Home ახალი ამბები საქართველო ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი...

ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში

საქართველოს სახალხო დამცველის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განათლების კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ი საკუთარ ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს 20 აპრილს გადაეგზავნა ვკითხულობთ, რომ 2025 წელს, ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „რუსიფიკაციის“ პოლიტიკას ატარებდა და ამ მიზნით სხვადასხვა „საგანმანათლებლო პროექტს“ იყენებდა.

“ინტენსიურად ფუნქციონირებდა რუსული „ღია განათლების ცენტრები“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ადგილობრივი ე.წ. ფილიალები. აქტიურობით გამოირჩეოდა რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებლო დაწესებულება. ე.წ. საგანმანათლებლო პროექტები უმეტესად გათვლილი იყო ძირითადად ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ ახალგორსა და გალის რაიონებზე.

ჩატარდა აქტივობები, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებში პოპულარიზაციას უწევდა რუსულ ახალგაზრდულ პროექტებს, „კვალიფიკაციის ამაღლების“ კურსებსა და რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივებს. განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე „თანამშრომლობის“ შესახებ გაფორმდა ე.წ. შეთანხმებები”, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც სუს-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. განათლების სამინისტრომ და ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიურად ითანამშრომლეს რუსეთის იდეოლოგიური ნარატივების გამტარ პლატფორმასთან, რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ცოდნასთან“. იმავდროულად ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა მისი ე.წ. წარმომადგენლობაც და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა „მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დირექტორატისა“ და „საზოგადოებრივი დიპლომატიის ცენტრის“ ფილიალები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი პედაგოგების საკითხი ერთ-ერთია, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ანგარიშში ეხება და წერს:

“ოკუპირებულ რეგიონში მიმდიწარე ანექსიური პოლიტიკისა და რუსიფიკაციის ფონზე, საოკუპაციო ძალამ გაზარდა ზეწოლა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებზე. გავრცელდა ცნობები მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მცდელობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „ჯაშუშობის“ გამოგონილი ბრალდებით უკანონო დაკავების ფაქტიც. ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებოდა სოციალური ქსელებიც, სადაც ნეგატიურ კონტექსტში იყო აღნიშნული, რომ ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობას აძლევს”.

დასკვნის სახით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველების, ენობრივი, კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია და მათი იდენტობის შეცვლა წარმოადგენს.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიში – 2025

https://edu.aris.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here