სომხეთში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან ჰგავს 2003 -2012 წლებში საქართველოში განვითარებულს, როცა დასავლეთმა ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოგვიცხადა „დემოკრატიის შუქურად“ და მსოფლიოში პირველ რეფორმატორად, შემდეგ კი დაგვპირდა, რომ საქართველო არნახულ სიმაღლეებს დაიპყრობდა, გვექნებოდა ევროპული ხელფასი და პენსია, ამერიკული დემოკრატია და ყველაფერი, რაც სულსა და გულს გაუხარდებოდა, მაგრამ ბოლოს ხელში შეგვრჩა გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი კრიმინალად გამოაცხადა და ერს გენოციდი მოუწყო.
დასავლეთისთვის ამიერკავკასიაში „დემოკრატიის შუქურა“ ახლა სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანია, რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს თანამემამულეები, რომ, თუ მის მიერ არჩეულ გზას გაჰყვებიან, ევროკავშირში გაწევრება ხელის ერთ გაწვდენაზე იქნება და არც ნატოს წევრობაა შორეული პერსპექტივა.
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთისპრეზიდენტებმა – ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და სადირ ჯაპაროვმა სომხეთის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
„ვიზიარებთ პოზიციას სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემდგენლობაში დარჩენაზე საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ერევნის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები შიშობენ, რომ სომხეთის სვლა ევროკავშირისკენ ევრაზიულ კავშირს საფრთხეს შეუქმნის, და მოუწოდებენ ფაშინიანს, სანამ საგარეო კურსის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, მოსახლეობის აზრი გაიგოს. ლოგიკას თუ გავყვებით, პრეზიდენტების განცხადება სიმართლესთან ახლოს არის, რადგან, როცა ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრას ცდილობ, მოსახლეობის აზრი უნდა გაინტერესებდეს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ უნდა იღებდე. ერთი კაცის სურვილებმა თუ ხუშტურებმა სადამდე მიგვიყვანა, კი ვნახეთ, მაგრამ ჩანს, ფაშინიანი არ აპირებს, რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან ეს ნაბიჯი დასავლეთის კეთილ განზრახვებში ეჭვის შეტანა იქნება. ამასთანავე, ხომ შეიძლება, რეფერენდუმის შედეგი არ იყოს ისეთი, როგორიც დასავლეთს ესიამოვნება?

ევროპელებმა აშკარა საფრთხე იგრძნეს, რადგან რეფერენდუმი სწორედ ის არის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, ანუ ეშინიათ ხალხის ნების გამოხატვის და ამიტომ ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. სასაცილოც აღარ არის ის, რაც რეალურად ხდება – თურმე ხალხის აზრი უმნიშვნელოა, მთავარი კი ის არის, რას ფიქრობს დასავლეთი ამა თუ იმ ქვეყანაზე. ანუ არჩევანის უფლება, ხალხს კი არა, ევროპარლამენტში მოკალათებულ გვამებს აქვთ, რომლებმაც რეალურად არც კი იციან, სად არის სომხეთი, არ იციან მისი ისტორია, არც არარატის მთა ექნებათ გაგონილი; ზუსტად ისე, როგორც რუკაზე ვერ პოულობდნენ ირანს; არ იციან ბელარუსისა და საქართველოს მდებარეობა; არც ის იციან, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. მათთვის მთავარია, გააღიზიანონ რუსეთი და აიძულონ, იმოქმედოს. დასავლეთმა იმდენი მოახერხა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მოსახლეობასთან შეხვედრისას ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, ყარაბახი არასდროს ყოფილა ჩვენი, კიდევ კარგი, სამართლიანობა აღდგაო. არავინ უთხრა, თუ ასე ფიქრობდი, ათასობით ახალგაზრდა რატომ გაწყვიტე ომში, გეთქვა, თქვენია, ბატონო, წაიღეთო, მაგრამ სწორედ ომი და სისხლისღვრა სურდა დასავლეთს და არა რუსეთს, რომელიც ამ ომში არ ჩარეულა და ეს ყველა მხრემ აღიარა.
გავიხსენოთ 2008 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები. იმხანად ნაციონალები ამბობდნენ, რომ ომში გავიმარჯვეთ, რომ ეს ყელაფერი ჩვენთვის კარგი იყო და საერთაშორისო ასპარეზზე წინ წავიწიეთ, რადგან ყველას დავანახვეთ რუსეთის სახე. არადა, საქართველოს ეს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლედ, 150 სოფლის დაკარგვად და კიდევ ათას უბედურებდ დაუჯდა. რეალურად სწორედ მაშინ დავკარგეთ ის, რასაც არავინ გვედავებოდა. მერე იყო საუბარი კონფედერაციაზე, მერე იმაზე, ნატოში თუ შევიდოდით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმა რომ მოგვიწევდა, ნატო კი არ იყო ურიგო ვარიანტი(!). საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ დასავლეთი წყვეტდა., რა უნდა გვქონოდა, როგორ უნდა გვქონოდა, სად და როგორ გვეცხოვრა და ა.შ. ანალოგიური ვითარებაა ახლა სომხეთში და, ამის მიუხედავად, ფაშინიანს საქართველოში დღეს მოქმედი ე.წ. ოპოზიცია ყველაზე წარმატებულ ლიდერად მიჩნევს რეგიონში და შურთ, რომ სომხეთის პრემიერს საერთაშორისო შეხვედრებზე ეპატიჟებიან, წინა რიგში სვამენ, ანუ ექცევიან ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს, და ეს თურმე ჩვენი უკუსვლაა.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგი უნდა იყოს, რადგან არსებობს შანსი, რომ დასავლეთმა თავი დაგვანებოს და რუსეთის გასაღიზიანებლად რეგიონში ამჯერად სომხეთი გამოიყენოს, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, დასავლეთი საქართველოს ადვილად არ დათმობს. საქმე ის არის, რომ სომხეთს რუსეთის ფედერაციასთან არც საზღვაო საზღვარი აქვს და არც სახმელეთო, საქართველო კი სულ სხვაა, ამიტომ დასავლეთი სომხეთის გადაბირებით საქართველოს დასამორჩილებლად იმყარებს პოზიციებს და ფაშინიანი ერთგვარ შუამავლად ეყოლება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ ანკესს არ წამოეგება და არ დაჰყვება დაპირებებს მზიან მომავალსა და უღრუბლო ცაზე.
