Home ახალი ამბები საქართველო ხალხი ხალხის წინააღმდეგ

ხალხი ხალხის წინააღმდეგ

388

ხშირად გაიგონებთ ამგვარ წამოძახილებს:

ხალხი ქუჩაში გამოვა!

ხალხი არ დაუშვებს!

საბოლოო სიტყვას ხალხი იტყვის!

ხალხს ხშირად იმ აბსტრაქტული ხალხის იმედი აქვს, რომელიცქუჩაში გამოვა“; რომელიცარ  დაუშვებს“; რომელიცსაბოლოო სიტყვას იტყვის“, მაგრამ ხალხის ამ აბსტრაქტულ გაგებას თავს თუ დავანებებთ, ნამდვილი (რეალური) ხალხი თვითონ (საკუთარი ნებით) არსადაც არ გამოვა, წინ  არაფერს აღუდგება და არანაირ საბოლოო სიტყვას არ იტყვის, ანუ სულ ტყუილად აქვს ხალხს ხალხის იმედი!

საქმე ის არის, რომ ხალხი (თავისთავად) არავითარ ძალს არ წარმოადგენს. ძალას, ხალხი კი არა, ორგანიზებული ხალხი წარმოადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ძალა მას აქვს, ვინც ხალხის ორგანიზებასა და ერთი მიმართულებით წარმართვას ახერხებს. ეს ფორმულა როგორც კი აღმოაჩინეს, მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების ჩამოყალიბებაზე და იმ ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომლებიც ხალხში არსებული პოტენციური ძალის ამოქმედებისა და სასურველი მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას გააჩენდა. ამას მასობრივი ცნობიერებით მანიპულაცია დაერქვა.

თუ დავაკვირდებით, ხალხის პოლიტიკურ ან სოციალურ „აფეთქებასა” და ატომური ბომბის აფეთქებას შორის გარკვეულ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ვერავითარი ატომური აფეთქება ვერ მოხდება, ურანში ან პლუტონიუმში უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის თეორიული პოტენციალი რომ არ არსებობდეს, მაგრამ, ამასთანავე, არანაირი  აფეთქება არ მოხდება, თუკი მეცნიერულად არ დამუშავდება დასახელებულ ელემენტებში არსებული თეორიული პოტენციალის ამოქმედებისთვის აუცილებელი რეაქციები და პროცესები. პირველ რიგში, ეს არის ურანის გამდიდრების ურთულესი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მისი უზარმაზარი მასიდან იზოტოპ U235-ის გამოყოფას ნიშნავს. თვითონ რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვური (ზვავის ეფექტი) პრინციპით. ურანის ბირთვი დაშლისას გამოასხივებს ნეიტრონებს, რომლებიც ეჯახება  ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩს მას. ისინი, თავის მხრივ, გამოასხივებს ნეიტრონებს და ა.შ. სწორი დაგეგმარების პირობებში რეაქცია მიმდინარეობს დიდი სიჩქარით და იძენს უწყვეტი (სერიული) აფეთქებების ხასიათს. ესე იგი, ბირთვული აფეთქების ეფექტის მისაღებად აუცილებელია ორი კომპონენტის არსებობა:

1. ურანის ან პლუტონიუმის პოტენციური შესაძლებლობა;

2. ელემენტთა პოტენციური შესაძლებლობის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოწყობილობის შექმნა.

ასეა ხალხის შემთხვევაშიც. როგორც ურანი ან პლუტონიუმი არ აფეთქდება სპეციალური მოწყობილობის გარეშე, ვერც ხალხი აფეთქდება მისი მაორგანიზებელი ძალის (მოწყობილობის) გარეშე. ხალხისთვის დამანგრეველი (სტიქიური) ძალის მისანიჭებლად აუცილებელია მასში ამ პოტენციის არსებობა, მაგრამ, ამასთანავე, აუცილებელია იმ მოწყობილობის არსებობაც, რომელიც მის ამ პოტენციურ შესაძლებლობას აამოქმედებს და მიზანმიმართულებას შესძენს. როგორც უკვე ვთქვი, ამ პროცესს მასობრივი ცნობიერებით მანიპულაცია დაერქვა.

