ვერ ვიტყვი, რომ იაგო ხვიჩიას ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძესთან, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა, რაღაც ახალი და პრინციპული ითქვა, ბანალურ და გადაღეჭილ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ამ გადაცემაში არის რამდენიმეწამიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი 1989 წელს ეხება. ირაკლი კაკაბაძე: „ეს სასწაული იყო, ასეთი რამ არსად არ მომხდარა. ყველა ერთად ვიყავით – შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ცეკას მდივანი და… ქურდები”.
ირაკლი კაკაბაძის ნათქვამში ვითარება სწორად არის დანახული, მაგრამ ის შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო, არც ჟურნალისტმა დასვა და არც სტუმარმა – რა ძალამ, რა იდეამ, რა სულისკვეთებამ შეკრა და გააერთიანა ცეკას მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და ქურდები? როგორ მოხდა ეს ამბავი? შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავისუფლების წყურვილი იყო ის ძალა, რომელმაც ეს ერთიანობა შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში იმაზეც დავფიქრდეთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნაკლები მოტივია გასაერთიანებლად? ახლა რატომ ვერ ერთიანდებიან ცეკას მდივნები, მინისტრები, პოლიტიკოსები, ქურდები და მამაძაღლები? რა უშლით ხელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იდეის ქვეშ გაერთიანებაში? ერთიანი საქართველოს იდეა ეცოტავებათ? არა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სულაც არ არის დამოუკიდებლობაზე ნაკლები ღირებულება. მიზეზი, როგორც ჩანს, სხვაგანაა საძებნი. კერძოდ: იმ პერიოდში საქართველოში (პარალელურად – ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში) დასავლეთის სპეცსამსახურები ეწეოდნენ საზოგადოებრივი ცნობიერების ტოტალურ დამუშავებას. მათ ჯერ საბჭოთა სპეცსამსახურები დაამუშავეს, რომელთა საშუალებითაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს თანამდებობებზე (სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი – მიხეილ გორბაჩოვი; იდეოლოგიის დარგის მდივანი – ალექსანდრე იაკოვლევი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ედუარდ შევარდნაძე და სხვები) თავიანთი აგენტები დასვეს. პარალელურად, პოლიტიკურ არენაზე გამოიყვანეს მათ მიერვე წინასწარ დამუშავებული ე.წ. საბჭოთა დისიდენტები და ეროვნული მოძრაობის ყველაზე ხმაურიანი (მჩხავანა) ძალები. ამ საქმეში ოსტატურად ჩართეს მწერლები, მეცნიერები, ინტელიგენციის დანარჩენი წარმომადგენლები. ჩართეს იმას ნიშნავდა, რომ ხელი აღარ შეუშალეს, პირიქით – წაახალისეს. თვით პარტიული ელიტაც კი ეროვნულად მომართეს და ამ საქმეში ერთმანეთთან შეჯიბრება გააჩაღებინეს. რა პარტია, რისი კომუნისტური და სოციალისტური იდეალები, რომელი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, როდესაც საქმე საქართველოს თავისუფლებას ეხება?! – აღარ მალავდნენ ისინი ეროვნულ აღტყინებას. ადრე კომუნისტური იდეალების უკანა პლანზე გადაწევასა და ეროვნული მოტივების წამოწევას თუ დიდი გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდებოდა, დრო დადგა, როცა კომუნისტების გამოსარჩლება სახიფათო შეიქნა, ეროვნული მოძრაობა კი – წახალისებული და პრივილეგიური. ვინ გაბედავდა თუნდაც შეკითხვის დასმას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორი იქნებოდა ადამიანთა სოციალური დაცვის მდგომარეობა; ხომ არ ჩამოვარდებოდა სოციალური უთანასწორობა? ხომ არ გაჩნდებოდა უმუშევრობა, სოციალური დაუცველობა და სიღატაკე? ამგვარი შეკითხვების დასმა სამშობლოს ღალატად ფასდებოდა, ხოლო „გმირული” პოზიციის დემონსტრირება – „ოღონდ თავისუფლება მოვიპოვოთ და ბალახს მოვძოვთ” – პატრიოტიზმის გამოხატულებად. ამაში არა მხოლოდ აღვირახსნილი პროპაგანდის, არამედ ფსიქიკაზე უხეში ძალადობის კვალიც ჩანდა. