ნიკა გვარამიამ ქართველ ხალხს ტელეეკრანებიდან ამას წინათ აუწყა: „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ქართველებს უყვართ აფხაზები, ამჟამად კი მხარეები მტრები არიან. მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
მანამდე გვარამიას სხვა განცხადება ჰქონდა გაკეთებული: „ტრავმების დამარცხებისა და რეალობის აღქმის მაგალითია ნიკოლ ფაშინიანის ნაბიჯები ყარაბაღთან დაკავშირებით”. ყარაბაღის დათმობის ისტორია გვარამიამ პრეცედენტად დაგვისახა და, პრაქტიკულად, აფხაზეთისა და ცხინვალის დათმობისკენ მოგვიწოდა.
გვარამიას ეს პოზიცია ბევრმა მიზანმიმართულ კამპანიად შეაფასა, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებს აზიანებს. გვარამიას პოზიციის ამგვარი შეფასება სწორია, მაგრამ სრული და ამომწურავი არ არის. ჯერ ერთი, მასში არ ჩანს, სად იღებს სათავეს ასეთი მიდგომები. გარდა ამისა, მასში არც ის ჩანს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს პოზიცია.
ეს დასავლური პოზიციაა და მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ახმოვანებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები. მაგალითად, ზვიად გამსახურდიამ ერთ-ერთ მიტინგზე განაცხადა: „სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება აფსუას ტომის მიმართ. აფსუა (ანუ აფსარნი) ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური, ადიღეური მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის (ტომების, ჯგუფის) თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არ ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ კავკასიაში (ხანგრძლივი, მქუხარე ტაში). თუ ეს ტომი (თუ ტომები) ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი და დამკვიდრდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ”.
რა აქვს საერთო ამ ორ პოზიციას? მტკიცება არ სჭირდება, რომ ორივე მათგანში გვაქვს ფაშისტური ტენდენციები. ეს თვალში საცემია, მაგრამ, როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, მთავარი სხვა რამეა – გვარამია ფაშიზმზე შორს მიდის. ფაშისტებისთვის დამახასიათებელია სხვა ერების მიმართ სიძულვილი, მაგრამ ეს სიძულვილი საკუთარი ერის წრეგადასული (ავადმყოფური) სიყვარულიდან მოდის. გვარამია კი სხვის სიძულვილთან ერთად საკუთარი ერის სიძულვილსაც ავლენს, ვინაიდან ფაშინიანის მიერ ყარაბაღის დათმობას სამაგალითოდ გვისახავს და ჩვენც ანალოგიური ქმედებისკენ ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობისკენ მოგვიწოდებს.
ამაზე მეტი მტრობა და სიძულვილი ქართველი ერისა წარმოუდგენელია. საიდან მოდის ეს სიძულვილი? რა კვებავს მას? თითქოს რთული შეკითხვებია, მაგრამ, საკითხს სწორად თუ მივუდგებით, პასუხს მივაგნებთ. სწორი მიდგომა კი არის ის, რომ იმდროინდელი „ეროვნული მოძრაობაც” იქიდან იმართებოდა, საიდანაც „დღევანდელი ნაციონალური” მოძრაობა – დასავლეთის სპეცსამსახურებიდან, ამიტომ ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ არც გამსახურდიას და არც გვარამიას ნათქვამი არ იყო მხოლოდ მათი შინაგანი ფაშისტური განწყობილების ამოძახილი (თუმცა არც უამისობა ყოფილა). ეს იყო დასავლეთის სამოქმედო პროგრამა. დასავლეთის სპეცსამსახურებში შემუშავებული სქემის მიხედვით რუსეთსა და საქართველოს შორის სამუდამო მტრობა უნდა ჩამოვარდნილიყო, რათა დასავლეთს ამიერკავკასიაში გარანტირებული სამოქმედო სივრცე ჰქონოდა. ამისთვის კი ყველაზე კარგი საბაბი აფხაზური და ოსური სეპარატიზმი იყო, რომელიც უკვე არსებობდა, მაგრამ გაღვივება და დაძაბვა სჭირდებოდა, ანუ იმ კონდიციამდე იყო მისაყვანი, რომელ კონდიციამდეც მოგვიანებით შევარდნაძემ (აფხაზეთში) და სააკაშვილმა (ცხინვალის რეგიონში) მიიყვანეს.
