზიანებელ და დაზიანებულ ნაწილებად. თუ არ გსურს, რომ პირველი იყო, მეორე იქნები (გლადიატორთა პრინციპი: თუ გსურს გადარჩე –  უნდა მოკლა ანუ, თუ არ მოკლავ –  მოგკლავენ). სამყაროში, რომელიც ბიზნესს (მოგებას) ეფუძნება, ადამიანებს ერთადერთი ფუნქცია აქვთ  –  ერთმანეთის დაზიანება. შენ თუ ვერ მოიგებ, იღუპები, მაგრამ, თუ მოიგებ, სხვა ზიანდება. მოგება ვერ იარსებებს წაგების გარეშე. შენი მოგება სხვის წაგებას ნიშნავს, სხვისი მოგება კი – შენს წაგებას. ეს უსამართლო სამყაროა, ოღონდ ისე მარტივი არა, როგორც წარმოგვიდგენია. ერთია, როდესაც უსამართლობას უსამართლობა ჰქვია და ისჯება, მეორეა, როდესაც უსამართლობა დაკანონებულია და არ ისჯება. უსამართლობაზე ჩვენი წარმოდგენა ძირითადად პირველ კატეგორიაში თავსდება, რადგან ამ სიბინძურეს ჩვენთან, სულ რაღაც, ოცდაათი წლის ისტორია აქვს. ამ მოკლე დროში ჩვენი ყოფიერება მთლიანად დაბინძურდა, მაგრამ ცნობიერება შედარებით სუფთა შემოგვრჩა, ვინაიდან ჩვენ სოციალური სამართლიანობის საზოგადოების შემდგომი თაობა ვართ, რომელსაც ცხოვრების წესი შეუცვლეს, მაგრამ აზროვნების წესი (სოციალური და ფსიქოლოგიური ინერციით) ჯერ კიდევ ძველი შემორჩა. მოგება-წაგებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში კი სამართალზე სხვა წამოდგენა აქვთ. დაკანონებული უსამართლობა იქ სამართლიანობად აღიქმება. ამ საზოგადოებას არამხოლოდ საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილების წესზე აქვს მახინჯი წარმოდგენა, არამედ ზნეობაზეც.

    ადამიანურ დამოკიდებულებებში არსებული სიმახინჯე სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებშიც გადადის და ურთიერთობები მოგება-წაგების პრინციპზე იწყობა. არავინ  ფიქრობს საერთო მიზანშეწონილობაზე, პლანეტარული მასშტაბის წესრიგზე. ვინ რას მოიგებს (შესაბამისად, ვის რას წააგებინებს), ესაა მიდგომის მთელი ფილოსოფია, რომელიც საფუძველშივე მცდარია. მოგება-წაგების ფილოსოფიამ კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიად აქცია. წარმოვიდგინოთ, რაც ომებმა ანგრია, ის რომ არ დანგრეულიყო; ვინც ომებში დაიღუპა, ისინი რომ არ დაღუპულიყვნენ; რაც ომებში იზარალა, ის ზარალი რომ არ მიდგომოდა, კაცობრიობა რამდენით წინ იქნებოდა. სამწუხაროდ, უსამართლო საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა სისტემებმა და ფორმაციებმა ომები და ძალმომრეობა შვეს, როგორც ურთიერთობის გარკვევის უმაღლესი ინსტანცია. კაცობრიობამ ომებიდან ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ზნეობაში ვერ გადადგა ნაბიჯი. მრავალი რელიგიური მოძღვრების ჩამომყალიბებელი და თეორიულად უმაღლესი ზნეობრივი იმპერატივის („გიყვარდეს მტერი შენი”) აღმომჩენი კაცობრიობა, პრაქტიკულად, დღესაც ომების ჭაობშია ჩაფლული. საქმე იქამდეა მისული, რომ გლობალური ომისგანაც ვერ ვართ დაცული. ჩინეთში სამი ზესახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ საქმე სამშვიდობო შეთანხმების გზით წასულიყო, ომის რიტორიკა მწვავდება.

    2026 წლის ნოემბერში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებსა და ომის დასრულების ვადებზე შეუთანხმებლობის გამო. Bloomberg-თან 24 ნოემბრის ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ, თუ ტრამპი წლის ბოლომდე ვერ აიძულებს ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებას, უკრაინა პირდაპირ აშშ-ის კონგრესს მიმართავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მოთხოვნით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები (ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი) კიევს სწრაფი შეთანხმების გაფორმებისკენ უბიძგებენ. ტრამპმა კი კვლავ გაიმეორა, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ლიდერებს შორის არსებული სიძულვილია. 24 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელთანაც გარიგება შესაძლებელი იქნება. ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიება და აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის პუტინი მკვლელია.

