ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით, მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოში შეიქმნა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო, რომლის მიზანიც არის საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და რუსოფობიის ფაქტების გამოვლენა და ანალიზი.
ამ საბჭოს შექმნამ აღაშფოთა ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია, რომელმაც განაცხადა: „ეს რუსული ბასრი ძალის ინსტრუმენტი „ევრაზიული ინსტიტუტის~ მიერ შეიქმნა, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია. მოსკოვში არის ანალოგიური სტრუქტურა „როსკომნადზორი”, რომელსაც აბსოლუტურად იდენტური ფუნქციები აქვს. ის მოქმედებს ქვეყნის შიგნით და, როგორც ჩანს, ახლა რუსები ცდილობენ, გააფართოონ და გამოიყენონ არა რბილი, არამედ ბასრი ძალა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვი ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. ამაზე ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს _ ჩაატაროს კვლევა, რადგან ეს ზეწოლაა საქართველოზე. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება, პუტინზე ვთქვა, რომ ის არის კანიბალი, მკვლელი და დამნაშავე… სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, რათა რუსეთს გავლენების გავრცელების საშუალება არ მიეცეს”.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 30 მაისს, გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
რატომ უნდა გამოეძიებინა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს მუშაობა უსაფრთხოების სამსახურს? _ ამ შეკითხვით მივმართეთ ვახტანგ მაისაიას:
_ ეს არის ანტიკონსტიტუციური ორგანო. მე არ მიხსენებია გულბაათ რცხრილაძე, ვახსენე ევრაზიის ინსტიტუტი და რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს მუშაობა…
_ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა, მისი ხსენება საჭირო არც იყო…
_ მე, გულბაათ რცხილაძე და მისი ორგანიზაცია პოლიტიკური მტრები ვართ. აღნიშნული საბჭოს შექმნა ანტიკონსტიტუციურია. მე ვაგინებ პუტინს და ამის გამო ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრას, რბილი ძალაც აღარ არის.
_ სისხლის სამართლის საქმეს გულბაათ რცხილაძე აღძრავდა?
_ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აღშფოთება გამოიწვია ამ საჭოს შექმნამ. მე არ მითქვამს, რომ რცხილაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო… ვთქვი, რომ საბჭოს მოქმედება შეწყვეტილიყო.
რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ამიტომ რუსების მიმართ სიძულვილი ბუნებრივია და ანტირუსოფობიული საბჭო _ მიუღებელი…
_ თქვენ პოლონეთში სამეცნიერო ხარისხი მიიღეთ, პროფესორი ხართ. ეს ქვეყანა, მისი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებისა და ქმედებების გათვალისწინებით, შეიძლება საქართველოს მტრად ჩაითვალოს……
_ პოლონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გვეხმარება თავდაცვის გაძლიერების საქმეში, მეორე _ პოლონეთი შეიძლება რეჟიმის რომელიღაც ერთ წევრს ედავებოდეს, მაგრამ რეალურად ჩვენი პარტნიორია. რუსეთი კი მტერი და ოკუპანტია, ჩვენი გეოპოლიტიკური მტერია…
გულბაათ რცხილაძე საბჭოს სხდომაზე ამბობდა, რომ, თუკი ვინმე რუსეთის საწინააღმდეგოს იტყვის რამეს, კონტროლზე უნდა აიყვანოს.
_ გულბაათ რცხილაძე გამოვიდა რუსოფობიის წინააღმდეგ. ეს გულისხმობდა იმას, რომ მიუღებელი იყო რესტორნებსა და კაფეებში რუსებისთვის კერძში ჩაეფურთხება, ტაქსის მძღოლების მიერ უარის თქმა რუსი ტურისტების მომსახურებაზე და ა.შ. საქართველოში ფობიის გამოვლენა ხომ ისჯება? თქვენ რატომ გაღიზიანდით?
_ სახელმწიფო მოქმედებს _ ადამიანებს, რომლებიც რუსებს შეურაცხყოფენ, სჯიან… ამიტომ კიდევ ერთი რუსული რბილი ძალის დამატება საჭირო აღარ იყო.
_ თქვენ არ გითქვამთ ,,რბილი ძალა”, თქვენ თქვით ,,ბასრი ძალა”…
_ დიახ, უხეში ძალა, ბასრი ძალა _ ეს იყო საბჭო, რომლის შექმნის შესახებაც ევრაზიის ინსტიტუტმა განაცხადა. ვთქვი ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი, ეს არ იყო ჯაშუშობის ბრალდების მიზეზი… მე არაფერ შუაში ვარ. პიროვნულ დონეზე მე მას არ შევხებივარ. ასეთ რამეს ვერსად ნახავთ, ის ჩემი პოლიტიკური მტერია, მაგრამ არა პირადი, რუსეთი კი ჩემი ქვეყნის მტერია…
_ რუსეთს უნდა ვაგინოთ, როგორც ოკუპანტს, და თურქეთი ვაქოთ, როგორც მეგობარი? ან ვაქოთ პოლონეთი, საქართველოს ხელისუფლების მტერი, პრინციპში, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ერის ავის მოსურნე?
_ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი _ ჩვენი სისხლისმსმელი და აქ საბჭო შემიქმნან იმისთვის, რომ მისი გინებისთვის დავისაჯო. ამას, ბუნებრივია, გავაპროტესტებ. რუსეთში მე უცხოეთის აგენტის სტატუსი მაქვს, დიდი მადლობა ამისთვის პუტინს. რუსეთისადმი ჩემი მტრული განწყობაც აქედან გადასცა ვიღაცამ რუსეთს…
რუსოფობიის წინააღმდეგ ისედაც შექმნილია ორგანოები და დამატებით კიდევ რაღაცის შექმნა სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
ცუდია, რომ გულბაათ რცხილაძე ციხეშია, თანაც ჯაშუშობის მუხლით, ამის მტკიცებულება არ არსებობს, ამას ყველგან დავადასტურებ. ყველა გამოცემას მივცემ ინტერვიუს და ყველგან ვიტყვი, რომ ჯაშუშობის მუხლით მისი დაპატიმრება მიუღებელია. მე მედასავლეთე ვარ, გულბაათ რცხილაძე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეა. ჩვენ პოლიტიკური მტრები ვართ, მაგრამ სიმართლის თქმისგან თავს არ შევიკავებ, გულბაათ რცხილაძე 314-ე მუხლით არ უნდა დაეკავებინათ.
ჩემი თვალსაზრისი მაქვს და ხელისუფლების წინააღმდეგაც წავალ.
გულბაათ რცხილაძის დაჭერის მიზეზი მე ვერ ვიქნებოდი, მე ვისაუბრე ევრაზიის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მოვითხოვე ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა, მაგრამ ეს არანაირად არ ყოფილა მიზეზი იმისა, რომ გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის მუხლით დაეკავებინათ.Pმე პირველი გამოვედი რცხილაძის დაკავების შემდეგ და პროტესტი გამოვთქვი…
რუსეთან ურთიერთობა, ასე თუ ისე, ისედაც მოგვარდება, ჩვენი ჩარევის გარეშეც, როდესაც პუტინის რეჟიმი წავა. სხვა შემთხვევაში ეს გამორიცხულია.
პუტინი წავა, მისი რეჟიმი წავა, მოხდება დეოკუპაცია და ურთიერთობაც მოგვარდება…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