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულირება იმ შემთხვევაშიც აღწევს შედეგს, როდესაც იგი იმავე საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაში კი, ჰოი, საოცრებავ, პროპაგანდა საზოგადოებას თავისუფლებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებდა. ამას წინ ვინ აღუდგებოდა ან რატომ უნდა აღდგომოდა?! ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ თავისუფლება იყო ის სატყუარა, რომელიც ყველის ნაჭერივით გამოიყენეს და ზედ დიდი დასავლური ხაფანგი დაადგეს. „ცეკას მდივნები, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული მოძრაობა, ქურდები და ათასი ჯურის მამაძაღლები”,როგორც კი გავერთიანდით „თავისუფლების ყველის” გარშემო, გამოჰკრეს ხელი კაკანათს და… ჩამოგვემხო ცა თავზე, გამოგვეცალა ფეხქვეშ მიწა, დაგვენგრა ეკონომიკა, მოგვეშალა კულტურა, მოგვერყა ზნეობა, გაქრა უფასო ჯანდაცვა, განათლება, დასვენება… ხელში ჩაგვადნა ფაბრიკა-ქარხნები, გაიძარცვა, გაიყიდა, განიავდა ყველაფერი, რაც ხვალინდელი დღის იმედსა და გარანტიას გვაძლევდა. 5,5 მილიონიდან სამი მილიონიღა დავრჩით, დანარჩენი ლუკმაპურის მაძიებელ ემიგრანტებად მიმოიფანტა მსოფლიოში. თვალის დახამხამებაში მოხდა ეს. გათვლილი და გაწერილი ჰქონდათ, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა წარმართულიყო.
ეს არ მოხდებოდა, კანონიერი ხელისუფლება რომ არ დაემხოთ, – ბნედიანებივით გაჰკივიან იმ ეპოქის ნარჩენები. კანონიერი რას ჰქვია? ერი ჯერ გააბრუეს თავისუფლების ძახილით, შემდეგ რესპუბლიკის ხელმძღვანელად ის კაცი (გივი გუმბარიძე) მოუვლინეს, რომელსაც იქამდე „კაგებეს” უფროსის თანამდებობა ეკავა (ანუ, უეჭველი უკვე დასავლეთზე მუშაობდა, რადგან ამ ორგანიზაციის ხელით მოახრჩვეს საბჭოთა კავშირი). სწორედ მას უნდა გადაებარებინა ხელისუფლება არჩევნების გზით ზვიად გამსახურდიასთვის. ხალხი (ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, „ცეკას მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და ქურდები”) როგორც უკვე ვთქვი, გამსახურდიას მხარეს იყო. ჰოდა, აიღეს იმ „კომუნისტებმა” და შეაჩეჩეს ხელისუფლება გამსახურდიას, რომელიც რამდენიმე თვეში ისევე უნდა გამოეგლიჯათ მისთვის ხელიდან, როგორც შეაჩეჩეს. ეს არის კანონიერი ხელისუფლება?! პირიქით, ეს იყო უკანონობა, ხალხის მოტყუება, პირში ჩალის გამოვლება, იმედების გაცრუება, სამოქალაქო ომის დაწყება, ეთნოკონფლიქტებში გადაჩეხვა, შიმშილის, წყურვილის, სიცივისა და ათასი სხვა გასაჭირის მოტანა. ყველა უბედურება გამსახურდიას დამხობით იწყება, – დღემდე გაჰკივიან იმ ეპოქის ნარჩენები, მაგრამ ეგ არ არის სწორი. ყველა უბედურება, რომლებიც საქართველოს დაატეხეს თავს, გამსახურდიას, გაშვებით კი არა, მოყვანით იწყება. იმიტომ კი არა, რომ გამსახურდია ცუდი კაცი იყო ან ქვეყნისთვის ცუდი განზრახვით მოდიოდა ხელისუფლებაში. არა, იგი გამოიყენეს ცუდი საქმისთვის, გარკვეული როლი შეასრულებინეს და გაიყვანეს თამაშიდან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ როლს გამსახურდიას შეასრულებინებდნენ თუ სხვას, ვთქვათ, მერაბ კოსტავას. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში იგივე იქნებოდა. გამსახურდიაზე ფსონი იმიტომ იდებოდა, რომ დიდი მწერლის შვილობა მას განსაკუთრებულ ქარიზმას სძენდა. თვითონ ეროვნულ მოძრაობაში კოსტავა გაცილებით დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ ხალხში გამსახურდიას გვარი იყო პოპულარული.