    ამ ვითარებაში ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის ბოლოდროინდელი მრავალმილიარდიანი ტრანშებითა და ახალი სამხედრო პაკეტებით. 2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა მოიცავს, როგორც მიმდინარე საბიუჯეტო გადარიცხვებს, ისე გრძელვადიან თავდაცვით დაგეგმვას.

    2026 წლის 20 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში ყველაზე დიდი ერთჯერადი ტრანში – 7.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა. იმავე დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში დამატებით 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა. თანხა უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვებს უნდა მოხმარდეს 2027 წლის ბოლომდე.

    2026 წლის აპრილში დამტკიცებული ორწლიანი მხარდაჭერის სესხი (2026–2027 წლები) ჯამში 90 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას, ხოლო 30 მილიარდი ბიუჯეტის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.

    2026 წლის 18 ნოემბერს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება 2027 წელს უკრაინისთვის დამატებითი 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ (25 მილიარდი თავდაცვისთვის, 20 მილიარდი ბიუჯეტისთვის), რომლის დაფარვაც მხოლოდ რუსეთის მხრიდან რეპარაციების გადახდის შემდეგ მოხდება.

    26-27 ნოემბერს ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განიხილება, როგორც 2027 წლის დაფინანსების მექანიზმები, ისე 2028–2034 წლების შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გათვალისწინების საკითხი. ამ პროცესში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაც  არის – უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი სამხედრო  მიზნებისთვის საერთო ფონდების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, მაშინ, როდესაც გერმანია და სხვა წევრი სახელმწიფოები საერთო პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

    ამ ვითარებაში რუსეთს რა გზა რჩება, თუ არა ის, რა განცხადებებიც კეთდება. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი განცხადება: „უკრაინამ და ნატოს ქვეყნებმა უკვე შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც მოსკოვს შეუძლია ბირთვული დარტყმის განხორციელება განიხილოს. (Moscow Journal of International Law. 23.11.2026).

    მედვედევის სტატია გამოქვეყნდა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა, აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბირთვული ომის რისკების შემცირების შესახებ, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის არასდროს უნდა მოხდეს.

    2026 წლის 19 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმების საპასუხოდ რუსეთის ქმედებები „გაცილებით მტკივნეული“ იქნება და მოსკოვი მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს. ეს განცხადებაც ჩინეთში სი ძინ პინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთდა.

    სხვა მაგალითებიც არსებობს, მაგრამ ეს კონტექსტიც საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: კაცობრიობა კვლავ ნაცადი (ომებისა და ძალმომრეობის) გზით მიდის და ამ საბედისწერო გზიდან გადახვევის შანსიც კი არ იარსებებს, სანამ კაპიტალისტური ფორმაციის ტყვეობაში იქნება. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლით კაცობრიობამ  ნაბიჯი, რომელიც წინ ჰქონდა გადადგმული, უკან გადმოდგა. დღეს რუსეთიც კაპიტალიზმით დაბინძურებული სახელმწიფოა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის საკითხში მართალი არ არის. არა, ამ საკითხში რუსეთი ცამდე მართალია, მაგრამ ამას ხაზს იმის საილუსტრაციოდ ვუსვამ,  როგორ არის გართულებული დღეს კონფლიქტური საკითხების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა.

    კაპიტალისტური სამყარო ცოფიანია, გამძვინვარებულია, გავეშებულია. იგი გრძნობს აღსასრულის მოახლოებას. იმ კონკრეტულ შემთხვევებშიც კი, როდესაც იგი იმარჯვებს, საბოლოო ჯამში, სიკვდილის მიმართულებით მოძრაობს. მისი გამძვინვარება-გავეშებაც აქედან მოდის. რა სამიტებიც უნდა ატარონ ზესახელმწიფოთა ლიდერებმა და როგორი ორიენტირებულნიც უნდა იყვნენ მშვიდობაზე, შედეგი თითქმის ყოველთვის საწინააღმდეგო დადგება, რადგან სისტემა (ფორმაცია) მაღლა დგას ადამიანზეც, მაფიაზეც, პრეზიდენტზეც და საიდუმლო (ოლიგარქიულ) მმართველობაზეც. ახლა, რომელიმე კონკრეტული ადამიანი კი არა, სისტემაა გავეშებული. ჩვენ რაც გვაწუხებს, ეს მხოლოდ ქშენაა, გავეშებული სამყაროს ქშენა. საბოლოოდ მან შეიძლება ისეთი რამ ამოანთხიოს, რომ მისი ქშენა იავნანად მოგვეჩვენოს.

    ეს ზესაშიში ძალაა!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here