სახელმწიფომ უნდა  გამონახოს ადამიანური და ფინანსური  რესურსები  მტაცებლების პრობლემის მოსაგვარებლად, თუ არა, ამას მოქალაქეები  საკუთარი ძალებით გააკეთებენ

    რაც უფრო მეტად აცივდება, მით უფრო გაუჭირდება მტაცებლებს და შიმშილი აიძულებს, ადამიანებს თუ მათ მეურნეობებს უფრო თამამად დაესხან თავს

    საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ მოიშალა და ერთ-ერთი მძიმე დარტყმა ველურმა ბუნებამ მიიღო. ვისაც არ ეზარებოდა და იარაღი ჰქონდა (და იმხანად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა), სანადიროდ დადიოდა და კლავდა ყველაფერს, რაც მოძრაობდა. კლავდა გასართობად, საკვებად და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამიზნეში წითელ წიგნში შეტანილი შველი მოხვდებოდა თუ მგელი და ტურა. იმხანად (და მას შემდეგაც კარგა ხანს) თითქოს აუცილებელი იყო, დასავლეთისკენ მიმავალ გზებზე, კონკრეტულად კი უღელტეხილებზე, სასადილოების (უფრო „ზაბეგალოვკების“) წინ გალიაში დათვის ბელი ყოფილიყო გამოკეტილი, რომელსაც გამვლელები, ძირითადად, კანფეტის ქაღალდებში გახვეულ ქვებს უყრიდნენ და ამით ერთობოდნენ. ვიღაცებს შინ მგლის ლეკვებიც ჰყავდათ, რომლებიც იზრდებოდნენ, მგლობას არ იშლიდნენ და, რაღა თქმა უნდა, პატრონები კლავდნენ პრინციპით – „აბა თავს ხომ არ დავაგლეჯინებ?!“. საბედნიეროდ, მერე და მერე ეს ყველაფერი აიკრძალა და ახლა, ვინმეს წითელ წიგნში შეყვანილი მურა დათვი რომ ჰყავდეს გალიაში, სერიოზულ ჯარიმას ვერ ასცდება. არც მგლის ლეკვების ყოლაა პოპულარული და მისაღები ამბავი და ველურმა ბუნებამაც ასე თუ ისე ამოისუნთქა. ისე, სატყეო დეპარტამენტმა თანამშრომლების რაოდენობა რომ გააორმაგა და მომავალი წლიდან 100%-ით მეტი თანამშრომელი ეყოლება, არც ეგაა ცუდი ამბავი, მაგრამ…

     სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებში არ მალავენ, რომ მათმა შრომამ შედეგი გამოიღო და რაღაც-რაღაცები შესაცვლელია. მაგალითად, წითელი წიგნიდან ამოსაღებია რამდენიმე სახეობა, რადგან მათი რაოდენობა საკმარისზე მეტია და, რაც მთავარია, მათივე აზრით, ნადირობა უნდა დაუშვან რამდენიმე სახეობაზე (საუბარია კონკრეტული სახეობის ჯიხვზე, არჩვზე და ა.შ.), უნდა განიხილონ შესაძლებლობა წითელი წიგნიდან დათვის ამოღების შესახებ, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის. მაღალმთიან სოფლებში (და არა მხოლოდ) მტაცებელი ცხოველები ძალიან გამრავლდნენ და ამას არავინ მალავს. სიმრავლესთან ერთად, მათი მოთხოვნილებებიც იზრდება და, ტყეში საკვებს რომ ვერ პოულობენ, სოფლის მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს ესხმიან თავს. როგორ გგონიათ, ამის შესახებ ხმას რატომ არავინ იღებს? თუმცა, როგორ არა, აგერ, სოფელ გომბორის მოსახლეობა აყვირდა, – მგლებმა შეგვჭამეს, რამე გვიშველეთო. საქმე ის არის, რომ გომბორის საავტომობილო გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალია და იქ საპატრულო პოლიციის არაერთი ეკიპაჟი მოძრაობს. შესაბამისად, სოფელმა თავის დაცვა რომ გადაწყვიტოს და შემოსეული მგელი თუ ტურა დახოცოს, თოფის სროლის ხმაზე პოლიცია აუცილებლად მივა იქ, საიდანაც სროლას გაიგონებს.

