20 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ-ინტელექტუალური პლატფორმა „თანხმობა ახალი საქართველოსთვის“ შეიქმნა. ორგანიზაცია მთავარ მიზნად ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებას ასახელებს და საქმიანობას სპეციალისტებისგან შემდგარი დარგობრივი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით აპირებს, სადაც ყველა პროფესიონალისთვის, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, კარი ღიაა.
გამოცხადდა, რომ მრეწველობის სამუშაო ჯგუფს საინჟინრო-საკონსტრუქტორო ინსიტუტის „ინოსისტემსის“ დირექტორი დავით ჩხენკელი გაუწევს კოორდინაციას; სოფლის მეურნეობას – სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, ხოლო ჯგუფის მთავარი მრჩეველი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნოდარ ჭითანავა იქნება; განათლების სამუშაო ჯგუფს ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო მანჯავიძე წაუძღვება; ჯანდაცვას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის თანაავტორი გია ნიშნიანიძე, ხოლო ტრანსპორტის და ლოგისტიკის სამუშაო ჯგუფს – ეკონომისტი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ზაალ ლუხუტაშვილი, აჭარის განვითარების გეგმის შემუშავებას საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა გაუძღვება და მცხეთა-მთიანეთის რეგიონისას კი მცხეთა-მთიანეთის ექს-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე.
განვითარების 10-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილების ინტეგრალური და ალგორითმული სინთეზის ამოცანას დიდი მონაცემების სპეციალისტი, სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე შეასრულებს. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობას მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია გაუძღვება.
გარდა განვითარების დარგობრივი და რეგიონალური გეგმებისა, ორგანიზაცია აპირებს წარმოადგინოს ცალკეული ინიციატივები და რეფორმის მოდელები: დემოგრაფიის სახელმწიფო პროგრამა, საგადასახადო რეფორმების პროექტი, საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა, საქართველოს საგარეო-პოლიტიკის პროგრამული დოკუმენტი, თვითმმართველობის და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა, საკონსტიტუციო რეფორმა, კონფლიქტის ზონებში ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ ხედვა და სხვა.
წყარი: for.ge







