Home ახალი ამბები საქართველო ბაჩანა გაჩეჩილაძე: ახლა დათმობა ამ მეხუთე კოლონასთან საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასრულებს, დიდი ალბათობით....

ბაჩანა გაჩეჩილაძე: ახლა დათმობა ამ მეხუთე კოლონასთან საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასრულებს, დიდი ალბათობით. ეს არის მთავარი ხიფათი, ამიტომ არავითარი დათმობა!”

676

არა, რუსულ კანონს!” _ ამ ლოზუნგით აპროტესტებენ კანონსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებრუსთაველის გამზირზე დესტრუქციული ძალების მიერ მართული ადამიანები. აღნიშნული კანონპროექტი პროტესტის ფონზე განიხილება საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ამბობენ, აქცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იმართება, აპოლიტიკურია, კანონპროექტს მოქალაქეები აპროტესტებენო, მაგრამ ასე არ არის, შეკრებილთა შორის თითქმის ყველა . . ოპოზიციის წევრია, იმ ოპოზიციისა, საზოგადოების დიდი ნაწილი დესტრუქციულს რომ უწოდებს და რომლებიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის, სააკაშვილის, სატელიტებს  წარმოადგენენ. ამ .. ოპოზიციისა და მათ მიერ აქციაზე მიყვანილი ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ შეიძლება, მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს. დაძაბულობა მატულობს, რადგან ხელისუფლების პოზიცია შეუვალია ¬_ ის დათმობას არ აპირებს და არც მომიტინგეები აპირებენ დაშლას

რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებთ, ჩნდება კითხვა: უღირდა კი ხელისუფლებას ასეთ აყალმაყალადუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის ხელახლა ინიცირება?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ბლოგერი, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ბაჩანა გაჩეჩილაძე:

_ ჩემი აზრით, უღირდა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ხელახლა ინიცირება. უფრო მეტიც, ეს უღირდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს.  არ ვამბობ, რომ ხელისუფლება მთლიანად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ემთხვევა ინტერესები. მთავარია, უკან არ დაიხიოს და ბოლომდე გაიტანოს კანონი.

პირადად, მე ზედმეტად რბილად მიმაჩნია აღნიშნული კანონი, მაგრამ სულ არარაობას აჯობებს, ამ ფორმით მაინც მიიღონ. აქ მთავარი ის არის, რომ რუსთაველზე შეკრებილ დესტრუქციულ ძალებს არ მიეცეს დღის წესრიგის კარნახის საშუალება. ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ხელისუფლებამ ორ უკიდურეს არჩევანს შორის ჩაიყენა თავი, თუ კვლავ ვერ გაიტანენ, მაშინ ყველაფერს გაბედავენ ეს დესტრუქციული ძალები. უბრალოდ, სახელმწიფოს ინტერესებშია, ეს კანონი მიიღონ და თან რეალურ მოქმედებაში მოვიდეს.

_ ,,არა რუსულ კანონს!”  _ ამ ლოზუნგით ქუჩაში დგანან .. ოპოზიციის წარმომადგენლებირომლებმაც ახალგაზრდებიც აიყოლიეს. ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, შეიძლება თუ არა, საშიში იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის? რის გაკეთება შეუძლია .. ოპოზიციას?

_ რაც რუსთაველზე ხდება, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. არ იქნება ეს კანონი _ იქნება სხვა მიზეზი. წელს საარჩევნო წელია და მუდამ მსგავსი მიზეზების ძიებაში იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, რათა ქვეყანა არიოს. ახალგაზრდების ერთი კონრეტული ჯგუფი აიყოლიეს. ისინი არ წარმოადგენენ სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას. ეს არის ლიბერალური სისტემის მიერ ინდოქტრინირებული ერთი, მცირე ნაწილი, ე.წ. ცნობადი სახეების შვილები და ე.წ. გენზი თაობა; ილიაუნისა და სხვა მსგავსი სასწავლებლების მიერ მოტყუებული ახალგაზრდები, რომლებიც დააპროგრამეს სიტყვა “რუსულზე”. როგორც კი რუსულს მოკრავენ ყურს, ისე გამოვარდებიან გარეთ და დაანგრევენ ქვეყანას, წაკითხვითაც არ წაიკითხავენ, რაშია საქმე. გასულ წელს უფრო მეტი მოატყუეს და შემდეგ არაერთი მათგანი წერდა, რომ თურმე ეს კანონი დასავლეთის ქვეყნებშიც მიღებული პრაქტიკა ყოფილა და, აბა, ჩვენ რას ვაპროტესტებდითო?!

სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, გარკვეული მასა წელსაც აიყოლიეს, რადგან დასავლეთმა უთხრა ე.წ. ოპოზიციასა და არასამთავრობოების ნაწილს, თქვენთვის არ შეიძლება გამოჩნდეთ აქციებზეო, მათთვის კი დასავლეთის სიტყვა უზენაესია, ეს  მათ კოლონიურ აზროვნებაზე მიუთითებს. რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, _’ასე აზროვნებენ.

