,,საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებით იანვარ–ოქტომბრის პერიოდში ეკონომიკურმა ზრდამ 7,6 % შეადგინა; შესაბამისად, ჩვენ, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, რომელიც არის 7,2 %, გადაჭარბებით შევასრულებთ”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ისტორიაში პირველად საქართველოს ეკონომიკა 100 მლრდ ლარს გადასცდება და მოსახლეობის ერთ სულზე ნომინალური მშპ 10 000 დოლარს გადააჭარბებს.
მსგავსი ეკონომიკური აღმასვლა საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვსო, _ გვიცხადებს პრემიერმინისტრი და დასძენს, რომ ეს სწორი და მშვიდობიანი პოლიტიკის დამსახურებაა.
პრემიერმინისტრის ნათქვამის არ სჯერა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ბევრი ადამიანი ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას _ კომუნალურმა გადასახადებმა და საკვები პროდუქტების გაძვირებამ ლამის წელში გაწყვიტოს ოჯახები.
საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:
_ საქართველო არ მიუერთდა სანქციებს და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რაზეც პრემიერმინისტრმა ისაუბრა. სანქციების მიუერთებლობამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მართლაც გამოიწვია და ეს აისახება მათზე, ვინც გუშინ და გუშინწინ მილიონერი იყო, რადგან დღეს უკვე მილიარდერია; ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ეკონომიკა, რომელიც ხელს უწყობს ერთეული ადამიანების გამდიდრებას, მაგრამ, ვისაც მაცივარი ცარიელი ჰქონდა, ახლაც ცარიელი აქვს, მეტიც _ ცხოვრება უფრო გაუჭირდა. რა ეკონომიკაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში პირველ ადგილზე ტურიზმი და ავტომობილების რეექსპორტია?!
ფასების მატება მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდაზე აისახება _ მშპ იზრდება და იმ მონაცემს ყოფენ მოსახლეობაზე, ეს სამართლიანი არ არის. ვიღაცას ერთი მილიონი ჰქონდა გუშინ, დღეს 25 მილიონი აქვს და ამ თანხას ყოფენ მთლიან მოსახლეობაზე.
კომუნისტების ეპოქაში მილიონერები და მილიარდერები არ იყვნენ, იმხანად ცდილობდნენ, ყველასთვის ყველაფერი თანაბრად გადანაწილებულიყო, ხელფასებს შორისაც არ იყო დიდი სხვაობა, ადამიანებიც ღირსეულად იყვნენ დასაქმებულები. დღეს დასაქმებულად ითვლება სოფლის მოსახლეობის ასი პროცენტი, მაგრამ, მათგან ლუკმაპურის ფული ვის აქვს და ვის არა, უფალმა იცის.გლეხმა საკარმიდამო მიწაზე რა უნდა მოიყვანოს იმდენი, რომ ოჯახიც გამოკვებოს და მოწეული პროდუქტიც გაყიდოს?!
უმუშევართა რაოდენობის მაჩვენებელი მცირდება, რადგან სოფლად მცხოვრები ყველა დასაქმებულად ჩაითვალა; ასევე დასაქმებულად ჩათვალეს ის ოჯახები და ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დახმარების ხარჯზე ცხოვრობდნენ, მათ დაუტოვეს კომპენსაცია და გააფორმეს დასუფთავების სამსახურებში 300 ლარად.
დასაქმებულად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ასივე პროცენტი, მაგრამ, თუ ადამიანები საქმიანობენ მომსახურების სფეროში, სადაც არ არის წარმოება და არ არის დამატებითი ღირებულება, ასეთი ეკონომიკა არასოდეს იქნება ნამდვილი ეკონომიკა.