    „კანონში ჩაგვიწერეს, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაითვლება და ჯარიმა გარდაუვალია. დიდი ზიანის  შემთხვევაში თანხა, სულ ცოტა, 40 ათასი ლარია და 80 ათასამდე ადის. შეიძლება, 3-4 მგლის მოკვლა დიდ ზიანად ჩათვალონ და ამ თანხას ვინ გადაიხდის? ამიტომ ვითხოვთ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას. ახლა საქონელს ესხმიან თავს და ჭამენ, რომ გამოილევა და გარეთ აღარავინ გაუშვებს, მერე ადამიანებზე გადავლენ და პატრონი ხომ გვინდა? ჩვენ ჯარიმის შიშით ვერ ვიგერიებთ და ვერ ვხოცავთ“, – გვითხრა გომბორის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. სხვათა შორის, მგლის მოკვლის უფლება ნებისმიერს აქვს, ოღონდ უნდა დაამტკიცოს, რომ მგელი მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და ეს ცალკე პრობლემაა. თავად განსაჯეთ – მიდიხართ ტყეში, გამოვარდა მგელი და ესროლეთ. როგორ უნდა დაამტკიცო, მგელს მიპარვით ესროლეთ, შეტევაზე რომ წამოვიდა მაშინ თუ მძინარეს დაადექით თავზე?! თუ ტელეფონი უნდა ამოიღოთ და გადაიღოთ, როგორ მორბის მგელი შესაჭმელად და მერე თავი იმართლოთ თუ იმაზე იფიქროთ, სჯობს, მგელმა შემჭამოს, ვიდრე 40-დან 80 ათას ლარამდე გადავიხადოო?!

    სხვათა შორის, ორიოდე წლის წინათ ტურა ისე გამრავლდა, რომ სახლებში უვარდებოდა ადამიანებს. ჰოდა, როგორღაც მოხერხდა და საერთაშორისო დაფინანსებით გამოიყო თანხები, დაკომპლექტდა მონადირეთა ჯგუფები და რამდენიმე ათასი  მოკლეს…  იმდენი ტურა გვყავდა, მეზობელ სახელმწიფოებში გადადიოდნენ, რადგან აქ ფიზიკურად ვეღარ პოულობდნენ საკვებს. ამ ღონისძიებამ გაამართლა, მაგრამ ახლა ამბობენ, ტურა ისევ გამრავლდა და მოსახლეობის საქონლის  გარდა ველურ  ბუნებაში გასამრავლებლად გაშვებულ ხოხობს, გნოლსა და კაკაბსაც მუსრს ავლებსო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა გარეული ცხოველი ცოფის მატარებელია და, ნაკბენი კი არა, ნაკაწრიც კი საშიშია სიცოცხლისთვის, თუ აცრას არ გაიკეთებთ. მშიერმა ტურამაც იცის ადამიანზე თავდასხმა, ყოველ შემთხვევაში შეეცდება  და, თუ ტურა რამდენიმეა, ადამიანს თამამად უტევენ, ხოლო თუ ეს ადამიანი უიარაღოა (არაფერს ვამბობთ ქალებსა და ბავშვებზე), მოერევიან, დაამარცხებენ.