საბოლოოდ მოხდება ის, რაც ხდება ხოლმე ყოველთვის _  ლიდერები გაქრებიან და ახალგაზრდებს შეატოვებენ წინა ხაზს. კანონის დასარღვევადაც გაწირავენ, ისე ეყოლებათ დამუშავებული, თავად კი კვლავ მშრალად გამოვლენ.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი, პოლიციელებზე თავდამსხმელი, შეიწყალა, ახალგაზრდებს უფრო მიეცემათ იმედი, რომ არ მიატოვებენ. ამ დროს ტყუვდებიან სწორედ, რადგან სალომეს საპრეზიდენტო ვადა გასდის და, თუ ახლა კვლავ ჩაიდენს ვინმე მსგავს დანაშაულს, როდესაც მათი განაჩენი დადგება, დიდი ალბათობით, სალომე აღარ იქნება პრეზიდენტი და ვეღარავინ უშველით. სამწუხაროდ, ამდენს ვერ ხვდებიან იქ შეკრებილი მოტყუებული ახალგაზრდები.  ეს ხელისუფლების ბრალიც არის, არ მუშაობენ სათანადოდ ახალგაზრდებთან და არ შეცვალეს ლიბერალური განათლების სისტემა, ახალგაზრდები დატოვეს ილიაუნისა და მსგავსი მავნებელი დაწესებულებების ხელში.

_ გაუძლებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთის წნეხს და შეძლებენ თუ არა წინააღმდეგობის გაწევას, ერთი მხრივ, აქაური დაფინანსებული ძალებისთვის და, მეორე მხრივ, ამ ძალების დამფინანსებლებისთვის?

_ ვერ გეტყვით, გაუძლებს თუ არა. პროგნოზი უმადური რამ არის. ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბევრი უკან დახევა გვინახავს. გავიხსენოთ გახარიას მიერ ბოდიშის მოხდა და მელიას მიერ საჯაროდ სამაჯურის მოსროლა, თუმცა ასევე გვინახავს მელიას დაკავება გახარიას წასვლის შემდეგ. 

საბედნიეროდ, დღეს გახარია აღარ არის პრემიერი და ისიც იქ დგას, სადაც აქამდე უნდა მდგარიყო… იმედია, დღევანდელი პრემიერის კაბინეტი გაუძლებს ამ ზეწოლას და იმას გააკეთებს, რაც მათი უფლება-მოვალეობაა. ამ დაფინანსებულ ძალებსა და მათ დამფინანსებლებს, ფაქტობრივად, ბოლო მცდელობები აქვთ _ ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს მომენტი უდგათ და ბოლომდე შეეცდებიან, თავისას მიაღწიონ. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი; ის ხალხია, საკუთარი პირადი სარგებლის მიღების გულისთვის ნებისმიერ დავალებას რომ შეუსრულებს თავის დასავლელ პატრონებს. ქვეყნის ომში ჩართვა სურდათ და სურთ. ასე რომ, მათ ბოლო გაფართხალება აქვთ, როგორც იტყვიან ხოლმე, და ყველაფერს შეეცდებიან,  როგორმე მათი დავალების შესრულება შეძლონ.

_ ბევრი ამბობს, რომმაიდნისსცენარს ჰგავს ეს ყველაფერი. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ რუსთაველზე მიმდინარე პროცესები არათუ “მაიდნის” სცენარს ჰგავს, არამედ იდენტურია, ფაქტობრივად. ჩვენ გვახსოვს ის ინსტრუქტორები, რომლებიც აქ  ჩამოვიდნენ და ტრენინგებს უტარებდნენ ადგილობრივ “მეხუთე კოლონას”, ნაცად გამოცდილებას უზიარებდნენ, თუ როგორ უნდა მოაწყონ ქვეყანაში “მაიდანი”. აწ გარდაცვლილი აკერმანის მასტერკლასებიც გვახსოვს. ასე რომ, იდენტური სცენარია ე.წ. ფერადი რევოლუციების, მაგრამ ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით ასეთი შეცდომა, რომელზეც ვისწავლეთ უკრაინისგან განსხვავებით; სახელმწიფოებრივად გავიზარდეთ და აქ ასე მარტივად აღარ გაუვათ.

_ აქციების გაგრძელებისა და ზღვარგადასული ქმედებების შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ _ დათმოს პოზიციები თუ გაუძალიანდეს და თავისი გაიტანოს?

_ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უნდა დათმოს პოზიციები, რადგან ეს იქნება ფატალური შედეგების მომტანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოსალოდნელი შედეგები, ფაქტობრივად, დაასრულებს ჩვენ სახელმწიფოს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ამ საკითხში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს; მათ შორის იმ ადამიანების მხარდაჭერაც, რომლებიც არ ვართ ხელისუფლების მომხრე და მეტიც, ხშირად ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებთ. სწორედ ამ დესტრუქციული ძალების მიმართ არაერთგზის გამოჩენილი სისუსტისა და დათმობის გამო დაკარგა ბევრი მომხრე ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ახლა მომხრეთა დაკარგვაზეც არაა საქმე, ახლა დათმობა ამ მეხუთე კოლონასთან ჩვენ სახელმწიფოებრიობას დაასრულებს, დიდი ალბათობით. ეს არის მთავარი ხიფათი, ამიტომ არავითარი დათმობა! ხელისუფლება რაც მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს, მით უფრო მეტად დაუდგება ხალხი გვერდით!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here