სოფლის მეურნეობის, პრაქტიკულად, ვერც ერთ პროდუქტს ჩვენთვის საკმარისი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ და ეს ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს!

    ხომ შეიძლება, თუნდაც მიტოვებულ სოფლებში სახელმწიფომ დიდი ფერმები ააშენოს, მამა-პაპისეული მიწები, რომლებიც ხალხს არ დაუმტკიცა, გამოიყენოს და ჩვენთვის საკმარისი პროდუქცია შეიქმნას

    სსრკ-ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) არსებობის პერიოდში 15 რესპუბლიკა ერთ ქვეყნად ითვლებოდა, შრომობდა და ერთმანეთის ეხმარებოდა. მხოლოდ რუსეთს  შეეძლო საკუთარი თავის ყველაფრით უზრუნველყოფა, კავშირში შემავალ სხვა რესპუბლიკებს კი – არა…

    საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ერთადერთი იყო ხორბალი, რომელსაც ჩვენთვის საკმარისი რაოდენობით ვერ ვიწევდით, დანარჩენი კი იმდენი გვქონდა, ექსპორტზე გაგვქონდა.  ახლა ჰქვია ექსპორტი, თორემ ადრე მოძმე რესპუბლიკებს ვეხმარებოდით ჩაითა და ყურძნით, ვაშლითა და ატმით, საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცით, ცხვარი კი იმდენი დადიოდა საქართველოს მთებში, თვლა არ ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მწვანილზე, კიტრზე, პომიდორზე, ბადრიჯანზე, ხახვზე… შაქრის ჭარხალზეც კი. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? ხორბალი საკმარისი ისევ არ გვაქვს, არც ხორცი, არც…  მარტივად რომ ვთქვათ,  სოფლის მეურნეობის, პრაქტიკულად, არც ერთ  პროდუქტს ჩვენთვის საკმარისი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ და აი რატომ:  ჩვენ ვაწარმოებთ საკმარისზე მეტ ყურძენს, ვაშლს, ვაშლატამას, ატამს, მაგრამ საკმარისი სამაცივრე ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში ეს ყველაფერი სეზონზე გვეყიდება, მერე კი შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან და ორმაგ, სამმაგ ფასში ვყიდულობთ. ცოტა სასაცილოც არის ის, რომ იმავე სეზონზე საქართველოდან გატანილ ხილს უკან გვიბრუნებს, მაგალითად, სომხეთი და სამმაგ ფასს გვახდევინებს. ჰო, სამაცივრე მეურნეობებზე შეღავათიანი კრედიტიც დააწესა სახელმწიფომ, საგრანტო პროგრამაც, მაგრამ „რატომღაც“ არ მუშაობს და გეტყვით რატომაც – დამოუკიდებლად რომ გააკეთოთ, უფრო მარტივი და… უფრო იაფი გამოდის და  ეს, სახელმწიფოს კი არა, საფინანსო სექტორის ანუ ბანკების ბრალია, რომელსაც სახელმწიფო ზუსტად ისე ვერ ერევა, როგორც სულ ცოტა ხნის წინათ ქსელურ სუპერმარკეტებს ვერ მოერია და ფასებზე კონტროლი ვერ დააწესა. რატომ გაგვახსენდა სასურსათო პროდუქტები და რა საფრთხის წინაშე ვართ უკვე?

    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (იგივე FAO-ს) ანგარიშის თანახმად, სურსათის ფასებმა 2022 წლის ბოლოდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ფასები ივლისთან შედარებით 1,9%-ით გაიზარდა ძირითადად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტების გამო. შაქრის ფასებმა აგვისტოში 11,9%-ით მოიმატა, ხოლო ხორბლის – 2,6%-ით. საერთო ჯამში, ხორბლის ფასები გასულ წელთან შედარებით უკვე 15%-ით არის მომატებული, რაც კატასტროფული შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ახლა დასათესი ხორბლის პრობლემაა (არსებული მდგომარეობის გამო), ვარაუდობენ, რომ ხორბლის ფასი წელსვე კიდევ უფრო გაიზრდება, გაისად კი წლევანდელთან შედარებით შეიძლება 50%-იანი სხვაობით იყოს. იმავე FAO-ს ცნობით, გლობალური სურსათის ბაზრები ორიენტირებულია მიწოდების პრობლემებსა და ამინდის გამოწვევებზე. ეს ზრდის ზეწოლას ფერმერებზე, რომლებიც ისედაც განიცდიან წარმოების ხარჯების ზრდას. ამინდს როცა ვამბობთ, ევროპაში არასაკმარის მოსავალსაც ვგულისხმობთ, რომელიც გამოწვეულია სიცხის ტალღების სერიით, რომელმაც, შესაძლოა, კონტინენტი იმპორტზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს, რაც, სავარაუდოდ, მარაგებისთვის კონკურენციას გაამწვავებს“, – წერია ანგარიშში.

