შვილს, რომელსაც  მშობლის წინაშე დედის გინება არ „უტყდება“, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით  საუბარს ვერ მოსთხოვ

    თუ 1990-იანებში თაობა ნარკოტიკებმა და ომებმა დაგვაკარგვინა, ახლა გაუნათლებლობა გვაკარგვინებს

    ადრე, იმ „ავადსახსენებელი კომუნისტების“ პერიოდში,  საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეთა  უმრავლესობას ხელში გადაშლილი წიგნი ან გაზეთი ეჭირა და კითხულობდა. კითხულობდნენ, პრაქტიკულად, ყველგან და შედეგად არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ სსრკ-ის 15-ვე რესპუბლიკის წარმომადგენლებს მსოფლიოში  ყველაზე განათლებულ ერებს შორის მოიხსენიებდნენ. იმხანად  საქართველოს ჰყავდა ძალიან ბევრი მეცნიერი, აკადემიკოსი, თავისი  საქმის პროფესიონალი, მსოფლიო დონის აღმოჩენის ავტორი და ეს არავის უკვირდა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო…

    განათლების სისტემის პრობლემებზე არაერთხელ დავწერეთ. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მმართველობის  პერიოდში განათლების მინისტრის პოსტზე ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებსაც განათლებასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. მაგალითად,: კახა ლომაია, ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინი, ხატია დეკანოიძე… ყველას თავისი თვალსაზრისი ჰქონდა განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა მინისტრმა სიტყვა ბავშვი  დაფაზე გამართულად ვერ დაწერა, მაინც აცხადებსნენ პრეტენზიას,  რომ ისინი იყვნენ განათლების მეტრები  და ყველაფერს საკუთარ თარგზე ჭრიდნენ.  ყველას საკუთარი პროგრამა ჰქონდა და, როცა ახალი მინისტრი დაინიშნებოდა თანამდებობაზე, ძველ პროგრამას მოისვრიდა და თავისას იწყებდა. სამწუხაროდ, ასე გაგრძელდა „ოცნების“ პერიოდშიც, ვერ შემუშავდა ერთიანი პროგრამა, რომელიც, მინისტრის ცვლილების მიუხედავად, განხორციელდებოდა და არავის ექნებოდა  მისი შეცვლის ან გადაკეთების სურვილი. ისიც ვთქვათ, რომ სწორედ წინა ხელისუფლებამ დაარწმუნა ბავშვები, რომ ისინი  დამოუკიდებლები იყვნენ და  მშობლების გარეშე შეეძლოთ გადაწყვეიტლებების მიღება, ხოლო, თუ მათ აზრს მშობელი არ გაითვალისწინებდა, შეეძლოთ, საპატრულო პოლიციაში დაერეკათ და ძალოვანები „ურჩ მშობელს“ ჭკუას ასწავლიდნენ.

    ასეთმა  განათლების სისტემამ  სავალალო მდგომარეობა მოგვიტანა, მერე იმ თაობის  ბევრი წარმომადგენელი ნაცების მიერ ოკუპირებულ და პრივატიზებულ უმაღლეს სასწავლებელში წავიდა ლექტორად (23 და 25 წლის პროფესორებიც ნაცების ბრენდი თუ ტრენდია) და ახლა უკვე სტუდენტებს დაუწყეს ტვინის მოწამვლა და თეთრზე შავის მტკიცება. სად ვართ დღეს? ჩვენ რამდენიმე მასწავლებელს შევხვდით და ყველამ  ძალიან შემაშფოთებელი ამბავი მოგვიყვა.

