
დღეს ორი არჩევნების შედეგებზე უნდა ვისაუბროთ.
მხედველობაში მაქვს რუსეთსა და გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. შედეგები მრავლისმეტყველია:
გერმანია:
გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 35,5%-ით. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 5,5%-იანი შედეგით მესამე ადგილზეა, რაც რეგიონულ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერს მცირედით აღემატება.
რუსეთი:
ამ წუთისთვის (როდესაც ამ სტატიაზე ვმუშაობ) რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ასეთია:
„ოქმების 95,01 პროცენტის დამუშავების შემდეგ პარტია „ედინაია როსია“ სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტიული სიით ხმების 57,83%-ს მიიღებს. რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას 13,81% აქვს, რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიულ პარტიას – 8,97%, პარტია „ნოვიე ლიუდი“ -ს- 7,96%, ხოლო პარტია „სპრავედლივაია როსია“ -ს- 4,96%. ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო”.
ერთი სიტყვით, რუსეთში მმართველი პარტია, ანუ პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური ორგანიზაცია („ედინაია როსია”) პირველ ადგილზე გადის და, სავარაუდოდ, ხმების 60 პროცენტამდე აიღებს. გერმანიაში კანცლერ მერცის პარტიამ კი („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“) 5,5 პროცენტით შეიძლება ბარიერი გადალახოს (ან ვერც გადალახოს).
რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
ალბათ, იმაზე, რომ რუსეთის (პუტინის) პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, ევროპის (გერმანიის მაგალითს თუ განვაზოგადებთ) პოლიტიკა კი ხალხისთვის ისე მიუღებელია, რომ მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალებს ერთდროულად უჭერენ მხარს, ოღონდ ხელისუფლებაში მყოფი არამზადები როგორმე თავიდან მოიშორონ.
რატომ ხდება ასე? ევროპელ ლიდერებსა და ჟურნალისტებს თუ მოვუსმენთ, აკი რუსეთი აგრესორია, პუტინი სისხლიანი დიქტქტორია, ხოლო ევროპა დემოკრატიის ბაირახტარია. ნუთუ ხალხს რუსეთში სისხლიანი დიქტატურა არ მობეზრდა, ხოლო ევროპაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – გერმანიაში) მერცის დემოკრატიულ მმართველობას ალღოს ვერ უღებს და უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს?!
დავიჯეროთ, ასე ხდება? ასე თუ არ არის, რასთან გვაქვს საქმე? რუსეთშიც და გერმანიაშიც ისე გააყალბეს არჩევნები, რომ პირველ შემთხვევაში მმართველ პარტიას, სულ ცოტა, 45 პროცენტით მეტი დაუწერეს, მეორე შემთხვევაში კი მერცს 45 პროცენტით ნაკლები? შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანი აღმოჩნდეს ისეთი, ამგვარ აბსურდს რომ დაიჯერებს? არა, გაყალბების ამ ფანტასტიკურ ვერსიას არავინ დაიჯერებს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთის ექსპერტები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები იძულებულნი იქნებიან, ფაქტი ახსნან. ახსნა კი ერთადერთი არსებობს – რუსულ პოლიტიკას საერთო-სახალხო მხარდაჭერა აქვს, ევროპული პოლიტიკა კი ხალხისთვის მიუღებელია.
რატომ?
საქმე ის არის, რომ რუსეთი დასავლეთთან იოტისოდენსაც არ სცოდავს. რუსეთის პოლიტიკას დასავლეთის წინაშე არანაირი ხინჯი არ აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი დასავლეთს მხოლოდ ბოდიშებითა და რევერანსების ენით ელაპარაკებოდა. რუსეთი მუდმივად თმობდა, თმობდა იქამდე, სანამ მის სასიცოცხლო ინტერესებს არ შეეხნენ და ეს უზარმაზარი სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის რეალური საფრთხის წინაშე არ დააყენეს. რუსეთი იძულებული შეიქნა, ფიზიკურად (სამხედრო ძალის გამოყენებით) დაეცვა საკუთარი ინტერესები. რუსმა ხალხმა, როგორც ჩანს, ეს ვითარება გააცნობიერა და არჩევნების დროს სწორად რეაგირებს. ანალოგიური დასკვნის გაკეთება შეიძლება მეორე მხარესაც. გერმანელმა ხალხმა არა მხოლოდ ნახა, არამედ იწვნია კიდეც ევროპული პოლიტიკის დამღუპველი შედეგები თავის ცხოვრებაზე, ამიტომაც დადგა ის შედეგები, რომლებიც ციფრებში გამოსახული ვნახეთ.
ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება უცხოური პრესიდან ზოგიერთი ამონარიდის მოტანა, რომლებიც რუსეთის არჩევნებზე გამოითქვა:
* Reuters: „მოსკოვი ამ კენჭისყრას მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერის თავისებურ ინდიკატორად განიხილავს. კრემლი არჩევნების შედეგებს საზოგადოებრივი განწყობების შესაფასებლად და შემდგომი პოლიტიკური კურსის განსასაზღვრად გამოიყენებს”;
* Associated Press: „მიმდინარე კენჭისყრა პოლიტიკური კონკურენციის გარკვეული შეზღუდვის პირობებში ტარდება – უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი პარტია ფედერალური სიებიდან გარიცხა”;
* AP: „სახელმწიფო სათათბიროში კენჭს თითქმის ორასი ვეტერანი იყრის”;
* Il Messaggero: „რუსეთის პრეზიდენტმა კენჭისყრაში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღო. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არჩევნები საერთაშორისო კონტექსტში მოაქცია და განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები არ უსმენენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებიც რუსეთთან ომის წინააღმდეგნი არიან“;
* Al Jazeera: „მთელი ღამის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად მოსკოვის სისტემა ძალიან ძლიერი თავდასხმის სამიზნე იყო. ეს შეტევა, რომელიც პრაქტიკულად მუდმივად გრძელდება, არის მასშტაბური და ინტენსიური”;
* Frankfurter Allgemeine „რუსეთში სამდღიანი კენჭისყრა აჩვენებს მაღალ ტექნიკურ აღჭურვილობასა და აქტივობას, რაც აბათილებს პროგნოზებს სოციალური აპათიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი დამკვირვებლები ამ პროცესს ტრადიციულად „მართვად დემოკრატიას“ უწოდებენ, უარყოფა შეუძლებელია იმისა, რომ რუსული საზოგადოება სტაბილურობის მოთხოვნას აჩვენებს. ბერლინისთვის ეს არის სიგნალი: სანქციების მიუხედავად, მოსკოვის საშინაო პოლიტიკური მანქანა შეუფერხებლად მუშაობს. ბიულეტენებში ახალი სახეები, მათ შორის სამხედრო ოპერაციის მონაწილეები, წარმატებით ახდენენ მიმდინარე კურსის ლეგიტიმაციას. თავად გერმანიაში მიმდინარე უწყვეტი სამთავრობო კრიზისის ფონზე რუსეთის საარჩევნო სისტემა მონოლითურად და პროგნოზირებულად გამოიყურება“;
* The Times of India: „რუსები სახელმწიფო სათათბიროს 450 დეპუტატს ირჩევენ, მიმდინარე არჩევნები პირველი საპარლამენტო არჩევნებია უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. კენჭისყრა სამხედრო მოქმედებების მეხუთე წელს, ეკონომიკური ზეწოლისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს”;
* CNN: „სახელმწიფო სათათბიროში კენჭს იყრის უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის 186 მონაწილე, ხოლო კიდევ 1500-ზე მეტი მონაწილე და ვეტერანი წარდგენილია რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. ამას ხელი შეუწყო პუტინის მიერ 2024 წელს გახსნილმა პროგრამამ „გმირების დრო“, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ოპერაციის მონაწილეების მომზადებას სახელმწიფო და საჯარო თანამდებობებზე სამუშაოდ”;
* Africanews: „კენჭისყრა თერთმეტ სასაათო სარტყელში მიმდინარეობს.
