ტრამპი ზელენსკის რუსულ ნავთში ახრჩობს

    გამოცემა times-ის კარიკატურა

    ტრამპი და პუტინი ცხოვრებამ დააახლოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ  საერთო ინტერესები გაუჩნდათ. პოლიტიკაში არაფერია მუდმივი, ინტერესების გარდა. ზესახელმწიფოებს შორის საერთო ინტერესების გაჩენა ერთმანეთის აღიარების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. ერთპოლუსიანიდან მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთის აღიარება კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან იმ სახელმწიფოსგან, რომელიც თავს მსოფლიოს ბატონ-პატრონად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში ამაზე პრეტენზიას აცხადებს, აღიარება იმისა, რომ არსებობს მეორე, რომლის დახმარებასაც სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მრავალპოლუსიანობის აღიარების პრელუდიაა, ანუ, როგორც უკვე ვთქვი, ამ მიმართულებით სავალი გზის ერთი საფეხურია, ერთი მონაკვეთი.

    ტრამპს, ცხადია, ასეთი სურვილი არ ჰქონია, მაგრამ იგი ამგვარი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ტრამპი არც იმ სურვილით იწვოდა, რომ აშშ-ში ჩასულ ჩინეთის ლიდერს პირდაპირ ტრაპთან დახვედროდა, მაგრამ დახვდა. ვის დახვედრია ან ვის დახვდება ტრამპი პირდაპირ აეროპორტში – დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ენდი ბერნემს? საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს? გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს? იაპონიის პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიჩის? ვის? რომელს? – არც ერთს, არავითარ შემთხვევაში! რატომ? დონის გამო, სად აშშ და სად რომელიმე სახელმწიფო, გარდა ჩინეთისა და რუსეთისა?! გახსოვთ ანკორიჯის შეხვედრა? ხაზგასმა რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლის მნიშვნელობისთვის და პუტინის მიპატიჟება ტრამპის საპრეზიდენტო ავტომობილში? რატომ შევჩერდი ამაზე? აშშ-ში და უშუალოდ ტრამპის მიერ გაცნობიერებულია ზესახელმწიფოთა (რუსეთისა და ჩინეთის) ზესახელმწიფოებად მიღების აუცილებლობა. ეს პროცესი დაწყებულია.

     ამ აზრისკენ მიბიძგა ბოლო მოვლენამ, როდესაც ტრამპსა და პუტინს შორის გარიგება შედგა რუსეთის მიერ აშშ-ისთვის დიზელის საწვავის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწოდების შესახებ. ეს გარიგება ტრამპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან კარს მომდგარი არჩევნების წინ საოცარ ნიშნულამდე ავარდნილი ფასები (განსაკუთრებით დიზელის საწვავზე) ტრამპისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ტრამპმა დახმარებისთვის პუტინს მიმართა. პუტინი ამ მიმართვას გაგებით შეხვდა. ორ ზესახელმწიფოს შორის გარიგება შედგა. ეს გარიგება არა მხოლოდ საწვავის გამო დაწყებული  ციებ-ცხელების ჩაქრობის პანაცეად, არამედ აშშ-სა და რუსეთს შორის ღია კონფრონტაციის მოხსნისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების წინაპირობადაც გვევლინება. Axios-ი იუწყება, აშშ-ის ინფორმირებულმა თანამდებობის პირმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის თაობაზე შეთანხმების დადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ის თხოვნა არ გაითვალისწინა: “ზელენსკი ვითარებას არასწორად აფასებს. ქარხნებზე იერიშების გაგრძელებით ის ტრამპთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილგანწყობას ასუსტებს”, – აღნიშნა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

    Axios-ი ირწმუნება: 9 ოქტომბერს მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებებისას უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფს 

    აცნობეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან გასაუბრებასა და რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნას გეგმავდა. ამერიკულმა დელეგაციამ უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ არ გაითვალისწინა აშშ-ის მოწოდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ    ქარხნებზე  დარტყმების  შეწყვეტის შესახებ, რაც პირდაპირ ისახებოდა ამერიკელ მომხმარებლებზე.  დააკვირდით, როგორ შემოტრიალდა საქმის ვითარება. უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თურმე პირდაპირ და უარყოფითად აისახება ამერიკელ მომხმარებელზე. აი მოვლენების სრულიად წარმოუდგენელი განვითარება. აქ უკვე ინტერესები შემოვიდა. ტრამპმა აწონ-დაწონა (თუმცა ასაწონ-დასაწონიც არაფერი იყო) და მიხვდა, რომ მისთვის რუსეთ-უკრაინის ომზე მნიშვნელოვანი ამერიკელი ხალხის ინტერესების დაკმაყოფილებაა, ვინაიდან ამაზე პირდაპირ არის მიბმული უშუალოდ მისი პოლიტიკური ბედი. აქ უკვე ცივმა განსჯამ აჯობა და ტრამპმა ზელენსკის ფაშისტური ვნებები ფეხებზე დაიკიდა.

    მეტიც: პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის თანამდებობიდან წასვლა და ახალი ლიდერის არჩევა მოითხოვა. ზელენსკიმ ტრამპის განცხადებას ასე უპასუხა: „ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია”. მან ასევე დაამატა, რომ „აშშ-ს უკრაინაში არჩევნების ჩატარება თუ სურს, ტრამპის გუნდმა პუტინს სამოცდღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოსთხოვოს, რათა ქვეყანამ არჩევნების ორგანიზება შეძლოს”. ზელენსკი თავს ვეღარ იკავებს და ისტერიკაშია. იგი მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირის: „ტრამპის ეს ნაბიჯი მოულოდნელი და არაპარტნიორულია”.

