ვიცი, რომ გაგიჭირდება, მაგრამ ცოტა ხნით გამომყევი, ჩემო მკითხველო. საინტერესო რამ მაქვს სათქმელი…
მაკრონმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. „იმისთვის, რომ იყო თავისუფალი, შიში უნდა აღძრა. ხოლო იმისთვის, რომ შიში აღძრა, უნდა იყო ძლიერი“, – განაცხადა მან. ეს რომ გაუგია, პუტინს ისე შეშინებია, ძლივს მოუსულიერებიათ.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, „ამჟამად საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა”. მისი აზრით, „საქართველო მკაფიოდ ჩამორჩება უკრაინისა და მოლდოვის დონეს, რის გამოც ქვეყანა ვერ მიიღებს წევრობის საგზაო რუკას“.
„მსგავსი შეფასებები ევრობიუროკრატიის ოფიციალური პოლიტიკის გამოძახილია. საქართველო ირჩევს ღირსებითა და მშვიდობით სვლას და უსიტყვოდ არ შეასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს”. – უპასუხა „ქართულმა ოცნებამ”.
შალვა პაპუაშვილის პოზიცია: „ბრიუსელის მითითებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში საქართველო რეალური სუვერენიტეტის ნაცვლად მხოლოდ ქაღალდზე არსებული სახელმწიფო იქნებოდა. გვირჩევნია, რომ საქართველო ქაღალდზე არსებული კანდიდატი იყოს ევროკავშირის წევრობისა, ვიდრე ქაღალდზე არსებული სახელმწიფო”. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარს შეუძლია „საკუთარი ხატოვანი გამონათქვამები კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს”.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება, ხოლო მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაშია… ტრამპმა აშშ-ში ბენზინის ფასების ზრდა უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებთან და დემოკრატების პოლიტიკასთან დააკავშირა. ტრამპისგანცხადებით, „აშშ-ს უკრაინისთვის მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადაუცია, რადგან კიევს შესაბამისი თვითმფრინავები არ აქვს”.

ჩერგოლეიშვილი ეხმიანება ოპოზიციის მიერ სავარაუდოდ „დამალულ“ კვლევებს და აცხადებს, რომ „ფედერალისტების“ რეალური ძალის გაზომვა მისი, როგორც პარტიის სპიკერის, დასახელების გარეშე შეუძლებელია. იგი ირონიით აღნიშნავს, რომ, თუ გავრცელებული დაბალი რეიტინგები სიმართლეა, ეს იმის დასტურია, რასაც თავად, წლებია, ამბობს”.
მიხეილ ზადორნოვს უთქვამს: „სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის. ხანდახან ასაკი მარტო მოდის “ .
– ეს სააკაშვილზე უთქვამს?
– არა, ტრამპზე უთქვამს.
ზადორნოვი გარდაიცვალა. ირაკლი ტაბლიაშვილი კი ტელევიზიიდან გაუგდიათ, მაგრამ ამან ვერ უშველა, დამოუკიდებლად წერს ვიდეოებს და უფრო დიდ სისულელეებს ამბობს, ვიდრე ტელევიზიაში ამბობდა. ყოფილიყო და ეჩერჩეტა, ვის რას უშლიდა.
თამარ კვარაცხელიას „ნოვოსწის” ახალ გამოშვებას ხალხი სულმოუთქმელად ელოდება, ის კი ჩაწერას აგვიანებს, ძალიან დავიღალეო; ისე, ჩვეულებრივად კი არა, ძალიანო. თამარს ისიც უთქვამს, რომ, რაც ტაბლიაშვილი ტელევიზიიდან წავიდა, „ნოვოსწის” ჩაწერის მუღამი დამეკარგაო.
სააკაშვილმა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები რომ შეასრულა, პუტინს უთქვამს, მაგას რუსეთის ჰიმნი უნდა შევასრულებინოო. სააკაშვილს უთქვამს, რომელიც მიყვარს, ის ჰიმნები სწორად შევასრულე, რუსეთის ჰიმნს კი სპეციალურად დავამახინჯებო. სოფო ნიჟარაძეს უკივლია: დამახინჯებას ნუ ეცდები, თორემ ვაითუ სწორად გამოგივიდესო. სისწორეს მიაწექი და აუცილებლად დაამახინჯებო. მიშა გაბრაზებულა, მაშ, მე გემოვნება არ მაქვსო?! გემოვნება რომ გაქვს, მაგი ქალების არჩევაში გეტყობა, სმენა არ გაქვსო. სმენა როგორ არ მაქვს, ყველაფერი მესმისო. სოფოს უთქვამს, ყურში კი გესმის, მაგრამ მე მუსიკალურ სმენაზე ვლაპარაკობო. ეგ რაღა ჯანდაბააო, უკითხავს იმას.

