საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კარგად ჟღერს, ამაღლებული პათოსით, ამიტომაც ეტანებიან მას სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები. უკვე ჩავლილმა 26 მაისმა ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ ამ თარიღის სპეკულაციური მიზნებისთვის გამოყენებამ მყარი ტრადიციის სახე მიიღო.
რა არის 26 მაისი?
ჩავიხედოთ ვიკიპედიაში: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს”.
აი, ეს არის 26 მაისი.
კი მაგრამ, რა არის ამ დღეში ისეთი, რასაც ამ დღეს ავანტიურისტული ძალები სპეკულაციურად იყენებენ?
კვლავ ჩავიხედოთ ვიკიპედიაში და ვნახავთ ერთ საკითხს, რომელიც იმთავითვე იწვევდა წინააღმდეგობას: „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი (ამიერკავკასიის ფედერაცია) ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს. 1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი”. აი, რა იყო მთავარი – გერმანული (დასავლური) საგარეო-პოლიტიკური კურსი. არა ზოგადად დამოუკიდებლობა, არამედ რუსეთისგან დამოუკიდებლობა და დასავლეთთან შეკედლება.
დამოუკიდებლობის ასეთი გაგება დღემდე მოგვყვება. ეს ცნება მთელ გარე სამყაროზე კი არ ვრცელდება, იგი მხოლოდ რუსეთს შეეხება და რუსეთის გამო გვახსენდება. პირდაპირ არის გამოცხადებული, რომ დასავლეთის ვასალობა დამოუკიდებლობის ტოლფასია. ქართული ეროვნული ცნობიერება თითქმის მიიყვანეს იმ კონდიციამდე, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დასავლეთის კოლონიად ყოფნა სინონიმებად განიხილება.
მსოფლიოში, რომელიც გავლენის სფეროებად არის გადანაწილებული და სრული სუვერენიტეტი არავის აქვს, დამოუკიდებლობის ასეთი დამახინჯებული გაგება ხელს გვიშლის გზის გაგნებაში. არჩევანში, გავლენის რომელ სფეროში ვიყოთ, ჩვენ არც ვმონაწილეობთ. ეს არჩევანი სხვებმა წინასწარ გააკეთეს და თავს ისე მოგვახვიეს, რომ არც საზოგადოებრივი აზრი, არც ისტორიული პროცესები და არც ობიექტური კანონზომიერებები არ გაითვალისწინეს. იმხანად დაწყებული ეს პროცესი, მიუხედავად მრავალი ისტორიული კატაკლიზმისა, რომლებიც გამოვიარეთ, დღემდე გრძელდება. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რომელიც ისტორიული პროცესებისა და ობიექტურ რეალობათა გათვალისწინების გარეშე მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახით დასრულდა. სამ წელიწადში საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, მენშევიკურმა ხელისუფლებამ ბანკი, მუზეუმები და ეკლესიები პირწმინდად გაძარცვა, ეროვნული განძი გაიტაცა და ქვეყნიდან გაიქცა. ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, რომელმაც სამოცდაათ წელიწადს იარსება. ეს იყო უპრეცედენტო სისტემა, რომელიც კლასთა შორის ანტაგონიზმის დასრულებასა და სოციალური თანასწორობის იდეას ეფუძნეოდა. ეს ფილოსოფიური (მარქსისტული) მოძღვრებაა, რომლის განხილვის დრო და საშუალება (არც აუცილებლობა) ამ სტატიაში არ არის. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ ფილოსოფიის ცოდნისა და მისი გათვალისწინების გარეშე საბჭოთა საქართველოს შეფასება შეუძლებელია. საბჭოთა ეპოქამ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ღირებულებებით არ აპელირებდა და წინა პლანზე ადამიანის სოციალური თანასწორობისა და თავისუფლების იდეა ჰქონდა წამოწეული, საქართველოს ისეთი ისტორიული ნახტომის გაკეთების საშუალება მისცა, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა. სოციალურ სამართლიანობასთან ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის ხელოვნური დაპირისპირებით დასავლურმა სპეცსამსახურებმა საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმ ბზარის გაჩენა შეძლეს, რომელიც ე.წ. ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნახტომი, რომელიც პროგრესის მიმართულებით გაკეთდა, ახლა რეგრესის მიმართულებით უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც. უბედურება კი ის არის, რომ ვითომ ეროვნული იდეალების მიმართულებით ნახტომი სრულიად არაეროვნული გამოდგა. უფრო მეტი დაზიანება ერისა რა უნდა ყოფილიყო, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევამ საქართველოს მოუტანა – სამ ნაწილად დაშალა. ერთია, რა ლოზუნგებს აყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, მეორე კი – ის, რა შედეგები მოაქვს მას. ეროვნულ ინტერესებზე აპელირების ორივე მცდელობა (1918 წლის 26 მაისი და 1991 წლის 9 აპრილი) კრახით დასრულდა. პირველს მოჰყვა ნოე ჟორდანიას მთავრობის დამხობა, მეორეს კი – ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობა. პირველი რესპუბლიკის ადგილზე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღმოცენდა, მეორე რესპუბლიკის ადგილზე კი, როგორც უკვე ვთქვი, სამ ნაწილად დაშლილი საქართველო.
