Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ქადაგიშვილი – მოსახლეობამ დაგვანახა, რომ გაურკვეველი რევოლუციური სცენარები და უტოპიაში გადასული...

ირაკლი ქადაგიშვილი – მოსახლეობამ დაგვანახა, რომ გაურკვეველი რევოლუციური სცენარები და უტოპიაში გადასული პროექტები არ უნდა საზოგადოებას

50

შეიძლება ხალხის ნაწილი იყოს უკმაყოფილო, ითხოვდეს მეტს, უნდოდეს ალტერნატიული სხვა პოლიტიკური ძალის არჩევა, მაგრამ იმის დამკვიდრება, რომ ხალხი არის გაბრაზებული, არის აცდენილი რეალობას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაბრაზებული შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი, რომელიც „თავის პოლიტიკურ მიზნებს“ ვერ აღწევს და ამიტომ „ბრაზდება“.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ტერმინი გაბრაზებული ადამიანი“ რევოლუციისკენ მიანიშნებს.

„ტერმინი „გაბრაზებული ადამიანები“ მიუთითებს იმას, რომ რევოლუციისკენ უნდა წავიდეთ. „გაბრაზებული ადამიანი“ ნიშნავს, რომ ფიწალი უნდა აიღოს ხელში და ვიღაცას გამოეკიდოს, ანუ თავის ბატონს უნდა გამოეკიდოს გაბრაზებული ყმა. არც ასე არის საქმე. გაბრაზებული შეიძლება არის პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი, რომელიც ვერ აღწევს თავის პოლიტიკურ მიზნებს და ამიტომ ბრაზდება. არ იცის როგორ იმოქმედოს. ბრაზდება და უნდა ეს ბრაზი გადაიტანოს ხალხში. ხალხთან მიმართებით ჩვენ უფრო რელევანტური მიდგომით უნდა ვისაუბროთ – მაგალითად, შეიძლება ხალხის ნაწილი იყოს უკმაყოფილო, ითხოვდეს მეტს, უნდოდეს ალტერნატიული სხვა პოლიტიკური ძალის არჩევა, მაგრამ იმის დამკვიდრება, რომ ხალხი არის გაბრაზებული, არის აცდენილი რეალობას.

მოზაიკა ასე დგება – იქ „300 000 კაცი“, იქ „გაბრაზებული ადამიანი“, იქ „უნდა წავლეკოთ ხელისუფლება“ და ა.შ. ადამიანებზე ზემოქმედება მხოლოდ ერთი სიტყვით კი არ ხდება, მრავალი სხვადასხვა მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, სხვადასხვა დოზით უნდა იქნას ინფორმაცია მიწოდებული, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარი შეიკრას. არადა, მოსახლეობამ დაგვანახა, რომ მათი ხედვა ევროკავშირის მიმართ არის მკაფიო, მაგრამ ამავე დროს დაგვანახა, რომ გაურკვეველი რევოლუციური სცენარები და უტოპიაში გადასული პროექტები არ უნდა საზოგადოებას.

ადამიანებმა დაინახეს, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გამუდმებული რევოლუციური მოწოდებებით არ მიიღწევა. ამას სჭირდება სტაბილურობა – არამხოლოდ პოლიტიკური და სისტემური სტაბილურობა, არამედ ეკონომიკურიც, რამაც საბოლო ჯამში დოვლათი უნდა შექმნას, რადგან ევროპა არ არის ღარიბთა საზოგადოება. ევროპა არის ბურჟუაზია, საშუალო ფენა, სოციალურად გამართული სტრუქტურები, მომუშავე ეკონომიკა.

რატომ არ შემოუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც მათ უამრავ ბენეფიტს აძლევდა? მათ არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით მოვლენ ხელისუფლებაში. ისინი ყოველთვის რევოლუციისკენ და დესტრუქციისკენ გზას იტოვებენ, რაც უნდა გაეკეთებინათ 3 ივლისს, მაგრამ ვერ მოახდინეს. ჩვენ რთულ მოცემულობაში გვიწევს რეფორმების გატარება, სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ეს ყველაფერი რომ არ იყოს, ქვეყანაში ქაოსი, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. მოსახლეობას ის კი არ აინტერესებს, პოლიტიკური ბომონდი როგორ დალაგდება, არამედ ამის ქვემოთ ცხოვრება როგორი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე შეეხო საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა „დაახლოებით ერთ დისტანციაზე არიან და ერთნაირი რეკომენდაციები აქვთ შესასრულებელი“.

„ჩვენ რომ ვყოფილიყავით მაქსიმალურად რადიკალური, რაც მოიტანდა ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის, შეიძლება კარგი რეზოლუცია გვქონოდა ხელში – ეს არის ის, რაც ჩვენ რეალურად დავაკელით. ხომ არის ასეთი გაგება – „ჭიქა არის ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე“. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს. უკრაინას მე მაინც ცალკე განვიხილავდი, რადგან ის, რაც უკრაინაში ხდება, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. ჩვენ ეს პროცესი დაგეგმილი გვქონდა 2024 წელს. არც უკრაინას და არც მოლდოვას არავითარი დათქმაც კი არ ჰქონიათ ჩადებული თავის სამოქმედო გეგმებში. წლის ბოლოსთვის მათი გადამოწმება მოხდება და მათაც იგივე პირობები აქვთ შესასრულებელი, რაც საქართველოს. ჩვენი გადამოწმებაც მოხდება რეკომენდაციების შესრულების კუთხით და სამივე ქვეყანას უნდა დაუდასტურდეს სტატუსი. აქედან გამომდინარე, თუ სამუშაოს ამ კუთხიდან დავინახავთ, ჩვენ დაახლოებით ერთი დისტანცია და ერთნაირი რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი. გამომდინარე აქედან, ამ პროცესის გავლისთვის ძალიან კონკრეტული, ქმედითი და წარმოებაში ჩაშვებული სამოქმედო გეგმა გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here