სირია იემენში ჯარს აგზავნის ხუსიტებთან საომრად, ფიცო კი ევროპას მძიმე ზამთარს უწინასწარმეტყველებს…
ახლა თქვენ მკითხავთ, რა აბსურდს გვიყვებიო…
გიპასუხებთ:
„აბსურდის თეატრი არის მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ევროპაში აღმოცენებული ავანგარდული დრამატურგიული მიმდინარეობა, რომლის მთავარი პრინციპი ადამიანის ყოფიერების უაზრობის, ირაციონალურობისა და მიზანდაკარგულობის ასახვაა.
ეს მიმდინარეობა ეყრდნობა ეგზისტენციალისტურ ფილოსოფიას (განსაკუთრებით ალბერ კამიუს „სიზიფეს მითს“), რომლის მიხედვით სამყაროს არ გააჩნია ლოგიკური აზრი, ხოლო ადამიანი მასში სრულიად მარტოხელა და უმწეოა.
აბსურდის თეატრის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული და შინაარსობრივი პრინციპებია:
1. სიუჟეტისა და ტრადიციული ლოგიკის უარყოფა
წრიული კომპოზიცია: პიესებს არ აქვს კლასიკური დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. მოქმედება ხშირად იქ მთავრდება, სადაც დაიწყო, და პერსონაჟები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ.
უმოქმედობა: პიესებში პრაქტიკულად არაფერი ხდება. მოვლენების განვითარების ნაცვლად წინა პლანზეა მოლოდინის ან უსარგებლო ყოფიერების გაწელვა.
2. ენობრივი კოლაფსი და კომუნიკაციის შეუძლებლობა
აზრსმოკლებული დიალოგები: პერსონაჟების მეტყველება ხშირად შედგება კლიშეებისგან, გაუგებარი ფრაზებისგან ან ურთიერთგამომრიცხავი რეპლიკებისგან.
მარტოობა: ენა კარგავს თავის პირვანდელ ფუნქციას – ადამიანებს შორის კავშირის დამყარებას. პერსონაჟები საუბრობენ, თუმცა ერთმანეთის არ ესმით
3. პერსონაჟების დეპერსონალიზაცია
ინდივიდუალობის დაკარგვა: მოქმედ გმირებს არ გააჩნიათ მკაფიო წარსული, ფსიქოლოგიური სიღრმე ან სოციალური სტატუსი.
მარიონეტულობა: ისინი ხშირად მექანიკურ თოჯინებს ან მასხარებს ჰგვანან, რომლებიც გაუცნობიერებლად ასრულებენ ერთსა და იმავე მოქმედებებს.
4. ტრაგიკომიკური ტონი
სასაცილო და საშინელი: ტრაგედია და კომედია აქ ერთმანეთშია გაზავებული. სიტუაციები იმდენად აბსურდული და უიმედოა, რომ ის ერთდროულად იწვევს სიცილსაც და თავზარდამცემ სასოწარკვეთასაც”.
ალბათ, შეგაშინეთ კიდეც, მაგრამ საშიში არაფერია, აბსურდის ჟანრში ვცადე ბედი. სულ ეს იყო. აბსურდი არ გამომივიდა იმიტომ, რომ, სანამ აბსურდის თეატრის შესახებ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული მასალის ციტირებას დავიწყებდი, მანამდე რაც დავწერე, აბსურდი კი არ არის, სრული სისულელეა (ისე, აბსურდი სისულელე არ არის? აბა, რა ჯანდაბაა?!).
ერთ რჩევას მოგცემთ: აბსურდის ჟანრი თუ გიზიდავთ, ჩემი სტატიები კი არ იკითხოთ, ცხოვრებას დააკვირდით. აი, ნამდვილი აბსურდი. რა ეგზისტენციალისტები, რის კამიუ და სარტრი? ნამდვილი აბსურდი თუ გინდათ, ტრამპს, მერცს, მაკრონსა და, ვინ არიან კიდევ, ფონ დერ ლაიენს, კაია კალასს და ეს ვინ გამოტყვრა ახლა? მარტა კოსი – ამათ მოუსმინეთ. აბსურდი მაგათ ლაპარაკსა და საქციელს ჰქვია. საქართველოში კი ნებისმიერს, ვისაც პოლიტიკოსი ჰქვია, მოუსმინეთ და აბსურდის ნამდვილ ხელოვნებას ეზიარებით.
ჩემი ლიტერატურული ექსპერიმენტები რა მოსატანია, ამაოდ დაგღალეთ ამ ჩემი უნიჭობით. ისე, ახლა რაც მოვყევი, რით არის იმაზე ნაკლები, რასაც ტელეარხებიდან ისმენთ? ალბათ, არაფრით, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ექსპერიმენტი ჩავაფლავე. ბოდიშს გიხდით… მეტს აღარ ვიზამ!
ვალერი კვარაცხელია







