,,ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნები იმ დაპირებით მოიგო, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკიდან გააქრობდა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ თეა წულუკიანის კომისიამ დაიწყო მუშაობა და ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ხელახლა გამოააშკარავება საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდოდა და ქართველი ხალხი ,,ნაცმოძრაობისგან” გათავისუფლდებოდა…
რატომ ვერ ხერხდება ,,ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პარტიეს, აკრძალვა, რა უშლის ხელს ხელისუფლებას? ამ თემაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ ,,ნაცმოძრაობის” გასამართლება საშაყირო თემად იქცა. ეს სამწუხაროა, რადგან ,,ქართულ ოცნებას” ხალხმა ხმა იმიტომ მისცა, რომ სისხლიანი 9 წლის შემოქმედთ დასჯიდა. გაჭიანურდა ნაცების დასჯა _ ეს ცუდია, რადგან ხალხი ხმას აღარ მისცემს მმართველ გუნდს, აღარ მოტყუვდება…
_ ხელისუფლების მხარდამჭერებს იმედი გაუცრუვდათ. ბევრი ამბობს, რომ შეიძლება არჩევნებზე აღარ წავიდეს…
_ დიდი ალბათობით, ასეც მოხდება… ,,ოცნების” ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არჩევნებზე აღარ წავა, ნაცებს კი მყარი ამომრჩეველი ჰყავთ და მივლენ არჩევნებზე, თუკი მანამდე ,,ნაცმოძრაობას” არ გაანეიტრალებენ.
_ გადიდგულებულია ე.წ. ოპოზიცია, რომელიც მაისიდან აქტიურად ჩართვას აპირებს წინასაარჩევნო კამპანიაში. ბევრის აზრით, ხელისუფლების ქმედებებს აფერხებს დესტრუქციული ძალების ხშირი ვოიაჟები საზღვარგარეთ…
_ პოლიტიკა გარიგებებისა და შეთანხმებების ხელოვნებაა, მაგრამ ხელისუფლების დაკარგვის საპირწონე რა უნდა იყოს, ვერ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი ჯდება თუ არა ,,ოცნების” ინტერესებში, არ ვიცი.
_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს თუ ელოდებით?
_ დიახ, ველოდები, რადგან სახელისუფლო გუნდი ახლა უფრო მიიღებს საკმარისი რაოდენობის ხმებს, ვიდრე ორი წლის შემდეგ.
_ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ თუ არ შეასრულა, ვერ შეაჩერა ფასების მატებაც და ახლა ხალხს ეუბნება, ჯადოსნური ჯოხი არ გავქვს, რომ ავიქნიოთ და ფასები დარეგულირდესო…
_ ხელისუფლებამ ხალხის გულის მოსაგებად რამე თუ არ იღონა, მისი მხარდამჭერები მართლა არ მივლენ არჩევნებზე. რაღაც ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოიფიქრონ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, რადგან დიდი გაჭირვებაა ქვეყანაში, ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია.
წარუმატებლობაა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, გამორიცხულია.
,,ოცნებისთვის” კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს!..
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







