– ვის წისქვილზე ასხამთ წყალს? – მომჩერებია ათი ათასი თუ ასი ათასი წყვილი თვალი, იქნებ – მილიონიც და მეტიც.
– რა წისქვილი, რა გაქვთ მხედველობაში?
– სიმართლეს როდესაც ლაპარაკობთ.
– გასაგებად მითხარით, რას გულისხმობთ?
– სხვა რა უნდა ვიგულისხმოთ, ხელისუფლებას როდესაც აკრიტიკებთ, ამით ხომ ოპოზიციის წისქვილზე ასხამთ წყალს?!
ამ დღეებში დაახლოებით ასეთი შინაარსის დიალოგი მქონდა ფეისბუქმომხმარებლებთან, რომლებიც მეუფე იობის მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნების გამო გამინაწყენდნენ. „მხარდამჭერი წერილი” მათი ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში პირიქით იყო: რამდენიმე არგუმენტირებული შენიშვნა მქონდა მეუფის მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო; საფუძვლიანად ვაკრიტიკებდი ე.წ. ოპოზიციას (დასავლეთის აგენტურას) და მივუთითებდი იმ სიმართლის შესახებაც, რომელიც ხელისუფლების მისამართით მეუფე იობის ქადაგებაში იყო გამოთქმული.
ამის მიუხედავად, იმ ათასობით წყვილ თვალში, საყვედურთან ერთად, გაოცებაც ჩანს:
– ნუთუ არ გესმით, რომ ამით ოპოზიციას ეხმარებით?
რით ვეხმარები ოპოზიციას, სიმართლის თქმით? ამ შეკითხვით თქვენ (მკითხველებს) მოგმართავთ. როდის აქეთ იქცა „ოპოზიცია” სიმართლის ბაირახტრად? ან თუკი ისინი სადღაც (ალაგ-ალაგ) სიმართლესაც გამოურევენ, ამის გამო ჩვენ სიმართლე აღარ ვთქვათ? გაჩერებული საათი კი დღე-ღამეში ორჯერ უჩვენებს სწორ დროს, მაგრამ ამიტომ მუშა (გამართული) საათები გადავყაროთ ან ვუსაყვედუროთ მათ, რომ მოშლილი საათების წისქვილზე ასხამენ წყალს?! ეს ხომ სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ კოაბიტაციის წყეული რეჟიმიდან. ქოც-ნაცებს შორის რა პოლიტიკური ქორწინება შედგა ისეთი, რომ, თოთხმეტწლიანი დავის მიუხედავად, მათ განქორწინებას საშველი არ დაადგა? ახლა პარტია „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, მაგრამ ფორმულა, რომლის მიხედვით „ქართული ოცნება” არ უნდა გააკრიტიკო, დღემდე ძალაში ყოფილა, რადგან, მმართველ პარტიას თუ დავუჯერებთ, ეს თურმე ასაკრძალი პარტიის წისქვილზე წყლის დასხმაა. არა სხვა ვინმე, არამედ სწორედ მმართველი პარტიაა ამ, თანამედროვე გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, ნარატივის გამავრცელებელი. მმართველ პარტიასა და მთავრობას დღესაც კი (როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დაწყებულია) „ნაციონალური მოძრაობა” მაშველი რგოლივით აქვს თავზე ჩამოცმული, რათა ხალხის რისხვაში არ ჩაიხრჩოს. სერიოზული ეჭვი მიჩნდება, ისინი ამ პარტიის აკრძალვაზე არც წავლენ და ამ საქმეს ისე გააფუჭებენ, რომ მის განხილვას მომავალშიც ვერავინ დაუბრუნდეს. ჩემი აზრით, სწორედ ამ მიზნით მიაბეს ამ საქმეს სხვა (გახარიას, ხაზარაძის) პარტიები. გახარიამ რამე დანაშაული თუ ჩაიდინა, ეს „ქართულ ოცნებაში” ყოფნისას იქნებოდა, რომელმაც იგი ჯერ ეკონომიკის, შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებზე გაამწესა, ბოლოს კი პრემიერმინისტრობა უბოძა. რა შუაშია აქ ის პარტია, რომელიც დანაშაულთა ჩადენის შემდეგ ჩამოყალიბდა?! „ქართული ოცნების” მიერ დაშვებული მძიმე საკადრო შეცდომის გამო რატომ უნდა აგოს პასუხი პარტიამ, რომელიც იმ დანაშაულთა ჩადენისას, რომლებსაც გახარიას ედავებიან, არც არსებობდა? ეს ხომ სამართლებრივი ნონსენსია?! იციან ეს „ქართულ ოცნებაში”, განა არ იციან, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ საქმეს შეგნებულად აფუჭებენ. დანარჩენ (ხელოვნურად მიწებებულ) პარტიებს თუ ვერ აკრძალავენ, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის საქმეც გაფუჭდება. ვიმეორებ: ეს მხოლოდ ეჭვია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მთლად უსაფუძვლოც არ არის.
