საქართველოში ღორის მწვადი ყოველთვის ქეიფთან ასოცირდებოდა. მეტიც, არა მხოლოდ რეგიონები და კუთხეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვის უკეთ შეეძლო ღორის ხორცის კარგად შეწვა და ცვრიანი მწვადის მომზადება, არამედ მეგობრები, მეზობლები თუ ნათესავებიც კი ხშირად კამათობდნენ, ვის უფრო უკეთესი მწვადი გამოსდიოდა.
საქართველოში ბევრი რამ არის წარმოუდგენელი მწვადის გარეშე და, პირველ რიგში, რთველი, ანუ პროცესი, რომელიც საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და თვითმყოფადობასთან ასოცირდება. შესაბამისად, ადრე სოფლებში არ არსებობდა ოჯახი (შეიძლება იყო 0,1%), რომელსაც ღორი არ ჰყავდა თუნდაც საახალწლოდ გასაზრდელად. მაგალითად, გურიაში საკალანდე ღორს განსაკუთრებულად უვლიდნენ; სვანეთში იცოდნენ, რომ ღორი ძველით ახალ წელს უნდა დაეკლათ ან შობას, როცა მარხვა დასრულდებოდა, და წლიდან წლამდე ასე გრძელდებოდა; კახეთში „ღორის ქელეხი“ დღესაც ტრადიციული ამბავია, მაგრამ…
ერთმა მეგობარმა თქვა, როცა ღორს ვკლავდით, მეზობლები ერთმანეთს არ ვეძახდით, რადგან მწვადის სუნზე ისეც ყველა მივდიოდითო და მართლაც ასე იყო. ახლა კი ცხვირი რომ დაადო ღორის ხორცს, სუნს ვერ იგრძნობ, იმ სუნს, რომელიც მადას აღგიძრავს და რომელიც მწვადის განუყოფელი ნაწილია. ახლა ხორცს სუნი აღარ აქვს. სუნთან ერთად გაქრა გემოც და ეს ყველაფერი იმ საკვების ბრალია, რომელსაც ღორებს აძლევენ… საზღვარგარეთ. ჰო, საზღვარგარეთ, რადგან ადგილობრივი წარმოება, უბრალოდ, აღარ გვაქვს. თავად განსაჯეთ, ყოველწლიურად 60-70 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღორის ხორცი (გაყინული, ცოცხალი) შემოგვაქვს და მივირთმევთ. აბა, რა გასაკვირია, რომ შემოტანილ ხორცს ისეთი გემო არ ჰქონდეს, როგორსაც მიჩვეული ვართ. ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ მოიმატა და საკვები პროდუქტები საკმარისი აღარ არის. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 673 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ეს მოსახლეობის დაახლოებით 8,2%-ია. 2023 წელს 733 მილიონი შიმშილობდა, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის ყოველი მე-11 ადამიანი, რაც კატასტროფაა, ამიტომ ყველა ცდილობს, სწრფად გაზარდოს მცენარეები, ცხოველები, მცირედისგან შექმნას ბევრი და ასეთ შემთხვევაში ხარისხი მცირდება. რეალურად ხარისხი აღარავის აინტერესებს. ჩვენი მაგალითი ავიღოთ – შედიხარ მაღაზიაში და კონკრეტული ბრენდის სოსისი თუ ძეხვი აქციით 3-4 ლარი ღირს და ეს მაშინ, როცა ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 26-28 ლარია, ერთი კილო ღორის ხორცის – 15-17 ლარი და ადვილი მისახვედრია, რომ ნაყიდ სოსისსა თუ ძეხვში ხორცი არ არის და ის მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემით შექმნილი თუ გამოყვანილი პროდუქტია.

ჰოდა, ასეთ დროსა და პირობებში რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, თბილისთან ახლოს ააშენოს ღორების ფერმა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი (ჯერ უარი არ უთქვამთ ჩანაფიქრზე) და 500 დედა ღორზე გათვლილი, ანუ სურთ, რომ ყოველწლიურად 10 ათასი ღორი (გოჭი, ბურვაკი) აწარმოონ, რაც მთავარია, პრემიქსებისა და ყველანაირი დანამატების გარეშე კვებონ, ხორცს ძველი გემო და სუნი დაუბრუნონ და ვარაუდობენ, რომ მუშტარი არ მოაკლდებათ. მათ ას ჰექტრამდე მიწა აქვთ საკუთრებაში და ფიქრობენ ხორბლის, სიმინდის, ქერის დათესვას, იაფი საკვები რომ ჰქონდეთ და ადგილობრივმა ნატურალურმა ხორცმა შემოტანილს კონკურენცია გაუწიოს.
მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, პრაქტიკულად, კვარტალში ერთხელ ახალ პროგრამებს წარმოადგენს ხოლმე და ამტკიცებს, რომ ეს პროგრამები ფერმერებზეა მორგებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება გაცოცხლდეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მათივე კვლევის მიხედვით დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა იმის 3%-ს აწარმოებს, რასაც 1989 წელს აწარმოებდა, ანუ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს უკვე წყალი ჰქონდა შეყენებული და ყველაფერი ისე არ მუშაობდა, როგორც 5 წლის წინათ, დღეს კი სინამდვილეში გაჩერებულები ვართ, ამიტომ ასეთი ინიციატივები არათუ მხარდაჭერილი უნდა იყოს, არამედ სახელმწიფოც კი უნდა ჩაერთოს მის განვითარებაში…
ერთადერთი, რაც ჩემს მეგობრებს შესთავაზეს, იყო შეღავათიანი აგროკრედიტი და ისიც მას შემდეგ, რაც კუთვნილ 100 ჰექტარს ბანკში ჩადებდნენ. საუბარი არ არის არანაირ გრანტზე, არც სამშენებლო მასალების შეძენაზე, არც ღორის კონკრეტული ჯიშების შემოყვანაზე, მით უმეტეს, რომ ფერმის მშენებლობის მსურველები აპირებენ სოფლების შემოვლასა და ქართული ჯიშის ღორების მოგროვებას, შემდეგ ჰემშირთან, ლანდრასა თუ სხვა ჯიშის ღორებთან ერთად ქართული აჯაგრული ღორების მოშენებას და ამით ადგილობრივი ჯიშის გადარჩენასა და პოპულარიზაციას.