    აღნიშნული პრობლემის შესახებ ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვკთხეთ, ყორადღებით მოგვისმინა და აღიარა, პრობლემა კი არის, მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, მაგისთვის მოცლა ძნელიაო. დაგვისაბუთა კიდეც, საკითხს შესწავლა სჭირდება, ასე მარტივად ვერ ვიტყვით, აბა ჰე, გადით გარეთ და მგელი თუ ტურა დახოცეთო. ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ ჯერ ერთი – ადამიანებს პრობლემა ახლა უდგათ და  ვერ დაელოდებიან კიდევ რამდენიმე თვესა თუ წელს (მით უმეტეს, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, წინ ბოლო წლების  ყველაზე მკაცრი ზამთარი გველოდება) და მეორეც, გლეხს, რომელსაც მგელმა ცხვარი თუ ძროხა შეუჭამა, სულ არ აინტერესებს, ამერიკაში დემოკრატებმა მოიგეს შუალედური არჩევნები თუ სერბეთში ვუჩიჩის პარტიამ წააგო. მას თავისი ძროხა ადარდებს, თავის ჯანმრთელობაზე  და იმაზე ფიქრობს, ღამით შვილები გარეთ არ გაუშვას…  და ამ დროს ხელისუფლებას, უბრალოდ, არ სცალია.

     ცენტრალური გზიდან მოშორებით მდებარე სოფლებში, იქ, სადაც საპატრულო ეკიპაჟი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ შედის სიშორისა თუ უგზოობის გამო, მოსახლეობა თვითონ უმკლავდება მტაცებლების შეტევას და ხოცავს. ჰო, ხოცავს იმიტომ, რომ საკუთარი სარჩო-საბადებლის გარდა, თავი და ოჯახის წევრები უნდა დაიცვას. სულ სამიოდე წლის წინათ არ იყო, სვანეთში  ყაბარდო-ბალყარეთიდან  მოწითალო შეფერილობის მგლები რომ გადმოვიდნენ და მთელი სვანეთი ააწიოკეს?! მაშინ ყაბარდოელებმა სვანებს შემოუთვალეს, ჩვენ აქ ვხოცავთ, თქვენ მანდ დახოცეთ, ვერაგი მხეცია, ჩვეულებრივი მგლებისგან განსხვავებით მიპარვა და ადამიანზე თავდასხმა იცისო. სანამ აქ შესაბამისი სამსახურები სწავლობდნენ, რა სახეობის მგელი იყო და რა უნდა მოემოქმედებინათ, მგლებმა რამდენიმე ათეულ ძროხას გაავლეს მუსრი, სახლებში უცვივდებოდნენ ხალხს, ადამიანზე თავდასხმის ფაქტებიც იყო და… მგლის ეს სახეობა მალე გაქრა და, თუ ვინმეს ჰგონია, სვანეთი მოითარეშეს და მშვიდად დაბრუნდნენ ყაბარდო-ბალყარეთში, ძალიან ცდება. დიახ, ადამიანის  სიცოცხლისთვის საშიში ცხოველები მშვიდად გაანადგურეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და პრობლემაც მოგვარდა.

    გვესმის, რომ ახლა  ცხოველთა დამცველები  იტყვიან, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ, აბა, იმ ადამიანებს ჰკითხეთ, რომლებსაც ოჯახის მარჩენალი ძროხები დაუგლიჯეს, საახალწლოდ გაზრდილი ღორი  შეუჭამეს პირდაპირ საღორეში, შვილებს  გარეთ რომ ვერ უშვებენ  შიშით, რომ სადმე მშიერი მგელი თუ ტურა არ გადაეყაროს. ან სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გამონახოს როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი პრობლემის მოსაგვარებლად, ან რიგითი მოქალაქეები  ამას საკუთარი ძალებით გააკეთებენ და  არ გაარჩევენ, ერთი მგელი უნდა მოკლან, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ბალანსი რომ არ დაირღვეს, თუ ათი. ზომები ძალიან მალეა მისაღები, რადგან, რაც უფრო მეტად აცივდება და რაც უფრო მეტი თოვლი მოვა, მით უფრო გაუჭირდება მტაცებელს  და შიმშილი აიძულებს, მოსახლეობას თუ მის მეურნეობას უფრო თამამად დაესხას თავს.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here