2026 წლის 10-11 ნოემბერს აბუ–დაბიში უკრაინის, აშშ–ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თებერვლის შემდეგ ეს იყო ამ ფორმატის პირველი შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს უკრაინაში ომის დასრულების გზების პოვნა წარმოადგენს.
უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის გუნდს პრეზიდენტდონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ.
რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი მეთაურობდა.
ერთადერთი, რაც ამ შეხვედრის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, არის შეთანხმება ტყვეების გაცვლის შესახებ, მაგრამ ამას, ასე თუ ისე, აქამდეც ახერხებდნენ.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ამ მხრივ ნაბიჯიც არ გადადგმულა.
არადა, სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე ტრამპი ოპტიმისტურ განაცხადებებს აკეთებდა: „მხარეები ძალიან დიდი მასშტაბის გარიგებასთან არიან ახლოს, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას შეეხება”; „რუსეთი და უკრაინა პირველად არიან მზად მოლაპარაკებებისთვის და ომით დაღლილობის ფონზე შეთანხმება მალე არის შესაძლებელი”; “მოსალოდნელი დიდი და მშვენიერი შეთანხმება ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიან მოწყობასაც მოიცავს”.
ამ განწყობების ფონზე გვაქვს სრული ფიასკო. ომი გაგრძელდება.
რატომ წარიმართა მოვლენები ასე და არის თუ არა საშველი?
მსოფლიო პრესაში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ერთ აზრამდე ვერ მიდიან. სასურველის რეალობად გასაღების ტენდენციამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ვისაც როგორც სურს, ისე ხატავს მოვლენებს. ეცნობი ამერიკულ და ევროპულ პრესას და ცნობილი ქართული ანდაზა გახსენდება: „მექოთნე ქოთანს ყურს, საითაც უნდა, იქით გამოაბამს”. პრესის ამგვარ პოზიციას რაც განსაზღვრავს, გასაგებია (ვინ რომელი წყაროდან ფინანსდება, ანუ ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრესის ეს ჩამოუყალიბებლობა აბუ-დაბის მოლაპარაკების მონაწილეთა გაურკვეველმა პასუხებმაც განაპირობა:
უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ისევ მოითხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინის დონბასიდან გასვლა. იგი ასეთი პასუხით შემოიფარგლა: „მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და, როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება”.
კიევის დელეგაციის მეორე წევრმა დავით არახამიამ განაცხადა: „არის მნიშვნელოვანი პროგრესი და კარგი იმპულსი გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე”.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა: „ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა. გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც – ვერა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ“.
პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივენ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, განაცხადეს, რომ 12 ნოემბერს მიემგზავრებიან მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი ჩავლენ დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჯარედ კუშნერმა განაცხადა: „შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ რთული თემებიც”. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიების საკითხი. სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთანაც.
ისევ მივდივართ საკითხთან, რომელზეც პასუხი მსოფლიო პრესას არ აქვს – რა არის ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება? ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება ახლოსაა. მაშ, რა უშლის ხელს ამ შეთანხმებას? რას ითხოვს მოსკოვი ისეთს, რაზეც დათანხმება ასე ძნელია არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის? ამ რთულ შეკითხვებზე, ამომწურავი პასუხი თუ არა, გარკვეული მინიშნება იქნებ ლონდონის კინგს-კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის პროფესორისა და პუტინზე დაწერილი წიგნის ავტორის, სემ გრინის, ნათქვამში ვიპოვოთ: „დასავლეთისთვის მოლაპარაკება ომის დასრულების საშუალებაა, პუტინისთვის კი იგი, შესაძლოა, ომის მოგების საშუალება იყოს“. კარგი ნათქვამია, მაგრამ მე უფრო შორს წავალ: პუტინმა ამ ომში უკვე გაიმარჯვა. დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ახლა უკრაინის გამთლიანებას შეძლებს. რუსეთმა იცის, რომ მის მიერ აღიარებული ის ტერიტორიები, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე უკრაინას ეკუთვნოდა, ახლა (უკრაინის თანხმობითა და დასავლეთის აღიარებით) რუსეთის შემადგენლობაში უნდა გადავიდეს. უკრაინასა და დასავლეთს ამ უმძიმესი შედეგის (მათთვის სრული კრახის) აღიარება არ სურთ, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს და ვერც იარსებებს. ახლა სწორედ დასავლეთის ამ აღიარებაზეა დამოკიდებული, პუტინი დაკმაყოფილდება დონბასის წაღებით თუ ერთი ზამთარიც იომებს და ხურდაში, სულ ცოტა, ოდესასაც მიაყოლებს. შეიძლება, ამას საფუძვლად დაედოს ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი, უფრო ზუსტად – ტრამპი, ვინაიდან სხვა ლიდერი, რომელიც ოდნავ მაინც ახლოს არის გონიერებასთან, აზროვნებასთან, პოლიტიკურ გამჭრიახობასთან, დასავლეთში არ ჩანს. