დიდი ამბით დაპირებული  გაიაფება, სამწუხაროდ,  ჩაილურის წყალს დალევს და ეს მთავრობის  დიდი სირცხვილი იქნება!

    ფასების მარეგულირებელი კომისია,  უკვე მესამე თვეა, მუშაობს და, წესითა და რიგით, დასკვნა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს (ასეა დაანონსებული). ანუ, აპრილის ბოლოს უნდა გაირკვეს, რისი ბრალია გაძვირება და  როგორ უნდა შემცირდეს ფასები საკვებ პროდუქტებზე. რა თქმა უნდა, დაპირება ძალიან კარგია და, ზოგადად, ამ კომისიას ხალხი იმედის თვალით უყურებდა თუ უყურებს, მაგრამ შევეცდებით, ავხსნათ, რატომ ვერ მოახერხებს ხელისუფლება საკვები პროდუქტების გაიაფებას.

    მარტივი მაგალითით დავიწყოთ: ჩემს მეგობარს აქვს ხილის შესანახი მაცივარი და  40 ჰექტარზე გაშენებული  ხეხილის ბაღი. მოჰყავს  ალუჩა, მსხალი, ვაშლი, გარგარი, კარალიოკი, ბალი…  სულ ნარჩევი ჯიშები, რომ შეხედავ და თვალს ესიამოვნება. ჰოდა, ახლა ეს ჩემი მეგობარი ამბობს, რომ გაუძვირდა დენი (ხილის შესანახი მაცივარი ბევრ ენერგიას რომ მოიხმარს, კი ხვდებით), გაუძვირდა  წყალი, გაუძვირდა ის წამლები, რომლებითაც ხეებს უნდა უმკურნალოს, გაუძვირდა ყველა სახელმწიფო სერვისი და გაძვირდა საწვავი. ახლა მთავარი კითხვა – როგორ და რა გზით უნდა შესთავაზოს მან მომხმარებელს გაიაფებული პროდუქტი?! სად უნდა ნახოს გაიაფების საშუალება, ვის სთხოვოს დახმარება ან როგორ სთხოვოს? არ გადაიხდის წყლის ფულს და მელიორაცია ჯერ დააჯარიმებს, შემდეგ  წყალს შეუწყვეტს; არ გადაიხადის დენის ფულს და ჩაუჭრიან; არ გადაიხადის საწვავის თანხას და ტრანსპორტირებას ვერ მოახერხებს. პარალელურად, ეს ყველაფერი  რიგით ადამიანებსაც გაუძვირდათ და შესაბამისად მუშახელიც უფრო მეტს მოითხოვს, რადგან მანაც  უნდა  გაიტანოს თავი.

    ახლა მეორე მაგალითი.  კონკრეტულ პირს აქვს ავტოსამრეცხაო, იხდის გადასახადებს, გაუძვირდა წყალი და ელექტროენერგია. ამას დაუმატეთ ის ქიმიკატები, რომლებიც ავტომობილის გასარეცხად არის საჭირო და რომელთა უდიდესი ნაწილი ირანიდან შემოდიოდა. ახლა კი, ორმუზის სრუტის ჩაკეტვის  გამო, ამ ქიმიკატების ღირებულება გაორმაგდა და ავტომობილების რეცხვის ფასმა ლამის 100%-ით მოიმატა. რაც შეეხება ხელით რეცხვას, ასეთი ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ იძულებულნი არიან, რეცხვის დრო შეამცირონ: თუ აქამდე  120 წამი  რეცხვა 1 ლარი ღირდა, ახლა 100 და 90 წამზე ჩამოდიან წყლისა და დენის გაძვირების გამო.  რატომ და როგორ უნდა გაიაფდეს რამე, ვინმე აგვიხსნის? სახელმწიფო ვერ ეტყვის ენერგოკომპანიებს, დენი გააიაფეთო, რადგან გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო და ელექტროენერგია გააძვირა; ვერც წყლის გაიაფებას მოითხოვს, რადგან ესეც სახელმწიფოს ჩარევით მოხდა და თანაც აგვისხნეს, რომ გაძვირება იძულებითი ნაბიჯი იყო. ადვილი მისახვედრია, საწვავის გაძვირება რისი ბრალიც არის და… რა გამოდის? სახელმწიფო გვიცხადებს, სხვანაირად არ გამოდის, ყველაფერი უნდა გავაძვირო, თორემ შეიძლება ხელფასი ვერ გადავუხადო საჯარო მოხელეებსო. ბიზნესმა  ამიტომ უნდა გააიაფოს გაძვირებული სერვისების პირობებში მიღებული პროდუქტი?!