ერთი მხრივ, აფხაზური და ოსური სეპარატიზმის გამწვავების გზით, მეორე მხრივ კი, დანარჩენ საქართველოში ნატოსა და ევროკავშირისკენ ისტერიკული ლტოლვის პროვოცირებით დასავლეთმა რუსეთი ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ ორი უძველესი ქართული რეგიონის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიეღო. მიზანს მიაღწიეს. საქართველოში რუსეთი ოკუპანტად და ისტორიულ მტრად გამოცხადდა. ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არც დასჭირვებიათ, ვინაიდან შევარდნაძეც და სააკაშვილიც ისევე იყვნენ მათი სპეცსამსახურების მოყვანილი ხელისუფლებაში, როგორც ეროვნული მოძრაობა და ზვიად გამსახურდია. საქართველოში კომუნისტების შემდეგ მოსულ ყველა ხელისუფლებას (დღევანდელის ჩათვლით) დასავლეთი რომ აკონტროლებდა, ეჭვს არ იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ აგენტურას ხმამაღლა აყვირებენ, – „ქართული ოცნება” კრემლის პროექტიაო.
უფრო ახლოს თუ მივალთ ჭეშმარიტებასთან, დასავლეთის სპეცსამსახურებს სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებაზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ მოპოვებული, გორბაჩოვს კი პირდაპირ მართავდნენ იმ დონეზე, რომ რესპუბლიკებში ეროვნული ხელისუფლების მოყვანაში იგი უშუალოდ მონაწილეობდა. კომუნისტებმა თავიანთი დაუძინებელი მტერი მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე დაკრძალეს, შემდეგ თბილისში ლენინის ქუჩიდან აბრები თავიანთი ხელით ჩამოყარეს და კოსტავას ქუჩა უწოდეს. ლენინის ძეგლიც მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (ასე ერქვა მერიას) გადაწყვეტილებით აიღეს, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი ისე შეფუთეს, ვითომ გამსახურდიამ და მისმა მჩხავანა კატებმა ჩამოაგდეს ეს უზარმაზარი ქანდაკება (ეს ყველაფერი აღმასკომის იმდროინდელ თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილს აქვს დეტალურად აღწერილი და გამოქვეყნებული).
სინქრონულად მუშაობდნენ თეთრი სახლი და კრემლი; აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და საბჭოთა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი; საქართველოს კომპარტია და „ეროვნული მოძრაობა”, სინქრონულად, ოღონდ ამერიკული მხარის ხელმძღვანელობით. გაყიდული იყო საბჭოთა კავშირიც და სოციალისტური სისტემაც, ხალხის ინტერესებიც და მათი მომავალიც, დიადი იდეაც და გმირული წარსულიც. სახელმწიფოს სათავეში მტრების ხელით მოთრეულმა და გამდიდრების ჟინს აყოლილმა რამდენიმე ბინძურმა ღორმა საკუთარ ვნებებს ანაცვალა მთელი სოციალისტური მონაპოვარი. ასე გაიყიდა ქვეყანა. მთელი სახალხო ქონება ბერეზოვსკების, გუსინსკების, აბრამოვიჩების, ჩუბაისებისა და სხვათა ხელში აღმოჩნდა. საქართველოში სამოცდაათი წლის განმავლობაში ნაშენები გიგანტური ფაბრიკა-ქარხნები თურქეთში ჯართის სახით გაიყიდა. თავისუფლების მირაჟს გამოდევნებული მუშათა კლასი კი, სამუშაო ადგილზე ყოფნის ნაცვლად, გამსახურდიას მიტინგებზე დარბოდა და პატაკს პატაკზე აბარებდა:
– რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაიფიცა, ბატონო ზვიად!
– თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა გაიფიცა, ბატონო ზვიად!
– თბილისის ავიამშენებელი ქარხანა გაიფიცა, ბატონო ზვიად!
ასე დარჩნენ სამუდამოდ გაფიცულები. ბევრი შიმშილით დაიხოცა, ბევრი ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწა, ბევრმა წვრილმან ვაჭრობას მიჰყო ხელი და გადაგვარდა. მოკლედ, მუშათა კლასი გადაშენდა და გაქრა. სოფელსა და გლეხობას უარესი დაემართა, მამა-პაპათა საცხოვრისს თავი ანება, თბილისში გადმოიხვეწა და ელიავას ბაზრობასთან აიტუზა, დღიურ მოჯამაგირედ თავის გასაქირავებლად. ეს კლასიც მოკვდა. ინტელიგენციამ პოლიტიკოსობას მიჰყო ხელი და უსაშველოდ მომრავლებულ პოლიტიკურ პარტიებში აითქვიფა, მწერალთა კავშირი გაქრა, მეცნიერებათა აკადემია განადგურდა და მოხუცთა თავშესაფარს დაემსგავსა, რომელიც თვიდან თვემდე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებულ მოწყალებას ელოდება. კინოსტუდიას სარეველა მოსდებია და ოთახები ოფისებად ქირავდება. უნივერსიტეტი და დარგობრივი ინსტიტუტები ფულის საჭრელ დაზგებად აქციეს, სადაც სტუდენტებმა ყველაფერი შეიძლება მიიღონ, გარდა განათლებისა. ერთი სიტყვით, ინტელიგენცია ბოლომდე ჩარეცხეს. ეს მოკლე აღწერაა რეალობისა, რომელშიც აღმოვჩნდით…
ახლა ისევ მმართველ პარტიას დავუბრუნდეთ, რომელსაც დასავლეთთან დაპირისპირება მოუწია რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო, რის შემდეგ დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტი და სპეცსამსახურები საქართველოში ხელისუფლების ჩასანაცვლებლად ამუშავდნენ, მაგრამ „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს დასავლეთის (განსაკუთრებით აშშ-ის)კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ამიტომ გვაქვს ის ვითარება, რომ დღევანდელი მმართველი პარტია და მთავრობა ნაბიჯს ვერ დგამს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მიმართულებით. დასავლელი ბოსები მათ კატეგორიულად უკრძალავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ვინაიდან იციან, რუსეთი და საქართველო პირდაპირი საუბრისას აუცილებლად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო საქართველოს ინტერესებშია არა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, არამედ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობა. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია იმის გაცნობიერებამდე, რომ საქართველოს მტერი რუსეთი კი არ არის, დასავლეთია.
