პრეცედენტი უნდა შეიქმნას – ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ იცოდა დანაშაულის შესახებ, მაგრამ  ჩუმად იყო, მოგვიანებით კი ხელის გაშვერა დაიწყო 

    ქართველებს ერთი უცნაური თვისება გვახასიათებს  –  საკმარისია, ვინმეს ფეხი დაუცდეს და მტერი თუ მოყვარე მაშინვე მიწას მიაყრის. ათასი კარგი საქმე რომ ჰქონდეს გაკეთებული და ერთი ცუდი, მხოლოდ იმ ერთს გაიხსენებენ,  გააბუქებენ და საუკეთესო შემთხვევაში კრიმინალად გამოაცხადებენ; ცუდ შემთხვევაში კი, შეიძლება, სამშობლოს ღალატი ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულიც  „შეტენონ“.  თემა, რომელსაც ახლა შევეხებით, ერთი შეხედვით მხოლოდ ორ (ან სამ) პიროვნებას შორის მომხდარი გაუგებრობაა, მაგრამ რეალურად საქმე უფრო რთულადაა.

    კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა  გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

    „დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი. ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ! თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით. მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. დღეს კი მინდა, რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.

    ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემ წინააღმდეგ? ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ? ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი – ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის? რატომ ცდილობდით ფილარმონიაში არსებული ოფისიდან საქართველოს კულტურის პალატის გამოსახლებას და, ფაქტობრივად,  ქუჩაში მის დატოვებას? რატომ ცდილობდით იმ სივრციდან გამოსახლებას, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და  სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია!“ – ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია? ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით. დიახ, იმავეს იძახდა თქვენი მფარველი “მამუც” (მამუკა მდინარაძე), როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.

    ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხართ, მაგრამ მიპასუხეთ, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან?

    და  ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი: საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია. რა თანხები დაიხარჯა? ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები, როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი. ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები? საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფოს ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში. ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს! მე აღარ ვაპირებ დუმილს!“

    ამ წერილში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ეს ფრაზაა – „და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი – საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია“.

    საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მიმდინარე წლის 17 მარტს გარდაიცვალა, ანუ შვიდი თვე გავიდა. თინათინ (და არა თიკა) რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტიდან მიმდინარე წლის 28 ივლისს გადადგა (ან მოხსნეს), ანუ ორ თვეზე მეტია გასული. ბატონმა დავითმა კი თავისი წერილი 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. თანაც წერილს იწყებს შემდეგი სიტყვებით: „დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი…“ ანუ ინფორმაციას, რომელსაც წერილში ასაჯაროებს, კარგა ხანია, ფლობს, მაგრამ ხმა ახლა ამოიღო და… ატყდა ერთი ამბავი – ნაწილი რუხაძეს შედგა წიხლით, ნაწილი – მამუკა მდინარაძეს, კაცს, რომელიც სუს-ის დირექტორი იყო და საყვედურს კი არა, იმავე ხალხს ხელს რომ ართმევდა, ორი კვირის განმავლობაში არ იბანდნენ, „მამუს“ მივესალმეთო. ახლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლს გავეცნოთ თავიდან ბოლომდე და განსაკუთრებული ყურადღება მეორე ნაწილს მივაქციოთ:

    მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა

    1. დანაშაულის შეუტყობინებლობა მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 255  1 ან 255 ​2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით  ორ წლამდე;

    2. დანაშაულის შეუტყობინებლობა მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ექვს წლამდე;

    3. დანაშაულის შეუტყობინებლობა მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

    დიდი ბოდიში ბატონ დავითთან, მაგრამ  მისი განცხადება ხომ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს? ხომ არ ნიშნავს მისი განცხადება, რომ მან დიდი ხანია, იცოდა დანაშაულის შესახებ და დუმდა? რომ ამბობს, აღარ ვაპირებ დუმილსო, სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე არაფერია ნათქვამი – როცა გინდათ, მაშინ თქვით იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც იცითო. საუბარი მხოლოდ ოქიტაშვილზე არ გვაქვს, თუნდაც ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რომ თქვა, დანაშაულს რომ ჩადიოდნენ, ვიცოდიო და გვიან ალაპარაკდა, მანამდე სად იყო? სოციალურ ქსელში ვინმეს ჩაწიხვლა როცა იწყება ხოლმე, ადამიანთა არცთუ მცირე ჯგუფი წერს, რომ იცოდა იმ დანაშაულების შესახებ, რომლებსაც „ჩასაწიხლი“ პირი ჩადიოდა, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა. ანუ, ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 376-ე მუხლის მიხედვით   ჩადიოდნენ ქმედებას, რომელიც ისჯება, მაგრამ ამის გამო არასდროს არავინ დაუსჯიათ. სამაგიეროდ, როცა კრიმინალი მოხდება (დაჭრა, მკვლელობა) და ვინმე შეიტყობს, მაგრამ დუმს,  მაშინვე აკავებენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებენ.

    ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ახლა თანამდებობაზე მყოფმა პირებმა იციან, რომ  კოლეგა ან არაკოლეგა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი დანაშაულს ჩადის, მაგრამ, ახლა რომ ამოიღონ ხმა, არ გამოვა – თანამდებობაზეა და არაგუნდურობად ჩაეთვლებათ; ან იმ თანამდებობის პირს, შესაძლოა, ვერ მოერიონ და აქეთ დაიჭირონ. ჯუანშერ ბურჭულაძე გავიხსენოთ, ხელი ირაკლი ღარიბაშვილს რომ დაადო, კორუფციული სქემიდან თანხას ექსპრემიერსაც ვაძლევდიო, არავინ თქვა, რომ მას სხვა მუხლებთან ერთად,  376-ეც შეესაბამებოდა, ანუ იცოდა დანაშაულის შესახებ და არ თქვა. ახლა ვიღაც იტყვის, იმ ტოტს ხომ არ მოჭრიდა, რომელზეც იჯდაო;  ასეა – სანამ ვინმეს ფეხი არ დაუცდება, მანამ ხმას არავინ იღებს, და მერე იწყებენ საუბარს. აი, ის „მერე საუბარი“ უნდა შეფასდეს სამართლებრივად და ამით ორ კურდღელსაც დავიჭერთ: პირველი – ორღობეში ჭორაობა მორჩება და მეორე ის, რომ ვიღაც თავს არ გამოიჩენს, ყველაფერი ვიცოდიო, ან მანამდე ამოიღებს ხმას.

    ზოგადად, როგორმე უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ თანამდებობას იკავებს კონკრეტულ მომენტში. სხვაგვარად არაფერი გამოვა და მერე, როცა ვიღაცას დაიჭერენ და ვიღაც გარეთ რჩება, ატყდება ხოლმე ამბავი და ერთმანეთს ასწრებენ ძველი ცოდვების გახსენებას, უმძიმეს დანაშაულში ამხელენ ხოლმე ერთმანეთს. იმის შიში თუ ექნებათ, რომ რაიმეს გაფუჭების შემთხვევაში თანაგუნდელი თუ თანამებრძოლი მაშინვე არ გაჩუმდება, ეგებ თანამდებობებზე ყოფნისას  ნაკლები დანაშაული ჩაიდინონ. ახლა კი… ახლა პრეცედენტი უნდა შეიქმნას – ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ იცოდა დანაშაულის შესახებ, მაგრამ  ჩუმად იყო, მოგვიანებით კი ხელის გაშვერა დაიწყო. 

    მეორე მხრივ  უნდა გვახსოვდეს: დამნაშავემ ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა – ათასიო…

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here