20 სექტემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გააპროტესტეს. აქცია საკმაოდ ხალხმრავალი იყო, მაგრამ მას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. “არაბიზაციის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლა თითქმის არც ერთ ე.წ. სამთავრობო ტელევიზიას არ გაუშუქებია სათანადოდ, მეტიც, რაც გაშუქდა იყო ცინიკური _ ზუსტად ისეთივე სიუჟეტი მომზადდა, როგორსაც ე.წ. აკაცუკების აქციებზე აკეთებენ…
სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არავითარი “არაბიზაცია” არ არსებობს და ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ არის დაგეგმილი ქვეყანაში არეულობის შემოტანის მიზნით. არადა, ხელისუფლების მხრიდან, ასე ვთქვათ, წაყრუების პოლიტიკა ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან აქციაზე მართლაც ბევრი ადამიანი გამოვიდა და ეს ადამიანები არ იყვნენ ერთი რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. აქციაზე გაბრაზებული ადამიანები იდგნენ, გაბრაზებულები არა მხოლოდ “არაბიზაციის”, არამედ ქვეყანაში შექმნილი სხვა პრობლემების გამოც…
ვინ იყვნენ ორგანიზატორები და რა ლოზუნგები ისმოდა აქციაზე, მხოლოდ არაბიზაცია გააპროტესტეს თუ ქვეყნის შიგნით არსებული სხვა პრობლემებიც – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე აქციის აქტიური მონაწილე, ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:
_ არაბული ქალაქებისა და, ზოგადად, მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი იყო ძალა, რომელმაც ამ საკითხებზე საჯარო სივრცეში დაიწყო ლაპარაკი და ეს არის პარტია “კონსერვატორები საქართველოსთვის”. მიუხედავად ამისა, აქცია არ ყოფილა პარტიული, ანუ იქ მდგომი ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ კონსერვატორების მხარდამჭერები, არც “ალტ-ინფოს” რეგულარული მაყურებლები, ესენი იყვნენ “ოცნების” მიგრაციული პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები.
ველოდებოდი, რომ ორჯერ ნაკლები ხალხი მოვიდოდა, მაგრამ სიტყვით გამოსვლების დაწყების მომენტში, რომელსაც პიკაპიდან ვადევნებდი თვალყურს, თავისუფლების მოედანი 2/3-ით მაინც იყო ადამიანებით სავსე. ცხადია, ეს არ მომხდარა ერთი დაძახებით. აქციას წინ უძღვოდა მცირე საინფორმაციო აქციები, ხელმოწერებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება, სატელევიზიო გამოსვლები, მცირე ზომის ვიდეომოწოდებების ჩაწერა და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, იქ იყო უპრეცენდენტოდ ბევრი ხალხი, რაც კი ოდესმე გამოსულა “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციებზე.
აქციის ლოზუნგები გამომდინარეობდა იმ შედეგის ანალიზიდან, რომელიც “ოცნების” საიმიგრაციო პოლიტიკამ მოიტანა. საქართველოს მოქალაქეთა ქვეყნიდან გადინების, მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის შემცირების მზარდი ტენდენციის ფონზე მთავრობამ გადაწყვიტა გორის ზომის ორი არაბული ქალაქის აშენება, რომლებშიც უფრო მეტი არაბი და, ზოგადად, უცხოელი იცხოვრებს. აქციაზე ითქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებით მივიღებთ ეთნიკური ვითარების მკვეთრ ცვლილებას ქვეყნის შიგნით, ეკოლოგიურ კატასტროფასა და ქართული კულტურული იდენტობის შესუსტებას.
_ აქციას საინფორმაციო მხარდაჭერა არ ჰქონია, ტელევიზიებმა ღონისძიება უარყოფითად გააშუქეს, მათ შორის, სახელისუფლო მედიამაც. როგორც ჩანს, ხალხის რა რაოდენობაც უნდა გამოვიდეს აქციაზე, ხელისუფლება თავისას არ დათმობს. ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ორგანიზატორები?
_ აღსანიშნავია, რომ სამთავრობო არხები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიცრუის ტირაჟირებასა და ცალმხრივ ინტერპრეტაციებში. მათ მიმართეს ტრადიციულ მეთოდს _ გაავრცელეს კადრები, რომლებიც გადაღებული იყო აქციის დაწყებამდე – როცა სიტყვით არავინ გამოდიოდა, მაგრამ დღეს, როცა მობილური ტელეფონი ყველას აქვს და შეუძლია ფაქტის გადაღება, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გავრცელება, ეს პროპაგანდა არ მუშაობს, ამიტომ გადავიდნენ სხვა ხერხებზე: გვაბრალებენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, საზოგადოებაში არსებული შიშებით მანიპულირებას და მცდელობას, რომ ვითომ აქ ვინმე ეთნიკურ შუღლს აღვივებს. აქციაზეც სიტყვით გამოსვლისას ვთქვი და გავიმეორებ: პრობლემა გვაქვს არა არაბებთან ან ინდოელებთან, არამედ საქართველოს მთავრობის მავნე პოლიტიკასთან. ბრძოლა გრძელდება, როგორც პროტესტის პერმანენტიზაციით, ასევე სამართლებრივი დავებით საკონსტიტუციო სასამართლოში.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