მეორე მხრივ, დასავლეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა წარმოუდგენელია და ეს ოპოზიციის ბოლო „მასშტაბურმა და არნახულმა“ აქციამაც აჩვენა. 26 მაისს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ შეძლო იმ რაოდენობის ხალხის გამოყვანა, რომელსაც გადამწყვეტი როლის თამაში შეეძლება არჩევნების დროს, და ეს ყველაზე მძაფრად სააკაშვილმა იგრძნო, ამიტომ აირიდა მან პასუხისმგებლობა და ოპოზიციის სხვა ლიდერები გალანძღა, აქაოდა, აზრზე არ ხართ, რას აკეთებთ, რეალური ლიდერი თუ გინდათ, აგერ ვარ, მაგრამ ციხიდან ვერ გამოგყავართო. 26 მაისის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციონერთა ერთობა არ არსებობს, რომ ისინი მზად არიან, ერთმანეთი ნებისმიერ მომენტში შუაზე გაგლიჯონ და იმაზე მეტად უმტრონ, ვიდრე ახლა „ოცნებას“ მტრობენ. დაინახა ეს ყველაფერი დასავლეთმა და იმის გათვალისწინებით, რომ ახალ არჩევნებამდე არც დიდი დროა დარჩენილი და არც რესურსია ახალი პარტიის გამოსაჩეკად, გადაწყვიტა, მიმართოს ერთადერთ გამოსავალს – არეულობის მოწყობას. ჰო, არეულობის, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება მსხვერპლი. ახლა ის არის სამკითხაო, ვის გაიმეტებენ და როგორ. ოპოზიცია ადრეც ოცნებობდა გვამზე აქციის მიმდინარეობისას, იმხანად ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ახლა, სამწუხაროდ, ეს ერთადერთ გამოსავლად ჩანს. თუ ვინმე იტყვის, რომ ოპოზიცია ან დასავლეთი ამის გაკეთებას ვერ გარისკავს, ძალიან შეცდება, რადგან სხვა გზა მათ, უბრალოდ, აღარ აქვთ.
ისევ სომხეთსა და ოთხ პრეზიდენტს დავუბრუნდეთ. ყაზახეთისა და ყირგიზეთის რა მოგახსენოთ, მაგრამ რუსეთი და ბელარუსი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს საფრთხედ რომ აღიქვამენ, მოულოდნელი არ არის. დასავლეთი ლუკაშენკოს შეცვლას რამდენიმეჯერ შეეცადა, პუტინის წინააღმდეგაც კი ააგორა საპროტესტო ტალღა, მაგრამ მიხვდნა, რომ ორივე შემთხვევაში რესურსს ფუჭად ხარჯავდა და ახლა ცდილობს, რუსეთი და ბელარუსი სხვა ქვეყნების „გაძლიერებით“ დაასუსტოს. საქართველოს საკითხი ჯერჯერობით „დაპაუზებულია“, რიგგარეშე არჩევნების თემამაც ჩაილურის წყალი დალია, რადგან ოპოზიციის რესურსი კარგად გამოჩნდა, ამიტომ აქცენტი სომხეთზე კეთდება, რომლის ევრაზიის კავშირიდან გაყვანას ცდილობენ, მერე კი ფაშინიანი მსოფლიოს უპატაკებს, როგორ დააღწია თავი რუსეთის მონობას, როგორ აყვავდა სომხეთი და თვითონ როგორი დემოკრატი პიროვნებაა. მერე რა, რომ სიმართლე სხვა იქნება – 9 წელი „ჭამდა“ სააკაშვილის ტყუილებს მსოფლიო და დიდი რამე, ფაშინიანის ტყუილები 2-3 წლის განმავლობაში მიირთვას. ამასობაში ბატონი ნიკოლი ჩვენს ხელისუფლებას დაუწყებს ჭკუის სწავლებას და ვინ იცის, ყარაბახზე უარის მთქმელმა საქართველოს მიწებისკენ გაიწიოს…
მოერიდება თუ უარს გაუბედავს დასავლეთს?!
ბესო ბარბაქაძე







