Home ახალი ამბები საქართველო შეცნობილი აუცილებლობა და აუცილებლობის შეუცნობლობა

შეცნობილი აუცილებლობა და აუცილებლობის შეუცნობლობა

თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ აზროვნების კულტურის დეფიციტი?!

516

უკრაინაში არის ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსი ოლექს არესტოვიჩი. ამ კაცმა თავი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაგვაცნო. მან თავი დაგვამახსოვრა ვითარების აშკარად ტენდენციური შეფასებებით, დაუფარავი ანტიქართული განცხადებებით და მეორე ფრონტის გახსნისკენ ღია მოწოდებებით.  შემდეგ საშინელი შეცდომა დაუშვა და პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის უკრაინული წარმომავლობა აღიარა. ეს იმ დროს, როდესაც მთელი დასავლური პროპაგანდისტული მანქანა რაკეტის რუსულ წარმომავლობაზე ღაღადებდა. სიმართლე, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, დასავლეთში მიუტევებელ  ცოდვად არის მიჩნეული. ცოდვის ჩადენა, როგორც მოსალოდნელი იყო, არესტოვიჩსაც არ აპატიეს და იგი პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველის თანამდებობიდან გაუშვეს. გაბრაზებული არესტოვიჩი ამ ამბის შემდეგ სხვანაირად აჭიკჭიკდა.

ოლექს არესტოვიჩის ახალი განცხადებები სწორედ მისი გაბრაზების გამო არის საინტერესო, რადგან ადრე დაახლოებულ და შემდეგ გამოგდებულ ტიპებს სააშკარაოზე გამოაქვთ ის ინფორმაცია, რომელზეც მათ ოდესღაც ხელი მიუწვდებოდათ, საზოგადოებისთვის კი დღემდე დაფარულია. ის, რაც არესტოვიჩმა ბოლოს თქვა, მის პოლიტიკურ პროგნოზს უფრო ჰგავს, ვიდრე გამოტანილ ინფორმაციას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკრაინის პოლიტიკურ სამზარეულოში ჩახედული და ინფორმირებული კაცის პროგნოზია, იგი საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს. აი, რას წინასწარმეტყველებს უკრაინის ხელისუფლებაზე გაბრაზებული არესტოვიჩი: უკრაინის წარმატებისთვის საჭიროა ოთხასი ათასი იდეალურად მომზადებული ჯარისკაცი ნატოს შეიარაღებით.  ჩვენ ეს გვყავს? არ გვყავს. ახლო მომავალში გვეყოლება? არ გვეყოლება. სასწავლო სიმძლავრეები არ გვეყოფა  ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ჩვენთვის მთავარი უსიამოვნება მაინც ის არის, რას ფიქრობენ დასავლეთში, რომელზეც  ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული. რას გააკეთებს დასავლეთი? არსებობს ორი კორეის სცენარი, ანუ უკრაინაში ისინი შექმნიან სამხრეთ კორეას, თანაც გარანტიით“.

