ედიშერ გვენეტაძე: მოსახლეობის უმრავლესობა იმედოვნებს, რომ არჩევნებში ნაცებს აღარ იხილავს

    ,,ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, რომელსაც ასე ველოდებით, აიკრძალება დესტრუქციული ძალების ბოგინი, ,,ნაცმოძრაობის” წევრები კი პერსონალურად დაისჯებიან და ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში”

    ედიშერ გვენეტაძე

    19 აპრილს პარტია „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებას ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ვაჟი ცოტნე დაესწრო და რეზონანსული სიტყვით გამოვიდა.

     ,,პოლარიზაცია რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყაროა, დეპოლარიზაცია კი _ ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ერთად ზრუნვა სამშობლოზე _  არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში მალე გადამწყვეტ როლს შეასრულებს… თუ მათ მსჯელობას, კითხვებსა და პასუხებს მოუსმენთ, დარწმუნდებით, რომ „ამისიანების”, „იმისიანებისა” და არაჯანსაღი ბრალდებებისთვის სივრცე ვიწროვდება. სიძულვილის ენა ახალგაზრდებისთვის მიუღებელია”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა.

    ცოტნე ივანიშვილის გამოსვლაზე გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე:

    _ ცოტნე ივანიშვილის გამოსვლა პოლიტიკურმა ძალებმა სხვადასხვანაირად თარგმნეს. ის შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდაა, სამშობლოზე შეყვარებული, რომელიც შეწუხებულია ქვეყანაში გარე თუ შიგა ძალების ქმედებით გამოწვეული მოვლენებით.

    თუ პოლარიზაცია შემცირდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ და ასეთი დაძაბულობა, როგორიც დღეს არის ქვეყანაში, მიუღებელია. ცოტნე ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარშიც ისაუბრა და ეს სიტყვები იქაც თქვა.      

    _ საზოგადოების აზრით, კოაბიტაცია ხელახლა დაიწყება…

    _ ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა იყოს ხელახალი კოაბიტაცია, რადგან კოაბიტაციამ ჩვენი ქვეყანა დაანგრია, სწორედ კოაბიტაციამ მოიტანა პოლარიზაცია და შეუძლებელია, ცოტნე ივანიშვილს ამაზე ესაუბრა. ბანდიტებსა და კრიმინალებთან კოაბიტაცია რომ არ შეიძლება, უკვე ვნახეთ…

    ხელისუფლება უკან აღარ დაბრუნდება, რადგან ეს მათი წისქვილის ქვას  უკუღმა დაატრიალებს… ცოტნე ივანიშვილზე საუბარი რომ არ წყდება, გულდასაწყვეტია, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და შარლატანები ცდილობენ, გადაასხვაფერონ.

    _ ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ,,ნაცმოძრაობასთან” კოაბიტაციას არავინ ელოდა. დღეს თეა წულუკიანის კომისიის მუშაობისUშედეგების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვას მოუთმენლად ელოდება საზოგადოება…

    _ ყველა გაწბილებულია. მოსახლეობის უმრავლესობა იმედოვნებს, რომ არჩევნებში ნაცებს აღარ იხილავს. ეს იცის ხელისუფლებამ და ვიმედოვნებ, ამას აღარ დაუშვებს…

    _ როგორ წარმოგიდგენიათ დეპოლარიზაციის პროცესი, რომელზეც ცოტნე ივანიშვილმა ილაპარაკა?

    _ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდება ის სხდომა, რომელსაც ასე ველოდებით ყველანი; აიკრძალება ჩვენი ქვეყნის დესტრუქციული ძალების ბოგინი, ,,ნაცმოძრაობის”  წევრები კი  პერსონალურად დაისჯებიან და ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში…  როდესაც ეს მოხდება, განისაზღვრება, ვინ არიან შეცდომილი ახალგაზრდები, მათთან დაიწყება საუბარი. ცოტნე ივანიშვილი, როდესაც დეპოლარიზაცია ახსენა, შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს, თანატოლებს, გულისხმობდა.

    ისტორიაში იყო საზოგადოების პოლარიზაციის ფაქტები, ასე მოხდა გერმანიაში, ასე იყო ჩინეთშიც, როდესაც სხვადასხვა წრეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ, ამიტომ აუცილებელია ამ ახალგაზრდების მოფერებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემობრუნება სამშობლოსკენ. მომავალი თაობა უნდა დავიბრუნოთ.

    დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ მოხდა სასიკეთო და ვიმედოვნებ, კიდევ ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here