გიორგი ხარიბეგაშვილი: “ნაცმოძრაობის” აკრძალვას არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ იმუშავებს პრინციპი: “ხმა მოგვეცით, თორემ ნაცები დაბრუნდებიან!”

    გიორგი ხარიბეგაშვილი
    გიორგი ხარიბეგაშვილი

    საპარლამენტო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 2025 წლის 2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა, რომელიც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე 470-გვერდიანი ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ სახელმწიფო გადატრიალებად არის მიჩნეული და კატეგორიულად დაგმობილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა 2004-დან 2012 წლამდე. კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს, აგრეთვე, ბრალს სდებს 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებასა და სამხედრო ოპერაციებზე პოლიტიკურ გავლენაში. ამასთანავე, დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვაში დადანაშაულებულია ამჟამად მოქმედი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით მოქმედებდნენ. კომისიის ანგარიშში განხილული და შეფასებულია ისეთი თემები, როგორებიცაა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობა. დოკუმენტში ასევე აღწერილია სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულად მიჩნეული ქმედებები, რომლებიც ყოფილმა თანამდებობის პირებმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წლიდან ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ განახორციელეს.

    საკონსტიტუციო სასამართლომ პროცესი 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო.

    საკონსტიტუციო სასამართლოში სახელისუფლო გუნდს, ბევრისთვის გასაკვირად, თეა წულუკიანის ნაცვლად წარმოადგენენ პარლამენტარები _ არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

    აკრძალავს თუ არა საკონსტიტუციო სასმართლო “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ასოცირებულ პარტიებს? _ ამ მნიშვნელოვან თემაზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ ზოგადად, პარტიების აკრძალვა ინსტიტუციურ დონეზე ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას ნიშნავს და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დაუშვებელია. სანქცია უნდა ვრცელდებოდეს კონკრეტულ პირებზე და არა პარტიებზე, რადგან თუნდაც სისტემურ დანაშაულში პარტიის წევრები თანაბრად არ მონაწილეობენ. ამასთანავე, თუ აკრძალავ რამდენიმე პარტიას და არ დასჯი კონკრეტულ კრიმინალებს, ეს უკანასკნელები გადაჯგუფდენიან და ახალ პარტიას დააფუძნებენ.

    ასაკრძალავი პარტიების სიაში “ნაცმოძრაობა” და მისი განაყოფებია დასახელებული, მაგრამ გვახსოვს, რომ ხელისუფლება მათ 14 წლის განმავლობაში სასათბურე პირობებს უქმნიდა, ხოლო ალტერნატიულ ოპოზიციას გასაქანს არ აძლევდა. შესაბამისად, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაცებზე პრეცედენტის ფორმალური დაშვებით ხელისუფლება ჯანსაღი ოპოზიციის მიმართ რეპრესიების გატარებას შეეცდება, “ნაცმოს” კონკრეტული წარმომადგენლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას საჯარო სამსახურებში და “ოცნების” რიგებშიც…

    _ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო ნაცების აკრძალვას? მოსამართლეების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელია…

    _ საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის და რას შეძლებს ან ვინ იჯდება იქ, საინტერესო არ არის, რადგან ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებების შემსრულებელი რგოლია. წარმოუდგენელია სასამართლოს განხილვა ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ, როცა დღეს არსებული ერთპარტიული ხელისუფლების ვითარებაში მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი მოსამართლე ვერ წავა.

    აქედან გამომდინარე, “ნაცმოძრაობის” აკრძალვას არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ იმუშავებს პრინციპი: “ხმა მოგვეცი, თორე ნაცები დაბრუნდებიან. ნაცები მაშინ გაქრებიან, როცა ამომრჩეველი “ოცნებას” ეტყვის, რომ ნაცები არ აინტერესებს, მით უმეტეს, რომ ნაცებისა თუ ნეონაცების პოლიტიკოსები, ხაბეიშვილით დაწყებული, გვარამიათი დასრულებული, ან მთავრობის პირდაპირი აგენტები არიან, ან მათთან გარიგებულნი და მოსყიდულნი.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here