    ტრამპმა ამერიკელი ხალხის წინაშე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეუთანხმდა. ამის გამო ზელენსკის თავშეუკავებლობა უფრო შორს წავიდა და გარიგებას “სრულად საშინელი” უწოდა, ტრამპის გადაწყვეტილებას კი  _ “პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი”.

    ტრამპი  ამ გარიგებაზე დიდ იმედს ამყარებს. “ორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსული ენერგორესურსის შესახებ ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად დიზელის ფასები ამერიკელებისა და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდულად და სწრაფად შემცირდება”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.                      ასე ასცდა ერთმანეთს ტრამპისა და ზელენსკის პოზიციები, სამაგიეროდ ასე საოცრად დაახლოვდა ტრამპისა და პუტინის პოზიციები. ტრამპი ამ გარიგებიდან არჩევნების ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალებას გეგმავს. ამ საქმეს ტრამპმა ზელენსკი შესწირა. მან იგი თავიდან მოიშორა და რუსულ ნავთში ჩაახრჩო. პუტინი კი ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნეს ურტყამს და ამ თამაშიდან  გამარჯვებული გამოდის.

    * პუტინმა შექმნილი ვითარების გამოყენებით ტრამპი აიძულა,  რუსეთის ინტერესები გაითვალისწინოს;

    * პუტინმა ამ გარიგებით ტრამპს არამხოლოდ ხელი მოაწერინა, რომ აშშ მილიონობით ტონა დიზელის საწვავს შეისყიდის, რაც რუსეთისთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონოკმიკური თვალსაზრისით ხელსაყრელია, არამედ უკან წააღებინა სანქციები, რომლებიც ამ ნაწილით იყო გათვალისწინებული;

     * ამ გარიგებით პრაქტიკულად ომის დამთავრების კონტურები გამოიკვეთა, თანაც რუსეთის პირობებით;

     * ამ გარიგების შემდეგ ზელენსკი ყველასთვის ზედმეტ ბარგად ჩამოყალიბდა, რომელიც თავიდან უნდა მოიშორონ;

    * აშშ რუსეთთან კვლავაც პოლიტიკურ ვაჭრობას გამართავს და შეეცდება,  მას იმაზე ნაკლები დაუთმოს, ვიდრე დაგეგმილი აქვს, მაგრამ ეს უკვე დეტალებია.

    ბუნებრივია, რომ საქმის ასე შემობრუნებას გარკვეული ძალები, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში გაღიზიანებული შეხვდნენ. CNN-ი ასეთ ვერსიებს გვთავაზობს:

    * „ევროპელი მოკავშირეები შეშფოთებული არიან, რომ ეს გარიგება ბზარს აჩენს დასავლურ კოალიციაში, რომელიც აქამდე ერთიანი ძალებით ცდილობდა მოსკოვის იზოლაციას უკრაინაში მიმდინარე ომის გამო”;

    * პუტინისთვის ამ შეთანხმების მთავარი სარგებელი არა მილიარდობით დოლარის შემოსავალი, არამედ სწორედ დასავლური ალიანსის ერთიანობის მორყევაა”;

    * „ამერიკელი კანონმდებლების ერთმა ნაწილმა გარიგებას უკრაინის „ღალატი“ უწოდა. აშშ-ის კონგრესში უკვე გაჟღერდა ინიციატივები რუსული ნავთობის ხელახალი, უფრო მკაცრი აკრძალვის შესახებ”;       

     * ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, სულ რაღაც, სამი კვირის წინათ თავად ტრამპმა მოაწერა ხელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს”;

    * ილონ მასკმა მხარი დაუჭირა ტრამპის პოზიციას და სოციალურ ქსელ X-ში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინაში ახალი არჩევნების დროა.

    * ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმება „პოზიტიურ გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე“ და დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე. პარალელურად, კრემლი ამ ნაბიჯს საკუთარ დიპლომატიურ გამარჯვებად იყენებს დასავლური სანქციების რეჟიმის შესასუსტებლად.

    ბოლო დღეებში ჩვენ თვალწინ დატრიალებულ ამბებში მთავარია ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გააცნობიერა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასრულების ფაქტი. ამიერიდან ზესახელმწიფოებმა, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ეს, უნდა ითანამშრომლონ. თანამშრომლობა უკვე მათ ინტერესებში შედის და, ვინც ამ თანამშრომლობას წინ აღუდგება, ისევე დაიღუპავს თავს, როგორც ზელენსკიმ, უკრაინული ნეოფაშიზმის ამ სამარცხვინო წარმომადგენელმა, დაიღუპა.

     საინტერესოა, ამ მოვლენების შემდეგ რა დასკვნებს გააკეთებენ საქართველოს მმართველ პარტიასა და მთავრობაში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. ბოლო წამს გავრცელდა ინფორმაცია , რომ ამერიკელები ზელენსკის დაემუქრნენ იარაღის მიწოდების შეწყვეტით , რათა მან ვეღარ შეძლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა. 

    ვ. კ.

                                                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here