გულბაათ რცხილაძე: რუსოფობია უნდა აილაგმოს და დაისაჯოს!

    “მაისაია არის პროვოკატორი, რომელიც ფინანსდება პოლონელებისა და ბალტიისპირელებისგან, რათა ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველომ მუდმივად ურტყას შუბლი რუსულ კედელს”

    გულბაათ რცხილაძე

    ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ინიციტივით საქართველოში შეიქმნა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო, რომლის მთავარი მიზანია საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების იდენტიფიკაცია და ანალიზი. საბჭო შეაგროვებს რუსეთზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ისტორიული მოვლენების დამახინჯების, ენის ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებზე ინფორმაციას. მონიტორინგი ფოკუსირებული იქნება ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებზე, პუბლიკაციებსა და ქმედებებზე.

    საბჭოში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ საქმეებზე უზრუნველყოფს შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას. მონიტორინგის შედეგები ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება.

    რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს მიზნებზე გვესაუბრება იდეის ავტორი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

    _ ეს არ არის ცალკე ორგანიზაცია, იურიდიული პირი. ეს არის ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტთან არსებული არარეგისტრირებული საბჭო, რომელიც ჩემი იდეით შეიქმნა. საქართველოში ბევრი ადამიანია დაშინებული, ისინი რუსოფობიის მსხვერპლნი არიან, მიესალმებიან ჩვენს ინიციატივას, მაგრამ ისე, რომ გამოჩენა არ სურთ.

    ჩვენ განვახორციელებთ მონიტორინგს, შევაგროვებთ და დავახარისხებთ ემპირიულ მასალებს.

    რუსოფობია უნდა აილაგმოს და დაისაჯოს!

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის 149-ე მუხლი, რომლითაც აკრძალულია რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. არსებობს ე.წ. დისკრიმინაციის კანონიც, რომელიც, ძირითადად, შეიქმნა სექსუალური უმცირესობების პრივილეგიებისთვის და არა ვინმეს დასაცავად…

    სახელმწიფო არ ზრუნავს ეროვნული უმცირესობის დაცვაზე, მაგალითად, რუსებზე. დასავლეთისგან დაფინანსებული გავეშებული ადამიანებისგან გვესმის რუსოფობიული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რიტორიკა გვესმის სახელმწიფოსგანაც.

    გვინდა, დეტალურად შევისწავლოთ ე.წ. პატრიოტის აქტი და ანტისაბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებული მოვლენა. ანტისაბჭოურსა და ანტიკომუნისტურში შეფუთულია ანტურუსული, ამას მოაყოლეს სიმბოლიკისა და სიმღერის აკრძალვა, ენის შეზღუდვა და ა.შ.

    საქართველოში “გეორგიევსკის ბაფთით” ჩამოსულ ადამიანებს სასტიკ დიკრიმინაციას უწევდნენ, კაფე-რესტორნებში ერჩოდნენ რუს ტურისტებს, არ ემსახურებოდნენ და ამაზე პოლიცია არ რეაგირებდა. ჩვენ 2022 წლიდან დღემდე მომხდარ ფაქტებს განვიხილავთ, მანამდეც იყო, მაგრამ ახლა გამძაფრდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამო.

    ჩვენ ვაძლიერებთ მონიტორინგს, დაუფარავად რაც ხდება, ყველაფერს განვიხილავთ, დავახარისხებთ. ამას გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე, პოლიტიკურ რუსოფობიას გამოვავლენთ.

    _ როგორ ფაქტებზე გექნებათ რეაგირება: მაგალითად, ტაქსის მძღოლი რომ არ ემსახურება რუსეთის მოქალაქეს ან მგზავრი რუს ტაქსის მძღოლს რომ აიძულებს, რუსეთის პრეზიდენტს შეაგინოს? ბევრი ფაქტია მსგავსი, როგორ აღრიცხავთ მათ?

    _ ყველა მსგავსი ფაქტი უნდა აღირიცხოს, თუ არ იქნება ვიდეოკადრი, თვითმხილველმა უნდა დაადასტუროს მომხდარის დრო, ადგილი, მანქანის ნომერი და ა.შ. ვიტყვით, რომ გვაქვს ინფორმაცია და გამოვაქვეყნებთ…

    _ ძალიან დიდი აგრესია გაჩნდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც რუსოფობები რუსოფილებად თვლიან. მათ ემუქრებიან, ფოტოებს უქვეყნებენ, წყევლიან, აგინებენ…

    _ ეს გინებები, მუქარების სქრინები ჩვენამდე უნდა მოვიდეს. ჩვენ კი გამოვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც კი შეგვხვდება რუსოფობიული. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის რუსების მიმართ ნეგატიურად განწყობილი, ასეთები, ძირითადად, მიშისტები არიან. ზოგიერთს რუსეთში ბიზნესი აქვს და იქ დაძვრება, იქნება ეს მიშისტი თუ ქოცი, აქ კი რუსებს აგინებს.

