თემურ ფიფია: გია ბარამიძე იყო ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი და ამ კაცმა განაცხადა, ტყვეები არ გვყავდა, რადგან ვხვრეტდითო

    “ბარამიძემ თავისი განცხადებით აფხაზებთან სამუდამო დაშორებაზე იზრუნა, რადგან აფხაზური მხარე მის განცხადებას სათავისოდ იყენებს”

    თემურ ფიფია

    შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის მუხლით დააპატიმრეს. მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუკი სხვა საქმეებიც არ დაუმატეს. საზოგადოებისთვის ცნობილია გიორგი ბარამიძის სხვა საქმეებიც, განსაკუთრებით აფრასიძეების საქმე”, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. თვითონ ბარამიძე ძალიან ამაყობს იმ პერიოდით, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

    გიორგი ბარამიძე დააპატიმრეს პარტია გირჩის ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას, სატელევიზიო გადაცემაში ნათქვამის გამო. “აფხაზეთის ომში ტყვეები არ გვყავდა, ჩვენ მათ ვხვრეტდით”, _ განაცხადა ბარამიძემ, რომელიც იმხანად ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი იყო.

    ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, ბარამიძის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ამიტომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც სამშობლოს მოღალატე

    ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გამო აჟიოტაჟი ატეხეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, თავის მხრივ, განაცხადეს, _ თუკი ბარამიძე ტყუის, რისთვის მოუხადა ბოდიში აფხაზებსა და ოსებს ბიძინა ივანიშვილმაო?!

    რით დააზიანა ჩვენი ქვეყნის იმიჯი გიორგი ბარამიძემ თავისი განცხადებით და ვის წისქვილზე დაასხა წყალი? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი თემურ ფიფია გვესაუბრება:

    _ გია ბარამიძემ გააკეთა მავნებლური განცხადება, რომელმაც მორალურად და პოლიტიკურად დააზიანა საქართველო, აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა დაბრუნებაზეც მთელი ქვეყანა ოცნებობს. გია ბარამიძემ ამ განცხადებით აფხაზებთან სამუდამო Mდაშორებაზე იზრუნა, რადგან აფხაზური მხარე ამ განცხადებას სათავისოდ იყენებს. საინფორმაციო ომი, რომელიც გაჩაღებული აქვთ აფსუებს, ბარამიძის განცხადებას კარგად იყენებს. ბარამიძე იყო ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი და ეს კაცი აცხადებს, ტყვეები არ გვყავდა, რადგან ვხვრეტდითო, მან ქართულ მხარეს დააბრალა სიბინძურე, თურმე ქართველები ხვრეტდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ, ტყვედ ჩაგვბარებოდნენ… შეიძლება, იყო მსგავსი რამ ჩვენი მხრიდან, მაგრამ უფრო მეტი გადაცდომა აფსუებს ჰქონდათ, აფსუებმა გენოციდი მოუწყვეს ქართველებს.

    _ ბარამიძის განცხადების შემდეგ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოს მხრიდან. ბარამიძე დააპატიმრეს სამშობლოს ღალატისთვის, მაგრამ მას ოთხწლიანი მუხლი მიუყენეს. დესტრუქციული ძალები კი სვამენ შეკითხვას _ თუკი მსგავსი რამ არ ყოფილა, რატომ მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა აფხაზებსა და ოსებს?

    _ საქმე ომამდე არ უნდა მისულიყო. ალბათ, ამას გულისხმობდა ივანიშვილი, როდესაც ბოდიშს იხდიდა… ჩვენ, ქართველებსაც და აფხაზებსაც, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ომის დაწყებაზე, ჩვენ არ უნდა ჩავრთულიყავით ძმათამკვლელ ომში.

    საქართველოს გენოციდი არ მოუწყვია, ჩვენ თავს არ დავსხმივართ აფხაზეთს. მართალია, ამბობენ, რომ ეთნოწმენდა ქართველებმა მოვაწყვეთ, მაგრამ დაკარგული ტერიტორიებიდან ქართველები არიან გამოდევნილები და არა ოსები და აფხაზები. შეიარაღებული ვიყავით ყველა მხარე, ომის მოლოდინი ოყო, მაგრამ დევნილები ქართველები არიან და არა ოსები და აფხაზები.

    აფხაზეთში ქართული ენა იდევნებოდა, ქართველები ეთნიკური ნიშნით იდევნებოდნენ ომამდე რამდენიმე ხნით ადრეც… ეს პროცესი აფხაზეთში დაწყებული იყო… სწორედ ამ მიზეზით შევიდა რუსეთი უკრაინაში, იმავე მიზეზით შევიდა კიტოვანიც აფხაზეთში…

    რაც შეეხება ბარამიძეს, მას არ აკმარებენ ოთხწლიან პატიმრობას, ვფიქრობ, ყველა დანაშაულს ამოუქექავენ და საკადრისად დასჯიან. გიორგი ბარამიძემ საქართველო დააზარალა და ეს ფაქტია.

    _ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზებსა და ჩვენ შორის ურთიერთობა ისე არ გაგრძელდეს, როგორც ახლა არის?

    _ ჩვენ რუსეთთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, დაახლოების პროცესები უნდა დავაჩქაროთ. ეს იქნება სერიოზული ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველო უნდა გახდეს რუსეთის პარტნიორი, სამხედრო მოკავშირე. რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ალიანსი აუცილებელია, ასევე აუციელებლია ეკონომიკური კავშირები. რუსეთს დიდი გავლენა აქვს აფხაზებსა და ოსებზე და, თუკი ჩვენ რუსეთის მოკავშირე გავხდებით, ძალიან გაგვიადვილდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამასთანავე, მივიღებთ ეკონომიკურ დივიდენდებს, შევაღწევთ რუსულ ბაზარზე…

    რუსეთისთვის სამხრეთი კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული მხარის დანაშაულია ის, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ავირჩიეთ. ამით საფრთხე შევუქმენით რუსეთს, რომელიც იძულებული შეიქნა, დამდგარიყო აფხაზებისა და ოსების მხარეს. ამ პოლიტიკას განვაგრძობთ დღესაც, რაც შეცდომაა. რუსეთი დაიცავს თავის საზღვრებს, მას თავისი ლეგიტიმური ამბიციები და ინტერესები აქვს კავკასიაში, მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი ებრძვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავზარალდეთ. თურქეთი გვემუქრება, არ გვაქვს გარანტია, რომ ის არ დაიწყებს ჩვენთვის საზიანო მოქმედებებს. საქართველო ამას თუ არ გაითვალისწინებს, რუსეთი იძულებული იქნება, იმოქმედოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

    ჩვენთვის რუსეთის პარტნიორობა და მოკავშირეობა ყველა მიმართულებით სასარგებლო იქნება.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here