არსებობს მასობრივი ცნობიერებით მანიპულაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროცედურები. გრძელვადიანი პროცედურები საზოგადოების თითოეული წევრის სასურველი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული და კომპლექსურ ხასიათს ატარებს. ადამიანის მსოფლმხედველობა მისი მსოფლშემეცნებისა და მსოფლშეგრძნების გავლით ყალიბდება და მის მიერ მიღებული ინფორმაციული ნაკადით ივსება და მდიდრდება. მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება ანუ გონების (რაციო) და გრძნობის (ემოციო) გავლით აღქმული მსოფლიო პლუს ყოველდღიური ინფორმაცია, საზოგადოებაში მოქმედი ადათები, წესები, ტრადიციები, ურთიერთობის ფორმები და .. აყალიბებს თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობას. ამ საქმეში უდიდეს როლს მასმედია (პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი) იძენს, რომელიც სულაც არ არის ისე თავისუფალი, როგორც დასავლური სამყაროს იდეოლოგია წარმოაჩენს. პირიქით, კაპიტალისტურ სამყაროში იგი მთლიანად კაპიტალის კლანჭებშია მოქცეული, კაპიტალი კი ბოროტების სამსახურში დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მსოფლმხედველობის (ჯამში კი საზოგადოებრივი აზრის) ფორმირების უმთავრესი ბერკეტები ხელთ   უპყრია ბოროტებას. ეს არის მასობრივი ცნობიერებით მანიპულაციის გრძელვადიანი პროგრამის ზოგადი არასახარბიელო სურათი.

პარალელურად არსებობს მასობრივი ცნობიერებით მანიპულაციის მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც საარჩევნო ან არჩევნებს შორის პერიოდებზეა გათვლილი ან სულაც ერთჯერადი დანიშნულებისაა. მაგალითად, 1938 წლის 10 აპრილს ჰიტლერი ატარებდა პლებისციტს ე.წ. ანშლუსის პოლიტიკაზე, რომელშიც ასე ჩახლართული შეკითხვა იყო დასმული: „ეთანხმები თუ არა 1938 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას ავსტრიისა და გერმანიის გაერთიანების შესახებ და ხმას აძლევ თუ არა ჩვენი ფიურერის ადოლფ ჰიტლერის სიას?” პლებისციტის ბლანკი, რომელსაც თვალსაჩინოებისთვის აქვე გთავაზობთ, შესანიშნავი მაგალითია მასობრივ ცნობიერებაზე მანიპულაციისა. აქ პასუხის ორი ვარიანტია მოცემული:  „დიახ” და „არა”. პირველი (სასურველი) პასუხის ქვეშ მოცემულია დიდი ზომის წრე, მეორე (არასასურველი) პასუხის ქვეს კი – პატარა წრე. ამ წრეებს  ხელშესახები სემანტიკური ფუნქცია არ ჰქონდა. ეს იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმარტივესი (მე ვიტყოდი, პრიმიტიული) მეთოდი, თუმცა ეს უმარტივესი მანიპულაციური ხერხიც კი დიდ როლს ასრულებდა იმ შედეგის მიღწევაში, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმილი, ვინაიდან იგი ადამიანებს (მასებს) ამისკენ შეფარვით (ქვეცნობიერად) განაწყობდა და უბიძგებდა.

საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულაციის მეთოდები დღეს უამრავია და, რაც მთავარია, უაღრესად დახვეწილი. მასობრივ ცნობიერებაზე მანიპულაცია დღეს ერთ დიდ შედეგზეა გათვლილი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები თვითონ ხალხს მიაღებინონ. საკუთარი თავის წინააღმდეგ ხალხის ამხედრების ყველაზე მასშტაბური გამოვლენა იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა მოქალაქეების დიდი ნაწილის ცნობიერების ამღვრევა ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური საწამლავით, რომლის შედეგად კავშირიც დაიშალა, სისტემაც დაინგრა და მოსახლეობის  უმრავლესობა გაძარცვული, მოტყუებული, შეურაცხყოფილი და ყოველგვარ სოციალურ გარანტიებს მოკლებული აღმოჩნდა. ვინ იბრძოლა ხალხის წინააღმდეგ? – ხალხმა! ვინ იბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ? – ხალხმა! რა თქმა უნდა, დასავლეთის კარნახით; რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა ღალატით; რა თქმა უნდა, მოტყუებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მანიპულირებული ცნობიერების მქონე  ხალხის აქტიურობით, ანუ მაინც საკუთარი ხელით.