საქართველოში პოლიტიკური უკანონობა გამსახურდიათი დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს არ ნიშნავს (წმინდა საარჩევნო ტერმინოლოგიით) ლეგიტიმურობის საკითხზე მსჯელობას. საარჩევნო პროცედურის თვალსაზრისით ყველაფერი დაცული იყო, მაგრამ ის, რის შესახებაც ვსაუბრობ, ლეგიტიმურობაზე მნიშვნელოვანია. საარჩევნო პროცედურის დარღვევაზე კი არა, საერთაშორისო თაღლითობაზე ვსაუბრობ, გლობალურ პოლიტიკურ შულერობაზე, რომლის მსგავსი არც ახსოვს ისტორიას. ეს იყო უვერაგესი შეთქმულება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მონაპოვრის წინააღმდეგ, პირველი სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთოდ სოციალური სამართლიანობის წინააღმდეგ და თავისუფალი შრომის უფლების წინააღმდეგ. ეს იყო კონტრრევოლუცია, რომელმაც, სულ ცოტა, საუკუნით დახია და ისტორიის სირღმეში მოისროლა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა, არამედ მთელი კაცობრიობა. რა შეიძლება ამას აკავშირებდეს კანონიერებასთან, თუკი მთელი მისი შინაარსი რეგრესი, უზნეობა და უკანონობაა?! ან როგორ შეიძლება კანონიერი იყოს რამე, რაც ამ გაუგონარი ღალატის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია?! კანონიერი იყო ის, რომ ავტოავარიაში დაღუპული კოსტავას ცხედარი კომუნისტებმა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს? კანონიერი იყო ის, რომ კომუნისტებმა ლენინის ქუჩას კოსტავას სახელი დაარქვეს? კანონიერი იყო ის, რომ კომუნისტებმა ლენინის ძეგლი თვითონ აიღეს და ეს ფაქტი გამსახურდიასა და ეროვნულ მოძრაობას მიაწერეს? როგორ შეიძლება, იმ გაუგონარ ღალატს, რომელიც კომუნისტებმა ამერიკელებთან უკანონო თანამშრომლობით (შპიონაჟით) ჩაიდინეს, კანონიერი ეწოდოს?! საქართველოს ახალი ისტორიის ეს ნაწილი საქართველოს გადასახედიდან დღემდე შელამაზებულად გამოიყურება, მაგრამ მთლიანი კონტექსტის გააზრების შემდეგ აშკარაა, რომ საქართველოს გათავისუფლების ზღაპარი ვერაგულად გათვლილი სატყუარა იყო, რომლის ნამდვილ მიზანსაც მისი (დანარჩენ რესპუბლიკებთან ერთად) დასავლეთის კოლონიად გადაკეთება წარმოადგენდა. რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს იმ აბსურდს, რომ ამერიკელები ამ გრანდიოზულ სპეციალურ ოპერაციას რესპუბლიკების გასათავისუფლებლად გეგმავდნენ და საკუთარი ინტერესები არ ჰქონდათ გათვალისწინებული?! აი, ამ სისულელისგან უნდა გათავისუფლდეს მონუსხული ქართული ცნობიერება.
