ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (ელგუჯა აქიაშვილმა) ქადაგებისას ხელისუფლების მიმართ საყვედური გამოთქვა და მის შეცდომებზე მიუთითა. “მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა, სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას… განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში; იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში; გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა _ ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი? ბუმია მშენებლობის მთელ საქართველოში. ვისთვის შენდება, თუ არ ვმრავლდებით? ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში?” _ განაცხადა მეუფე იობმა. მან, აგრეთვე, ილაპარაკა მღვდელმთავრების დუმილზე უმსგავსობის წინააღმდეგ, ფინანსურ დამოკიდებულებაზე, ეკლესიაში თანხების ხარჯვის გაუმჭვირვალობაზე და დასძინა, რომ ხელისუფლება არაეკლესიური და ურწმუნოა…
მეუფის ქადაგებამ გააღიზიანა სახელისუფლო გუნდის წევრები. მათი ერთ–ერთი წარმომადგენლის თქმით, “ გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის”.
ქართველი საზოგადოების ნაწილის აზრით კი, სწორედ ეკლესიამ უნდა ამოიღოს ხმა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. აზარტული თამაშების გზით ბიუჯეტის შევსების იდეამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. ამ პრობლემას პატრიარქი შიო მესამეც გამოეხმაურა: “ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, პირიქით – ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის”.
რა არ მოეწონათ ხელისუფლების მხარდამჭერებს და რატომ დაესხნენ თავს მეუფე იობს? ამ საკითხზე გვესაუბრება ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი:
_ მეუფე იობმა თქვა ის, რისი თქმის ვალდებულებაც ჰქონდა ღვთისა და ერის წინაშე. სასულიერო პირებისგან სწორედ ხალხის გულისტკივილის საჯარო გამოხატვას ველოდებით და არა ზოგად მოწოდებებს. მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ტოტალიტარული რეჟიმისკენ მიგვაქანებს, ხელისუფლების კრიტიკა დამატებით ზნეობრივ ღირებულებას იძენს. `ქართული ოცნების” ხელისუფლების `გამპრავებელთა” რეაქცია ამაზრზენია არა იმიტომ, რომ მეუფის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ვერ იტანენ ყველაზე ჯანსაღ კრიტიკასაც კი. მათ სურთ ეკლესია აქციონ “ოცნების” პარტაქტივის ქვერგოლად და, შესაბამისად, ამბიონიდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებას ელიან. მათი ღმერთი ივანიშვილია, პარტია წმინდაა და, როგორც კი მათ სიწმინდეს ეხები, მაშინვე გულყრა ემართებათ.
_ დიახ, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ მეუფეს, რომელიც, სხვა მღვდელმთავრებისგან განსხვავებით, სააკაშვილის რეჟიმს საჯაროდ უპირისპირდებოდა….
_ ეს ხელისუფლება ბედავს ბევრ ისეთ რამეს, რასაც სააკაშვილი ვერ ბედავდა, მათ შორის – ეკლესიის საჯაროდ ლანძღვას. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ფაქტობრივად, მთელი პროპაგანდისტული მანქანა დაქოქეს მეუფის გასაშავებლად, ამიტომ მეუფეს არა მხოლოდ ცალკეულმა სასულიერო პირებმა უნდა დაუჭირონ მხარი, არამედ აუცილებელია, საპატრიარქომ გააკეთოს შესაბამისი განცხადება და იბრძოლოს აზარტული თამაშების, “ოცნების” სამიგრაციო პოლიტიკისა და დიქტატორული რეპრესიების წინააღმდეგ.
_ მეუფე იობმა თქვა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა, ასევე ილაპარაკა ხელისუფლების ურწმუნოებაზე, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაზე და ა.შ.
_ მეუფე იობმა თქვა ის, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის. ვკარგავთ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ, როგორც ერი, გაქრობის გზაზე ვდგავართ და ეს ხდება `ქართული ოცნების” პირობებში. თუ სააკაშვილმა ტერიტორიების დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი, ივანიშვილი თავს გვამახსოვრებს უფრო უარესით _ ქართული იდენტობის მოშლით, დემოგრაფიული კოლაფსითა და ძალაუფლების კრიმინალთან შერწყმით. ამის თქმის ვალდებულება აქვს ყველას, მით უფრო მაღალი ავტორიტეტის მქონე პირებს _ მღვდლებს, მეცნიერებს და ა.შ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