საქართველოში ფული მხოლოდ მშენებლობაში იდება, ჩვენ არ გვაქვს მრეწველობა, არ ვაწარმოებთ არაფერს, შესაბამისად, აქ ეკონომიკაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი _ ბევრ ადამიანს აქვს 100 ან მეტი ბინა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყიდველი არ არის, ბინის ფასი არ მცირდება, რადგან ზოგიერთმა დიდძალი ფული იშოვა და სურს, უძავ ქონებაში დააბანდოს. ბინების შეძენას რისკი არ ახლავს, ქონება რჩება, მეპატრონე ბინის ფულს დამქირავებლის ხარჯზე იხდის, მას მხოლოდ ოპერირება უწევს. ეს დეფორმირებული ეკონომიკაა.
ეკონიმიკა ასეთია _ ფული-საქონელი-ფული, ბანკიდან გამოსული თანხა წარმოებაში უნდა მიდიოდეს, ჩვენ კი არაფერს ვაწარმოებთ.
_ ენერგეტიკის სექტორში კომპანიებს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმა ჩამოაწერეს. Aმან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია; ამბობენ, კომპანიების მილიარდიანი ვალის ჩამოწერა მოახერხეს, პენსიონერების ვალების კი – ვერაო…
_ მოქალაქე მართლაც დაჩაგრულია. მას საქენერგოს ვალი რომ ჰქონდეს, ერთ წუთს არ აპატიებდნენ, მაგრამ აღნიშნულ კომპანიებთან სახელმწიფო იყო არაობიექტური, არასწორად იქცეოდა, რაც ადვილად დასაბუთდა. ენერგოკომპანიებმა სახელმწიფოს დავები მოუგეს და ეგ იყო თანხის ჩამოწერის მიზეზი… ჩვენი ხელისუფლება არაობიექტურია, ის მილიონერების მილიარდერებად გადაქცევას გვაზეიმებს. ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები და ადამიანები იგებენ. ამ წრის გარღვევა შეუძლებელია, რადგან რამდენიმეწლიან გამოცდილებას ითხოვენ, გამოცდილება კი სააკაშვილისდროინდელ კომპანიებს აქვთ.
_ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს კომუნალური გადასახადებიც. ახლა ისევ საუბრობენ იმაზე, რომ დენის ტარიფმა შეიძლება მოიმატოს…
_ ჩვენ უნდა გადავხედოთ ტარიფებს, უნდა გადავხედოთ მომწოდებლებს, უკეთესი მომწოდებელი და პარტნიორი უნდა მოვძებნოთ, ფასები შევადაროთ. ამ დროს სიგიჟეა პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილების მიღება. ყველამ იცის, რომ რუსეთი საუკეთესოა ენერგომატარებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ ხომ გიჟები ვართ?!
ტარიფებს თავი დავანებოთ და ვისაუბროთ ყველაზე მომგებიან ბიზნესზე. აი, მაგალითად, ქართველები დარბიან ევროპაში იმისთვის, რომ ღვინის ბაზარი მოიძიონ; ამბობენ, რუსეთში ექსპორტი უნდა შევამციროთო. ამას მარტო გიჟი აკეთებს. ბაზარი ბედნიერებაა ბიზნესისთვის, ეს ბაზარი კი რუსეთშია. მეღვინეობა მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ სახელმწიფო დოტაციაზეა. რატომ უნდა იყოს მომგებიანი ბიზნესი სახელმწიფო დოტაციაზე? რატომ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს მომგებიან ბიზნესზე? ანალოგიური რამის თქმა შეიძლება ტურიზმზეც: აბობენ, მომგებიანიაო, მაგრამ უამრავ ფულს დებენ. თუ დიდი ზრდა გაქვს, დაანებე ამ ბიზნესს თავი და დაეხმარე მოსახლეობას.
საქართველოს ბაზარი პატარა არ არის. ამ ბაზრისთვის მთელი ევროპა იბრძვის, იბრძვის რუსეთიც…
ჭკვიანი ეკონომისტები არ სჭირდება საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ გუნდს, რადგან სისტემას კარგად იყენებენ. ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკაში არაფერს აკეთებს, ყველაფერი თავისით ხდება. სანქციებზე მიუერთებლობამ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, აქ თითი თითზე არავის დაუდია ეკონომიკის წინსვლისთვის.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