    _ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ეს არის რუსული ბასრი ძალის ინსტრუმენტი და თავიდან ბოლომდე რუსული პროექტი და რომ მოსკოვში არის სტრუქტურა როსკომნადზორი&ქუოტ;, რომელსაც იდენტური ფუნქციები აქვს და მოქმედებს ქვეყნის შიგნით. ახლა კი რუსები, როგორც ჩანს, ცდილობენ, გამოიყენონ არა რბილი, არამედ ბასრი ძალა. მაისაიამ მოუწოდა საქართველოს სპეცსამსახურებს, გამოიძიონ თქვენ მიერ შექმნილი საბჭოს მოღვაწეობა და აღკვეთოს” ის.

    _ ვახტანგ მაისაია სააკაშვილის რეჟიმის ინვალიდია. გონება მას, სამწუხაროდ, დიდი ხანია, არეული აქვს ცემის შედეგად. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი მას სასტიკად გაუსწორდა, რადგან დაუახლოვდა სააკაშვილის ოჯახს (ქალბატონ გიული ალასანიას) პირადი ანგარებით და ამ ოჯახს ღალატობდა. მაისაია დივიდენდებს იღებდა სააკაშვილის რეჟიმის მსახურებითა და ოჯახთან სიახლოვით, თან დამატებითი შემოსავალი გაიჩინა _ ინფორმაციას უგზავნიდა სხვადასხვა უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებს, მათ შორის _ რუსეთის სპეცსამსახურსაც. სწორედ ამ ჯაშუშობისთვის არის ის ნასამართლევი. ჩვენ კი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი აპატიმრებდა, ყველა გვეცოდებოდა, მათ შორის, მაისაიაც. იგი ახლაც მეცოდება, რადგან უბადრუკი არსებაა და მოითხოვს ჩვენი თავისუფალი ნების აღკვეთას.

    ჩვენი პროექტის მიზანი ხომ მხოლოდ ის არის, რომ დავაკვირდეთ და სისტემურად დავახარისხოთ ქართველ და რუს ერებს შორის შუღლის გაღვივების ფაქტები, რომელსაც დაკვეთით ასრულებენ მისნაირი დაქირავებული ვიგინდარები. მაისაია კვალიფიცირებულ პოლიტოლოგად ითვლებოდა, მაგრამ ეს კვალიფიკაციაც დაკარგა. მან დაკარგა ანალიტიკური უნარ-ჩვევები და სანაგვის პოლიტოლოგად იქცა, რომელიც თქვენ მიერ ნახსენებ ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ პუტინი არის „კანიბალი, მკვლელი, დამნაშავე&ქუოტ;. თუ ვინმე სერიოზულად დამისაბუთებს, რომ ასეთი რიტორიკა ჯდება აკადემიურ კრიტერიუმებში, ახლავე დავხევ ჩემს სამეცნიერო დიპლომს. სინამდვილეში მაისაია არის პროვოკატორი, რომელიც დაფინანსებას იღებს პოლონელებისა და ბალტიისპირელებისგან, რათა ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველომ მუდმივად ურტყას შუბლი რუსულ კედელს.

    რაც შეეხება მცდელობას, მაისაიას დაძახილზე სამართალდამცავი ორგანოები ჩვენით დაინტერესდნენ, მას გავუმხელ, რომ ანალოგიური მოწოდებებით მისი სულიერი ძმა, ალეკო ელისაშვილი, გამოირჩეოდა, მაგრამ იგი დღეს თვითონ ზის ციხეში. როდესაც ადამიანს წერა აიტანს, იგი საკუთარ თავს თვითონვე ავნებს. ვაფრთხილებ მაისაიას _ პოლონელებისა და სხვა უცხო სპეცსამსახურების დამქაშს, რომელიც ასევე ადგილობრივ სუსელებთანაც არის კავშირში, დაოკდეს, თორემ შებრუნდება ვირის აბანოში.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here