საქართველოს დასავლეთის კოლონიად ქცევის მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს. ნაწილობრივ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ პროცესი დამთავრებული არ არის. აღმოსავლეთ ევროპის ანუ ვარშავის პაქტის ქვეყნები დღეს ნატოს წევრები არიან. თვით საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ერთი ნაწილიც კი (კერძოდ, ბალტიის ქვეყნები) ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ უკრაინაში დასავლეთი იმ მასშტაბის წინააღმდეგობას წააწყდა, რომ დღემდე გონს ვერ მოსულა. დასავლეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაშიც იმავე მეთოდს მიმართეს, რომელსაც საბჭოთა კავშირში – სათავეში თავიანთი აგენტურა მოიყვანეს. ეს მეთოდი საქართველოშიც წარმატებით გამოიყენეს, თანაც რამდენიმეჯერ.
უკრაინაში ორჯერ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება. უკრაინის ახალ ისტორიაში ზელენსკი ყველაზე უკანონო პერზიდენტია, მაგრამ იქაც სიტყვა კანონიერს „აწვებიან”. უკრაინასაც ისევე „კანონიერად” ანგრევენ, როგორც საქართველო დაანგრიეს.
საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გაუთავებელი მანიპულაციით, რუსოფობიის გაღვივებით, თავისუფლების ცნებით გაუთავებელი სპეკულაციითა და აგრესიული პროპაგანდით უკრაინელ ხალხს გონს მოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რათა ისინი რუსეთთან დასავლეთის ომში საზარბაზნე ხორცად ბოლომდე გამოიყენონ და, როგორც თვითონ გაიძახიან, უკანასკნელ უკრაინელამდე აომონ. ეს არის კანონიერი? რა საერთო აქვს ამას კანონიერებასთან? საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დასავლურ პოლიტიკას გამსახურდიადან მოყოლებული დღემდე
კანონიერებასთან არაფერი ჰქონია საერთო არც პოსტსაბჭოთა სივრცეში, არც მსოფლიოში.
ყველაზე დიდი უბედურება ამ ცნების (კანონიერი) საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პოლიტიკურ აურაში დარჩენაა იმ ვითარებაში, როდესაც მთელი ყოფილი საბჭოეთი მოღაღადე უკანონობის მსხვერპლია. მოვლენათა შეფასება თავიდან თუ არ დავიწყეთ, ბოლოში ჭეშმარიტებას ვერ ვიპოვით. ყველაზე დიდი უკანონობა იმ სახელმწიფოს ნგრევა იყო, რომელიც, მართალია, რევოლუციით, სისხლითა და ცრემლით, მაგრამ სწორ საფუძველსა და სწორ იდეოლოგიაზე აშენდა. მოვლენათა ამგვარ შეფასებამდე თუ მივალთ, შემდეგ ყველაფერი სწორად დალაგდება, მაგრამ ეტყობა, კიდევ ბევრი სისხლი და ცრემლია დასაღვრელი, სანამ ეს საბოლოოდ გაცხადდება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ისტორიის ბურანში ყოფნასა და პოლიტიკურ ზღაპრებში ცხოვრებას, როგორც ჩანს, მაზოხისტური ტკბობა ახლავს, მაგრამ უბედურება არის ის, რომ საზოგადოების მცირე ნაწილის ამ „ტკბობას” მეორე, გაცილებით უფრო დიდი ნაწილისთვის გლობალური უბედურება მოაქვს.
საბოლოოდ იმ შეკითხვამდე მივდივართ, რომელიც აგნოსტიციზმის ანკესში გაგვაბამს და თევზივით გვაფართხალებს: რა სჯობს – კანონიერი უკანონობა თუ უკანონო კანონიერება? არ მითხრათ, არც კანონიერი უკანონობა არსებობს და არც უკანონო კანონიერებაო. არსებობს და თანაც როგორი – მასშტაბური… გრანდიოზული… უკიდეგანო…
ვალერი კვარაცხელია







