Home ახალი ამბები საქართველო სიცრუის ჩიხი

სიცრუის ჩიხი

535

განიშორეთ ტყუილი. იტყოდით ჭემარიტსა კაცადკაცადი მოყუსისა თვისისა თანა“, – გვასწავლის მაცხოვარი. ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა!არნახულ მხატვრულ სიმაღლეზე აჰყავს გენიალურ შოთა რუსთაველს სახარებისეული  სწავლება. იესო ერთგან ასე ამბობს: შენ ეკუთვნი შენს მამას, ეშმაკს, და გსურს, განახორციელო მისი სურვილები, მაგრამ მასში სიმართლე არ არის. როდესაც ის იტყუება, ის საუბრობს მშობლიურ ენაზე, რადგან ის არის მატყუარა და სიცრუის მამა.

ჭეშმარიტების გზა სიკეთის გზაა ანუ ღმერთის გზაა; სიცრუის გზა ბოროტების გზაა ანუ ეშმაკის გზაა.

საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში სიცრუეს ფართოდ იყენებდნენ და იყენებენ  აშშ და კოლექტიური დასავლეთი. ერთ-ერთი უდიდესი ტყუილი, რომლითაც კოლექტიური დასავლეთი ოპერირებდა, იყო  ის, რომ საბჭოთა კავშირს “ბოროტების იმპერიას” უწოდებდა. ისინი ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავდნენ: ერთი მხრივ, სახელს უტეხდნენ საბჭოთა სახელმწიფოს; მეორე მხრივ, ჩირქს სცხებდნენ სოციალისტურ სისტემას.

 საბჭოთა კავშირი იყო პირველი სახელმწიფო და სოციალისტური ეკონომიკა იყო პირველი სისტემა, რომელშიც უკლასო საზოგადოება ჩამოყალიბდა და ექსპლოატაციისგან თავისუფალი შრომის პირობები გაჩნდა. კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, სამართლიანობის მიმართულებით გაკეთებული ნახტომი, რევოლუცია, რომელმაც დასაბამი დაუდო ახალ, სოციალური სამართლიანობის ერას. აი რას ებრძოდა მრავალმხრივ კრიზისში შესული და, საბოლოო ჯამში, დასაღუპავად განწირული კაპიტალისტური სისტემა.

მეორე დიდი სიცრუე იყო ის, რომ, დასავლეთის მტკიცებით, სოციალისტური (გეგმიანი) ეკონომიკა ნაკლებეფექტიანია, ხოლო კაპიტალისტური (საბაზრო) ეკონომიკა – პირიქით. სოციალისტური სისტემის მაღალეფექტიანობის დასტურად საბჭოთა კავშირის მხოლოდ სტალინური პერიოდის მიღწევების ჩამოთვლაც კი  საკმარისია. ისტორიის ეს ოცდაათწლიანი მონაკვეთი  ღაღადებს, რომ სოციალისტური სისტემის ვითარებაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სასწაულების განხორციელებაა შესაძლებელი. ჩამორჩენილ აგრარულ საბჭოთა კავშირში, სულ რაღაც, ოცდაათ წელიწადში მიყოლებით განხორციელდა არნახული მასშტაბის პროექტები – კოლექტივიზაცია, ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია. რაც მთავარია, საბჭოთა კავშირმა გაუძლო მის წინააღმდეგ დაწყებულ უსასტიკეს  ომს, რომელიც  მასშტაბით დიდად აღემატებოდა იქამდე წარმოებულ ყველა ომს, მათ შორის, პირველ მსოფლიო ომსაც. ეს იყო არამხოლოდ ფაშისტური გერმანიის, არამედ მთელი დასავლეთის თავდასხმა საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემაზე. ეს უთანასწორო ომი სტალინურმა საბჭოთა კავშირმა არამხოლოდ მოიგერია, არამედ მტრის ერთი ნაწილი თავის მოკავშირედ აქცია და მესამე რაიხი მისივე  ბუნაგში გაანადგურა, მთავარი სამხედრო დამნაშავეები კი ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა;  გაპარტახებული საბჭოთა კავშირის, მისი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელსაც დასავლეთის წამყვანი ეკონომისტების გათვლებით ოცი-ოცდახუთი წელიწადი დასჭირდებოდა, ხუთწლიან მონაკვეთში სრულად განახორციელა ისე, რომ ომამდელ პერიოდს დიდად გაუსწრო;  მას შემდეგ კი, რაც ამერიკელებმა ატომური იარაღი შექმნეს და 1945 წელს იაპონიის ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობაზე ბარბაროსულად გამოსცადეს, უმოკლეს დროში ანალოგიური იარაღი შექმნა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კოსმოსის ათვისების უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო. აი, სად გამოჩნდა სოციალისტური (გეგმიანი) ეკონომიკის შესაძლებლობები და უპირატესობები, რომლის მსგავსი ეფექტიანობა კაპიტალისტური (საბაზრო) ეკონომიკის არსებობის არც ერთ ეტაპზე არ აღნიშნულა. ამიტომ დასავლური შაბლონი სოციალისტური სისტემის დაბალეფექტიანობის  შესახებ ისეთივე დიდი სიცრუეა, როგორი დიდი სიცრუეც საბჭოთა კავშირისთვის “ბოროტების იმპერიის” დარქმევა იყო.