    ყველაზე ცუდი არის ის, რომ პედაგოგად მუშაობის დასაწყებად აუცილებელი არ არის   პედაგოგიური განათლება. მთავარია, დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი, შემდეგ გაიაროს ერთწლიანი ე.წ. 60-კრედიტიანი სწავლის კურსი, შემდეგ – მოძებნოს სკოლა, რომელშიც სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების მასწავლებელი, და დამთავრდა – ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრატორი, იურისტი, ქიმიკოსი თუ ისტორიკოსი შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მოგვევლინოს. ჰო, მან შეიძლება მოსწავლეებთან ერთად წაიკითხოს „ხევისბერი გოჩა“ (მანამდე არ ჰქონდეს წაკითხული), „ვეფხისტყაოსანი“ ან ილიას „მგზავრის წერილები“. მთავარია,  მოახერხოს და იმ ერთ წელიწადში დაიზეპიროს ის, რაც ე.წ.  60-კრედიტიანი კურსის გასავლელად სჭირდებოდა, და დანარჩენი მეასეხარისხოვანია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ არის განათლების სისტემა შავ დღეში. აი, რას გვეუბნება ერთ- ერთი პედაგოგი: „ვთქვათ, გაკვეთილზე ბავშვი არ გისმენს, საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას, უფრო მეტიც – ფეხზე დგება, საკლასო ოთახში გადაადგილდება გაკვეთილის დროს. არ გაქვს ხმამაღლა რამის თქმის უფლება, მშვიდად უნდა უთხრა, რომ  რაფაზე კი არ უნდა ჩამოჯდეს, ფანჯარა კი არ უნდა გააღოს და საკლასო ოთახიდან გაკვეთილის მიმდინარეობისას მეგობარს ესაუბროს ეზოში, არამედ გაკვეთილს უნდა მოუსმინოს. ეძახი მანდატურს, რომელსაც ეს ბავშვი მიჰყავს დირექტორთან, რომელიც ასევე ვერაფერს ეუბნება; შემდეგ იბარებ მშობელს, ის შეწუხებული სახით დგას და ამბობს, რომ ან არ სცალია შვილისთვის, ან ისიც ვერ იმორჩილებს. ჰო, არაერთი მშობელი ამბობს, უყვირეთ და, თუ გნებავთ, სცემეთ კიდეც ჩემს შვილსო, მაგრამ ამას არავინ აკეთებს, რადგან ბავშვი მშვიდად აიღებს ტელეფონს და დარეკავს 112-ში, ადგილზე მოსული პოლიცია კი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით იწყებს გამოძიებას და საუკეთესო შემთხვევაში მასწავლებელი დატოვებს სკოლას, უარეს შემთხვევაში  – 3 წელს გაატარებს სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში. ეს იცის ყველა ბავშვმა და ამიტომ არ აინტერესებს, ბრაზდება თუ არა ცალკე მშობელი და ცალკე მასწავლებელი…“

    სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე საშინელი ვითარება შეფასების სისტემაშია და ახლავე აგიხსნით რატომ: ვთქვათ, კონკრეტულ კლასში არის 25 ბავშვი და მათგან 23 მოსწავლე არაფერს აკეთებს – არ სწავლობს, ფეხებზე ჰკიდია, რა ნიშანს მიიღებს. ასეთი მოსწავლეები არ იღებენ ცუდ ნიშნებს და კლასიდან კლასში  კარგი ნიშნებით გადადიან. როგორ? რატომ? ისევ მასწავლებლებს მოვუსმინოთ:

    „მე შემიძლია მოსწავლეთა 98% ჩავტოვო კლასში, გამოვაყოლო ე.წ. საშემოდგომო გამოცდა, ვაწვალო მთელი ზაფხულის განმავლობაში და ამის გაკეთება შეუძლია  ყველა მასწავლებელს, რადგან, თუ ბავშვი არ სწავლობს ქიმიას, ის არ სწავლობს ფიზიკასა და მათემატიკას, თუ არ აინტერესებს ქართული, ნაკლებად კითხულობს ისტორიას. საერთოდ,  ბავშვების უმრავლესობას ტიკ ტოკის გარდა არაფერი აინტერესებს. მოკლედ, თუ დავწერ დაბალ ნიშანს, გამოდის, რომ ბავშვი კი არ არის ცუდი,  არამედ მასწავლებელი, რომელმაც  ვერ დააინტერესა ბავშვები ისე, რომ  საგნის სწავლა დაიწყონ. ანუ, პრობლემა მასწავლებელშია და არა მოსწავლეში, ამიტომ ასეთ მასწავლებელს ჯერ გასაუბრებაზე იბარებენ სამინისტროში, შესაბამისი კომისია უმოწმებს ცოდნას, კვალიფიკაციას და აძლევს გაფრთხილებას, რომ მეტი იმუშაოს. იმავეს გამეორების შემთხვევაში კი მასწავლებელს ხელახლა უწევს იმ სასწავლო კურსის გავლა, რომელიც უკვე გაიარა, და პრაქტიკულად კარგავს იმ ერთ წელს იმის გასამეორებლად, რაც ისედაც იცის. შედეგად, მასწავლებლები „ჰაერზე“ წერენ ნიშნებს, მოსწავლეებს აქვთ აკადემიური მოსწრება და ყველა კმაყოფილია, გარდა ჩვენი ქვეყნის მომავლისა, რადგან მომავალს, უბრალოდ, ვკარგავთ. ასეთი გაუნათლებელი, ასეთ  უცოდინარი თაობა საქართველოს, ალბათ, არასდროს ჰყოლია...“

