რას გვერჩიან მეზობლები?

    რას გვერჩიან მეზობლები?

    ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს საპატრიარქოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერამ. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო–ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თვითონ ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი შეკითხვა, როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე. დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას. ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება”.

    რა არის ამ წერილში აზერბაიჯანული მხარისთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი? საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია წესი, რომ, როდესაც რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს ისტორიული ძეგლები, მათი მოვლა-პატრონობა ხორციელდება იმ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, რომელსაც ეს ძეგლები ისტორიულად ეკუთვნოდა და კულტურულად ახლაც ეკუთვნის. ასეთი თანამშრომლობა მიმდინარეობს სპეციალური კულტურული და სამეცნიერო პროგრამების ფარგლებში, რაც არ აზიანებს არც ერთი მხარის ინტერესებს. პირიქით, ეს ძეგლები ცივილიზებული ურთიერთობების ერთგვარ გარანტადაც იქცევა ხოლმე. ასე რომ, საპატრიარქოს შფოთვა, წუხილი სრულიად ნორმალური და სამართლიანი იყო.

    ახლა ვნახოთ აზერბაიჯანული მხარის რეაქცია ქართული საპატრიარქოს ამ წუხილზე. აი, რას აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძარზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას. დაუშვებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებით მოხსენიება. აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთანავე, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იგივე პატივისცემის დემონსტრირება ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ მხრივ არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლური ისტორიული კავშირები. ამ მხრივ, არ არის რეკომენდებული სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია “.

    რას გვერჩიან მეზობლები?

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს წერილი არის ყოველგვარ დიპლომატიურ ტაქტს მოკლებული, ქედმაღლური და უცერემონიო გამოხდომა, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია „სუსტის” მიმართ „ძლიერის” დამამცირებელი სულისკვეთებით.

    ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია უცვლელი დარჩა: „მიუხედავად იმისა, რომ ქურმუხის ტაძარი ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, იგი არის საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. საპატრიარქო არ განიხილავს ამ საკითხს პოლიტიკურ ან ტერიტორიულ ჭრილში და ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადააქვს”.

    რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისინი ცდილობენ საკითხის მაქსიმალურად შერბილებას და დიპლომატიურ ჩარჩოებში შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილონ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების დაძაბვა. მათი პოზიცია ასეთია:

    * „საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს და ყველა საკითხი მეგობრულ ატმოსფეროში განიხილება”;

    * „ქურმუხის ტაძრის რესტავრაციის საკითხი გადაწყდება ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს”;

    * „ოფიციალური თბილისი ერიდება ბაქოსთან ღია პოლემიკაში შესვლას და აქცენტს აკეთებს დიპლომატიურ მიდგომაზე, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირეა”.

    როგორ უნდა შეფასდეს ეს პოზიცია?

