ლაშა გოლუბიანი: ვიმედოვნებ, რომ გულბაათ რცხილაძეს გაამართლებენ, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ფალსიფიცირებულია, ყველა ე.წ. ფაქტი კი, რომლებიც 12 ტომად არის წარმოდგენილი, მაკულატურაა!

    “საქმის გაცნობის შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ გულბაათს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია”

    ლაშა გოლუბიანი
    ლაშა გოლუბიანი

    14 სექტემბერს გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბათ რცხილაძის, სასამართლო პროცესი. გულბაათ რცხილაძე ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის არის დაპატიმრებული და ეს გაფორმდა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის დღეს უკვე ყოფილი ხელმღვანელის, მამუკა მდინარაძის, ხელმოწერით

    გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეები ელოდნენ, რომ 14 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე .. მოწმეებს დაჰკითხავდნენ, მაგრამ ამაოდ იქიდან გამომდინარე, რომ რცხილაძის ადვოკატს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, არავინ იცის, ვინ არიან ეს მოწმეები.

    ჭიანურდება თუ არა გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი და რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც მისთვის ჯაშუშის იარლიყის მიმწებებელ სუსის ყოფილ უფროსს თვითონ არ აქვს საქმე კარგად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი გვესაუბრება:

    _ ამჟამად მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვართ. შემდეგი სხდომა 25 სექტემბერს არის დანიშნული და, ალბათ, დაიწყება მოწმეების დაკითხვა.

    _ გულბაათ რცხილაძის მხარდამჭერებს უნდა გვქონდეს თუ არა მისი გამართლების იმედი? გულბაათი შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას?

    _ ვიმედოვნებ, რომ გულბაათ რცხილაძეს გაამართლებენ, რადგან მის მიმართ წაყენებული ბრალდება ფალსიფიცირებულია, ე.წ ფაქტები კი, რომლებიც 12 ტომად არის წარმოდგენილი, მაკულატურაა! საქმის გაცნობის შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ გულბაათს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. ის აბსოლუტურად უდანაშაულოა.

    რცხილაძის საქმის უკან პოლიტიკური ქვეტექსტები რომ არის, ცხადია. გულბაათ რცხილაძე ბევრს აღიზიანებდა, მაგრამ მისი დაპატიმრება მამუკა მდინარაძის ხელმოწერით გაფორმდა. გვახსოვს მდინარაძის ბედნიერი სახე, როდესაც რცხილაძე დააპატიმრეს, მაგრამ მხოლოდ მისი დადანაშაულება არ შეიძლება, ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანი, რომლის დაკვეთითაც გულბაათ რცხილაძე დააპატიმრეს. ყველაფერი გაირკვევა და მჯერა, გულბაათი მალე თავისუფალი იქნება…

    _ ბევრს სჯერა, რომ გულბაათ რცხილაძე მალე გათავისუფლდება და მის ადგილს მისი დაპატიმრების დამკვეთი დაიკავებს თუ არის შესაძლებელი, რომ მოწმეებს ისეთი არგუმენტები ჰქონდეთ, რომლებითაც გულბაათი გამტყუნდება? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი

    _ არა, მათ არაფერი ექნებათ გულბაათის წინააღმდეგ და ამ ქვეყანაში ვერ შეთითხნიან ისეთ სიცრუეს, რომ გულბაათი დამნაშავედ წარმოაჩინონ. ამ შეთითხნილ საქმეში არ დევს ისეთი ფაქტი, რომლითაც შეიძლება გულბაათის გაამტყუნება.

    იურისპრუდენციაში არსებობს წესი, რომლის საფუძველზეც მხოლოდ მოწმეების ჩვენება საკმარისი ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან მოწმეების ჩვენებას უნდა ამყარებდეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც არ გვაქვს. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი…

    _ მოწმეებისთვის ჩვენების ჩამორთმევა გადაიდო. პროცესს ხელოვნურად ხომ არ აჭიანურებენ?

    _ არა, ვადებში ვეტევით. ეტაპობრივად მივყვებით ყველაფერს.

    _ გულბაათი თავს როგორ გრძნობს? იცის, ვინ არიან ეს მოწმეები?

    _ კი, ყველაფერი იცის, გულბაათი ჯანმრთლელად და მხნედ არის, შესაბამისად, მზად არის ყველაფრისთვის და არაფრის ეშინია!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here