სიცრუე და დეზინფორმაცია დასავლური ცხოვრების წესის ორგანული შემადგენელი ნაწილია. აშშ-ის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის ახლანდელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დასავლელ  ჟურნალისტებს, არც მეტი, არც ნაკლები, ხალხის მტრები უწოდა.  ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და ევროპაში პატიოსანი და სიმართლისთვის მებრძოლი ცალკეული ჟურნალისტები არ არსებობენ. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლური მედია, რომელიც ბურჟუაზიული (საბაზრო) ეკონომიკის პრინციპით ფუნქციონირებს, მთლიანად, მთელი მისი სტრუქტურითა და გენერალური მიმართულებით სიცრუისა და დეზინფორმაციის სამსახურში დგას. დასავლური (კაპიტალისტური) მედია საზოგადოებრივი ცნობიერების მოწამვლისა და მისი ცდუნების უმძლავრეს მექანიზმად ჩამოყალიბდა. შეხედეთ, რა საოცრად ესადაგება დასავლური მედიის დღევანდელ მდგომარეობას მაცხოვრის ის სიტყვები ამ სტატიის შესავალში რომ მოვიხმეთ: როდესაც ის იტყუება, ის საუბრობს თავის  მშობლიურ ენაზე, რადგან ის არის მატყუარა და სიცრუის მამა“.

ჩვენი უახლესი ისტორიიდან მრავალი მეტყველი მაგალითის გახსენება შეიძლება: “იმ იმპერიათაგან, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ, ყველაზე უბოროტესს, საბჭოთა კავშირსაც დავამარცხებთ!” – ეს ზვიად გამსახურდიას ნათქვამია, რომელიც განცვიფრებას იწვევს სიცრუისა და დეზინფორმაციის მასშტაბით. როგორ, სოციალისტური საბჭოთა კავშირი, ევროპული ფაშიზმის დამმარცხებელი სახელმწიფო, რომაელთა, ბიზანტიელთა, მონღოლთა, არაბთა, თურქთა, სპარსელთა იმპერიებზე უფრო ბოროტი იმპერია იყო?! ეს ხომ აბსურდია!

გაიხსენეთ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში თვითმფრინავის გატაცების   ტერორისტული აქტი, რომელიც დღემდე გამოიყენება სპეკულაციის თემად. გაიხსენეთ, რამდენი წიგნი და სპექტაკლი მიუძღვნეს ამ საკითხს ახალ დროში. გაიხსენეთ, იმდროინდელი ინტელიგენცია რა თავგამოდებით იბრძოდა ტერორისტებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის (დახვრეტის) მისჯის წინააღმდეგ. ისინი ტერორისტებს “თავისუფლებისმოყვარულ ბიჭებად”  ნათლავდნენ, მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თითქოს იმ “თავისუფლებისმოყვარულ” ბიჭებს უდანაშაულო ადამიანებისთვის სიცოცხლე არ მოესპოთ. “საბჭოთა ინტელიგენციის” წარმომადგენლები ტერორისტებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად რომ იბრძოდნენ, იმ სიცოცხლეს რატომ არ სცემდნენ პატივს, რომელიც ავაზაკებმა საკუთარი დანაშაულებრივი სურვილის მისაღწევად წაართვეს უდანაშაულო ადამიანებს?! მთელი ეს ტრაგედია (როგორც უდანაშაულო მსხვერპლისა, ასევე ტერორისტებისა და მათი დამცველი ინტელიგენციისა) დასავლური ცხოვრების წესის ჰუმანურობისა და თავისუფლების შესახებ გავრცელებული დიდი (სატანური) სიცრუის შედეგი იყო.