    იქით მივდივართ, რომ პროდუქტების  დიდი ამბით დაპირებული  გაიაფება, სამწუხაროდ, ჩაილურის წყალს დალევს და ეს მთავრობის ერთ-ერთი დიდი სირცხვილი იქნება.  ხელისუფლებას გაუჭირდება იმის ახსნა,  იმ დროს, როცა  კომისიის სხდომის მიმდინარეობისას პირდაპირ ეთერში ბიზნესმენებს პროდუქტების გაიაფების აუცილებლობაზე ესაუბრებოდა, თვითონ რატომ  გააძვირა ყველაფერი. თუ ენერგომატარებლების გაძვირება გასაგებია, აუხსნელია, რატომ გაძვირდა იუსტიციის სახლებში ისეთი სერვისები, რომლებიც მანამდე იაფი  იყო, და რატომ დაედო ფასი ადრე  უფასო სერვისებს. ახლა რომ ვთქვათ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ხელფასები ისე მოემატათ, რომ ეს იძულებით ნაბიჯი იყო, ტყუილი გამოგვივა. მათაც, როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, ხელფასი 10%-ით გაეზარდათ და ეს იყო მაქსიმუმი. რაღაც სერვისი კი, 300 ლარი რომ ღირდა,  ახლა  600 ღირს, ხოლო უფასოს 150 ლარი დაადეს. ამის  მთავარ მიზეზად  ადგილობრივი წარმოების არარსებობას დავასახელებთ. ჰო, ადგილზე არაფერს ვაწარმოებთ და ამიტომ ბიუჯეტის შევსება ჭირს, ამიტომ იზრდება ყოველწლიურად ჯარიმები და ამიტომ დარბის გარემოს დაცვის ინსპექცია „გიჟივით“ და ისეთ მარტივ რაღაცებზე წერს 500-ლარიან ჯარიმებს, ადვილი მისახვედრია, მიზანი ბიუჯეტის შევსებაა. ორიოდე დღის წინათ გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა 5 ახალგაზრდა დააჯარიმეს, აქაოდა, მტკვარზე ანკესებით კი თევზაობთ, მაგრამ კაშხალთან 300 მეტრში ხართ და, ახალი წესის მიხედვით, 500 მეტრის დაშორებით უნდა იყოთო. მანამდე დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც საკუთარ ნაკვეთში ერთი მანქანა ხრეში ამოიღო იმავე ნაკვეთში მეორე ორმოს შესავსებად, აქაოდა, ნებართვა გჭირდებოდაო და 2000-ლარიან ჯარიმასთან ერთად 650 ლარი გარემოს დაზიანების გამო გამოუწერეს. არადა, ადამიანი თავის ნაკვეთში იყო და, როგორ გგონიათ, საკუთრებას ისე მოექცეოდა,  რამე  დაეზიანებინა? ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ ბიუჯეტის შევსება პრობლემურია და ამის გამო ჯარიმა იწერება ყველაფერზე, რაზეც შეიძლება და არ შეიძლება.