ოცდათხუთმეტი წელიწადია, რაც ამ რეალობას სიცრუის მძიმე ფარდა აქვს ჩამოფარებული, რომლის გახსნის უფლებას არ გვაძლევენ, რათა ჩვენს გონებაში სიმართლემ და სინათლემ ვერ შემოაღწიოს. ისე ვყავართ სიბნელეში დამწყვდეული, როგორც კორიდის წინ სასიკვდილოდ წინასწარვე განწირული ხარები. სიბნელიდან სინათლეში გამოგდებულ ხარს წითელი ნაჭრის ფრიალი ახელებს და აგრესიას სძენს, რაც სანახაობრივი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია. ჩვენ შემთხვევაში წითელი ნაჭრის როლს ორი სიტყვა ასრულებს: „რუსეთი ოკუპანტია!” ჩვენ, ქართველი ხარები, ხარული გახელებით დავსდევთ ამ ორ სიტყვას სარქენად და აინუშიაც არ მოგვდის ის ამბავი, რომ ხარების (ანუ ჩვენი) ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი.
ახლა ისევ იმას მივბრუნდეთ, რითაც ეს სტატია დავიწყე. რატომ წამოისროლა გვარამიამ ის სიბინძურე, რომ ქართველები და აფხაზები მტრები ვართ და ამ სიძულვილს ვერაფერი შეცვლის? იმიტომ, რომ მისმა პატრონებმა დაავალეს ასე. რატომ წამოროშა ბარამიძემ, რომ ქართველები ტყვეებს არ იყვანდნენ და პირდაპირ ხვრეტდნენ? იმიტომ, რომ მასაც დაავალეს ამ სიბინძურის ტირაჟირება, რათა ჭრილობას მარილი მოაფრქვიონ და ორივე მხარეს (ქართულ და აფხაზურ) კვლავ იფეთქოს გახელებამ, ბოღმამ, სიძულვილმა.
დასავლეთი, როგორც კი დგება იმ საფრთხის წინაშე, რომ ქართველებმა და რუსებმა შესაძლებელია ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ, ძველი იარების გასნას და ძველ დანაშაულთა წამოწევას ცდილობს, რათა ტკივილმა გონება დაგვიბნელოს და სწორი გადაწყვეტილების მიღება არ დაგვანებოს. კორიდაზე რაც უფრო მეტ ჭრილობას აყენებენ ხარებს, მით მეტი გახელებით ეკვეთებიან ხოლმე ისინი წითელ ნაჭერს. არ იციან ხარებმა, რომ მათი გახელება მათივე აღსასრულის წინაპირობაა. საკმარისია, წითელ ნაჭერზე რეაგირება შეწყვიტონ და ის სანახაობაც შეწყდება, რომლის აპოთეოზსაც მათი სიკვდილი წარმოადგენს. სამწუხაროდ, ხარებს არ შეუძლიათ საკუთარი ბუნების დაძლევა. ჩვენ კი რომ მოგვაძებნინა საკუთარ თავში ძალა ჩვენივე გახელების მოთოკვისა, იქნებ გაგვერღვია ის მოჯადოებული წრე, რომელშიც, ამდენი ხანია, გვატრიალებენ. სამწუხაროდ, ჩვენც ხარული გახელებით გამოვენთებით-ხოლმე ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან აფრიალებულ წითელ ჭინჭს (რომელიმე სულელურ ლოზუნგს) და საკუთარ თავში ვერ ვპოულობთ შეჩერების ძალას. იციან ეს მაგ მამაძაღლებმა და ბინძურ ჭინჭებად გვიფრიალებენ აგენტურული ქსელის წარმომადგენელთა გამაღიზიანებელ მონაჩმახებს, რომლებზეც კორიდის ხარის გახელებით ვრეაგირებთ ჩვენ – ქართველი ხარები.
ვალერი კვარაცხელია







