რამდენიმე დღეში ქუჩები ბავშვების ჟრიამულით აივსება. ბაღების, სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების კარები გაიღება და დაიწყება სწავლა. ვიღაც პირველად წავა ბაღში, ვიღაც პირველად შეაბიჯებს სკოლაში, ის ყმაწვილები კი, რომლებიც 3 თვის წინათ აბიტურიენტები იყვნენ, სტუდენტების სტატუსით დაადგებიან უმაღლესი განათლებისკენ მიმავალ გზას. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით პირველ დღეს, მერე კი ვიღაცას იმედი გაუცრუვდება, ვიღაცას პირიქით – იმაზე მეტად მოეწონება ყველაფერი, ვიდრე ელოდა, და მოვა დრო, როცა სწორედ ეს თაობა გადაიბარებს არა მხოლოდ ქვეყნის მართვას, არამედ მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მისიას.
ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა საჯარო დაწესებულების კარს შეაღებს და არც კერძო ბაღები თუ სკოლები უჩივიან აღსაზრდელების ნაკლებობას, მაგრამ არის ერთი კითხვის ნიშანი – ვის აქვს შესაძლებლობა, კერძო ბაღებსა და სკოლებში შეიყვანოს ბავშვი და გადაიხადოს არც ისე მცირე თანხა? ძალიან საინტერესოა, საშუალოდ რა ღირს საქართველოში ეს სიამოვნება და რა ღირს ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ანუ სამეზობლოში. მოდი, ჯერ მეზობლებით დავიწყოთ და შემდეგ საქართველოზეც ვთქვათ:
აზერბაიჯანი. აქკერძო ბაღში ბავშვის მიყვანა თვეში დაახლოებით 469 მანათი ჯდება, რაც, საშუალოდ, 720 ლარს შეადგენს. ეს საშუალო თანხაა, თორემ მინიმალური ღირებულება აზერბაიჯანში 383 ლარიდან იწყება და 1 381 ლარამდე ადის. რაც შეეხება სკოლას – აქ თანხები უფრო სოლიდურია და სწავლა წელიწადში საშუალოდ 11 416 მანათი ღირს, რაც 17 526 ლარია. კერძო სკოლაში მინიმალური გადასახადი წლიურად 12 282 ლარიდან იწყება და 30 705 ლარს აღწევს.
თურქეთი . აქ კერძო ბაღში ერთი წლის გადასახადი საშუალოდ 33 515 ლირაა, რაც დაახლოებით 1 811 ლარია. ბაღში სწავლის მინიმალური გადასახადი აქ 1 080 ლარიდან იწყება და 3 152 ლარამდე ადის, ანუ თვეში დაახლოებით 300 ლარი. სკოლის ფასი თურქეთში წლიურად 766 800 ლირა, ანუ 41 500 ლარია. რაც შეეხება ყველაზე იაფ სკოლაში სწავლის ღირებულებას, ის 18 915 ლარიდან იწყება და 103 000 ლარს აღწევს. გამოდის, რომ ყველაზე კარგ სკოლაში სწავლა თურქეთში თვეში 10 ათასი ლარი ღირს.
სომხეთი. როგორც ამბობენ, ეკონომიკურად ყველაზე ახლოს რეგიონში სწორედ სომხეთთან ვართ. შესაბამისად, საინტერესოა, რა ღირს იქ სწავლა კერძო ბაღსა თუ სკოლაში. კერძო ბაღში ბავშვის მიყვანა საშუალოდ წელიწადში 781 ლარი ჯდება, ხოლო მინიმალური გადასახადი 430 ლარია, რაც ძალიან იაფია. ბაღში წლიური გადასახადი ბავშვზე 1790 ლარამდე ადის. სამაგიეროდ, კერძო სკოლაში სწავლა იქ, სულ ცოტა, 13 000 ლარია და 68 300 ლარამდე ადის, რაც იაფი ნამდვილად არ არის. როცა ვამბობთ წლიურ გადასახადს, რეალურად საუბარი 8-9 თვეზეა.
რუსეთი. აქ ბაღის საფასური 597 ლარიდან იწყება და 2 391 ლარამდე მერყეობს. რუსეთში, კერძო სკოლაში სწავლის მინიმალური ღირებულება 12 556 ლარიდან იწყება და 90 800 ლარს აღწევს. როგორ ხედავთ, ფასები არც ის მცირეა, მაგრამ, როგორც ამბობენ, კერძო სკოლაში მიღებული განათლება, როგორც ჩვენთან, ისე სამეზობლოში, რადიკალურად განსხვავდება საჯარო სკოლაში მიღებული განათლებისგან და ეს კიდევ ერთი უბედურებაა. საქმე ის არის რომ კერძო სკოლების უმრავლესობაში ის მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც საჯაროში და რა გამოდის? საჯაროში ბოლომდე არ იხარჯებიან? არა, ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ კერძო სკოლაში კონტროლი მეტია და ბავშვებიც მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ. მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მშობლები არც ისე მცირე საფასურს იხდიან მათ განათლებაში და ისინიც მაქსიმუმს ან თითქმის მაქსიმუმს აკეთებენ.