არა მგონია, არესტოვიჩის წინასწარმეტყველება პირდაპირი გაგებით ახდეს, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვალი მასში უთუოდ არის. უკრაინის დანაწევრება ახლა უკვე გარდაუვალი ჩანს, ოღონდ არა იმ სცენარით, როგორითაც არესტოვიჩი (ალბათ, რაღაცაზე დაყრდნობით) ვარაუდობს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ ასეთი სცენარის არსებობა კატეგორიულად უარყვეს, ვფიქრობ,  არესტოვიჩის ეს პროგნოზი მთლად უსაფუძვლო არ არის. ომები ძირითადად მოლაპარაკებებით მთავრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ საქმეს ბირთვულ კატასტროფამდე არ მიიყვანენ და რუსეთსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება. მოლაპარაკება კი ორივე მხრიდან დათმობას ნიშნავს. ზოგიერთ რამეს რუსები დათმობენ, ზოგიერთს  – ამერიკელები. უკრაინის ბედს კი ისე გადაწყვეტენ, რომ უკრაინელებს არც შეეკითხებიან. კონკრეტულად რას დათმობენ რუსები და რას დათმობენ ამერიკელები, ძნელი სათქმელია, მაგრამ გარკვეული მონახაზის გაკეთება მაინც შეიძლება. რუსეთი მის შემადგენელ ნაწილებად აღიარებულ ტერიტორიებს რომ არ დათმობს, ნათელია. აქედან გამომდინარე, ყირიმის ნახევარკუნძული, სევასტოპოლი, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რესპუბლიკები რუსეთს დარჩება, ანუ აღმოსავლეთი უკრაინა სახელმწიფოდ კი არ ჩამოყალიბდება, როგორც არესტოვიჩი (ალბათ,  რაღაცაზე დაყრდნობით) ვარაუდობს, არამედ რუსეთის განუყოფელ ნაწილებად იქცევ, რაც მათთვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც იქნება და უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებაც. იგივე ბედი ეწევა ოდესას, რომელიც ამ ეტაპზე უკრაინისთვის შემორჩენილი ერთადერთი გასავლელია შავ ზღვაზე. აზოვის ზღვა რუსეთის ში ზღვად გადაიქცევა, უკრაინა კი მთლიანად მოწყდება შავ ზღვას. აშშ-ის მიერ ამ ვითარების აღიარება იქნება ის დათმობა, რომელიც მას რუსეთის წინაშე აუცილებლად მოუწევს. აშშ-ის ამ დათმობის სანაცვლოდ, რუსეთის მხრიდან დათმობა ის იქნება, რომ იგი დასრულებულად გამოაცხადებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და აღარ წავა კიევის მიმართულებით, ეს კი  იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დასავლეთს დარჩება, თუმცა დასავლეთი კრებსითი ცნებაა და უკრაინის გადანაწილების პროცესი ამით არ დასრულდება. უკრაინის გადანაწილების შემდგომ ეტაპზე რუსეთის ინტერესები, რა თქმა უნდა, ისევ იჩენს თავს, მაგრამ ამჯერად უკრაინის გადანაწილების ამ პირველი ეტაპის ანალიზით შემოვიფარგლოთ. დავსვათ შეკითხვა: ვინ რა მოიგებს და ვინ რას წააგებს უკრაინის ამ ურთულეს მოვლენებში? ვინც ყველაფერს წააგებს (წააგო  უკვე), ეს უკრაინაა ქვეყანა, რომლის კუთვნილ (ისტორიულად თუ არა, იურიდიულად მაინც) ტერიტორიებს სხვები გადაინაწილებენ. რაც შეეხება რუსეთს, იგი არაფერს წააგებს (გარდა ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური ხარჯისა), მოგებით კი იმას მოიგებს, რომ არამხოლოდ ისტორიულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და საკუთარ საზღვრებს გააფართოებს, არამედ აშშ-სა და ნატოს საკუთარ უძლეველობას ერთხელ კიდევ (როგორც ბევრჯერ გაუკეთებია) დაუმტკიცებს. ამერიკელები, ალბათ, შეიგნებენ, რომ რუსეთი ის ზესახელმწიფოა, რომელიც (საბჭოთა კავშირთან ერთად) ცივ  ომში დამარცხდა, მაგრამ ქვეყანა, რომელმაც ოცდაათი წლის გასვლის შემდეგ პლანეტაზე ამერიკელთა შეუზღუდავ ჰეგემონიასა და ერთპოლუსიან მსოფლიოს წერტილი დაუსვა. ამის შემდეგ ამერიკელებს ნაბიჯიღა დარჩებათ იმ რეალობის გაცნობიერებამდე, რომ ნატოს უკიდეგანო გაფართოებას, გეოგრაფების ტერმინით რომ ვთქვათ, მოქცევას მიქცევის პროცესი უნდა მოჰყვეს, ანუ, რასაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მოითხოვდა, ნატო 1997 წლის პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს. მარტივად თუ ვიტყვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატომ აღმოსავლეთი ევროპა (ვარშავის ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის ქვეყნები) უნდა დატოვოს. ეს არის ის, რასაც რუსეთი მოიგებს. ამერიკელები კი ვერაფერს მოიგებენ, საბოლოოდ გამოთაყვანებული ევროპის დასუსტების გარდა, მაგრამ არც ეს იქნება მათთვის მოგება, ვინაიდან ამ პროცესში თვითონაც სისტემურ კრიზისში ჩაეფლობიან და დასუსტდებიან. დასუსტებული ევროპა ძლიერ ამერიკას აძლევს ხელს, მაგრამ თავადაც დასუსტებული ამერიკისთვის სუსტი ევროპა ფრთების შეკვეცასა და სამოქმედო არეალის შეზღუდვას ნიშნავს. ასე რომ, ამ პროცესებიდან გამარჯვებული მხოლოდ რუსეთი გამოვა. დასავლეთი თანდათან დაკარგავს ჰეგემონის როლს და მიზიდულობის ცენტრი აღმოსავლეთში გადაინაცვლებს. ისტორიული და პოლიტიკური მოვლენების ლოგიკას აქეთ მივყავართ, თუმცა, ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ვითარება ისეთი არასტაბილურია, რომ არავინ იცის, ვინ რა სისულელეს ჩაიდენს. ლოგიკა კი არა, შესაძლებელია, მთელი პლანეტა ამოყირავდეს, მაგრამ ღმერთმა თუ ინება და ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში, ჩემი მსჯელობა, რომლისკენაც  არესტოვიჩის ნათქვამმა მიბიძგა, ვფიქრობ, ლოგიკას მოკლებული არ არის.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ამავე სტატიაში მინდა შევეხო,  არის ის,   რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ  აქედან  ჩვენ, ქართველებმა: პოლიტიკურ აზროვნებაში ყოვლად დაუშვებელია ისტორიული და გეოგრაფიული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა. უზარმაზარ მეზობელ ზესახელმწიფოსთან (ამ შემთხვევაში, რუსეთთან) გაკავშირებდეს ორსაუკუნოვანი ურთიერთობა, ქვეყანაში გყავდეს რუსეთისკენ ორიენტირებული ავტონომიური რესპუბლიკები და კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფები, შენ კი შენი იდეოლოგიის საფუძვლად რუსოფობიურ განწყობებს იღებდე (როგორც ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან დღემდე ვაკეთებთ), ეს პოლიტიკური თვითგვემისა და სუიციდისკენ მიდრეკილებას ნიშნავს, რაც სპარსულ “შახსეი-ვახსეის” და იაპონურ “ჰარაკირის” (“სეპუკუ”) უტოლდება.

