საქართველოდან საექსპორტოდ ამჟამად ცოტა რამ გაგვაქვს – ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ითქმის და, თუ გაგვაქვს, ისევ რუსეთში და ისევ ვაშლი, ატამი, ვაშლატამა, მოცვი… ჰო, ყურძენსაც გავიტანთ, ალბათ, ოღონდ მცირე რაოდენობით და ეგაა; ამიტომ გვიხარია, როცა სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქტებს რაღაც ემატება, აგერ საკმაო რაოდენობის დაფნაც გავყიდეთ.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის საწყის 8 თვეში, საქართველომ 18 მლნ დოლარზე მეტის დაფნა გაყიდა. უფრო კონკრეტულად: 2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 18, 2 მლნ დოლარის ღირებულების 4,5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი. აქვე გეტყვით, რომ დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (69%), რუსეთი (17%) და უზბეკეთი (6%). დაფნა დასავლეთ საქართველოში უკეთ ხარობს და, საბედნიეროდ, მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ინტერესდება ამ კულტურით. სხვა საქმეა, რომ ჩინეთი ქართული დაფნისგან სუნელების გარდა სხვა პროდუქტებსაც ამზადებს და მერე უკან გვიბრუნებს, მაგრამ რა გაეწყობა, წარმოება არ გვაქვს, ამიტომ იძულებულნი ვართ, ნედლეული გავყიდოთ და მზა პროდუქტი მივიღოთ.
როგორც გენიალურმა აკაკი წერეთელმა თქვა თავის „გამზრდელში“, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?“ აი, ამ დღეში ვართ ზუსტად.
არცთუ დიდი ხნის წინათ ვწერდით, რომ საქართველოში კვვერცხის იმპორტი არანორმალურად გაიზარდა და ეს ძალიან ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ მტკიცებით ფორმაში გავიმეორებთ – ადგილობრივ ფერმერებს აქვთ რესურსი, ქართული ბაზარი 100 პროცენტით აითვისონ, მაგრამ ამის უფლებას თუ შესაძლებლობას არ აძლევენ. ჰოდა, სანამ ხმას არავინ იღებს (და რატომ, ვერ გეტყვით), 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2025 წლის 7 თვეში ქვეყანამ მხოლოდ 683 ათასი კვერცხი იყიდა (36,3 ათასი დოლარის), მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 18 881 მლნ ერთეული შემოიტანა (1 362 მლნ დოლარის). გარდა იმპორტის ზრდისა, საქართველოს დაახლოებით 40%-ით გაუძვირდა კვერცხის ფასიც. საქსტატის მონაცემებით, შარშან ერთი კვერცხის იმპორტი ქვეყანას დაახლოებით, 5 ცენტი უჯდებოდა, წელს კი ფასმა 7 ცენტამდე მოიმატა (გადასახადების გარეშე). ბარემ ისიც ვთქვათ, რომ, თუ ადრე მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო, ახლა ეს სტატუსი თურქეთმა დაისაკუთრა და შემოტანილი სასურსათო კვერცხის 92% სწორედ თურქულია. დანარჩენი – 1 446 000 ცალი (146,7 ათასი დოლარის) კვერცხი კი ბელარუსიდან შემოიტანეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ ვართ განებივრებული ისეთი პროდუქტებით, რომელთა საზღვარგარეთ გატანაც შეგვიძლია. იმპორტი იცოცხლეთ, პრაქტიკულად, ყველაფერს ვეზიდებით და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კვერცხი არის ის პროდუქტი, რომელსაც სწორი წარმოების შემთხვევაში არათუ შემოვიტანთ, არამედ საზღვარგარეთ გავიტანთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს იმ რესურსით შევძლებთ, რომელიც გვაქვს, და დამატებითი ფერმები არ დაგვჭირდება, თუმცა, თუ ექსპორტის სოლიდურობასა და გაზრდაზე ვიფიქრებთ, დამატებითი ფერმებიც არ იქნება ურიგო. საქართველოში კვერცხის წარმოება უცხო ხილი ნამდვილად არ არის და ჩვენს სამყოფ კვერცხს ყოველთვის ვაწარმოებდით, მაგრამ ახლა თურმე არ გვყოფნის ადგილობრივი ნაწარმი და მილიონობით კვერცხი შემოგვაქვს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია – შეუძლებელია, ერთ წელს პროდუქტის ჭარბი რაოდენობა გქონდეს და ერთი წლის თავზე მილიონობით დაგაკლდეს. დავიჯეროთ, რომ ერთ დღეს გადაწყვიტა ყველა ქართულმა ფერმამ კვერცხის წარმოების შემცირება? ან ერთ დღეს დაეხოცათ კვერცხისმდებელი ქათმები და ახლები ვეღარ შემოიყვანეს? საქართველო კი არა, ამერიკის ბაზარი გააჯერა თურქულმა ქათამმა თუ კვერცხმა და ჩვენ რას გვიზამდა? ის, რომ ქათმის შემოყვანის პრობლემა