ვიკიპედიაში კიდევ ერთ საგულისხმო ნიუანსს აღმოაჩენთ: „1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე”.
დააკვირდით, რა ვითარებაა: ხალხმა რეფერენდუმით დაადასტურა, რომ თანამედროვე საქართველო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა, მაგრამ გაერომ რატომღაც საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრედ გვაღიარა. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საქართველის სამართალმემკვიდრედ გვაღიარეს, მაინც 26 მაისს ვაწვებით (ბოდიში ჟარგონისთვის). მეტისმეტად ხომ არ ვაწვებით ამ 26 მაისს? მართლა, ყოველგვარი ხუმრობისა და ირონიული ქვეტექსტის გარეშე ვსვამ ამ შეკითხვას. რუსეთის მიერ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან (რსდმპ) გამოყრილი მენშევიკები, რომლებიც დასავლეთის „მეხუთე კოლონას” წარმოადგენდნენ, ჩვენ რატომ გავაფეტიშეთ ისე, რომ დღემდე 26 მაისს გავიძახით?! ან გამსახურდიამ რა იპოვა ისეთი იმ განძიპარია მენშევიკებში, რომ მთელი ცხოვრება მათ უსახურ დროშას დაარბენინებდა აღმა-დაღმა, ან ჩვენ რა მოურჩენელი სახადი გვჭირს, ასე რომ დაგვიბნელა გონება?! ამ დღეს ხელისუფლებაც აღნიშნავს და მასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ოპოზიციაც თავის მომავალს ამ დღეზე აგებს. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება რამდენიმეჯერ განხორციელდა და გაღმა-გამოღმა მდგომი ძალები ყოველთვის ამ დღეს ეპოტინებოდნენ და ამ დღით სპეკულირებდნენ. კომუნისტი ედუარდ შევარდნაძე ამ დღის აღნიშვნას კრძალავდა, მაგრამ გადემოკრატების შემდეგ მენშევიკების დროშას გამსახურდიასავით იხუტებდა გულში. სააკაშვილმა, ამ დღის აღნიშვნაში ხელის შეშლა ვინც დაუპირა, სასტიკად დაარბია, მათი ნაწილი კი დახოცა და ცხედრები ჯიხურების თავზე შემოაწყო. ახლა კი ქოცები და ნაცები ამ დღის აღნიშვნას კვლავ ერთმანეთს ეცილებიან. დამოუკიდებლობის დღე კი არა, მოჯადოებული დღეა ეს 26 მაისი.
ვიღაც აუცილებლად იკითხავს: კი მაგრამ, დამოუკიდებლობის დღე ხომ უნდა გვქონდეს?
– დამოუკიდებლობის დღეს რა თავში ვიხლით, დამოუკიდებლობა თუ არ გვექნა?! – გიპასუხებთ მე. საუკუნეზე მეტია, რაც ეს დღე გვაქვს, მაგრამ ამ დღის არსებობით ვინმეს შვება უგრძნია? ამ დღემ დამოუკიდებლობა მოგვიტანა? ამ დღემ საქართველო წინ წასწია? 26 მაისი ხომ იმ ნოე ჟორდანიას დღეა, ილია ჭავჭავაძე უვიცსა და უმეცარს რომ უწოდებდა: „ბატონი ჟორდანია უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს, იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია. ხუთი-ექვსი ფრაზა უსწავლია რუსულ-მარქსიზმისა, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თვითონ მარქსმა თქვა: “რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო”, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბატონი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან“.
ამიტომ ისტორიის ამ ურთულესი მონაკვეთის მიმართ ჩამოყალიბებაა საჭირო. ორივე ერთად ვერ თავსდება ერთმანეთში: ან ნოე ჟორდანია მისი მიმდევრებით, ან ილია ჭავჭავაძე მისი ტრიადით – მამული, ენა, სარწმუნოება.
ვალერი კვარაცხელია