ქართველი პოლიტიკოსების მსჯელობა, რომ, რაკი თავისუფალი და დამოუკიდებელი ვართ, როგორც გვინდა, ისე მოვიქცევით და, რაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, დილეტანტური და პროვინციული გაგებაა არამხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემებისა. თავისუფლება დიდებულია, თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არ არის აბსოლუტი იმ გაგებით, რომ, რაკი თავისუფალი ხარ, მოვალეობა არ გაგაჩნია. გათავისუფლება რეალობისგან, ანალიზის უნარისგან, საკუთარი ინტერესების სხვის ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობისგან და მოვალეობებისგან შეუძლებელია, რადგან ის, რასაც ასეთ შემთხვევაში ვეზიარებით, თავისუფლება კი არ არის, სისულელე და სიგიჟეა, თვითგანადგურება და თვითგაცამტვერებაა, სიკვდილი და სიკვდილზე მეტიცაა!

საქართველოში ყოველმა მეორემ იცის თავისუფლების ჰეგელისეული განმარტება: თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა“. მართლაც ძალიან ღრმა აზრია ამ განმარტებაში, მაგრამ მხოლოდ ფილოსოფოსები თუ დაფიქრებულან იმაზე, რომ ჰეგელმა თავისუფლების ამ დიდებულ განმარტებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარი ფილოსოფიური ჟონგლიორობა ჩაიდინა. თავისუფლება მისი გამომრიცხავი ცნებით განმარტა –აუცილებლობა.

სოკრატე ამბობს: “აუცილებლობას ვერ გადალახავ”. აუცილებლობა თუ გადაულახავი ბარიერია, როგორ მოხდა, რომ გერმანული კლასიკური ფილოსოფიის იმ უდიდესმა წარმომადგენელმა, რომელიც დიალექტიკის მამად არის წოდებული, თავისუფლება გადაულახავ აუცილებლობასთან დააწყვილა და მათ შორის ტოლობის ნიშანი დასვა? საქმე ისაა, რომ მან აუცილებლობის წინ ზედსართავი სახელი შეცნობილიდასვა. შეცნობილი აუცილებლობა კი გააზრებული და აღიარებული მოვალეობის სინონიმია. ადამიანი თვითმიზნური თავისუფლებისთვის კი არა, მის მიერ გააზრებულ და აღიარებულ მოვალეობათა შესრულებისთვის იბრძვის. აი, სად სჭირდება და რისთვის  სჭირდება მას თავისუფლება. მოვალეობათა შესრულების თავისუფლებაა თავისუფლება და არ არსებობს არანაირი სხვა თავისუფლება, რომელიც დეგრადაციას არ იწვევს. ყოველ “მეორე ქართველს”, რომლებიც მექანიკურად წამოისვრიან ხოლმე თავისუფლების ჰეგელისეულ განმარტებას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არა აქვთ ჰეგელის იმ ნათქვამზე, რომელშიც იგი აზუსტებს ჩვენთვის მის მიერვე შემოთავაზებულ დეფინიციას თავისუფლებისა: “მტკიცება იმისა, რომ თავისუფლება არის ყოვლის ნებადართულობა ანუ უფლება იმის კეთებისა, რაც გსურს, არის აზროვნების კულტურის დეფიციტის გამოხატულება”. ამ ფილოსოფიური გადახვევის შემდეგ კვლავ ქართველი და უკრაინელი ტუტუცების იმ პოზიციას მივუბრუნდები, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და, რომელი ორგანიზაციაც მოგვინდება, იმისი წევრი გავხდებითო, რომ გაიძახიან. ჰეგელს თუ დავესესხებით, ეს არის აუცილებლობის შეუცნობლობა,  ანუ “აზროვნების კულტურის დეფიციტი”.

აუცილებლობის შეუცნობლობამ საქართველო სამ ნაწილად დაშალა, უკრაინას კი, როგორც სახელმწიფოს, ბოლომდე ანადგურებს. უკრაინა (ისევე, როგორც საქართველო) თავისუფლებისთვის ბრძოლას კი არა, აზროვნების კულტურის დეფიციტს ეწირება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here