დაგვიდგა, ტყუილია და მივდივართ იქამდე, რითიც დავიწყეთ – ვიღაცას (ან ვიღაცებს) ხელს არ აძლევს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ის ვიღაც (ან ვიღაცები) ისეთი გავლენიანია, რომ წინააღდეგობას ვერავინ უწევს. არადა, უახლოეს წარსულს კი არა, აწმყოს რომ გადავხედოთ, ყოფილი პრემიერი ციხეშია, უშიშროების ყოფილი მინისტრიც ციხეშია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია და ვინ არის ისეთი, არაფრის და არავისი რომ არ ეშინია და დარწმუნებულია, ადრე თუ გვიან, ამ კვერცხების იმპორტის გამო პასუხს არ მოსთხოვენ? ეს ისეთი ვითარებაა, როცა თითის გაშვერა რამდენიმე ადამიანისკენ შეიძლება, მაგრამ ეს თითიც სწორად უნდა იყოს გაშვერილი, სხვისი ცოდვა სხვას რომ არ ავკიდოთ, ჰო, ცოდვა, რადგან ის მილიონები, რომლებსაც ახლა თურქები გამოიმუშავებენ ჩვენთან, საქართველოში უნდა ტრიალებდეს, აქ უნდა იყოს, ქვეყნიდან არ უნდა გადიოდეს და იმას მაინც უნდა მივხვდეთ, რომ თურქული ბაზარი ნელ-ნელა გვითრევს და პროდუქციას, რომელსაც გვაწვდის, წლიდან წლამდე გვიძვირებს; ჰო, ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც თურქეთმა ჯერ მცირე რაოდენობით მოგვაწოდა, მერე ლამის მთლიანად მასზე დამოკიდებულად გვაქცია. პროდუქტის ფასი გააორმაგა, გაასამმაგა და მომავალშიც გაძვირებას აპირებს. ჩვენ კი, თურქეთის ხელის შემყურეებს, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა გვეშლება, ნადგურდება და თითქოს საშველიც არ ჩანს.
დასაწყისში დაფნა ვახსენეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს კარგი ბიზნესია, ვითარდება კიდეც, მაგრამ დაფნის ბაღებს ერთი მინუსი აქვს – წელს რომ აიღებ მოსავალს, მომდევნო მოსავალს, საუკეთესო შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ უნდა ელოდო, ანუ, თუ მუდმივად გინდა ამ მიმართულებით მუშაობა, დაფნა ათეულობით ჰექტარზე უნდა გქონდეს გაშენებული, ერთ წელს ნაწილს რომ შეაჭრა ფოთოლი და ნედლი ტოტები, მეორე წელს -მეორე ნაწილს, შემდეგ – მესამე ნაწილს და ასე დაუსრულებლად. ასეთი სავარგულებით კი, საქართველო განებივრებული არ არის. უფრო ზუსტად ქვეყანა კი არის განებივრებული, მაგრამ მოსახლეობას არ ეძლევა შესაძლებლობა, წარმოების დიდ მასშტაბზე იფიქროს. მცირე მასშტაბით კი რაც გამოდის, თვითონ ნახეთ.
როგორც წინა, ისე ამ ხელისუფლების პირობებში რამდენიმეჯერ ახსენეს ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის აუცილებლობა, მაგრამ როგორც წინა, ისე ეს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური კორუფციის ბუდედ იქცევა და ისევ მათი თავში საცემი იქნება. თქვე კაი ხალხო, ანტიმონოპოლიური სამსახური კი არა, აგერ, კორუფციაში ცალკე პრემიერი ამხილეთ, ცალკე – მინისტრები და ერთი სამსახურის კონტროლი რა გახდა?! რაც კონკურენციის სააგენტოს შენახვა ჯდება, გვეეჭვება, იმაზე ძვირი დაჯდეს ანტიმონოპოლიური სამსახური, ოღონდ, თუ შეიქმნება, შესაბამისი უფლებამოსილებაც უნდა ჰქონდეს და მოქმედების თავისუფლებაც, თორემ კონკურენციის სააგენტოც გვაქვს და მის თანამშრომლებს პრაქტიკულად არაფრის უფლება აქვთ. ეს ყველაზე კარგად სწორედ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც საკუთარ თავს თავხედობის უფლებას აძლევენ და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხარჯზე ისქელებენ ჯიბეს და იციან, რომ დაუსჯელი დარჩებიან. აი, ეს დაუსჯელობის სინდრომია, ხალხს რომ ათავხედებს, სხვა კი არაფერი. კაცს თუ ეცოდინება, რომ ჩადენილის გამო პასუხს მოსთხოვენ, დაფიქრდება მაინც, ესენი კი ყველაფერს დაუფიქრებლად აკეთებენ, უკან დასახევ გზებს ჭრიან. სხვადასხვა პროდუქტის შემოტანის მხრივ მალე 100%-ით შეიძლება ჩამოვეკიდოთ უცხო ქვეყნებს და, ვაი, რომ ძირითადად რეგიონის, ანუ მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის შრომისუნარიანობაზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეზობლები თამაშის საკუთარ წესებს შემოგვთავაზებენ და ჩვენ უარის თქმის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ გვექნება.
ლევან გაბაშვილი







