Home ახალი ამბები საქართველო თქვენ, Gen Z თაობამ , „გააპრავეთ“ ლგბტ თემი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის,...

თქვენ, Gen Z თაობამ , „გააპრავეთ“ ლგბტ თემი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ პროპაგანდა აქტიურ ფაზაში შესულიყო

გმირობა არც წყლის ჭავლის წინ ცეკვაა და არც მოლოტოვის კოქტეილის სროლა

425

ტერმინი Gen Z  (Generation Z – თაობა Z) ცნობილი და  აქტუალური შარშანდელი მარტის აქციების შემდეგ გახდა. ქუჩაში ახალგაზრდები გამოვიდნენ და დასავლელმა პარტნიორებმა გვამცნეს, რომ ეს არის მსოფლიოში პოპულარული  Gen Z თაობა. რას ნიშნავს ტერმინი Gen Z და საიდან იღებს სათავეს?

Gen-z თაობა 1997-დან  2012 წლამდე დაბადებულ ადამიანებს ჰქვიათ (სწორედ ადამიანებს და არა ახალგაზრდებს, რადგან 1997 წელს დაბადებული დღეს 26-27 წლის კაცი თუ ქალია და არა მოზარდი). დაბადების წლების მიხედვით თაობებისთვის სახელის დარქმევის პრაქტიკა მე-19 საუკუნის ბოლოს „დაკარგული თაობით“ იწყება. თანდათან ტრადიცია გადაიზარდა დაუსრულებელ კონკურსში, ვინ მოიფიქრებდა შემდეგი თაობისთვის ისეთ სახელს, რომელსაც საზოგადოება აიტაცებდა.  შედეგად, ხალხის ასეთი დაყოფა დასცილდა სოციალურ მეცნიერებას და ერთგვარ სტერეოტიპულ ხატად იქცა. ამ დაყოფამ ისე მოიცვა თანამედროვე ამერიკა, რომ ბიზნესების მარკეტინგის გუნდი ცდილობს, ასე დაახასიათოს თავისი მომხმარებელი. თაობათა აღწერა ერთგვარი მზა პროფილია, რომლის მახასიათებლებზეც ბიზნესი ფოკუსირდება და ამ მახასიათებლების მიხედვით პროდუქციას მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის. ვისაც  არ შეუმჩნევია, მათთვის ვიტყვით: შარშანდელი მარტის აქციების შემდეგ  ქვეყანაში შემოვიდა უამრავი ფორმის, ზომისა და წარწერის ქუდი, რომელიც სწორედ Gen Z თაობის წარმომადგენლებმა დაიტაცეს, როგორც ერთგვარი სიმბოლო.

Gen Z თაობის წარმომადგენლები ამბობენ: ჩვენ კრიზისში დავიბადეთ, ომის დროს სკოლაში მივედით, პანდემიის პერიოდში – უნივერსიტეტში და  ამ გამოწვევების დაძლევის შემდეგ, არა გვგონია, რამე ვერ შევძლოთო. დავიწყოთ იმით, რომ Gen Z-მდე  ადამიანები 1990-იანების დასწყისში დაიბადნენ და მეტიც: ზოგი სკოლაში მივიდა, ზოგმა ინსტიტუტი თუ უნივერსიტეტი დაამთავრა, ზოგი ომში იბრძოდა და ვერანაირი პანდემია ვერ შეედრება იმას, რაც იმ თაობამ გადაიტანა; სწორედ იმ თაობამ, Gen Z თაობის წარმომადგენლები ზემოდან რომ უყურებენ და პატივს არ სცემენ. ომს რაც შეეხება… აგვისტოს პროვოკაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე სააკაშვილისა და აშშ-ის შემოქმედების ნაყოფია, რამდენიმე დღეს გაგრძელდა, 90-იანებში კი  საქართველოს ომი ჰქონდა სამაჩაბლოში, აფხაზეთში და… ჰქონდა სამოქალაქო, ძმათამკვლელი ომი, ამიტომ   ნურავის დაეტოლებით  და ნუ იფიქრებთ, რომ, თუ 2 თვის განმავლობაში  პირბადე გეკეთათ და კარანტინის პერიოდში შინ  ისხედით, ყველაზე მაგრები ხართ. არა, ბატონებო, არ ხართ ყველაზე მაგრები და ვერც ვერასდროს იქნებით. ყველაზე მაგრები ვერ იქნებით მანამ, სანამ თქვენი უმრავლესობა მხარს უჭერს ლაზარე გრიგორიადისს და ამ ბიჭზე, რომელმაც პოლიციელები ცოცხლად დასაწვავად გაიმეტა, გაჰკივით, გმირიაო.

