Home ახალი ამბები საქართველო თუ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, რატომ არ უმჯობესდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა?

თუ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, რატომ არ უმჯობესდება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა?

140

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველ წელს, სულ ცოტა, 10%-ით მოიმატებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის გამო სახელმწიფოს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება: “ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა, ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017-დან 2020 წლამდე, პრაქტიკულად, არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. თუ შევადარებთ კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და მას სჭირდება მოწესრიგება.

ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში, 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს: 2026 წლამდე, ყოველ წელს, სულ ცოტა, 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია _ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება სახელმწიფო სამსახურში. ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურა თავის საქმეს და ბოლომდე დარჩა საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა, მათ ეს დაუფასდეთ”, _  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

უმჯობესდება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურსოციალური მდგომარეობა, როცა ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღინიშნება? _ ამ შეკითხვით მივმართეთ ქართველი საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს.

ჩვენ, მოსახლეობა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ვგრძნობთ

არდალიონ ხააძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ “დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო… მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება.” პრემიერმინისტრის ამ სიტყვებს საქმე უნდა მოჰყვეს, მაგრამ საქმეს, ჩვენ, მოსახლეობა ვერ ვხედავთ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ვერ ვგრძნობთ.

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატება ცუდი არ არის, საჭიროც კია, მაგრამ ნუ გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საქსტატი აცხადებს, რომ ბანკებს აქვთ მოგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფული ბანკებში ტრიალებს, სამუშაო ადგილები კი არ იქმნება. საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებით, თანაც ათი პროცენტით, ხელისუფლება ცდილობს, დააკმაყოფილოს თავისი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არჩევნებისას სჭირდება, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საერთო კეთილდღეობასთან შეხება არ აქვს.

ჩემმა ოჯახმა ვერ იგრძნო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მშრომელები ვართ. წინ ვერ მივდივართ ამ ქვეყნის მოქალაქეები.

საქართველოში დაწერილია “წყლის პროექტი”, რომელსაც იცნობს ყველა, დაწყებული პრემიერმინისტრით, დასრულებული ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებით, მაგრამ არავინ ცდილობს ამ პროექტის განხორციელებას. ხელისუფლება არ ცდილობს, აამუშავოს ისეთი პროექტები, რომლებიც ამ ნაყოფიერ მიწაზე მცხოვრებ ადამიანებს გაამდიდრებს. სამწუხაროდ, ამ საკითხით არავინ ინტერესდება. მთავრობა მხოლოდ ციფრებით მანიპულირებს…

_ თუ არსებობს პროექტები, რომლებიც ქართველ ხალხს გაამდიდრებს, რატომ ვერ ახორციელებენ მათ?

_ მიზეზი, რატომ არ ახორციელებენ “წყლის პროექტის” მსგავს მომგებიან პროექტებს, არის ის, რომ გარედან, დასავლეთიდან არ აქვთ ნებართვა. სავალუტო ფონდმა განვითარებადი ქვეყანა დაგვარქვა და ინსტრუქციაც მოგვაყოლა: საქართველოში ინდუსტრია საჭირო არ არის, არ აშენდეს ფაბრიკაქარხნები, არ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, არ შეიქმნას სამუშაო ადგილებიო. აქ სჭირდებათ მხოლოდ მომსახურე პერსონალი და მართლაც, ვცხოვრობთ ტურიზმით, ვემსახურებით ჩამოსულებს ის ეკონომიკური ზრდა, რომელზეც მთავრობა გველაპარაკება, მხოლოდ ბანკების ფულის ტრიალითაა გამოწვეული და გადასახადებიდან შესული თანხებით.