ახლა დღევანდელობაში გადმოვიდეთ. რა არის განწყობა, რომლის გაღვივებასაც მასობრივ ცნობიერებაში ასე მონდომებით ნერგავენ? „არა რუსულ კანონს!” „არა რუსულ კანონს!” რომელ რუსულ კანონს? სად არის რუსული კანონი? .. გამჭვირვალობის კანონი,  თითქმის საუკუნეა, აშშში მოქმედებს. კი, რამდენიმე წლის წინათ რუსეთშიც მიიღეს ანალოგიური კანონი, მაგრამ რუსეთში ქურდობის, მკვლელობის, მექრთამეობის, თაღლითობისა და სხვა მრავალი დანაშაულის საწინააღმდეგო კანონებიც აქვთ. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს რუსული კანონებია? კანონთა უმრავლესობა უნივერსალურ ხასიათს ატარებს და მათი მიბმა ცალკეულ სახელმწიფოებთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი წმინდა წყლის სახელმწიფოებრივი მოვლენაა და მისი განხორციელების გარანტი მხოლოდ სახელმწიფოა, მაინც შეცდომაა. გამჭვირვალობის კანონსაც კი, რომელიც ამერიკული კანონიდან არის თარგმნილი, არ შეიძლება ამერიკული ეწოდოს, რადგან კანონი ყოველთვის იმ რეალურ  ვითარებასაა მორგებული, რომელშიც  მას იღებენ. საქართველოში უცხოეთიდან შემოდის თანხები? – შემოდის! მორჩა, რეალობა და ვითარება  გვაქვს, რომელსაც კონტროლი სჭირდება, მაშასადამე კანონის მიღება აუცილებელია! კი, ბატონო, ვიდავოთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ კანონის თითოეულ მუხლზე, თითოეულ წინადადებასა და თითოეულ სიტყვაზე, მაგრამ რუსული კანონი რა შუაშია, სად ხედავთ აქ რუსულ კანონს? ეს სრული სიგიჟეა! ეს მანიპულაციის შედეგად ჩამოყალიბებული ცნობიერების ამოძახილია, შეცდომაში შეყვანილ და გაბითურებულ ადამიანთა ისტერიკაა, ბრბოს ყიჟინა და ჩოჩქოლია, რომელსაც მოსყიდული ჯგუფებიც ემატებიან. ყოველივე ამის ტირაჟირებით გართული ტელეარხები კი, რომლებიც თეთრს შავად, ცოტას ბევრად, ყალბს ნამდვილად და სიცრუეს სიმართლედ წარმოგვიდგენენ, ცდილობენ, ხალხი კიდევ ერთხელ დააპირისპირონ საკუთარ თავთან და შექმნან არარსებული სურათი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას დაედება საფუძვლად.

ასეთი მანიპულაციები გათვალისწინებულია ადამიანის ბუნებრივ-ფსიქიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზე ზემოქმედებისთვის. ეს არის ის, რასაც ადამიანის საქციელზე კონტროლის დამყარება ეწოდება. ეს კეთდება აზრთა, წარმოდგენათა, სწრაფვათა, მოტივაციათა და მიზანთა ვერაგული, მაგრამ მოხერხებული ჩანაცვლების საშუალებით. თვითონ  მანიპულაციის ცნებამ, რომელიც თავდაპირველად სამედიცინო (ქირურგიულ) ტერმინს წარმოადგენდა, მეოცე საუკუნეში ცვლილება განიცადა და იმ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მთავარ აზრობრივ ელემენტად იქცა, რომელსაც საინფორმაციო ომი ჰქვია. 1969 წელს ნიუ-იორკში გამოცემულ „სოციოლოგიის ლექსიკონში” მასობრივ ცნობიერებაზე მანიპულაცია ასეა განმარტებული: „ფსიქოლოგიური პროცესი, რომელშიც მასაზე ზემოქმედების განმახორციელებლის მიზანი და ზემოქმედების შედეგად მისაღები ეფექტი ფარულია”. მასობრივ ცნობიერებაზე მანიპულაციის მიზანს ხალხის გახლეჩვა წარმოაგენს. დღეს საქართველოში დასავლეთის პოლიტიკური შულერები ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ცნობიერებაში ღირებულებათა იერარქია ერთხელ კიდევ შეცვალონ და თავისუფლებაზე მაღლა დასავლეთზე დამოკიდებულება დააყენონ, სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე მნიშვნელოვან მოვლენად ევროპელ და ამერიკელ ჩინოვნიკთა განცხადებები შემოგვასაღონ. საბოლოო ჯამში, ეს ხალხის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში ხალხის გამოყენებას, ანუ ხალხის წინააღმდეგ ხალხის ამხედრებას ნიშნავს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here