დასავლური (სატანური) სიცრუის შედეგია ის აურზაური, რომელიც ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას ახლავს. აშშ მსოფლიოზე გაბატონების გზაზე  სამ  უმთავრეს ინსტრუმენტს იყენებს: სიცრუე, ფულ, იარაღ. მიზნის მისაღწევად ზოგიერთ შემთხვევაში სიცრუე საკმარისია, ზოგიერთ შემთხვევაში სიცრუესთან ერთად ფულის გამოყენებაა აუცილებელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სადაც არც ერთია საკმარისი და არც მეორე, ისინი იყენებენ იარაღსა და სამხედრო ძალადობას. მაგალითი უამრავია. საქართველოში დასავლეთმა დიდი ხნის წინათ ჩამოაყალიბა საკუთარიმეხუთე კოლონა“, რომელსაც საბჭოთა პერიოდში დისიდენტებს უწოდებდნენ, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციებს (ენჯეოებს) უწოდებენ. ერთნიც და მეორენიც დასავლეთიდან იღებდნენ და იღებენ უკანონო დაფინანსებას. ეს თანხები იმ დროს საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, დღეს კი საქართველოს საზიანოდ მუშაობს.

 კანონი, რომელიც ახლა უნდა მიიღონ, არ არის ამ თანხების შემოდინების საწინააღმდეგოდ მიმართული, იგი მიმართულია თანხების უკონტროლო შემოდინებისა და უკონტროლო ხარჯვის წინააღმდეგ, ვინაიდან უკონტროლობის შემთხვევაში თანხები გაცხადებული მიზნების პარალელურად მიიმართება საქართველოს წინააღმდეგ: სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად; პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისთვის; ლგბტ პროპაგანდისთვის; არასანქცირებული მიტინგების მოსაწყობად; შეიარაღების შესაძენად, .. მოლოტოვის კოქტეილების დასამზადებლად და .. საზღვარგარეთიდან თანხების შემოდინება და ხარჯვა, სხვა თუ არაფერი, სულ ცოტა, დეკლარირებას მაინც უნდა ექვემდებარებოდეს. სულ ეს არის ის, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, მაგრამ დააკვირდით, რა გააფთრებით ებრძვიან მას არამხოლოდ ისინი (ენჯეოები), რომლებიც უკანონობის ვითარებაში ამ თანხებით მდიდრდებიან, არამედ დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები, დასავლური სტრუქტურებისა და ე.წ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ელჩები, დიპლომატები, გაეროსა და თვით ნატოს გენერალური მდივანიც კი. რაშია საქმე, რატომ აჯანყდა და ამხედრდა ამ კანონის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი და მათი აქაური “მეხუთე კოლონა”? საქმე ის არის, რომ ეს კანონი ავტომატურად ამხელს და ააშკარავებს იმ უზარმაზარ სიცრუეს, რომ დასავლეთიდან სახელმწიფოსა და ხალხის საწინააღმდეგოდ და საზიანოდ შემოსული თანხები შენიღბულია ქართველ ხალხზე ზრუნვით, მისთვის დახმარების გაწევის სურვილით.

– არ დაგანებებთ ჩვენი სიცრუის მხილებას!

– არ დაგანებებთ იმ კანონის მიღებას, რომელიც ამხელს ჩვენს სიცრუესა  და ჩვენს ბინძურ ჩანაფიქრებს!

ჩვენ ვართ საქართველოს მტრების ერთგული მსახურები და ვიბრძვით ჩვენი ბატონების ინტერესების გასატარებლად! – გაჰყვირიან ისინი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო დაუცველი დარჩეს იმ  შავი ფულის ინტერვენციის წინაშე, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და  რომელსაც სახელმწიფოსა და ხალხისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს. ეს ძალადობააღია, თავხედური, ცინიკური ძალადობა, რომელიც სიცრუით არის შეფუთული.

დასავლური სიცრუე დღეს ჩიხშია შესული, მაგრამ პროცესი რაკი ჯერ არ დასრულებულა, მაინც სატანური ძალით ბორგავს, თუმცა ნიშნები იმისა, რომ ეს ბორგვა სასიკვდილო აგონიასა და კონვულსიებშია გადასული, აშკარად ჩანს. ეს იკითხება თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც მან ნატოს წევრი სახელმწიფოების მისამართით გააკეთა: ერთმა დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მკითხა: სერ, ჩვენ შესატანს თუ არ გადავიხდით, მაგრამ რუსეთი თავს დაგვესხა, თქვენ არ დაგვიცავთ? მე ვუპასუხე: არა, ასეთ შემთხვევაში მე არ დაგიცავთ, პირიქით, მე მათ ვურჩევ, რომ მოიმოქმედონ ის, რაც, ეშმაკმა დალახვროს, თავში მოუვათ“.  განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატოს რღვევის პროცესი დაწყებულია?! ცნობილმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ ჯონ ბოლტონმა პირდაპირ განაცხადა: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში  დონალდ ტრამპი აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოიყვანს“.

ასე ნელა, თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ და ჯიუტად შედის დასავლეთი იმ ჩიხში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სიცრუის ჩიხი. დასავლეთი საკუთარი სიცრუის აბლაბუდაში გაიხლართა და იგუდება. გზაც იქით ჰქონია!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here