უარი გასაგებია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა. გამოჩდნენ „კეთილის მსურველები“, რომლებმაც დაიწყეს რჩევის მიცემა, რომ ღორების მოშენება წამგებიანია – შეიძლება მათ დაავადება გაუჩნდეს და ერთ დღეს ყველა დაიხოცოს (მერე რა, რომ არსებობს ვაქცინა, რომელიც ამ დაავადებისგან იცავს), რომ მშენებლობის ნებართვა რთული მისაღებია, რომ გარემოს დაცვის სამსახური მოითხოვს, ეს ყველაფერი მოსახლეობისგან შორს იყოს, სუნმა რომ არ შეაწუხოს, რომ, რომ, რომ… და ეს ხალხი გამოჩნდა არსაიდან, არავინ იცის, ვინ არიან, რა უნდათ, რატომ იძლევიან რჩევებს იმაზე, რაც მათთვის არ უკითხავთ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობენ, ფერმის აშენება გადააფიქრებინონ და ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.
ახლა ფასების შემსწავლელ კომისიას უნდა დავუბრუნდეთ. ხომ გახსოვთ, რა მონდომებით დაიწყო ამ თემაზე საუბარი და როგორი დარწმუნებული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასებს შეამცირებდნენ. სავარაუდოდ, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა ზომის „კიტები“ იყვნენ ამ ბიზნესში ჩართული და რა თანხებზე იყო საუბარი, ამიტომ ბოლოს ყველაფერი დასრულდა ისე, რომ მოსახლეობამ შვება ვერ იგრძნო. უბრალოდ, ხალხს აუხსნეს, რომ ევროპაში რძე 2 ევრო რომ ღირს და ჩვენთან 5 ლარი, 2 ევრო 5 ლარზე მეტია დ უნდა გვიხაროდეს, პროდუქტი აქ უფრო იაფი რომ არისო, მაგრამ არავის უხსენებია ევროპულ და ქართულ ხელფასებს შორის სხვაობა. არავის უთქვამს, რომ 2 ათასი ლარი 2 ათას ევროზე სამჯერ ნაკლებია; არც ის უთქვამთ, რომ ამ სფეროში აბსოლუტური მონოპოლიაა; რომ სწორედ მაშინ, როცა კომისია მსჯელობდა, რამდენიმე ქსელური მარკეტი გაერთიანდა და უზარმაზარ მონსტრად იქცა, რომელიც ბაზარზე ყველაფერს აკონტროლებს, ხოლო ადგილბრივი მცირე მეწარმეები, ქსელურ მარკეტებში ისევ ვერ შედიან, რადგან ისევ კაბალურ პირობებს სთავაზობენ და კვლავ ცდილობენ მათ გაკოტრებას. იცით, როგორ ხდება ეს? მაგალითად, მცირე მეწარმემ თუ მოახერხა და როგორმე რომელიმე ქსელში შეიტანა თავისი პროდუქტი, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, როცა ხვდებიან, რომ პროდუქტი იყიდება (და მცირე მეწარმეებს ძირითადად ხარისხიანი პროდუქტი აქვთ), ეუბნებიან, რომ ფასი უნდა შეამცირონ. მეწარმე უარს ამბობს (ისედაც მინიმალურ მოგებაზე მუშაობს) და ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო – ქსელური მარკეტი უგვიანებს გადახდას, გადის ერთი კვირა, ორი, სამი… ერთი თვე, ორი, სამი.. მეწარმეს კი ხელფასები აქვს გასაცემი, თანამშრომლები ფულს სთხოვენ, ამიტომ იძულებულია, ისესხოს, თუ ვერ იშოვის, ბანკიდან სესხი უნდა აიღოს, შედეგად ფინანსური პრობლემები ექმნება და საბოლოოდ ან თანხმდება პროდუქტის ფასის შემცირებას და მინიმუმის მინიმუმზე მუშაობას, ან კოტრდება. გნებავთ საინტერესო მონაცემები? მცირე ბიზნესებზე მოდის ბიზნესბრუნვის 16,5% და დასაქმების 40,3%, ანუ ბიზნესბრუნვაში წილი ცოტაა, დასაქმებაში დიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი მართლა მცირე მოგებაზე მუშაობს და, როცა ამასაც ხელს უშლი, უკვე უდიდესი პრობლემაა.
ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ, თუ სახელმწიფო მიდგომას არ შეცვლის, თუ ადგილობრივ წარმოებას არ წაახალისებს და, რაც მთავარია, ადგილობრივი ნაწარმის გასაღების გარანტიებს არ გასცემს (როგორც ეს, მაგალითად, ბელარუსშია, სადაც უპირატესობა ადგილობრივ ნაწარმს ენიჭება), არაფერი გვეშველება.
ლევან გაბაშვილი