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – დონბასის ის პატარა ნაწილი (დონეცკის ოლქის მონაკვეთი), რომელსაც რუსეთი ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. კრემლისთვის მთელ დონბასზე რუსეთის კონტროლი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობაა და არა მოლაპარაკების საგანი. მოსკოვი აცხადებს, რომ, თუ დარჩენილ ტერიტორიას დიპლომატიური გზით ვერ მიიღებს, მისი ძალით დასაკავებლად ბრძოლას გააგრძელებს. ტრამპმა უკვე მიანიშნა ამგვარ შედეგზე, როდესაც CBS-ს უთხრა, რომ ომის დასრულების შემდეგ „უკრაინას განსხვავებული კონტურები ექნება”. ტრამპის ეს ნათქვამი მხოლოდ იმაზე არ მიგვითითებს, რომ იგი მზადაა, უკრაინის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში აღიაროს, არამედ იმაზეც, რომ დასავლეთის რესურსი ამ ომში პრაქტიკულად ამოწურულია. ჯერჯერობით ომი არ შეწყდება, მაგრამ იგი მაინც დასასრულისკენ მიექანება. ამ ვითარებას ხელი შეუწყო ტრამპის აბსოლუტურმა მარცხმა აშშ-ის საპარლამენტო არჩევნებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ვეღარ იქნება ისე რიხიანი, როგორც აქამდე იყო (კანადას შემოვიერთებ, გრენლანდიას წამოვიღებ!), ვერაფერს შემოიერთებს და ვერსაიდან ვერაფერს წაიღებს (მათ შორის – ირანიდან), ამიტომ მას ერთადერთი გზა რჩება: დანარჩენ ზესახელმწიფოებთან (რუსეთი, ჩინეთი) მოლაპარაკება და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აღიარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრამპი ვეღარ იქნება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის ხელის შემწყობი და გარანტი. ეს მისთვის ახლა უმძიმესი ტვირთია, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება ევროპას, იგი ტრამპზე მძიმე მდგომარეობაშია. ევროპას, რუსეთთან ომი კი არა, ე.წ. პროქსი ომიც (უკრაინის ხელით ომიც) აღარ შეუძლია. ამას აშშ ახერხებდა მისი ულევი რესურსით, ევროპამ კი რესურსი (როგორც ფინანსებისა და შეიარაღების, ასევე იდეოლოგიის თვალსაზრისით) ბოლომდე ამოწურა. ევროპამ მისი სულელური პოლიტიკის წყალობით აქეთ რუსული იაფი ენერგომატარებლები დაკარგა, იქით – აშშ-ის პარტნიორობა, რომელზეც არამხოლოდ უსაფრთხოების სისტემა, არამედ იდეოლოგიური უზრუნველყოფაც ჰქონდა ჩამოკიდებული. აღარც ენერგომატარებლები, აღარც ეკონომიკა, აღარც იდეოლოგია და აღარც უსაფრთხოება – ასე გამოიყურება ევროპა, რომლის იმედითაც ფაშისტი ზელენსკი ჯერ კიდევ იჭინთება, თუმცა იმას კი ხვდება, რომ მისი დღეები უკვე დათვლილია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი რამდენიმე დღეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტ APEC-ზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემები ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება და ბირთვული განიარაღება იქნება. „ერთ–ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სისთან შედგება, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის ბირთვულ განიარაღებაზეც. ჩვენი მიზანია, ბოლო მოვუღოთ ომს ირანში“, – განაცხადა ტრამპმა. გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპს შესთავაზა, სამმხრივი შეხვედრა ჩინეთში უკრაინის კრიზისის დასრულების საკითხის განსახილველად გამოიყენონ.
ზესახელმწიფოებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, გლობალური დაძაბულობაც შეამციროს. უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამ შეიძლება მოხსნას ევროპული სახელმწიფოების წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული უდიდესი საფრთხე, ხოლო შეიარაღების შესახებ შეთანხმება ვალდებულებებით დააკავშირებს სამ სახელმწიფოს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვთ. სამი ზესახელმწიფოს ლიდერები ერთად ჯერ არ შეკრებილან. ახლა მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენაა მიმართული, ვინაიდან შესაძლებელია, მან გარკვეული შვება გვაგრძნობინოს.
ეს ხვალინდელი დღის კონტურებია, მაგრამ, სანამ იგი რეალობადი ქცევა, დასავლეთის ბნელი ძალები მინდა გავამხნევო: მართალია, სულს ღაფავთ, მაგრამ მაინც გიხაროდეთ, ომი გრძელდება!
ვალერი კვარაცხელია