მოსკოვი ცდილობს, უზრუნველყოს კენჭისყრის მაქსიმალურად სტაბილური მიმდინარეობა”;
* Folha de S.Paulo: „ედინაია როსიას“ მიერ უმრავლესობის მოსალოდნელი შენარჩუნების მიუხედავად, მოსკოვისთვის არჩევნების მნიშვნელობა მხოლოდ დეპუტატის მანდატების განაწილებაში არ მდგომარეობს. კენჭისყრა იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს საზოგადოებრივი განწყობები კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ და განისაზღვროს, რამდენად შესამჩნევია ეკონომიკური პრობლემებისა და ომისგან დაღლილობის გავლენა”.
აქვე შემოგთავაზებთ ზოგიერთ ამონარიდს საზღვარგარეთის იმ მასალებიდან, რომლებიც გერმანიის არჩევნებს ეხება:
* The New York Times:
„გერმანიაში სულ უფრო მზარდი ფასები და უმუშევრობის მაღალი დონე ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დაეხმარა, რომ ორჯერ მეტი ხმა მოეპოვებინა, ვიდრე კანცლერ ფრიდრიხ მერცის მმართველ პარტიას. ამ შედეგმა გამოააშკარავა ღრმა განხეთქილება ევროპელებს შორის: ერთნი ულტრამემარჯვენეებში დემოკრატიის საფრთხეს ხედავენ, ხოლო სულ უფრო მეტი ადამიანი მათ მის მხსნელად მიიჩნევს. ქრისტიან-დემოკრატების მარცხმა, შესაძლოა, მერცს ხელ–ფეხი შეუკრას იმ მომენტში, როდესაც გერმანიის ლიდერობა ევროპაში ისედაც სუსტდება;.
* Bloomberg:
„ულტრამემარჯვენეების მეწყრული საარჩევნო გამარჯვება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან საქსონია–ანჰალტის მხარეში შოკისმომგვრელ ტალღებს აგორებს ევროპაში და კოლოსალურ წნეხში მოაქცევს გერმანიის ფედერალურ მთავრობას… საზოგადოებრივი უკმაყოფილება პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ კვლავ იზრდება“;
* CNN:
„გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია რეგიონულ არჩევნებში კატასტროფულ შედეგებს შეეჯახა, რადგან იგი მოექცა ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ძალების მარწუხებში“;
* The BBC:
„ყოფილი კორპორაციული იურისტის (მერცის) გადახრამ მარჯვნივ ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმიგრაცია, ვერ შეძლო „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის შერყევა, თუმცა დააფრთხო მემარცხენე–ცენტრისტი ამომრჩეველი“;
* The Guardian: „ანტიფაშისტური ფრონტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დომინირებდა, როგორც ჩანს, კრახის ზღვარზეა“. როდესაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ხმას აძლევს პარტიებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, „ეს არის არჩევნების ისეთი შედეგი, რომელსაც გვერდს ისე ვერ აუვლი, თითქოს არაფერი მომხდარა“;
* Euronews: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფი საქსონია-ანჰალტში აბსოლუტური კოშმარია ფრიდრიხ მერცისთვის. ქდკ-ის (CDU) პოპულარობის შემცირებამ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში იქამდე მიაღწია, რომ კანცლერის პარტიამ თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ადგილობრივ პარლამენტში მოხვედრის ზღვარზე ბალანსირებს.
* Agence France-Presse (AFP): „ეს მეწყერია (landslide victory), რომელიც კარდინალურად ცვლის თამაშის წესებს გერმანიის საშინაო პოლიტიკაში და აიძულებს სხვა პარტიებს, სასწრაფოდ ეძებონ გზები ე.წ. სანიტარული კორდონის შესანარჩუნებლად”.
დედამიწის ზურგზე ყველაზე ტენდენციური დასავლური პრესაც კი ვეღარ მალავს, რომ საფენებიდან, რომელთა გამოყენებითაც ისინი დასავლური სამყაროს ჩასველების ფაქტს ჩქმალავდნენ, გაჟონა.
ვალერი კვარაცხელია