სასწრაფოდ გამოგვაცვლევინეს ავტომანქანებზე ნომრები, ტექნიკური დათვალიერება მოგვთხოვეს, ჯარიმები დაგვიწესეს, აქედან აქვთ შემოსავლები. მანქანებზე ნომრები რომ არ გამოგვეცვალა, რა მოხდებოდა ვითომ?! მთავრობა მიზეზს ეძებს, რაზე დაგვაკისროს გადასახადი, ქვეყნის განვითარებაზე არავინ ზრუნავს. ვითომ კენკროვანი ხილის პლანტაციები გააშენეს, მაგრამ არ მსმენია, კენკროვანის გადამამუშავებელი ქარხანა სადმე აემუშავებინოთ. წინათ, მასხოვს, გულაბი მსხლის გადამამუშავებელი ქარხანა იყო პატარა სოფელში, საუკეთესო ლიმონათი ისხმებოდა… ახლა ყველაფერი მოისპო, მაგრამ გვიმტკიცებენ, ამ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვსო. კარგია, გეიაღლუმი რომ არ ჩატარდა; კარგია, ომი რომ არ დაიწყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ეს ვერ უზრუნველყოფს. კეთილდღეობა მაშინ მოვა, როდესაც ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებს ჩვენ გამოვიყენებთ, ქვეყანას ავაღორძინებთ და განვავითარებთ.

ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ყველა სიტყვას დასავლეთის გასაგონად ამბობენ, დასავლეთის აზრს სცემენ პატივს, მაგრამ როგორ შეიძლება, პატივი სცე პოლიტიკოსებს, რომლებიც შენს ქვეყანას უპატივცემულოდ ეპყრობიან და განვითარების საშუალებას არ აძლევენ?!

ჩემს საყვარელ ფრაზას გეტყვით, რომელიც თავის დროზე პაატა გიორგაძემ, “წყლის პროექტის” შემქმნელმა თქვა, და საუბარს დავასრულებ: ჩვენ არ ვართ ღარიბღატაკი ქვეყნის შვილები, ჩვენ მსოფლიოში ერთიერთი მდიდარი ქვეყანა ვართ”.

მდიდარი ქვეყანა კომუნისტების პერიოდში მახსოვს, მაცივარს რომ გამოვაღებდი, სავსე იყოეკონომიკური ზრდა სწორედ მაშინ იყო

სამეგრელოსა და გურიაში თხილის სეზონია. ამ კუთხეების მცხოვრებნი წლიდან წლამდე ვალს იღებენ იმის იმედად, რომ თხილის მოსავალს აიღებენ და ვალს დაფარავენ.

სამეგრელოში მას შემდეგ, რაც ამერიკული პეპელა გაჩნდა, თხილი გაფუჭდა და, თუ მანამდე მხოლოდ მოთიბვა და ბალახის მოშორება იყო საჭირო, ახლა თხილნარს შეწამვლა სჭირდება, თანაც რამდენიმეჯერ. გლეხს, რომელიც თხილის მოსავალს საკუთარი სახსრებით უვლის, მიზერული მოგება რჩება, ის ოჯახები კი, რომლებიც დამხმარეს ქირაობენ, წაგებაზე არიან.

ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ გლეხებს ვკითხეთ, როგორ აისახა მათ ოჯახებზე ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ეკონომიკური ზრდაორომ გაიძახიან, ჩამოვიდნენ სოფლებში და ნახონ, რა დღეში ვართ!”

გურამ შედანია, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის მცხოვრები:

_ რა გიპასუხოთ, არ ვიცი, მდიდარი ქვეყანა კომუნისტების პერიოდში მახსოვს, მაცივარს რომ გამოვაღებდი, ყველაფრით სავსე იყო. მაშინაც იმ საქმეს ვაკეთებდი, რომელსაც დღეს ვაკეთებ. ეკონომიკური ზრდა სწორედ მაშინ იყო. კომუნისტების პერიოდში ავაშენე სახლი, რომელშიც ახლა ჩემი შვილიშვილები ცხოვრობენ. თხილი ბევრი მაქვს, ძალიან დიდი მოსავალიც ამიღია, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ, რადგან თხილის მოვლა-პატრონობა ძვირი ჯდება, თხილზე კი სუბსიდია ჩვენს მთავრობას არ აქვს.