    ალბათ, დადებითად, იმ მიდგომიდან გამომდინარე, რომ ყოველ უსიამოვნო განცხადებაზე ომი არ უნდა დაიწყო და შეეცადო, ვითარება განმუხტო. ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს საკითხის მეორე მხარეც, რომელსაც სერიოზული დაფიქრება სჭირდება. საქართველო პატარა და სუსტი სახელმწიფოა, რომელსაც არავინ და არაფერი არ იცავს. მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, რომელიც გადაჯგუფება-გადმოჯგუფებით ხასიათდება. სახელმწიფოები საერთო ინტერესების საფუძველზე სტრატეგიულ პარტნიორებს ეძებენ, რაც საერთაშორისო არენაზე მათ გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი ადგილი ვერ განვსაზღვრეთ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ვერ ვიპოვეთ. ეს იმიტომ დაგვემართა, რომ ჩვენი ბუნებრივი ადგილი კი არ ვეძებეთ, გარედან თავსმოხვეული იდეა ავიკვიატეთ, საკუთარ ინტერესებზე უარი ვთქვით და თავი დასავლეთის ნაწილად ისე გამოვაცხადეთ, რომ არ გავარკვიეთ, დასავლეთი გვცნობდა მოკავშირედ თუ ვჭირდებოდით, როგორც მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცის ნაწილი. გაირკვა, რომ ერთგვარ პლაცდარმად დღემდე ვჭირდებით, მაგრამ გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სივრცის ნაწილად – არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათთან ჩვენი სრულფასოვანი ყოფნა ზედმეტ ტვირთსა და პასუხისმგებლობას აკისრებთ, რომლის აღების სურვილი აშკარად არ აქვთ. მათი მიდგომა ასეთია: საქართველო უნდა დაზიანდეს დასავლეთის პრობლემების გაზიარებით, მაგრამ საქართველოს პრობლემებით დასავლეთი არ უნდა შევაწუხოთ. ერთი სიტყვით, კლასიკური აპარტეიდი შემოგვთავაზეს. მათი მხრიდან ეს შესაძლებელია სწორიც კი იყო, ვინაიდან ჩვენ მათთვის მეტად არ ვღირვართ. ჩვენი სახით სამხედრო პლაცდარმი სჭირდებათ, რუსეთთან პროვოკაციების მომწყობი ქვეყანაც სჭირდებათ, მაგრამ ამას ის ფასი არ ადევს, რომ თანაბარუფლებიან პარტნიორად გვაღიარონ და თავი გაგვიყადრონ. ეს არის პრობლემა. თვისებრივად განსხვავებული ინტერესები და ისტორიული დამოკიდებულება გვაქვს რუსეთთან. ამ ურთულეს რეგიონში ჩვენ გაცილებით მეტი მნიშვნელობა და ფასი გვაქვს რუსეთისთვის, ვიდრე ამერიკისა და ევროპისთვის. ანუ, რა გამოდის? ჩვენ იმთავითვე ავცდით გზას და შედეგები დაკარგული ტერიტორიების სახით უკვე ვიწვნიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დაუცველი სახელმწიფოს ვითარებაში მეზობლებს ტერიტორიული პრეტენზიები და სურვილები უჩნდებათ, მადაც ემატებათ და თანდათანობით მოქმედებასაც იწყებენ. პირველი ყლორტები უკვე ჩანს. აფხაზეთით თურქეთის დაინტერესებაც გამოჩნდა. დავითგარეჯზე სასურველი ვითარება რომ არ გვაქვს აზერბაიჯანთან, ხედავთ. აჭარისა და ბათუმის საკითხში სიმშვიდის საფუძველს რა გვაძლევს? სხვა პრობლემური რეგიონებიც გამოინახება. ჰოდა, მეტი კი არ არის საქართველო. ცოტა იქით, ცოტა აქეთ და… „ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია?!” ვინ აგებს ამაზე პასუხს, დასავლეთით მოხიბლული ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლანდები, დასავლეთის ღია აგენტის – ედუარდ შევარდნაძის აჩრდილი თუ ნაც-ქოცური ტანდემი? ხომ ვნახეთ, რომ ეს თავიდან ბოლომდე ერთი წერტილიდან მართული ძალები არიან, რომლებიც ერთად უჭერდნენ და უჭერენ მხარს უკრაინულ ფაშიზმს, ერთნაირად იყვნენ და არიან გაჟღენთილნი რუსოფობიით და ერთნაირად ებღაუჭებოდნენ და ებღაუჭებიან დასავლურ მირაჟს!

    შედეგი უფრო უარესი დადგება, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ იქნება ისევე, როგორც აქამდე არ ყოფილა.

    ხალხსაც არაფერი შეუძლია, რადგან მაორგანიზებელი ძალის გარეშე ხალხი ბრბოა; მით უფრო, რომ ახლა დაქსაქსული და დაბნეულია. ზოგი ზვიადს გლოვობს, ზოგი მიშას ხიბლშია, ზოგი დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ზოგი – რუსეთისკენ და ასე. ერს არ შეუძლია სწორი იდეის დანახვა და მის ირგვლივ კონცენტრირება. ვინ აქედან ცდილობს მის მოტყუებას და ვინ – იქიდან. არც გარედან მოდის დამაჯერებელი სიგნალები. დასავლეთი, რომელიც ფულს თავის „მეხუთე კოლონას” (აგენტურულ ჯართს) ახარჯავს, რა თქმა უნდა, ვერ არის ჯანმრთელად. სამწუხაროდ, ვერც რუსეთი ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ავლენს მწყობრ და თანმიმდევრულ დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ. როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, რუსეთი ვერც პუტინის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა დასავლეთის ვერაგი პოლიტიკის მიმართ ადეკვატურად. ისე ძლიერი იყო დასავლური პროპაგანდა, რომ ეს უზარმაზარი სახელმწიფოც საქართველოსავით აღმოჩნდა გავლენის ქვეშ, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ საომარ ვითარებაში იმყოფება, დღემდე თავი ვერ დააღწია.

    ურთულესი ვითარებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის ფაქტორი რომ არ გვიცავდეს, აზერბაიჯანის განცხადებაც უფრო მკაცრი იქნებოდა და მოქმედებაც. ამასაც გაგება უნდა. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ სტაბილურობის ერთადერთ მძლავრ გარანტად რჩება მსოფლიოშიც და, მათ შორის, კავკასიის რეგიონშიც. ჩვენ ახლა ჩვენი ღია მხარდაჭერით რუსეთის გაძლიერებაც შეგვიძლია და საკუთარი შეცდომების გამოსწორებისკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმაც, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება ამას, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩანს. სანამ ეს ნება არ გამოჩნდება, ჩვენზე მეზობლებიც იძალადებენ და არამეზობლებიც.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here