    მხოლოდ იმიტომ, რომ შვილს უკეთესად სწავლა მოსთხოვა ან გვიან ღამით ეზოში არ გაუშვა არასრულწლოვანი და ეს ყვირილით გააკეთა, არაერთი მშობელი გისოსებს მიღმა იხდის სასჯელს. საუბარი არ არის რამდენიმე თვეზე, ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, 3 წელს აძლევენ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ემართება დაკავებული მშობლის მეზობელს, მეგობარს, ნათესავს…. ის ხვდება, რომ ბავშვების წინაშე დაუცველია და ცდილობს, თავის  შვილს ისე მოექცეს, რომ თვითონაც არ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ჰოდა, ბავშვები, ხომ იცით, როგორები არიან? დაინახავენ, რომ ერთი სხვებზე მეტად „გაბლატავებულია“, რასაც მოისურვებს,  იმას აკეთებს და სხვებსაც მოუნდებათ  მეტი თავისუფლება, ბაძავენ და ვერ აცნობიერებენ,  რომ მომავალს საკუთარი ხელით მარხავენ.  ჩვენ უკვე ვნახეთ ამ თაობის არაერთი წარმომადგენლის ქმედება, ვნახეთ, როგორ გაიმეტეს პოლიციელები ცოცხლად დასაწვავად, როგორ გაანადგურეს რუსთაველზე ინფრასტრუქტურა, როგორ დაწვეს და დალეწეს, რაც ხელში მოხვდათ, და როგორ ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, თითქოს მათი საქციელი მართებული იყო. ის, რომ ცნობილი ადამიანის „თინეიჯერი“ შვილი ტელეეთერში აგინებს ღვთისმშობელს, მამა კი ამბობს, რომ ეს შვილის არჩევანია და მას თავისუფლებას არ უზღუდავს, საშინელებაა… აღზრდა-განათლებაში პრობლემა უკვე ჩვენც გვაქვს და ამას ვხვდებით კიდეც, მაგრამ… მხოლოდ აღზრდა კი არა, აგერ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ, მაგალითად, ჩიფსები მომწამვლელია, რომ მის დასამზადებლად  გამოყენებული ზეთი კიბოს უჯრედებს ავითარებს, მაგრამ  ბავშვებს ვერ ვუშლით.  „რა ვქნა, უნდა და ხომ არ მოვკლავ“ –  ეს  არის ყველაზე იოლი სათქმელი და… ზუსტად რომ ვკლავთ, მაგრამ თან გული გვწყდება.

    თუ 1990-იანებში ნარკოტიკებმა და ომებმა დაგვაკარგვინა თაობა, ახლა გაუნათლებლობა გვაკარგვინებს. ახალი თაობა  სოციალური ქსელების თვალით უყურებს სამყაროს და იქ ნასწავლი ტექსტებით საუბრობს. ელემენტარულს გეტყვით – გაიხსენეთ რომელიმე ძველი ქართული ფილმი, რომელშიც  დედის გინება მკაფიოდ ისმის… ახლა, გაიხსენეთ თანამედროვე ქართული ფილმები, რომლებშიც ეს ყველაფერი არ ისმის. ჰოდა, ერთი მეორეს რომ ემატება, საბოლოო ჯამში, ვიღებთ დღევანდელ ვითარებას,  იმ შვილს კი, რომელსაც  მშობლის წინაშე დედის გინება არ „უტყდება“,  „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით საუბარს ვერ მოსთხოვ.

    ლევან გაბაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here