ამ ვითარებაში რა ვქნათ ქართველმა ხალხმა – მმართველ პარტიასა და მთავრობას შეცდომებზე არ მივუთითოთ იმიტომ, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობაც” ამბობს? „ქართულ ოცნებას”, რომელსაც თოთხმეტი წელიწადის განმავლობაში სადავეები ხელთ უპყრია, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ახლაც თუ არ გავაკრიტიკეთ, მაშ, როდის ვთქვათ ჩვენი სათქმელი, კიდევ თოთხმეტი წელიწადის გასვლის შემდეგ?
ხელისუფლებას არ უნდა მოვკითხოთ მთელ რიგ საკითხთა გამო, რომლებიც ასე მტკივნეულად დგას ქვეყნის წინაშე? მაგალითად:
* საკადრო პოლიტიკაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამო;
* მიგრაცია-ემიგრაციის საკითხებში არსებული დომხალის გამო;
* დემოგრაფიული კატასტროფის გამო, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით;
* უსამართლობის გამო, რომელიც ერთეულთა უზომო გამდიდრებასა და ხალხის გაღატაკებაში მდგომარეობს;
* კორუფციის გამო, რომელიც საგანგაშო ნიშნულს თურმე დიდი ხნის წინათ გასცდა;
* დაცლილი სოფლების გამო;
* ურბანისტული კოლაფსის გამო;
* ქართული მიწა-წყლის გაყიდვის გამო;
* ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში აბსოლუტური უძრაობის გამო.
კიდევ მრავალ საკითხთა გამო, რომლებიც განსახილველია, სამსჯელოა, საკამათოა. პრობლემებზე საუბარს წამოიწყებს ვინმე თუ არა, არიქა, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალსო, ნაციაო, აგენტიაო. ეს მახინჯი ფორმულა აღვირივით რომ ამოგვდეთ და გვაჩუმებთ, ამ მდგომარეობას საშველი როდის უნდა დაადგეს? სანამდე შეიძლება გვარწმუნოთ, რომ მტკივნეულ საკითხთა წამოწევა მიზანშეწონილი არ არის იმიტომ, რომ ამას ვიღაც სათავისოდ გამოიყენებს? სანამდე უნდა გვაცხოვროთ ამ პოლიტიკურ და ზნეობრივ სიმახინჯეში? ის „ვიღაც” ვერაფერსაც ვერ გამოიყენებდა, თქვენ რომ არ უწყობდეთ ხელს და ვერც თქვენ გამოიყენებდით ამ ვირ-ეშმაკობას, ისინი რომ არ გიწყობდნენ ხელს. ყველაფერს, რაც ქართველი ხალხის საზიანოდ არის მიმართული (საგარეო ვითარება იქნება თუ საშინაო), თქვენ ძალიან მოხერხებულად იყენებთ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
როგორ მოახერხეთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის თოთხმეტი წელიწადის მანძილზე რუსეთს ვერ დაელაპარაკეთ? ამას ხომ მართლაც „მოხერხება” უნდოდა?! მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნაბიჯზე შეურაცხყოფას გაყენებენ, დასავლეთთან კეკლუცობას ვერ მოეშვით და წლები გაფლანგეთ იმ ვითარებაში, როდესაც დრო ჩვენს საზიანოდ მუშაობს. არ ვთქვათ? არ გითხრათ? პირში წყალი ჩავიგუბოთ იმის შიშით, რომ ჩვენი ნათქვამი არ დაემთხვეს ოპოზიციის ნათქვამს? სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკური თაღლითობა, ეს საეჭვო, სათაკილო და სამარცხვინო კოაბიტაცია?! თქვენც ხომ ატყობთ, რომ დაღალა ხალხი ამ თაღლითობამ? რეალურად მომხრე აღარ დაგრჩათ უკვე, გარდა იმ თახსირი პროპაგანდისტებისა, რომლებიც, დიდი ხანია, ანტირეკლამაა თქვენი. ისინი უნიჭობისა და უზნეობის ისეთსავე გვირგვინს წარმოადგენენ, როგორებიც აღმოჩნდნენ თქვენგან ოდესღაც მოწონებული და მერე დაწუნებული ის პიროვნებები, რომელთა სახელებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან დიდი პატივი იქნება მათთვის.
ჩინეთში მიმდინარე პროცესები (2026 წლის 17-19 ნოემბერი) გვიჩვენებს, რომ ძველი ერთპოლუსიანი მსოფლიოს ადგილზე ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო აღმოცენდა. რა დროს ის კოაბიტაციაა, რომელიც დასავლეთმა თხუთმეტი წლის წინათ მოგახვიათ თავს. მოიშორეთ ეს რუდიმენტი, რომელიც კუდივით გიჩანთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. გაუსწორეთ თვალი რეალობას, განთავისუფლდით გაჩერებული საათის სინდრომისგან და იმოქმედეთ ისე, რომ, ჩვენ კი არა, თქვენ თვითონ არ დაასხათ წყალი სხვების (მტრების) წისქვილზე.
ვალერი კვარაცხელია







