გთხოვთ, წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება!

    გთხოვთ, წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება!

    მსოფლიო პრაქტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იშვიათობა არ არის, თუმცა ითვლება, რომ ამ მეთოდს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. თანამედროვე მსოფლიოში პარტიების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტიც კი არსებობს; მაგალითად, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის, რომელთა თანახმად პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მიიჩნევა უკიდურეს ზომად. ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარტია იყენებს ძალადობას ან მოუწოდებს ძალადობისკენ; კიდევ იმ შემთხვევაში, თუკი პარტია რეალურ და დაუყოვნებელ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წესრიგს.

    მსოფლიოში პარტიების აკრძალვის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიის დაცვის, ავტორიტარული რეჟიმების კონსოლიდაციისა და გეოპოლიტიკური ძვრების პროცესებთან. სხვადასხვა ეპოქაში სახელმწიფოები პოლიტიკურ გაერთიანებებს კრძალავდნენ ან ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, ან იდეოლოგიური მონოპოლიის შესანარჩუნებლად. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ყოველთვის არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება.

    მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფაშიზმის რეციდივის თავიდან ასაცილებლად ევროპაში დაიწყო ტოტალიტარული პარტიების სამართლებრივი დევნა.

    * 1945 წელს მოკავშირეებმა კანონგარეშედ გამოაცხადეს ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია (ნაცისტური პარტია), ხოლო მისი სიმბოლიკა და პროპაგანდა სრულად აიკრძალა;

    * 1945 წელს იტალიის კონსტიტუციამ პირდაპირ აკრძალა ეროვნული ფაშისტური პარტია და მისი ნებისმიერი ფორმით აღდგენა;

    * 1952 წელს დასავლეთ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა სოციალისტური რაიხის პარტია. ეს პარტია იყო ნაცისტური პარტიის პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრე.

    ეს აკრძალვები იყო ე.წ. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის (Streitbare Demokratie) მიერ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები.

    ამას მოჰყვა ე.წ. ცივი ომი და მასთან დაკავშირებული ისტერიკები ევროპაში, როდესაც დაიწყო კომუნისტური პარტიების აკრძალვა. ეს პროცესი ორ ტალღად მიმდინარეობდა: ცივი ომის დროს – დასავლეთში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – აღმოსავლეთ ევროპაში.

    * 1956 წელს დასავლეთ გერმანიის სასამართლომ აკრძალა გერმანიის კომუნისტური პარტია, რადგან, როგორც გაცხადებული იყო, მისი მიზნები ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიულ წეს-წყობილებას.

    * 1991 წელს, პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებულებით, რუსეთში აიკრძალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.

    ამას მოჰყვა აღმოსავლეთ ევროპის დეკომუნიზაცია. მოგვიანებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა (ბალტიისპირეთი, უკრაინა) მიიღეს კანონები, რომლებიც კრძალავენ კომუნისტურ სიმბოლიკასა და კომუნისტური იდეოლოგიის მქონე პარტიების რეგისტრაციას.

    კომუნისტური სიმბოლიკა აკრძალულია საქართველოშიც.

    ხშირია აკრძალვები რელიგიურ და ფუნდამენტალისტურ პარტიებში.

    თურქეთი

    1998 წელს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა კეთილდღეობის პარტია, რომელიც ისლამისტური მიმართულების იყო. იგი დაისაჯა სეკულარიზმის პრინციპების დარღვევის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა კანონიერად ცნო.

    ეგვიპტე

    2013 წელს მუჰამედ მურსის დამხობის შემდეგ სამხედრო მთავრობამ „მუსლიმთა საძმო” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა.

    ესპანეთი

    2003 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა ბასკური პარტია ბატასუნა ტერორისტულ ორგანიზაციასთან მისი მჭიდრო კავშირის ბრალდებით.

    ევროპული სამართალი უშვებს პარტიის აკრძალვას, თუ ის ძალადობრივი გზით ცდილობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ან ტერორიზმს უჭერს მხარს.