მშიერია სამეგრელო, ჩვენ თხილის გარდა არაფერი აღარ გაგვაჩნია, ყველაფერი განადგურებულია. წინათ დაფნა გვქონდა, მანდარინი, ლიმონი და, რაც მთავარია, ჩაისახლი მაქვსმეთქი რომ ვტრაბახობ, მე და ჩემმა მეუღლემ ჩაის კრეფით ავაშენეთ. დღეს შეძენაზე არავინ ფიქრობს, ყველა ცდილობს, იარსებოს და მართლაც, მხოლოდ ვარსებობთ

მთავრობა ხელფასებს იმატებს, ჩვენს კეთილდღეობაზე კი არავინ ფიქრობს. “ეკონომიკური ზრდაო” რომ გაიძახიან, ჩამოვიდნენ სოფლებში და ნახონ, რა დღეში ვართ; ნახონ, არის თუ არა ეკონომიკური ზრდა. მხოლოდ მაშინ ჩამოდიან, არჩევნების მოგება რომ უჭირთ და მერე მეგრელებს გვაბრალებენ ნაციონალები ხართომოგვხედონ და ჩვენც გვერდით დავუდგებით, აქ ნაციონალი არავინაა, უბრალოდ, გაბრაზებულია ხალხი და ეს ყველაფერი შემდეგ არჩევნებზე აისახება.

ჭირს ცხოვრება და დიდ სირცხვილად მიმაჩნია, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე რომ საუბრობს ჩემ მიერ მოწონებული მთავრობა

მერი ქობალია, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრები:

_ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ძალიან მომწონს, მომწონს ბევრი რამ, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფი ხალხის გაჭირვებასაც ვერ ავუვლი გვერდს. ჭირს ცხოვრება და დიდ სირცხვილად მიმაჩნია, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე რომ საუბრობს ჩემ მიერ მოწონებული მთავრობა, თანაც ხელფასების მომატებაც უნდათ, ვითომ კარგად იმუშავეს და ქვეყანა ფეხზე დააყენეს…

თქვენი დახმარებით ეგებ ხმა მივაწვდინო ამ მთავრობას: ჩამოვიდნენ სოფლებში, ნახონ, რა მდგომარეობაშია ხალხი. პროდუქტების ფასებს გადახედონ, ნახონ, რა ღირს თხილი და გვითხრან, გვიღირს თუ არა თხილის მოვლა და მოყვანა. ერთი ფუთი სიმინდი 50 ლარი გახდა, რადგან რაღაც მატლმა შეჭამა სიმინდი. ღომის გარეშე როგორ იქნება მეგრელი კაცი?

უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. ზუგდიდის ბაზარი ყველაზე ძვირია, რადგან აქედან მიაქვთ პროდუქტები სვანებსაც და აფხაზეთიდან ჩამოსულებსაც…  გაჭირვებაა, შვილო, ქვეყანაში. მთავრობას გადაეცით, საჯარო მოხელეების ხელფასების მომატებაზე კი არ იზრუნონ და ეკონომიკის ვითომ ზრდის ტყუილით კი არ გვაცხოვრონ, საქმე აკეთონ და ხალხს ღირსეული სამსახური მისცენ ღირსეული ანაზღაურებით. ჩვენ მუშაობა არ გვეთაკილება, უბრალოდ, არ არის სამუშაო და, თუ არის, ხელფასი იმხელაა, გზის ფულადაც არ გვყოფნის…

ხალხი ძალიან გამწარებულია, უკვე ყველამ იცის, რომ მთავრობის ყველა სიტყვა ქართველი კაცის გასაგონად არ არის ნათქვამი, ისინი თავს ვიღაცას აწონებენ. ხშირად ყოფილა ისეთი ვითარება, რომ გვითქვამს, გავიდეთ ქუჩაში, თხილის ფასი გავაპროტესტოთ, ჩვენგან 2 ლარად წაღებულ თხილს

 ვიღაც “მაფიოზი” რომ 10 ლარად ყიდის, ხმამაღლა ვთქვათ, გავაგებინოთ, სულელები რომ არ ვართ, მაგრამ ვერ ვაპროტესტებთ იმის შიშით, ვაითუ, ნაციონალობა დაგვწამონ…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here