ლაშა გოლუბიანი: ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ უდანაშაულო ადამიანი უზის ციხეში!

    ,,ხელისუფლებამ და უსაფრთხოების სამსახურმა ვიღაცის დავალება შეასრულეს და მალე გაირკვევა, ვისი დაკვეთით დააპატიმრეს გულბაათ რცხილაძე, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამონახოს სამართლებრივი გზა და სასწრაფოდ გაათავისუფლოს გულბაათი, ამის საშუალება არსებობს და ეს თვითონაც იციან”

    ლაშა გოლუბიანი
    ლაშა გოლუბიანი

    ,,ქართული ოცნების” 14 წლის მმართველობის თავზე ციხეებიდან ცუდი ამბები გამოდის. ზოგი ამბავი სიმართლეა; მაგალითად, ის, რომ პატიმარმა თავი მოიკლა, მაგრამ ზოგი  თითიდან გამოწოვილია და ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. ასეა თუ ისე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადაცდომებზე ბევრს საუბრობენ და, სად არის სიმართლე და სად _ ტყუილი, ძნელი გასარჩევია. ფაქტია, რომ ციხეში იჩაგრება ,,ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, რომელსაც არ აძლევენ საშუალებას, ნახოს დედა და და, არ აძლევენ სამლოცველო ოთახში გასვლის უფლებას, მას კავშირი არ აქვს გარე სამყაროსთან……

    რით არის გამოწეული გულბაათ რცხილაძის, როგორც პატიმრის, დისკრიმინაცია _ მისთვის წაყენებული დანაშაულით, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა? გვესაუბრება გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი:

    _ სანამ  სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს,  გულბაათ რცხილაზე უდანაშაულოა, ამიტომ მას  უფლება აქვს, გარე სამყაროსთან ჰქონდეს კავშირი;  უფლება აქვს, მოინახულონ ოჯახის წევრებმა. დიახ, გულბაათს უსამართლოდ ექცევიან, არ აძლევენ თუნდაც სამლოცველო ოთახში გასვლის უფლებას, რაც დანაშაულია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აუცილებელია,  გულბაათს მოუხსნან შეზღუდები. მისი სასამართლო პროცესიც დახურულია,  დედას უნდა მისცენ შვილის მონახულებისა და მასთან თუნდაც ტელეფონზე ლაპარაკის  უფლება.

    _ მოწმეების დაკითხვა დასრულდა?

    _  ყველა მოწმე არ დაუკითხავთ, პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ მოწმეები ვერაფერს ადასტურებენ, მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი, რომელიც გულბაათს გაამტყუნებს, ვერაფერს ამბობენ გულბაათის საწინააღმდეგოს.

    რამე სერიოზული და ხელჩასაჭიდი რომ ჰქონდეთ, იმ ბრიფინგზევე იტყოდნენ, რომელზეც გულბაათის დაკავება გვამცნეს,  მაგრამ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ არაფერი ჰქონდათ საჩვენებელი, არ არსებობდა კადრები, რომლებიც გულბაათის დანაშაულს დაამტკიცებდა და  ამიტომაც დაადეს საქმეს გრიფი ,,საიდუმლო~. მინდა, ყველამ შეიტყოს, რომ თოთხმეტი ტომი, რომელიც გულბაათის წინააღმდეგ შეკერეს, მაკულატურაა. გულბაათ რცხილაძე  შეთითხნილი ბრალდებით ზის საპყრობილეში…

    _ საზოგადოების ნაწილი, რომელიც კარგად არ იცნობს გულბაათს, შეშფოთებულია. ბევრ ადამიანს ვერ გაურკვევია, რისთვის  არის დაპატიმრებული ეს ადამიანი. შეიძლება საპროტესტო აქციებით  მივაღწიოთ გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესის გახსნას, რათა სააშკარაოზე გამოვიდეს ყველაფერი?…

    _ საჭიროა ინტელიგენციის წარმომადგენლების აქტიურობა, იმ ადამიანების, რომლებიც გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეები იყვნენ იმ პერიოდში, როდესაც თვითონ გულბაათი უჭერდა მხარს ხელისუფლებას და ასეთი ბევრია, მაგრამ დღეს ხმას თითქმის არავინ იღებს… მათ, ვინც გულბაათს იცნობდა და ეჭვი არ ეპარება მის სიმართლეში, მეტი უნდა იაქტიურონ,  დაინტერესდნენ მისი საქმით და ამან შეიძლება ხელისუფლება გონს მოიყვანოს. მერწმუნეთ, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც სჯერა გულბაათ რცხილაძის უდანაშაულობის. ეს ადამიანების ისეთი დიდი რაოდენობაა, რომ ხელისუფლებას უკან  დაახევინებს.

    _ რას ეტყვით ხელისუფლებას ჩვენი გამოცემის საშულებით?

    _ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ უდანაშაულო ადამიანი უზის ციხეში. ხელისუფლებაში, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურში, თვითონაც არ სჯერათ, რომ გულბაათი ჯაშუშია, ამიტომ დაფიქრდნენ, რას სჩადიან. მათ ვიღაცის დაკვეთა შეასრულეს და მალე გაირკვევა, ვინ დაუკვეთა გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამონახოს სამართლებრივი გზა და სწრაფად გაათავისუფლოს გულბაათ რცხილაძე, ამის საშუალება არის და ეს თვითონაც კარგად იციან.

    პატიოსან, პატრიოტ ადამიანს  სამშობლოს ღალატს რომ აბრალებ, სამშობლოს ღალატში რომ ადანაშაულებ ვიქტორ რცხილაძის შვილს, უკვე დამნაშავე ხარ!

    აუცილებლად უნდა გამოვიდნენ ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი, და განაცხადონ, რომ ჰქონდათ გონივრული ეჭვი გულბაათ რცხილაძის მიმართ, მაგრამ არ დასტურდება მისი ,,ჯაშუშური” საქმიანობა და გაათავისუფლონ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ, თუ ასე მოიქცევიან, ჩვენი მხრიდან პირობას ვდებთ, არ მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას და ცხოვრებას ჩვეულებრივად განვაგრძობთ.

    _ ასეთი პრეცენდენტი არ მახსენდება. შეიძლება ამის გაკეთება?

    _ თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ მოსამართლეს თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება უნდა მისცენ და ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ.

    ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მდინარაძეს რომ ჩააბარეს, ეგ იყო დიდი შეცდომა, მან ბევრი ადამიანი გააუბედურა, პირველ რიგში, გულბაათ რცხილაძე, ამიტომ უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაადგინოს სიმართლე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ  მამუკა მდინარაძემ საქმე შეკერა. მდინარაძემ ან თვითონ აღიაროს დანაშაული, ან თქვას, ვისი დაკვეთა შეასრულა.

    ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, საზოგადობა კი უნდა დაგვიდგეს გვერდით და იაქტიუროს.

    გულბაათ რცხილაძე  მზად არის, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here