    ეს არ არის სრული სია, მაგრამ ისიც კი ცხადყოფს, რა ხასიათისაა ეს პროცესი და როგორი სპეციფიკა ახლავს. არის ვითარება, როდესაც ყველაფერი ისე ცხადია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არც არის საჭირო, ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია. მაგალითად, გერმანიის ნაცისტური პარტია რომ ასაკრძალი იყო, ეს ეჭვს არავისში არ იწვევდა. იგივე ითქმის ტერორისტულ პარტიებზეც, მაგრამ რა საფუძველი ჰქონდა კომუნისტური პარტიების აკრძალვას ან ევროპის ქვეყნებში, ან რუსეთში, ეს არათუ დღესავით ნათელი არ არის, საერთოდ, გაუგებარია. აშკარაა, რომ ეს იყო გამარჯვებული დასავლეთის რევანში, პოლიტიკური შურისძიება და აშკარა რეპრესიები. რა საფუძველი ან რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს საქართველოში სააკაშვილის მიერ შემოღებულ ე.წ. თავისუფლების ქარტიას, რომლის მიხედვით კომუნისტური და საბჭოთა სიმბოლიკა აიკრძალა?! ეს იყო ძალადობრივი აქტი, გაგრძელება გამსახურდიას მიერ მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვით „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა აკრძალეს და პარლამენტიდან გაუშვეს ხალხის მიერ არჩეული კომუნისტები, რომლებიც, მართალია, უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ ისეთივე ლეგიტიმური წარმომადგენლობა ჰქონდათ თავიანთი ამომრჩევლებისა, როგორც უმრავლესობის წევრებს. ეს იყო კანონის სახელით ძალადობა მისთვის საძულველი (კომუნისტური) იდეოლოგიის წარმომადგენლებზე, ანუ იდეოლოგიური მოწინააღმდეგის განადგურების მცდელობა.

    დღეს აღარც გამსახურდია არსებობს და აღარც მისი პარტია, ამიტომ პასუხისმგებლობის საკითხიც არ დგას დღის წესრიგში. სააკაშვილი კი, მის ფაშისტურ პარტიასთან ერთად, არათუ არსებობს, დღესაც ხელისუფლებისკენ მიილტვის, თანაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების გზით. ეს უკვე სრულიად საკმარისი არგუმენტია პარტიის ასაკრძალად, მაგრამ ამ პარტიისა და მისი ლიდერის ბიოგრაფია ხომ მრავალი სამარცხვინო ფურცლისგან შედგება, რომლებზეც მკვლელობათა არაერთი ისტორიაა; ბიზნესის ძარცვის ასევე არაერთი ისტორიაა; ელიტური კორუფციის დანერგვა და საბიუჯეტო თანხების ძარცვის არაერთი გახმაურებული ეპიზოდია; სახელმწიფო გადატრიალების გზით („ვარდების რევოლუცია“ რომ დაარქვა) ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა; ბოლოს და ბოლოს, ტერიტორიების დაკარგვის მოღაღადე ფაქტებია?! სხვა რაღაა საჭირო იმისთვის, რომ ლიდერიც დაისაჯოს და პარტიაც აიკრძალოს? არც არაფერი! მათი დღევანდელი მოქმედება ცალკე თემაა, რომელიც უამრავ კრიმინალურ ფაქტსა და ისტორიას შეიცავს. ბოლოს და ბოლოს, ესაა ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებელი პარტია, ამიტომ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, რომელშიც პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას მოვუწოდებ, განზე გადადოს ყველაფერი, რამაც სამართლიანი განაჩენის გამოტანაში შეიძლება ხელი შეუშალოს. მხოლოდ და მხოლოდ კანონია ის, რითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაა ის, რითაც ხალხმა ამ პარტიასთან დამოკიდებულებაში უნდა იხელმძღვანელოს.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here