    ბატონებო, ეს არ არის  გამოსავალი, არ შეიძლება ყველაფერი მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღოთ! ადრე თუ გვიან ეს იმ დონეზე მივა, რომ ადამიანები, უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ გადახდას და სოციალურ აფეთქებას ერთი ნაპერწკალი უნდა.    ოპოზიციაც მიხვდა, რომ სოციალური საკთხები კარგი სავაჭროა. ისინი 26 მაისს მოქალაქეებს ქუჩაში იმისთვის ეძახიან, ცუდი დროება დაგიდგათ და ხმა ამოიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ხართო.  ეს არის ყველაზე აქტუალური დღეს და, თუ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ სოციალური მდგომარეობა შეიძლება გაუუმჯობესდეთ, აღარ მიაქცევენ ყურადღებას, სათავეში ვინ უდგათ. საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის გადაუვლიან ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე გადაეღობებათ.

        კიდევ შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ფასების მარეგულირებელმა კომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს და საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირება დაიწყოს. საინტერესოა, თუ გააიაფებენ პურს, რომელიც გასულ წელთან შედარებით 16%-ით  გაძვირებულია და გარკვეული სახეობები 20 აპრილიდან კიდევ 10 თეთრით გაძვირდება. მეწარმეები ამბობენ,  სხვა გზა არ არისო, ისევ წყლისა და დენისკენ იშვერენ ხელს. მთავრობა კი  როცა სხვადასხვა პროდუქტზე გვპირდება ფასების შემცირებას, მთავარი საკვები პროდუქტის გაძვირება   გაურკვევლობას იწვევს; თანაც ეს ყველაფერი იმ პირობებში, რომ მთელი გასული წლის განმავლობაში პურის მწარმოებლები გვამადლიდნენ, პრაქტიკულად მოგებაზე არ ვმუშაობთ, მოსახლეობის ინტერესს ვითვალისწინებთ და პურს არ ვაძვირებთო,  მაგრამ  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ პური 16%-ით გაძვირდა. უკეთესობას არც წელს უნდა ველოდოთ.

    სად არის გამოსავალი? არაერთხელ დავწერეთ, რომ გამოსავალი ერთადერთია – ადგილობრივი წარმოება ისე უნდა გაძლიერდეს, იმპორტს დიდწილად  ჩავეხსნათ და ადგილობრივები  კი ისე დავასაქმოთ, სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი რომ არ ჰქონდეთ. არის ამის შესაძლებლობა და ფინანსებიც; თანდაც ის ბიზნესმენები, ახლა „ტრამპ თაუერის“ ასაშენებლად რომ გაერთიანდნენ, 2-3 საწარმოს გახსნაზე თუ დაირაზმებიან, ურიგო არ იქნება. „ტრამპ თაუერის“ პროექტი მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და როგორ დავიჯერო, ამ ფასად, სულ ცოტა, 3  ნორმალური საწარმოს აშენება არ შეიძლება? აბსოლუტურად არაფერი გვაქვს და…  

    P.S. ევროპაში შენობების თბოიზოლაციისთვის მატყლის გამოყენება დაიწყეს, „სტეკლოვატას“ ხარისხით თუ სიჯანსაღით გაცილებით  სჯობსო, და მიდის მატყლის მიღება-ჩაბარება. ჩვენთან კი მწყემსები იხვეწებიან, ოღონდ მატყლი მოგვაშორეთ და ფულს ჩვენ გადაგიხდითო. რატომ? იმიტომ, რომ არ გვაქვს მატყლის მიმღები თუ გადამამუშავებელი პუნქტები, გარემოს დაცვა გაკრეჭილი ცხვრის ბეწვის გადაყრის ნებართვას არ იძლევა, უნდა დაიმარხოს, სპეციალური ხსნარებით განადგურდეს და ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ევროპაში კი… ევროპაში არ იციან, ჯანსაღი მატყლი სად მოიძიონ, ჩვენთან კი, თუ არ დამარხე და გაანადგურე, დაგაჯარიმებენ…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here