ესეც არ იყოს, როცა რაიმე გადმოგაქვთ ამერიკელებისგან, ცოტა აზრიც დააყოლეთ ხოლმე. ცხოვრება არ არის ტიკ-ტოკერობა და ინსტაგრამზე აქციის სურათების გამოფენა. 1997 წელს დაბადებული ადამიანი ახლა 26-27 წლის არის და 2012 წელს დაბადებული – 12 წლის.  27 და 12 წლის ადამიანები ერთი თაობის წარმომადგენლები  ვერ იქნებიან, სხვადასხვა ინტერესი აქვთ,  ხედვა, ფიქრები და პრობლემები. ეს ტერმინი შეგნებულად შემოაგდეს  ამერიკელებმა, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა აიტაცეს და თქვენც, მართლა ბავშვებს, გაგიხარდათ, რომ თქვენს თაობას თურმე სახელი ჰქვია, თურმე თქვენზეა დამოკიდებული როგორც აწმყო, ისე მომავალი, მაგრამ გვერწმუნეთ, რაც მალე გადადებთ გვერდზე ტელეფონს და ხელში წიგნს აიღებთ, მით მალე მიხვდებით, რომ დასავლეთის დაკრულზე ცეკვავთ და არანაირი გმირობა არ არის ის, რასაც აკეთებთ. არ არის გმირობა წყლის ჭავლის წინ ცეკვა და არც მოლოტოვის კოქტეილის სროლა. წინა დღეს ერთი ფოტოგრაფი გაჰკიოდა ტელეეთერში:  300 ათასი გამომწერი მყავს, ეს ჩემი ჯარია, რომელსაც ნებისმიერ დროს დავძრავო, და ამას მტკიცებით ფორმაში ამბობდა. ანუ, დარწმუნებულია, რომ გამომწერები, რომელთა შორის  სწორედ Gen Z თაობის წარმომადგენლები ჭარბობენ, მის ერთ დაძახილზე ქუჩაში გამოვლენ და  პარლამენტს შტურმით აიღებენ. ანუ ვიღაც ამბობს: Gen Z თაობის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დანაშაულს ჩავადენინებო და… თქვენც ეს მოწოდება გახარებთ.

ან 9 აპრილის მემორიალთან  ფიცი რომ დადეთ, ბატონებო და ქალბატონებო, იმაზე რატომ არ იფიქრეთ, წინა აქციების დროს სწორედ მაგ მემორიალის თავზე ნახევრად შიშველმა არსებამ ლამის სტრიპტიზი რომ იცეკვა და ის არსება ახლა ისევ თქვენ გვერდით არის, მოწოდებებით გამოდის, გმართავთ?! ეგ არის გმირების პატივისცემა? მემორიალზე სტრიპტიზით გავიმარჯვებთ ცხოვრებაში?

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ კანონს, რომელსაც აპროტესტებთ, არ იცნობთ, არ წაგიკითხავთ და, რომელიღაც დიპლომატმა ინგლისურ ენაზე რომ თქვა, ცუდიაო, იმას დაუჯერეთ. ინგლისური ხომ ახლა მთავარი ენაა, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს – მოყვარეა, ვინც არა – მტერი. ინგლისურად მოსაუბრე ხალხმა გასწავლათ შუა თითის ჩვენება მამისა და ბაბუის ასაკის ხალხისთვის; მათ დაგაჯერეს, რომ შეგიძლიათ, ყველაფერი მოიმოქმედოთ, ყველაფერში კი ადამიანების მკვლელობაც შედის. არც ამას აპროტესტებთ, ანუ დასავლელი პარტნიორების საამებლად მკვლელობასაც კი ტაშს უკრავთ, უფრო ზუსტად, მკვლელობის მცდელობას.

