უკვე რამდენიმე კვირაა, საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია პატიმარ გიორგი დავითაძეზე, რომელიც ამბობს, რომ მასზე იძალადეს და გააუპატიურეს. უფლებადამცველები ალაპარაკდნენ, რომ ციხეში არაადამიანური პირობებია და პატიმრები დახმარებას ითხოვენ… ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში ციხიდან მსგავსი ინფორმაცია არასდროს გამოსულა.
პატიმარ დავითაძის საქმის გამოძიებას მოითხოვს ქართველი საზოგადოების ნაწილი, მაგრამ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ციხეში მამაკაცზე მართლაც იძალადეს. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის გავრცელებით ვიღაც საქართველოში ვითარების არევას ცდილობს, რომელიც ისედაც არ არის სტაბილური.
ვის სურს სიტუაციის გამწვავება ქვეყანაში, რომელიც დიდი ძალისხმევით ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ საქართველოში ყველაფერი კარგად რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ ჩვენთან ახლოს მდებარე სახელმწიფოებში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მაინც კარგად არის საქმე. ჩვენ ვერ ჩაგვრთეს ომში, შედეგად საზოგადოებას სურს, ადამიანების მდგომარეობა უკეთესი იყოს საქართველოში _ ამ მშვიდობიან ადგილას. საზოგადოებას ასევე აქვს პრეტენზია იმის გამო, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ხელფასები ძალიან იზრდება, რიგითი მოქალაქეების შემოსავლებს კი არაფერი ემატება. ყოველი თვის ბოლოს ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სად, როგორ და ვისთვის? _ ეს არავინ იცის და ესეც პრობლემაა.
ციხეებში შექმნილ ვითარებაზე კი ვიტყვი: დღეს ატეხილი ხმაური, რომ იქ ვიღაც გააუპატიურეს, ტყუილია…
_ ეს რომ საბოტაჟია, ყველა ხვდება, მაგრამ საბოტაჟს ვინ აწყობს? _ ჩასაფრებული ადამიანი, რადგან ციხიდან კადრების გამოტანა ყველას არ შეუძლია…
_ გარე ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას, არ ჩერდებიან, მიუხედავად უამრავი კრახისა. მათ სურთ, ძალადობრივი გზით მოიყვანონ ხელისუფლებაში მათთვის მისაღები ძალა, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოაშორონ ქვეყანას.
_ თუ ციხეში მომხდარი სათანადოდ არ გამოიძიეს, დარჩება სალაპარაკო თემად, მაგრამ არავის სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რამეს გამოიძიებს…
_ პირველადი გამოძიებით დასტურდება, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, მტკიცებულება არ არსებობს. დესტრუქციულ ძალებს საპირისპირო მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, ვერაფერი გააჩერებდათ. გაუპატიურების ფაქტს კამერა ვერ დამალავს. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება.
დესტრუქციულმა ძალებმა ,,გაუპატიურება” აიღეს ფაქტად და მიზეზად, რადგან ახსოვთ, როგორ იმუშავა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავსმა ფაქტებმა, ახლაც სურთ, იგივე გაიმეორონ ოღონდ ივანიშვილის წინაღმდეგ. ე.წ. ციხის კადრები ყველას ახსოვს და ამიტომ ისევ ციხეს მიადგნენ, რადგან ვერც მოლოტოვის კოქტეილებმა უშველათ, ვერც პრეზიდენტის სასახლის აღებისა და პარლამენტზე შტურმის მცდელობამ…
_ ამ ყველაფერს ვიღაც ხომ შიგნიდან, ხელისუფლებაში ჩაბუდებული ,ნაცი, აკეთებს?..
_ კი, ხელისუფლებამ ნაციონალებთან ვასვასი ვერ მოიშალა, ვერც გაასამართლეს ნაცები, მეტიც _ საპატიო ,,თბილისელის” წოდებასაც კი აძლევენ.
_ ვერ დავიჯერებ ამ ხელისუფლების მიერ გამოძიების სამართლიანად ჩატარებას, რადგან ,,ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ზის ციხეში და 10 ცრუ მოწმეს ჰკითხავენ სასამართლო პროცესზე. გულბაათის ახლობლებმა არ იციან, ვინ არიან ეს ადამიანები… ამიტომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ციხეში პატიმარზე ძალადობის გამოძიებას სათანადოდ ჩაატარებენ და საქმეს არ ჩაფარცხავენ…
_ გარე ძალები სერიოზულად მუშაობენ საქართველოში და სხვადასხვა სტრუქტურაში ნერგავენ ვიგინდარებს, რათა ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს რწმენა დაუკარგონ…
როდესაც გულბაათ რცხილაძეს ახსენებთ, თქვენ ყველაფერში მართალი ხართ და ნებისმიერი თქვენი პრეტენზია მართებულია, რადგან გულბაათი დააპატიმრეს მოღალატეობრივად, მიზანმიმართულად, მას დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებაშიც არიან მოსყიდული ადამიანები და ხელისუფლება ცდილობს მათგან გათავისუფლებას…
მქონდა პატარა ორგანიზაცია და ვერ ვახერხებდი აგენტურისგან თავის დაცვას, წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება ხდებოდეს სახელმწიფოში?
უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობა მატულობს და ეს პროცესი შესაჩერებელია, ამას ბოლო მოეღება, თუ პრემიერად დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართლა ცდილობს საქართველოს სიმშვიდე შეუნარჩუნოს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