    არანაკლებ საგანგაშოა ისიც, რომ FAO-მ შეამცირა 2026 წელს გლობალური მარცვლეულის წარმოების პროგნოზი 2.98 მლრდ ტონამდე, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური კლებაა. რაც შეეხება ხორცის ფასების ინდექსს, ის თვეში 1%-ით გაიზარდა, რაც გამოიხატა ფრინველის, ღორისა და ცხვრის ხორცის ფასების ზრდით. FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა. ზრდის დიდი ნაწილი განპირობებული იყო ევროკავშირში რძის მიწოდების შემცირებით ცხელი და მშრალი ამინდის ფონზე.

    „აგვისტოში გლობალური სურსათის ფასების ზრდა გაფრთხილებაა იმისა, რომ რისკი სურსათის ბაზრებზე ბრუნდება: კლიმატური შოკები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სავაჭრო ლოჯისტიკის დარღვევა მიწოდების მთავარ პრობლემებს წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი გლობალური სურსათის ფასების სტაბილურობაში მთავარ როლს თამაშობს“, – განაცხადა FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ.

    ბარემ ისიც ვთქვათ, რომ Bloomberg-ის სოფლის მეურნეობის ინდექსი, რომელიც 10 ძირითად საქონელს აკონტროლებს, აგვისტოში 13%-ზე მეტით გაიზარდა, რაც 2012 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა.  საერთაშორისო ორგანიზაციები არ მალავენ, რომ მალე ბაზარზე მთავარი საბრძოლველი არა ნავთობი, არამედ სურსათი იქნება. ამას წინათ დავწერეთ, ექსპერტები მომავალი წლიდან შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდას ელიან და ვარაუდობენ, რომ გაისად 52 მილიონი ადამიანით  მეტი იშიმშილებს, ვიდრე დღეს; გაზრდილი ფასების ფონზე  ამ რიცხვმა, შესაძლოა, უფრო მოიმატოს. ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოში მიმდინარე პროცესები სასაცილოდაც კი აღარ ჩანს. პოლიტიკოსები, რომლებიც სწორედ ამგვარ გამოწვევებზე უნდა ფიქრობდნენ, ძირითადად ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი, იმას არჩევენ, ვინ არის ოპოზიციაში პირველი ნომერი, ხოლო ხელისუფლებაში ვის მიჰყავს „პარადი“. არადა, ამ დრო, ადამიანთა უმრავლესობას ყოველდღიური საარსებო მინიმუმის პრობლემა უდგას და იმას ფიქრობს, საღამოს შინ  რა მიიტანოს ოჯახის მშიერი წევრების გამოსაკვებად. რეალურად  ხელისუფლებისგან არ ჩანს არც ერთი მინიშნება იმაზე, რომ ისინი არსებული პრობლემის შესახებ ფიქრობენ და დღეს არსებული მწარე რეალობის შეცვლა სურთ.

    არაერთხელ დამტკიცდა, რომ მეზობლები, რომლებსაც მეგობრებად ვთვლით, მარტივად გვიყენებენ და უფრო მარტივად ჩვენზე ხელს ითბობენ. ასე დაიწყო მაგალითად თურქეთმა იაფად პროდუქტის მოწოდება და შემდეგ, როცა მთლიანად მათზე დამოკიდებულნი გაგვხადა, კონკრეტული სფეროების მიმართულებით ფასები გააოთხმაგა, ჩვენ კი სხვა ბაზრის მოძებნის არც ალტერნატივა გვქონდა და… ვაი, რომ არც სურვილი. რატომ? რამდენჯერაც პროდუქტები გაძვირდა, მოსახლეობამ იმდენჯერ მშვიდად გადაიტანა ეს ყველაფერი და   არ გააპროტესტა. ამ მიმართლებით არსებული ნიჰილიზმი მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც სასურსათო ფასებთან ბრძოლაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც გმირულად დაეცნენ; მართალია, არ აღიარეს, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ისინი ქსელური მარკეტების მფლობელებს უბრალოდ ვერ მოერიენ.