ახლა, რაც შეეხება საქართველოს: აქ კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში გადასახადის საშუალო ღირებულება 821 ლარია. უფრო კონკრეტულად, ბაღის ფასი თვეში 500 ლარიდან იწყება და 1 250 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სკოლას, წლიური საშუალო გადასახადი საქართველოში 16 693 ლარს შეადგენს. ზოგადად კი, საშუალო განათლების მისაღებად 5 000-დან 42 772 ლარამდეა საჭირო. მაქსიმალური ფასი 10 თვეზე რომ დავთვალოთ, თვეში დაახლოებით 4270 ლარი გამოდის და ეს არის არის მცირე თანხა. მცირე კი არა, ამხელა შემოსავალი თვეში საქართველოში ძალიან ბევრს არ აქვს (ამის ნახევარიც კი) და შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ შვილების პრესტიჟულ სკოლაში მიყვანას.
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ყველას შეუძლია ნახოს, ვის რამდენი შემოსავალი აქვს და ვინ რამდენს ხარჯავს შვილების განათლებაზე. ჰოდა, თანამდებობის პირთა 97%-ზე მეტს (დათვლილია) შვილები სწორედ კერძო სკოლაში ან კერძო ბაღში დაჰყავს და მათ განათლებაში სოლიდურ თანხებსაც იხდის. მაგალითად, პრემიერი ირაკლი კობახიძე ორი შვილის განათლებაში წლიურად დაახლოებით 70 ათას ლარს იხდის, რაც ქართული საზომებით ცოტა ნამდვილად არაა. პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდნენ კობახიძის წინამორბედის და კიდევ მისი წინამორბედის შვილები და, ზოგადად, თანამდებობის პირი თუ ხარ, შვილი კერძო სკოლაში მიგყავს და ერთი შეხედვით ეს ნორმალურია – თუ გაქვს შესაძლებლობა, ფინანსებს სწორედ შვილების განათლებაში დააბანდებ, მაგრამ…
რატომ არის, რომ ყველა თანამდებობის პირი გვიმტკიცებს, საჯარო სკოლები თუ ბაღები საუკეთესოა და შვილების მიყვანის არ შეგეშინდეთო, თვითონ კი შვილები კერძო სკოლებში თუ ბაღებში დაჰყავთ? თუ ასე კარგია საჯარო სასწავლებლები, თვითონ რატომ იხდიან ათიათასობით ლარს და რატომ იწუხებენ თავს კერძო სკოლა-ბაღებისთვის? პასუხი ძალიან მარტივია – მათ ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ, და ისიც იციან, რომ კერძო სკოლა მათი შვილების მომავლისთვის უკეთესია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თანამდებობის პირთა არცთუ მცირე ნაწილი შვილებს საზღვარგარეთ ასწავლის და ეს უფრო პრესტიჟულად და პერსპექტიულად ითვლება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი განათლებული ქართველი გვეყოლება, მით უკეთესი, მაგრამ…
მოდი, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ: ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში ერთი საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა, თუმცა რაღა ბოლო პერიოდში, სულ ასე არ იყო?! მამები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული აქვთ, ცდილობენ, შვილები პოლიტიკას მიაბან და ამ დროს ინტერვიუებში ყოველთვის ამტკიცებენ, არ მინდოდა ჩემი შვილიც პოლიტიკას გაჰყოლოდაო. თუ არ გინდოდა, პოლიტიკას გაჰყოლოდა, პოლიტოლოგიას რატომ ასწავლი, ისეთ სპეციალობებს რატომ ასწავლი, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკასა და დიპლომატიაში გამოადგებათ? ვიღაც იტყვის, ცოტას ჰყავს შვილებიო, მაგრამ… შალვა ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, მიხეილ მაჭავარიანი, ძმები ბერძენიშვილები და სხვები იმიტომ ხომ არ ცდილობენ შვილების ჩართვას პოლიტიკაში, რომ იქ „კარგი მაყუთი“ იჭრება და ეს იცის ყველამ? იმიტომ ხომ არა, რომ გაჭირვებული პარლამენტის წევრი არავის უნახავს საქართველოში? იმიტომ ხომ არა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ყველას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდება ხოლმე და ერთბაშად რამდენიმემილიონიან პროექტებს ეჭიდებიან? ჰო, ეს არის რეალური სურათი იმისა, რა და რისთვის ხდება საქართველოში. აქ ბავშვის მომავალს უკვე მაშინ წყვეტენ მშობლები, როცა ის ჯერ დაბადებულიც არ არის.
ჰოდა, სანამ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლის დონეები არ გათანაბრდება, სანამ არ მივხვდებით, რომ ნამდვილ განათლებაშია ქვეყნის საშველი, არაფერი გვეშველება! ან ფინანსური მდგომარეობა ისე უნდა გაუუმჯობესდეს ერს, რომ ყველამ კერძო სკოლას მიაშუროს, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს.
ბესო ბარბაქაძე