სამწუხაროდ, ამავე აქციებზე  ნახავთ ერთმანეთს ჩახუტებულ კაბიან კაცებს და ასევე ერთმანეთს ჩახუტებულ გოგონებს. მეტიც, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ვიდეო, ერთ-ერთ მათგანში  გოგონა ამბობს: ცოლთან ერთად მივდივარ აქციაზეო და… თანატოლ გოგონას ტუჩებში კოცნის, შემდეგ კი ჩანს, როგორ აფრიალებენ დროშას და გაჰკივიან:  „არა რუსულ კანონს!“.  ლგბტ თემი უკვე ხმამაღლა ამბობს: რა ერთი დღე და 17 მაისი, ყოველდღე პრაიდი და მსვლელობა გვაქვს საქართველოს ცენტრალურ გამზირზე და არავინ გვიშლისო. ანუ თქვენ, Gen Z თაობამ,  „გააპრავეთ“ ლგბტ თემი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ პროპაგანდა აქტიურ ფაზაში შესულიყო. სწორედ ამის სანაცვლოდ მიიღო 5-მილიონიანი გრანტი ორი კვირის წინათ „მთავარმა არხმა“ და ძალიან მარტივად ირგებს იმას, რასაც, აქციები რომ არ ყოფილიყო, ვერ გააკეთებდა, პროპაგანდას ვერ გასწევდა. ჰო, სწორედ თქვენი თაობა წერს პლაკატებზე უხამს სიტყვებს და ისე ჩანს, ერთმანეთს, სამშობლოს სიყვარულში კი არა, უხამსობაში ეჯიბრებით.  რატომღაც გვგონია, რომ დასავლეთის მთავარი მიზანიც ეს არის – გარყვნას ახალგაზრდობა და მათ ჩაუნერგოს ის, რომ საჯაროდ და სახალხოდ გინება ჩვეულებრივი ამბავია; რომ შეგიძლია ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში  დაესხა თავს; კაცს ლაჩრულად მიეპარო, დაარტყა და მერე ამით იამაყო; რომ ცოცხლად დაწვა ადამიანები, რომლებიც შენს სიმშვიდეს იცავენ. დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ Gen Z თაობის მშობელთა უმრავლესობას არ მოსწონს, რასაც მათი შვილები აკეთებენ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, რადგან… მერე 112-ზე რეკავენ და ამბობენ, რომ მშობლები მათზე ძალადობენ. შემთხვევითი არ არის, რომ სასამართლოებში პროცესების 90% სწორედ ოჯახური ძალადობის გამო იმართება და ეს კატასტროფაა. არ შეიძლება, ხმის ერთი აწევის გამო შვილმა მამას ან დედას უჩივლოს; არ შეიძლება შვილებს, თანაც არასრულწლოვან შვილებს, ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს  საკითხები მოსაგვარებელია, თორემ ხომ ხედავთ,  სადამდე მივდივართ.

კიდევ ერთი საინტერესო რამ:  როცა სოციალურ ქსელში ჩნდება მოწოდება (თუნდაც პატრიოტული) დაფეისბუკცენზორ კინწურაშვილის კანტორა ჩივის, მას მაშინვე შლიან, ხოლო, როცა ქართული სოციალური ქსელის ღია ჯგუფებში ზიარდება ლგბტ პროპაგანდისტული ვიდეოები, მას ხელს არავინ ახლებს. მეტიც, ჯგუფის წევრები საჯაროდ  უთანხმდებიან ერთმანეთს შეხვედრაზე (ბიჭი – ბიჭს, გოგო- გოგოს), არ მალავენ ორიენტაციასა და სახელს, სახეს… ანუ უკვე სწორედ იმ თაობისთვის, რომელსაც ამერიკელებმა Gen Z დაარქვეს და სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი მისაღებია, ეს ყველაფერი გაოცებასა თუ აღშფოთებას არ იწვევს და მერე რა, რომ მათი მშობლები სხვა აზრზე არიან, ხშირად გაიგონებთ აქციაზე გამოსული ბავშვების განცხადებას:  „მშობლების აზრი არ მაინტერესებს!“.  რა ვიცი, რამდენჯერაც მაგ ასაკში მშობლების აზრით არ დავინტერესდი,  იმდენჯერ ცხვირი წავიტეხე და თქვენ რა ხართ ასეთები,  12 წლისას   გადაწყვეტილებების  დამოუკიდებლად მიღება რომ შეგიძლიათ?!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                      

1 COMMENT

  1. იმერული …გვეშველება ოდესმე? ეს კითხვა უნდა დაისვას….რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი იუდა ისკარიოტელი და ”მორბენალი აგენტი”…რატომ?…ზვიად გამსახურდიას და კოსმოპოლიტურ ”უღმერთო მებრძოლთა კავშირს” დაანგრევინეს ”საბჭოთა მემკვიდრეობა” და არა საქართველო. ”ცენტრისკენულმა ძალებმა”(რომელთაც სურდათ საბჭოთა კავშირის ”მოდერნიზაცია”) გააჩაღეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე 1992-1993-2004 და 2008 წლებში! მოსკოვის ”ჩეკას” აგენტურამ ანუ მე-5-ე კოლონამ პროვოკაციულად გამოაცხადა ! ⛪️⛪️…გვეშველება ოდესმე?(”ლუსტრაციის და რელიგიის” კანონებს არცერთი ხელისუფლება არ იღებს-33 წლის მანძილზე)…ეს კითხვა უნდა დაისვას…=”რა გითხრათ…რით გაგახაროთ”… ჩვენ ვხედავდით, შინაური და გარეშე მტრები როგორ ცდილობდნენ ომში საქართველოს ჩაბმას და შარშან ამას ბეწვზე დაგავურჩით, გადავურჩით იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მთავრობამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here