    საუბარი ხომ არ გვაქვს მძიმე მრეწველობაზე, ხომ არ ვითხოვთ, რომ საქართველომ მაგალითად ამერიკას მოსთხოვოს „პატრიოტის“ მანქანების წარმოების ლიცენზია და აქ ქალაქისოდენა ქარხნების მშენებლობა დაიწყოს?!  საუბარი იმაზეა, რომ თუნდაც მწვანილი, რომელშიც შარშან 25 მილიონ დოლარზე მეტი გავისროლეთ და ძირითადად თურქეთიდან და ირანიდან შემოვიტანეთ (ტარხუნა ისრაელიდან), აქვე მოვიყვანოთ და ის 25 მილიონი აქვე დავტოვოთ. იმავეს თქმა შეიძლება პომიდორზე, კიტრზე (გავა 2-3 კვირა და ქართული კიტრი და პომიდორი ბაზრიდან გაქრება), ხორცზე… პრინციპში, ხორცი ცალკე სამყარო და ცალკე თემაა. მთლიანობაში, საანგარიშო წლის განმავლობაში საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ხორცი შემოგვაქვს (ქათამი, საქონელი, ღორი) და მათი უმრავლესობა გაყინულია, ანუ საკვები ღირებულება ნაკლები აქვს, მაგრამ შემოგვაქვს, იმიტომ, რომ იყიდება და, რაც უფრო იაფია საქართველოში საკვები პროდუქტი (არ აქვს მნიშვნელობა შემადგენლობას), მით უკეთესი გასავალი აქვს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოში ნაწარმოები სოსისი, რომლის ნახევარკილოგრამიანი შეკვრა 2.50 ლარი ღირს და რომლის შემადგენლობაშიც წერია, რომ შეიძლება შეიცავდეს საქონლისა და ღორის ხორცს. საქონლის ხორცის საბითუმო ფასი 23-24 ლარია და ნახევარი კილო სოსისი 2.50 ლარი რომ ღირს, ხომ აბსურდია?

    რიგითი მოკვდავების გადმოსახედიდან გამოსავლის პოვნა მარტივიაა. თუნდაც სახელმწიფო ფერმების შექმნა, ისეთის, როგორიც მაგალითად ბელორუსშია და რომელსაც პრეზიდენტი ლუკაშენკო პირადად აკონტროლებს. კი გაჰკივის ნახევარი ევროპა, ლუკაშენკო დიქტატორიაო, მაგრამ ჩვენთვის მწარე სიმართლე ის არის, რომ რუსული ბაზრის დაკეტვის შემდეგ ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის მთავარი მომწოდებელი ბელორუსი გახდა და იქიდან ყოველდღიურად არამხოლოდ ცოცხალი საქონელი ან ხორცი შემოგვაქვს, არამედ დიდი რაოდენობით სხვა პროდუქტიც. ლუკაშენკო მიხვდა, რომ მომავალი სოფლის მეურნეობაშია და „ვალინკებით“ დადის ტალახში და ცდილობს, მოსახლეობას მაგალითი მისცეს, ჩვენთან კი პრეზიდენტი (გნებავთ თბილის მერი) ბუცებს თუ ამოიცმევს, თორემ სოფლის მეურნეობასთან კავშირი ნაკლებად აქვთ. არადა, ხომ შეიძლება თუნდაც მიტოვებულ სოფლებში სახელმწიფომ დიდი ფერმების მშენებლობა დაიწყოს, ის მამა-პაპისეული მიწები, რომლებიც ხალხს არ დაუმტკიცა და სათავისოდ დაიტოვა, გამოიყენოს და ჩვენთვის საკმარისი პროდუქცია შეიქმნას?! არ გამოდის სხვანაირად და აგერ, მთელი მსოფლიო ბოლო ხმაზე გაჰკივის, სურსათი არანორმალურად ძვირდება და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანსო. ჩვენთან კი კვირის თემა ის იყო, თამარა ჩერგოლეიშვილმა რომ თქვა, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ არ უყუროთ, იქიდან მხოლოდ სიცრუე იღვრებაო.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here